„მამისეული“ – ასე ჰქვია ღვინოს, რომელიც სოფელ ხატისოფელში მცირე ტიპის საოჯახო მარანში მზადდება. დებმა მამის მიერ დაწყებული საქმე დედასთან ერთად გააგრძელეს და ტრადიციას ახალი დატვირთვა შესძინეს. მათ ღვინის დაყენება -წარმოება ძველი ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაიწყეს, მამისეულმა ხის კასრებმა და ძველმა ჭურჭელმა, ეზოში საჩვენებელი დატვირთვა მოირგო. განსხვავებული პროფესიისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, დები ხშირად ცდილობენ სოფელში ჩასვლასა და დაგეგმილი სამუშაოების ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ პროფესია მეღვინეობა საკმაოდ რთულია, (წლების წინ მამაკაცის საქმედ ითვლებოდა) ნელ-ნელა, ამ მოძველებულმა სტერეოტიპმა რღვევა დაიწყო და მეღვინეობა-მევენახეობას უკვე ბევრი ქალი მისდევს. დებს ამ სტერეოტიპთანაც მოუწიათ გამკლავება, იყო სიძნელეები, თუმცა შეძლეს და მალევე აუღეს ალღო. ხატისოფელში მოყვანილი ყურძნით „მამისეულთან“ ერთად, დებმა ექსპერიმენტული ღვინის „თანუნის“ ჩამოსხმაც დაიწყეს. მარანი კი, რომელსაც არაერთი ქართველი თუ უცხოელი სტუმარი სტუმრობს, მალე ტურისტულ დატვირთვასაც შეიძენს.
,,გაზეთი ბოლნისი’’ გიამბობთ, თუ რა გზა გაიარეს თინათინ და თამარ მოსიაშვილებმა მეღვინე დების სტატუსამდე და რა სირთულეებთან მოუწიათ გამკლავება.
დავიწყოთ თავიდან, როგორია დების მიერ გაგრძელებული ტრადიცია?
-პირველ ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენი მარნითა და საქმიანობით
დაინტერესებისთვის. მართალია თბილისში დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ და დღესაც ძირითადად თბილისში ვცხოვრობთ, მაგრამ სოფელ ხატისოფელში გვაქვს მამისეული სახლი, ეზო და ვენახი. მთელი ბავშვობა აქ გვაქვს გატარებული. მამაც, ზაურ მოსიაშვილი, ყოველ შაბათ-კვირას სოფელში იყო. რაც თავი გვახსოვს, ჩვენი ოჯახი მისდევდა მევენახეობა-მეღვინეობას. ჩვენც მეტ-ნაკლებად ჩართული ვიყავით ამ პროცესში, ბავშვობაში ხანდახან ვენახის სამუშაოებიც შეგვისრულებია. თუმცა, სანამ მამა ცოცხალი იყო, ჩვენი ჩართულობა, ძირითადად მეგობრებთან ერთად, რთველში გამოიხატებოდა. ვწურავდით ყურძენს და მივდიოდით.
მამის გარდაცვალებამ სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა: ან უნდა გაგვეყიდა ვენახი, ან გაგვეგრძელებინა საქმე, რომელიც ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებდა. თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამ სფეროში ნაკლებად გვქონდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეგრძელებინა ოჯახური ტრადიცია. ვიცოდით, სირთულეები იქნებოდა, გაგვიჭირდებოდა რომ არა დედის თანადგომა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ვენახის მოვლაში ძალიან გვეხმარება კარის მეზობელი ვაჟა მაღრაძე. წარმოების პროცესში კი აქტიურადაა ჩართული ჩვენი სიძე, დავით მუხიგულაშვილი.
–რამდენადაც ცნობილია, ძირითადად, სხვა სფეროში მოღვაწეობთ.
-თამარი აღმოსავლეთმცოდნეა, მე გიდი, გეოგრაფი და ჟურნალისტი,
ორივე ვმუშაობთ უნივერსიტეტში და ვეწევით პედაგოგიურ საქმიანობას. ამ ეტაპზე, ჩვენს საქმიანობასთან ერთად, ვცდილობთ მივხედოთ სოფელს, ვენახს, ვაწარმოოთ ღვინო და გავაგრძელოთ ოჯახური ტრადიცია.
–ოჯახურმა ტრადიციამ ბიზნესის სახე როგორ მიიღო?
-სანამ მამა ცოცხალი იყო, ყურძენს დიდ „ჩანში“ ვწურავდით და ღვინოს მუხის
კასრებში ვაყენებდით, ამ ინვენტარს სერიოზული მოვლა სჭირდებოდა. როდესაც გადავწყვიტეთ მამისეული ტრადიციის გაგრძელება, შევაკეთეთ ინვენტარი.
ამავე დროს, ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, ქვევრების შეძენა და ამ ტრადიციის აღდგენა. სწორედ ამ დროს, 2016 წლის გაზაფხულზე, გამოცხადდა კონკურსი პროგრამაში „აწარმოე საქართველოსთვის“. გავაგზავნეთ საპროექტო იდეა, სადაც მითითებული გვქონდა, რომ არ ვიყავით გამოცდილი მეღვინეები, მაგრამ გვინდოდა ოჯახური ტრადიციის გაგრძელება. გავიარეთ იდეების, ბიზნესგეგმების, გასაუბრების ეტაპები და მივიღეთ პირველი დაფინანსება. შედეგად ჩავყარეთ ქვევრები და შევიძინეთ ინვენტარი.
„მამისეული მარნის“ პირველი ღვინო, მის მიერ ბოლო მოსავლით მოწეული და დაყენებული იყო, რამდენიმე ბოთლი კიდევ გვაქვს შემორჩენილი.
რეალურად ღვინის წარმოება დავიწყეთ 2017 წლიდან.
–დღეს რა ღვინოებს აწარმოებთ?
ამ ეტაპზე გვაქვს ორი ღვინო – რქაწითელი და თავკვერი. ეტიკეტებსაც რომ დახედოთ, ნახავთ განსხვავებას. რქაწითელის ეტიკეტზე ჩვენი სოფლის წმინდა გიორგის ტაძარი და ზვრებია გამოსახული, ღვინოც ტრადიული წესით, ქვევრში მზადდება. მოკლედ ჩვენი რქაწითელი ტრადიციების გაგრძელებას გვიჩვენებს.
რაც შეეხება „თანუნის“, მის ეტიკეტზე ტანგოს მოცეკვავე გოგოა გამოსახული, ეს ექსპერიმენტული ღვინოა, მოცეკვავე გოგოს ღვინო.
–რატომ „თანუნი“?
-იმიტომ, რომ თანუნის და თინუნის გვეძახდნენ ჩვენი დისშვილები: გვანცა და გიო.
–რა რაოდენობის ღვინოს აწარმოებთ?
-ჩვენ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ გვაქვს დიდი რაოდენობით ღვინო. გვაქვს 200-300 ლიტრი „თავკვერი“ და 1000-1200 ლიტრი რქაწითელი.
–სად ხდება ღვინის რეალიზაცია?
-ჩვენი ღვინოები დევს თბილისის რამდენიმე ღვინის მაღაზიაში: „ნინო მერის ღვინის მაღაზია“, „ვაინ მარკეტი“…
წელს პირველი პარტია „თანუნი“ გავუშვით საფრანგეთშიც.
–რა სირთულეებს აწყდებით, როგორც ქალი მეღვინეები?
-მთავარი ის იყო, რომ ბევრი კურსის გავლა დაგვჭირდა. დღესაც სისტემატიურად გავდივართ სხვადასხვა კურსს. უნდა აღვნიშნოთ, რომ მუდმივად ვგრძნობთ თანადგომას მეღვინე მამაკაცებისგან. მათ შორის ბოლნისელი მეღვინეებისგან.
–რა გეგმები გაქვთ?
-უახლოეს პერიოდში გვინდა მარანს მივცეთ ტურისტული სახე. ისე, რომ ბოლნისის „ღვინის გზის“ მარნებშიც შევიდეს და ტურისტებისთვისაც საინტერესო ობიექტი გახდეს.
– მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო საუბრისთვის და თბილი მასპინძლობისთის, გაზეთ „ბოლნისის“ სახელით წარმატებებს გისურცვებთ.
მაგდა დევნოზაშვილი