პარასკევი, იანვარი 23, 2026
spot_img
Homeრუბრიკები„ნაქარგებში ჩატეული მონატრება“ — თამილა ჩიქოვანი და „მატატუნას“ გზა ემიგრაციიდან,ადამიანების გულამდე

„ნაქარგებში ჩატეული მონატრება“ — თამილა ჩიქოვანი და „მატატუნას“ გზა ემიგრაციიდან,ადამიანების გულამდე

      ზოგჯერ ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდები იქცევა იმ მოტივაციად, რომლიდანაც სილამაზე, სითბო და ძალა იბადება. თამილა ჩიქოვანისთვის თავისი ნაქარგები საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა,  ემიგრაციაში განცდილი მონატრება, ტკივილი და სიყვარული ხელნაკეთ ნამუშევრებში გადმოეტანა.  ბრენდი „მატატუნა“ მხოლოდ ხელნაკეთი ნივთების სახელწოდება არ აა – ეს არის ქალის ისტორია, რომელიც ოჯახს, ფესვებსა და ადამიანურ სითბოს არასდროს დაშორებია, მიუხედავად მანძილისა და სირთულეებისა. დღეს მისი ნამუშევრები უკვე საჯარო სივრცეში იწონებს თავს  და საკუთარი სათქმელი ადამიანების გულამდე მიაქვს. ინტერვიუში თამილა ჩიქოვანი გვიყვება, როგორ გადაიქცა მონატრება შემოქმედებად და ხელსაქმე – ცხოვრების გზად.

-თამილა, მოგვიყევით ცოტა თქვენზე-ვინ არის ქალი, რომლის ხელით შექმნილ ნაქარგებსაც დღეს„მატატუნას“ სახელით ვიცნობთ?

-მე ვარ თამილა ლიპარტელიანი-ჩიქოვანი. დავიბადე და გავიზარდე ლეჩხუმში — კუთხეში, რომელმაც მასწავლა შრომა, სიმტკიცე და ადამიანების სიყვარული. ჩემი ცხოვრება ოჯახით იწყება და ოჯახითვე გრძელდება: მყავს ოთხი შვილი და შვიდი შვილიშვილი — ჩემი ყველაზე დიდი სიხარული და ძალა. ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დედას, ქალს, რომლისგანაც დღემდე ვსწავლობ სიბრძნესა და მოთმინებას. ის დღეს ფართოდ არის ცნობილი, როგორც სახალხო მკურნალი და მისი მაგალითი ყოველდღიურად მაძლევს რწმენას, რომ სიკეთეს და სიყვარულს  რეალურად შეუძლია გადაარჩინოს ადამიანები. მყავს ერთი ძმა — ოჯახის საყრდენი და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მუდამ ჩემს გვერდით დგას.

-ემიგრაციაში ყოფნა ბევრისთვის რთული გამოცდილებაა. როგორ გაჩნდა ხელსაქმის, კონკრეტულად კი,ნაქარგების კეთების იდეა სწორედ იმ პერიოდში?

-ემიგრაცია არის გზა, რომელიც სიყვარულით იწყება და ტკივილით გრძელდება. ყველაზე მძიმე ის წუთებია, როცა დედა იძულებულია დატოვოს პატარა შვილები— ეს არის განცდა, რომელსაც სიტყვები ვერიტევს. ყოველი დღე მონატრებით იწყება და ნოსტალგიით მთავრდება; ფიქრით, როგორ არიან შვილები, რას აკეთებენ, როგორ იზრდებიან შენგარეშე. ეს დრო დაკარგულია ყველა დედისთვის, რადგან დედის ადგილი შვილებთანაა და არა შორს, უცხო ქვეყანაში. მაგრამ როცა ცხოვრებას ხვაგვარ არჩევანს არგიტოვებს, ნაბიჯს დგამ და გულში იტოვებ ყველაფერს— ცრემლსაც, ტკივილსაც და იმედსაც. სტამბულში მე გამიმართლა: ახალგაზრდა ოჯახმა მიმიღო, სადაც ორი პატარა გოგონა დამხვდა— ხუთი წლისა და წლი-ნახევრის. მათთან ერთად გავატარე თოთხმეტი წელი და დღემდე გვაკავშირებს ურთიერთობა. ერთი წუთითაც არ მიგრძვნია თავი უცხოდ ან უბრალოდ აღმზრდელად— სიყვარული ოჯახად გვაქცევდა.ხელსაქმე ჩემთვის ბავშვობიდან იყო სულიერი თავშესაფარი. ვქსოვდი, ვქარგავდი, ვაწყობდი სამკაულებს და ემიგრაციაშიც ბავშვებს მოვუქსოვე პირველი თმის სამაგრები. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი გზა. ოჯახის დიასახლისი მამარაგებდა ნატურალური ქვებითა და ძაფებით, მე კი ყოველ ნაკერში ვაქსოვდი ჩემს მონატრებას, შვილების სიყვარულს და სამშობლოს სუნთქვას. ასე გადაიქცა ტკივილი სილამაზედ, ნოსტალგია— ძალად, ხოლო სიყვარული— იმხიდად, რომელმაც მანძილი გადალახინა.

-რას ნიშნავდა თქვენთვის ნაქარგი მაშინ-იყო ეს უბრალოდ დროის გაყვანის საშუალება, თერაპიათუუკვე  გრძნობდით, რომამსაქმესმომავალიცჰქონდა?

-ყველაფერი ერთად. მონატრებაც, დარდიც, სიყვარულიც და ნოსტალგიაც.

იმ დროს ნაქარგი ჩემთვის უბრალოდ დროის გაყვანის საშუალება არ იყო. ის იყო თერაპია — გზა, რომ ტკივილი და მონატრება ჩუმად, ძაფებში ჩამექცია. როცა ვქარგავდი, თითქოს საკუთარ თავთან ვრჩებოდი, ვამშვიდებდი გულს და სუნთქვას ვასწორებდი. მაშინ მომავალზე არ ვფიქრობდი — ეს საქმე მჭირდებოდა გადარჩენისთვის. თუმცა, გულში სადღაც მაინც ვგრძნობდი, რომ ამ ხელსაქმეს გაგრძელება ექნებოდა. ნაქარგში იყო ყველაფერი, რაც მაკლდა: სიყვარული, სითბო, სიმშვიდე და იმედი. სწორედ ამიტომ გადაიქცა ის ნელ-ნელა ჩემი ცხოვრების ნაწილად და მომავალში — გზად, რომელმაც დღემდე მომიყვანა.

-როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება დ ადამოკიდებულება ხელსაქმის მიმართ საქართველოში დაბრუნების შემდეგ?

-რაც გიყვარს ადამიანს, ის შენი ნაწილია— სადაც არ უნდაიყო, მაინც გააკეთებ და ყოველთვის იპოვი ამისთვის დროს. ხელსაქმეც ასე იყო ჩემთვის- იგი არ ყოფილა მხოლოდ საქმე, არამედ შინაგანი მოთხოვნილება, რომელიც ყველგან თანმდევდა.

-დღეს თქვენი ნამუშევრები წარმოდგენილია მთაწმინდისპარკში, მეწარმეთა სივრცეში. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ადგილი და ესეტაპი?

-ჩემი პირველი ნაბიჯები უკვე საჯაროდ გადაიდგა— პირველი გამოფენა მთაწმინდის პარკში მქონდა, მეორე კი თბილი მოლში. ეს იყო სიხარული, ემოცია და დიდი შიდა გამარჯვება, როცა ვიგრძენი, რომ ჩემმა ნამუშევრებმა დაიწყეს ადგილის დამკვიდრება და საკუთარი სივრცის პოვნა სხვის ცხოვრებაში. ასე ვიტყოდი, ჩემმა„მერცხლებმა“ დაფრთიანება დაიწყეს— გაფრინდნენ და საკუთარი ბუდე იპოვეს, სადაც სითბო და მნიშვნელობა ელოდათ.

-სახელზე ვისაუბროთ-  რატომ„მატატუნა“? რა ისტორია ანემოცია დგას ამ სახელისუკან?

-სახელსაც აქვს თავისი პატარა ისტორია. ბავშვობიდან ვკერავდი — მქონდა პატარა საკერავი მანქანა, რომელიც მამამ მაჩუქა. როცა ბიძაჩემი ამ მანქანასთან დამინახავდა,  გამიღიმებდა და მეძახდა: ჩემი მკერავი მატატუნა. ეს სახელი სითბოთი და სიყვარულით დამრჩა გულში. ასე დაიბადა „მატატუნა“ — ბავშვობის მოგონებიდან, ოჯახის სიყვარულიდან და ნელ-ნელა გადაიქცა იმ სახელად, რომელიც დღეს ჩემს ხელსაქმეს, ჩემს ისტორიას და ჩემს ბრენდს ატარებს.

-თქვენი ნაქარგები ძალიან თბილ და ნაზ განწყობას ატარებს. საიდან მოდის შთაგონება- ქართული ტრადიციებიდან, პირადი ემოციებიდან თუ ყოველდღიური ცხოვრებიდან?

-ყველაფერი სიყვარულიდან იწყება. ღმერთმა ადამიანი სიყვარულისთვის შექმნა და მე ამის მტკიცე დმჯერა. სწორედ ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ჩემს გარშემო სითბო და სიმშვიდე სუფევდეს, რომ თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს კომფორტი და გულწრფელი ყურადღება. ეს დამოკიდებულება აისახება ჩემს ნამუშევრებშიც— იქ არის სინაზე, სითბო, ბუნებისა და სამყაროს სიყვარული, ადამიანების მონატრება, ტრადიციები და ის რეალობა, რომელსაც ცხოვრება გვაძლევს. ჩვენ უბრალოდ არ ვარსებობთ. თითოეულ ადამიანს თავისი დანიშნულება აქვს, და ჩემთვის ეს დანიშნულება სხვა ადამიანების სიყვარული და პატივისცემაა. როცა ეს გესმის, ხელსაქმეც უბრალო ნივთზე მეტი ხდება— ის გზავნილია გულიდან გულამდე.

-რამდენად რთულია ხელნაკეთი პროდუქტის შექმნა და გაყიდვა საქართველოში? რა გამოწვევებს აწყდებით,როგორცმ ეწარმე?

-არაფერია ადვილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოვრებაში არასდროს გაგიყიდია საკუთარი შექმნილი რამ. ჩემთვის პირველი ხელნაკეთი სამკაულის გაყიდვა დაუვიწყარი ემოცია იყო. იმ მომენტში არ მჯეროდა, რომ ჩემს ნამუშევარს ასეთი მოწონება და გულწრფელი აღფრთოვანება მოჰყვებოდა. ეს შეგრძნება ერთგვარ სტიმულად გადაიქცა — ძალად, რომელმაც მიბიძგა უფრო მეტი, უფრო განსხვავებულის შექმნა გამეგრძელებინა.

-როგორია ადამიანების პირველი რეაქცია, როცა თქვენს ნამუშევრებს ხედავენ და  როგორ გაიგო ხალხმა თქვენი ნამუშევრების შესახებ?

-არ დამავიწდება პატარა გოგონას სიხარული, როცა ნაქარგი ბემბი დაინახა, ჩაეხუტა და იქამდე არ მოაშორა მზერა მამას ვიდრე არ შეუძინა. ასევე არ შემიძლია, არ აღვნიშნო, პირველად როგორ  გაიგო ხალხმა ჩემს შესახებ, ჟურნალისტი,ფოტოგრაფი ჩვენი ოჯახის მეგობარი დაჯი ოქრუაშვილი იყო ჩემთან სტუმრად, ნახა ჩემი ნაქარგი ბროწეულები და მკითხა ვისი ნამუშევარიაო. მერე ამას მოყვა სტუდიაში სტუმრობა, სიუჟეტი რომელიც გააკეთა თქვენმა გაზეთმა, შემდეგ პროექტებში მივიღე მონაწილეობა და დღეს უკვე გამოფენა მაქვს.  ვიტყოდი, რომ ადამიანი ადამიანისთვის დღეა , მზეა და თუ ერთმა მეორეს უბრალოდ ხელი ოდნავ მაინც წაუკრა, აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება.

მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ჩემს გვერდით  დგას და სჯერა ჩემი. მადლობა ოჯახს,მეგობრებს და თქვენ ყველას.

-გაქვთ თუ არანამუშევარი, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებულია და რატომ?

-ყველა ნამუშევარი განსაკუთრებულია, ვერ  გამოვარჩევ რადგან თითოეული სიყვარულითაა შექმნილი.

-რას ეტყოდით ქალებს, რომლებიც ემიგრაციაში არიან და ფიქრობენ, რომ საკუთარი თავის რეალიზება გვიანი ან რთულია?

-ყველა ქალს, დედას, დას, ბებიას ვეტყოდი, რომ თუ აუცილებელი უკვე გაუკეთეს თავის ოჯახს, ნუღარ დაკარგავენ დროს, ნუ იცხოვრებენ ოჯახისგან შორს. ამ დროს ვეღარ  აინაზღაურებენ.  დაბრუნდნენ. მათ ოჯახებს კი ვეტყოდი,  დაუდექით გვერდით თქვენს დედებს და ჩაკიდეთ  ხელი, რომელიც ძალიან ძვირფასია.

-როგორ ხედავთ„მატატუნას“ მომავალს- გაქვთ გეგმები, ოცნებები, ახალი მიმართულებები?

-რა თქმა უნდა, გეგმაც მაქვს, ოცნებაც და სამომავლოდ ახალი მიმართულებებიც. დროზეა დამოკიდებული ყველაფერი, რომელიც წინაა.  არ ვჩერდები,  მუდმივად განვითრებას და წინსვლას ვცდილობ.

-დაბოლოს- რა არის ის მთავარი განცდა, რაც გინდათ, რომ თქვენს ნაქარგებში ამოიკითხონ?

-გრძნობები : ყველა გრძნობა, რომლებიც კი არსებობს, გარდა სიძულვილისა და ბრაზისა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები