
დაბაში მოსახლეობის მოთხოვნა რეალობად იქცა, მრავალი წლის მანძილზე უფუნქციო ლიფტის შახტები დღეს გამართულად მუშაობს, ნაირა ბასილაშვილი ცხრა სართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე ცხოვრობს და ლიფტით სარგებლობა დღეში რამდენჯერმე უწევს, გახარებულია რომ მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა მოგვარდა, მის მსგავსად პრობლემა სამოცდარვავე სადარბაზოს მაცხოვრებლებს მოეხსნათ. 2015 წელს, იმდროინდელი გამგებლის, გოგი მეშველიანის ინიციატივით, დაბა კაზრეთში არსებული ლიფტის შახტების რეაბილიტაციის პროექტის შეძენა მოხდა, 2016 წელს კი ლიფტების დამონტაჟების პროცესი დაიწყო. სამუშაოები ეტაპობრივად, სამი წლის მანძილზე განხორციელდა. 68 შახტიდან 64 რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა ღირებულებით 3 500 000 ლარი, ოთხი შახტა კი კომპანია ,,არემჯიმ’’ აღადგინა.
მოსახლეობას დაბაში კომპანია ,,არემჯისთან“ მისასვლელი დაზიანებული გზის და სატვირთო მანქანების შედეგად წარმოქმნილი მტვერიც აღარ აწუხებთ. დაბაში აღნიშნული პრობლემა ადგილობრივებს მრავალი წლის განმავლობაში აწუხებდათ, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კილომეტრსა და 100 მეტრის მონაკვეთზე მოეწყო ბეტონის საფარი ტროტუარებითა და სანიაღვრეებით საერთო ღირებულებით 700 000 ლარი. კომპანიამდე მისასვლელი დარჩენილი საავტომობილო გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ,,არემჯიმ“ განახორციელა.
დაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ამ ეტაპზეც აქტიურად გრძელდება, მოსახლეობა პრიორიტეტებს თავად ირჩევს. უკვე დასრულდა დაბაში დასახლებამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, სამი კორპუსის მიმდებარედ კი უახლოეს მომავალში დასრულდება ასფალტის საფარისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა. უკვე დაგეგმილია დაბა კაზრეთში მოძველებული სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტის შეძენა.