ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხები განიხილა და ყურადღება გაამახვილა კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე, რათა მოქალაქეთა საჭიროებებზე დროული და ეფექტური რეაგირება მოხდეს.
9 თებერვლიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საერთო კრებები და კონსულტაციები იწყება. სამუშაო შეხვედრაზე მერმა პროგრამის მნიშვნელობასა და მის ეფექტიანად განხორციელებაზე ისაუბრა. მერის განცხადებით, პროგრამა ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და პრიორიტეტული საჭიროებების სწორად განსაზღვრას მოითხოვს.
,,ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულ თემში არსებული საკითხები სწორად იყოს იდენტიფიცირებული. მერის წარმომადგენლები ადგილზე ყველაზე კარგად ხედავენ მოსახლეობის საჭიროებებს. სწორედ მათი აქტიური ჩართულობა და კოორდინირებული მუშაობა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თითოეული საკითხი დროულად და ეფექტიანად მოგვარდეს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ გვაძლევს შესაძლებლობას, მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული პროექტები შევარჩიოთ, რაც მათი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისკენ არის მიმართული“, − განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ.
სამუშაო შეხვედრას, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გიორგი გასვიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.








