კვირა, თებერვალი 1, 2026
spot_img
Homeრუბრიკები„ბოლნისელი ბიჭი, რომელიც ღვინის თითოეული ბოთლით, საკუთარ ისტორიას გვიყვება“

„ბოლნისელი ბიჭი, რომელიც ღვინის თითოეული ბოთლით, საკუთარ ისტორიას გვიყვება“

ბოლნისის ძველ უბნებში, სადაც ღვინის სუნი  ტრიალებს და ყველა ეზოში პატარა ამბავი იმალება, გიორგი ფოცხვერაშვილი, იგივე გიგიჩო,  საკუთარ გზას მშვიდად, დამაჯერებლად და სიყვარულით მიუყვება. ბაბუისგან მიღებული ვენახი მისთვის უბრალო მიწის ნაკვეთი არ არის; ესაა ადგილი, სადაც სწავლობს მოთმინებას, პასუხისმგებლობას და იმ სიწმინდეს, რასაც ქართული ღვინო ატარებს. გიგიჩოსთვის მეღვინეობა მხოლოდ პროფესია არ არის, თითოეული ბოთლი მის შრომას, გამოცდილებას, შეცდომებსა და ბედნიერ მომენტებს ინახავს. სწორედ ამ ადამიანურ, თბილ და გულწრფელ გამოცდილებაზე გვესაუბრება გიგიჩო.

გიგიჩო, მოგესალმებით. სანამ ყურძენსა და ღვინოზე გადავალთ, გვითხარი ვინ არის გიგიჩო, როგორ დაახასიათებ რამდენიმე სიტყვით საკუთარ თავს, რა გაძლევს ძალასა და მოტივაციას, ღვინის გარდა, რა არის შენი მთავარი ინსპირაცია?

-გამარჯობა, მე ვარ გიორგი ფოცხვერაშვილი, მაგრამ ჩემ გარშემო ყველა უბრალოდ გიგიჩოს მეძახის, რომელიც სულ რაღაცის ძიებაშია. მიყვარს გარეთ სეირნობა და ამ სიარულში ვპოულობ ჩემს სამყაროს. ჩემი თავი ასე შემიძლია დავახასიათო: საქმიანი, მეგობრული და სიახლეების მოყვარული. ღვინო ჩემი დიდი სიყვარულია, მაგრამ მთავარი ინსპირაცია მაინც ადამიანებია: მათი სითბო, ნდობა, გულწრფელი საუბრები და ის უბრალოობა, რაც ჩვენს კულტურას ახასიათებს. ეს მაძლევს ყველაზე დიდ ენერგიას.

როგორ შეიქმნა შენი კავშირი მიწასთან და ვაზთან, საიდან დაიწყო ეს სიყვარული?

-მიწასთან და ვაზთან კავშირი ჩემი წინაპრებიდან მოდის. ვენახთან ბაბუამ დამაკავშირა, ის რაიონის მთავარი აგრონომი იყო, და ბავშვობიდან მასთან ერთად მიწევდა ყოფნა. ყოველთვის მიხსნიდა, როგორ უნდა მოვექცე ვაზს, რა სჭირდებოდა და რატომ იყო თითოეული დეტალი მნიშვნელოვანი. ასე, მის გვერდით, ნაბიჯ-ნაბიჯ შემიყვარდა ვენახი და სწორედ იქ დაიწყო ჩემი კავშირიც ამ საქმესთან.

ბოლნისი ვაზისა და ღვინის სიყვარულით გამოირჩევა. რას ნიშნავს შენთვის ბოლნისში ცხოვრებაგანსაკუთრებულს რას გაძლევს ეს ადგილი, როგორც მეღვინეს?

-ბოლნისი არა მხოლოდ ჩემი მისამართი, არამედ ის ადგილია, სადაც ჰაერში ღვინის სუნი ბავშვობიდანვე ტრიალებს. აქ ყოველი ეზო პატარა ისტორიაა, ყოველი ოჯახი კი ტრადიციის მკვიდრი. ბოლნისში ცხოვრება იმას ნიშნავს, რომ შენს გვერდით არის ხალხი, ვინც მიწას პატივს სცემს და ღვინოს დაღლილი ხელებით აკეთებს. ჩემთვის ეს გარემო ძალაა, რომელიც გამუდმებით მაფხიზლებს და მახსენებს, რა პასუხისმგებლობაა მეღვინეობა.

გვიამბე შენი პატარა ვენახის შესახებ, საიდან დაიწყო და როგორია იქ ყოველდღიური საქმიანობა?

-ჩემი პატარა ვენახის ამბავი ბაბუასგან იწყება, რადგან მან მაჩუქა და ამით, პირველი ნამდვილი პასუხისმგებლობა გადმომცა. სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი თავგადასავალი, ყოველდღიური საქმე იქ დილიდან იწყება: ვუყურებ ვაზს, როგორ სუნთქავს, რა სჭირდება, სად უნდა ხელის შევლება ან ყურადღება. ვენახში დრო სხვანაირად მიდის მშვიდად, გულით და მიწასთან ნამდვილი კავშირით.

რატომ აირჩიე ბუნებრივი, ბოცებში დაყენებული ღვინო და რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ამ ტრადიციას?

– ღვინომ უნდა შეინარჩუნოს თავისი ფერი და გემო. ეს ტრადიცია ჩემთვის ნიშნავს  დაკავშირებას წარსულთან, დამკვიდრებულ წესთან და პასუხისმგებლობას ბუნების წინაშე. სწორედ ეს გზაა, რომელიც ღვინოში ნამდვილ სულიერებას აჩენს.

რა არის ის მთავარი პრინციპი, რითაც ღვინოს აკეთებ?

-ჩემი მთავარი პრონციპია ძველი  და ახალი მეთოდების შერწყმა.

როდის იგრძენი პირველად,  „ეს ჩემი საქმეა“?

-რამდენიმე წლის წინ, პირველად, დამოუკიდებლად დავაყენე ღვინო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მაშინ მივხვდი, რომ ეს პროცესი ჩემთვის არა მხოლოდ საინტერესო და სასიამოვნო იყო, არამედ ნამდვილი საქმე, რომელიც მსიამოვნებს და მინდა განვაგრძო.

ყოველი ბოთლი ჩემთვის ამბავია“ – ამბობ საკუთარ პოსტში. რა ისტორია იმალება შენი ღვინის უკან?

-ყოველი ბოთლი ჩემთვის პატარა ისტორიაა. ღვინოს ვუყურებ როგორც დღის, კვირის, ზოგჯერ მთელი წლის შრომის შედეგს. ყველა ბოთლი ატარებს ჩემს ყურადღებას, სიყვარულს და გამოცდილებას. ეს უბრალოდ სასმელი არ არის, ეს არის ყველაფერი, რასაც ვქმნი ვენახში და მარანში: შრომა, სწავლა, შეცდომები და სიამოვნება ერთად.

როგორია გიგიჩოს ღვინის გემო, რა უნდა იგრძნოს მასში ადამიანმა?

-მინდა, რომ ადამიანმა იგრძნოს არა მხოლოდ ხილის გემო და სურნელი, არამედ სიამოვნება, სიმშვიდე, სითბო და თავისუფლება. შეიგრძნოს ნელ-ნელა შექმნილი ისტორია, რომელიც თითოეულ ბოთლშია.

არის თუ არა ვინმე, ვისგანაც სწავლობდი მეღვინეობასოჯახური ტრადიციაა ეს, თუ თავისით მოსული ამბავი?

-როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ოჯახური ტრადიციაა, რომელიც ბაბუისგან მომყვება. მეღვინეობაში ბევრი რამ ვისწავლე ჩემი მეგობარი სანდროს დახმარებითაც. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს მამიდაშვილ ელენესაც დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან მაძლევს მოტივაციასა და სტიმულს, რომ არ დავნებდე. ისინი ყოველთვის მეხმარებიან ახალი გამოცდილების შეძენაში და პროფესიული რჩევებით.

რა სირთულეებს აწყდები ყველაზე ხშირად მევენახეობამეღვინეობაში?

-ყველაზე ხშირად ბუნების გამოწვევებს ვხვდები: ამინდები, მავნებლები, ნიადაგის ცვლილებები. გარდა ამისა, სირთულეა დროისა და რესურსის მართვაც, რადგან ყველაფერი ნელა და მოთმინებით უნდა გაკეთდეს, რომ ღვინო და ვენახი ჯანმრთელი და ხარისხიანი დარჩეს.

რას ეტყვი ადამიანს, რომელიც შენი ღვინის  გასინჯვას პირველად აპირებს?

-ვეტყვი, რომ ყოველი ყლუპი პატარა ისტორიაა, ჩემი შრომის, ყურადღების და ვენახის სიყვარულის გამოხატულება.

გაქვს თუ არა გეგმა ვენახის გაფართოებაზე, ან ახალი ტიპის ღვინის შექმნაზე?

-ამ ეტაპზე არა, არ ვჩქარობ და ვცდილობ, უკვე დაწყებული საქმე ხარისხიანად  შევასრულო.

და ბოლოსრა გაბედნიერებს ყველაზე მეტად ამ საქმეში?

-ყველაზე მეტად მაბედნიერებს, როცა ადამიანი ჩემს ღვინოს სვამს და სახეზე ვხედავ სიამოვნებით მიღებულ ემოციას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი შრომა ნაყოფს იძლევა და გულით გაკეთებული საქმე, ვიღაცას რეალურად  ახარებს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები