2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ მძიმე რეალობას თვალი გაუსწორა და აღმოჩნდა, რომ მოქალაქეები არ იყვნენ მზად კრიტიკული სიტუაციებისთვის. ამ ფონზე დაარსდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისი“, რომელიც ახალგაზრდებს სთავაზობს სამხედრო–სალაშქრო კურსებს, სადაც ისინი სწავლობენ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ორიენტირებას ბუნებაში, გუნდურ ლაშქრობებსა და სხვისი გადარჩენისათვის საჭირო უნარებს. მთავარი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი არასოდეს არის, უბრალოდ, ტრენინგი — ესაა გამოცდილება, რომელიც აყალიბებს პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქეს.
ჩვენს რესპოდენტსაც, სწორედ, „აისში“ მონაწილეობამ უბიძგა, საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებულიყო. თუმცა, მისი თავგადასავალი ამით არ მთავრდება — ის მასწავლებლობის გზაზეა და ასევე, აქტიურადაა ჩართული არაფორმალურ განათლებაში.
დღეს ვისაუბრებთ პროფესიის არჩევაზე, სამოქალაქო სიმტკიცესა და იმაზე, თუ როგორ ყალიბდება ძლიერი ადამიანი, გაგაცნობთ მიზანდასახულ, ენერგიულ ახალგაზრდას გულო ჯაყელს.
–მოდი, დავიწყოთ იმ გამოცდილების გაზიარებით, რომელიც ძლიერ ემოციურია შენთვის — როგორ მოხვდი ორგანიზაცია „აისში“?
-ვფიქრობ, „საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი“ ჩემი ბავშვობის გამოძახილია, რადგან მათი სტილი და ღირებულებები თანხვედრაშია იმასთან, რაც ყოველთვის მინდოდა მეკეთებინა და ვერც კი ვიფიქრებდი, რომ 2017 წელს დაწყებული ოცნება, 2025-ში ასე სრულყოფილად შეისხამდა ხორცს, ამიტომ მგონია, უფრო დიდი კავშირი მაქვს ამ ორგანიზაციასთან, ვიდრე განვლილი ორთვიანი სამხედრო-სალაშქრო კურსი იყო, სადაც სამოტივაციო წერილის დახმარებით მოვხვდი და გაცნობით შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად სწორი ნაბიჯის გადადგმასაც ვაპირებდი .
–რა გრძნობა დაგეუფლა, როცა გაიგე, რომ კურსი სრულიად უფასო იყო და რეალურად შეგეძლო მონაწილეობა?
-პირველ რიგში, გამიკვირდა, რადგან მათი სოციალური გვერდები, საკმაოდ ხარისხიან ფოტო-ვიდეო მასალას გვთავაზობს და დღევანდელ რეალობაში მსგავსი საქმის უფასოდ კეთება, დაუჯერებელია, მერე კი ნათელი გახდა ჩემთვის, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც უსასყიდლოდ და სრულყოფილად ასრულებენ იმ საქმეს, რომელსაც ორგანიზაცია გვთავაზობს და მათი მოხალისეობრივი აქტივობებით, ჩემს თვალში, კიდევ უფრო ამაღლდნენ და დაფასდნენ, რადგან გაცნობიერებული აქვთ იმ ნაყოფის სიდიადე, რასაც მოხალისე იღებს.
– რომელი დღე დაგამახსოვრდა, როგორც ყველაზე ამაღელვებელი, ან გადამწყვეტი ორთვიანი კურსიდან?
-საკმაოდ რთული კითხვაა,რადგან თითოეული დღე ემოციებითა და განსხვავებული გამოწვევებით იყო სავსე, რადგან „დიდგორის ველზე“ დაჯილდოების დღეს, იხსენებ განვლილ გასვლებს, გიახლდება და გიორმაგდება ემოციები, თვალწინ გიდგას ყველა „მეტი აღარ შემიძლიას“ გადალახვა, როცა თითოეულ დღესთან ამყარებ კავშირს და თავს უყრი, აერთიანებ ყველა ემოციას და გამოცდილებას, მაშინ გეუფლება დაუვიწყარი სიამაყის განცდა, რომელიც სამუდამოდ იდებს ბინას შენში და უფრო მეტი ნაყოფიერი დღისკენ მოგიწოდებს. ამ დროს გეამაყება ის ქართველები, რომლებიც გვერდს გიმშვენებენ და დაუშრეტელ იმედის წყაროს ქმნიან.
„აისური ამინდი“ — ეს ფრაზა ახსენე ჩვენთან საუბარში, რას აღნიშნავს ეს სიტყვები შენთვის?
-ეს არის ამინდი, რომელიც თოვლში მუშტებზე დგომისას მეტ სიმტკიცეს გმატებდა და ქარში, ოთხმოცდარვა ადამიანის ჩაკიდული ხელი, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის იმედს სახავდა, როდესაც გვათოვდა, გვაწვიმდა, გარშემო ნისლი იყო ჩამოწოლილი, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაწუხებდა და პარალელურად, ვისმენდით ლექციებს პირველად სამედიცინო დახმარებაზე, სამხედრო კამუფლირებაზე, ლაშქრობებზე, შეიარაღებაზე და სხვა. ამას მოჰყვებოდა პრაქტიკული ნაწილი, რომელიც საკმაოდ ეფექტიანი იყო, ვინაიდან კვამლის, გუბეებში ხოხვის, იარაღის ხმის ფონზე ქმნიდნენ გარემოს, სადაც გვიწევდა „დაჭრილების“ გადარჩენა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და სირთულეებთან გამკლავება, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გაზაფხულთან ერთად გამოვიღვიძეთ და შეუფასებელი მოგონებები და გამოცდილება მივიღეთ.
როგორ ფიქრობ, რას აძლევს მსგავსი კურსი ახალგაზრდა ადამიანს, მხოლოდ ფიზიკურ გამძლეობას, თუ გაცილებით მეტს?
-პირველ რიგში, „საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი“ 2008 წლიდან თავს უყრის ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილები არიან, რაც სიმშვიდეს განიჭებს, შემდეგ კი მნიშვნელოვან პიროვნულ უნარებს გამოგიმუშავებს, ფიზიკურთან ერთად, მენტალურად გაძლიერებს, როდესაც ხედავ, როგორ ეხმარება კურსანტი მეგობარს, შენში ჰუმანურობა და სიკეთის კეთების სურვილი ისადგურებს.
როგორია იყო „აისელი“? მარტო სახელის ტარებაა ეს, თუ ცხოვრების სტილიც?
-წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორ შეიძლება „აისელებთან“ ერთად არ მოგინდეს ცხოვრების სტილის შექმნა, თავად ორგანიზაცია გვთავაზობს სხვადასხვა „აისურ“ კლუბებში გაწევრიანებას და ლაშქრობებში მონაწილეობას, პირველადი სამედიცინო დახმარების კურსების გავლას, დრონებზე მანიპულაციის სწავლებას, ყოველკვირეულ ვარჯიშებს, მარათონებს სირბილში და არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. აღსანიშნავია ჩვენი აღმოსავლეთის კურსის თითქმის ყოველკვირეული შეხვედრები, ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვიძლია და ახლა ვხვდები, რას გულისხმობდა სასწავლო კურსის ხელმძღვანელი, როდესაც გვეუბნებოდა, „რაც უფრო მეტ ხალხს და მეგობარს გაიჩენთ, მაგას რა მოჰყვება, ბოლოს მიხვდებით“.
–ცოტა შენს პროფესიულ გეგმებზე ვისაუბროთ — დაამთავრე ისტორიის ფაკულტეტი, რამდენად ახლოსაა შენს ხასიათსა და ღირებულებებთან?
-მავსებს ის ფაქტი, რომ შემიძლია ქვეყნის ისტორიის ცოდნა პროფესიად ვაქციო, თავად საქართველოს ისტორიასთან ვაკავშირებ ჩემს თავს იმ ასპექტში, სადაც ჩვენმა ქვეყანამ დაუჯერებელი ბრძოლები მოიგო და დღემდე ფეხზე დგას, მჯერა რომ, ამ პროფესიისადმი დათმობილი დრო და შემართება, შედეგს არ დააყოვნებს და ქვეყნის მსახურებაში ჩემს პატარა წვლილს შევიტან.
–რა გიზიდავს კონკრეტულად მასწავლებლობაში – ბავშვებთან ურთიერთობის იდეა, ცოდნის გაზიარება თუ რაიმე სხვა?
-თავად ბავშვები და მათი განსხვავებული სამყარო მიზიდავს, რომელიც უბრალო, წრფელი და ინდივიდუალურია, თითოეული მათგანი განსაკუთრებული ნიჭის მატარებელია, რასაც დანახვა და ხელშეწყობა სჭირდება, ვფიქრობ, ჩემი ფორმალური, თუ არაფორმალური განათლება, მომცემს საშუალებას შევქმნა ისეთი გარემო-პირობები, რომელიც მე მომეწონებოდა ბავშვობაში, მათთან ურთიერთობა საინტერესოა, მუდმივად აღმოჩენის პროცესში ხარ, რაც მოდუნების საშუალებას არ გაძლევს.
–ასევე ახსენებ ინკლუზიურ განათლებაში სპეცმასწავლებლად მუშაობის გეგმას — ეს უკვე კონკრეტულ გამოცდილებას ეფუძნება თუ ემოციურ მოტივს?
–საქართველოში ეს პროფესია ახალია, შესაბამისად, კვალიფიციური კადრის ნაკლებობას განვიცდით, საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, რომლის ხარისხიც მნიშვნელოვან შედეგებს განაპირობებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ცხოვრებაში და იმედი მაქვს, მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ნაყოფიერ შედეგებამდე მივა.
–თუ შენს ამბავს ახალგაზრდა გოგო წაიკითხავს, რომელიც ჯერ კიდევ ეძებს თავის გზას — რა ეტყოდი მას?
–გამარჯობა, არასდროს შეგაშინოს შენი ოცნებების სიდიდემ. ამ სამყაროში, რისიც უნდა გეშინოდეს, არის იმ ცხოვრებით ცხოვრება, რომელიც შენ არ გეკუთვნის, ისე შეიყვარე შენი მიზნები, რომ ეჭვიც არ შეგეპაროს მის ახდენაში, თანმიმდევრული სვლებით და ფუნდამენტური სურვილის ქონით, შენც კი გაგაოცებს შედეგები, არ ვაჭარბებ, ნამდვილად განსაკუთრებული ხარ!
ბოლოს, რით ამაყობ ყველაზე მეტად შენი განვლილი გზიდან?
–საკუთარი თავის ერთგულებით!

მარიამ ონიანი