შაბათი, ოქტომბერი 5, 2024
spot_img

,,წარმატების გაკვეთილები“  – ყურადღების ცენტრში პატივცემული პედაგოგის მიღწევები

ჩვენი გაზეთის სტუმარია ხატისოფლის საჯარო სკოლისა და ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მაღალკვალიფიციური მასწავლებელი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა განათლების სფეროში. მიღწევების შთამბეჭდავი სიით, სერთიფიკატებითა და მრავალწლიანი გამოცდილებით, ლიანა მამულაშვილი გახდა შთაგონებისა და გამოცდილების შუქურა თავის სასკოლო საზოგადოებაში.

მისი პროფესიონალიზმი და მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რადგან იგი  იმ მცირერიცხოვან მასწავლებლებს შორის არის, რომლებმაც მენტორის  სტატუსი პირველივე წელს მიიღეს.

1987 წლიდან, სკოლაში შთამბეჭდავი მოღვაწეობით, ქალბატონი ლიანა მონაწილე გახდა განათლების მუდმივი განვითარების.  დიდმა გამოცდილებამ, იგი გახადა ფასდაუდებელი  მოსწავლეების, კოლეგებისა  და მთლიანად, განათლების სისტემისთვის. გარდა ამისა, მისი, როგორც სახელმწიფო პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლის როლი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის მის წვლილს განათლების ხარისხის ამაღლებისა და სწავლების სრულყოფილების ხელშეწყობისკენ.

-მოგესალმებით, ქალბატონო ლიანა. მნიშვნელოვანმიღწევებგაქვთ განათლების სფეროში. შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენი, როგორც მასწავლებლის მოგზაურობის შესახებ საგანმანათლებლო სამყაროში  და  რაშთაგაგონათ,  ამ სფეროსათვის დაგეკავშირებინათ კარიერა?

–   მოგესალმებით, ჩემი პირველი სპეციალობა  ფარმაცევტობა იყო, სააფთიაქო ქსელში არაერთი წელი ვიმუშავე, მაგრამ გული ყოველთვის სკოლისკენ მიმიწევდა, რადგან ჩემი საოჯახო წრე ძირითადად პედაგოგებისგან შედგებოდა: დედა, ძმა, დეიდა, დეიდაშვილი, ბიძაშვილები და ა.შ. ყველა პედაგოგი იყო. ამიტომაც, ბევრი არც მიფიქრია, პროფესია ისე შევიცვალე, რადგან მოწოდებით მასწავლებელი ვარ, მოსწავლეების გარემოცვაში  თავს ბედნიერად ვგრძნობ,  შემიძლია საკუთარი შესაძლებლობისა და უნარების მაქსიმალური გამოვლენა.

ხუთ სასკოლო საგანში სერთიფიკატის მოპოვება შთამბეჭდავი მიღწევაა. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ის საგნები, რომლებშიც ხართ სერტიფიცირებული და რატომ აირჩიეთ სპეციალიზაცია ამ კონკრეტულ სფეროებში?

-მეკითხებით თუ   რატომ ავირჩიე  სპეციალიზაცია ამ კონკრეტულ სფეროებში? გიპასუხებთ, რომ რადგან პირველი სპეციალობით სამედიცინოს სფეროში ვიყავი, მთლად მედიცინისგან მოწყვეტა აღარ მინდოდა და ამიტომაც, მომავალ სპეციალობად გეოგრაფია – ბიოლოგია ავირჩიე.  რაც შეეხება დანარჩენ სერტიფიცირებულ საგნებს, ისინი ჩემი ძირითადი სპეციალობების მონათესავე საგნებია: ბუნებისმეტყველება და სამოქალაქო განათლება, ამიტომაც სასერტიფიკაციო საგნებად ისინი ავირჩიე. ხოლო   მე-5 სერტიფიცირებულ საგანს – ქართული, როგორც მეორე ენა, ცოტა გრძელი ისტორია აქვს.                                  

2004-2005 სასწავლო წელს, როდესაც განათლების სფეროში რეფორმის ე.წ. ნამდვილი ,,ბუმი“ იყო, გამოცხადდა კონკურსი: ,,მომავალი იწყება დღეს“, რომლის გამარჯვებული კონკურსანტი ვარ. მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩა 36 ე.წ.  ,,მისიონერი“ პედაგოგი: ქართული ენისა და ლიტერატურის,  საქართველოს გეოგრაფიისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლები,  რომლებსაც დაგვევალა არაქართველი მოსწავლეებისა და თემისთვის ქართული ენის შესწავლა. მაღალი შედეგების მისაღებად  მოგვეცა სრული თავისუფლება ჩვენი სწავლების მეთოდების გამოყენებისა. ნამდვილად არ ვიცი კონკურსისას რა კრიტერიუმებით შეგვაფასეს, მაგრამ გუნდში აღვმოვჩნდით საუკეთესოთა შორის, საუკეთესონი (ნამდვილად არ არის ეს შეფასება გადაჭარბებული), რომლებმაც არაერთი კარგი საქმე გავაკეთეთ და დასაბამი მივეცით დღევანდელ სხვადასხვა პროექტს….

– იმ ცხრა მასწავლებლიდან ერთ-ერთი ბრძანდებით, ვინც პირველებმა მოიპოვეთ მენტორის სტატუსი. შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი, როგორც მენტორის როლისა და პასუხისმგებლობის შესახებ, როგორ უჭერთ მხარს და ხელმძღვანელბთ სხვა მასწავლებლებს  პროფესიულ განვითარებაში?

– დიახ, მე გახლავართ პირველი თაობის 9 მენტორიდან ერთ-ერთი.  შემიძლია ვთქვა, რომ მენტორობა არის ერთგვარი პასუხისმგებლობა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე გრძნობ და საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევ.  ამას ემატება ისიც, რომ სსიპ ბოლნისის მუნ. სოფ. ხატისოფლის საჯარო სკოლაში დასაქმებული ვარ სახელმწიფო ქვეპროგრამით: ,,ასწავლე საქართველოსთვის“,  რომელსაც კიდევ თავისი სხვა დამატებითი დატვირთვა აქვს.            ამჟამად ამ სკოლაში ვახორციელებთ სასკოლო პროექტს: ,, ადამიანის უფლებები და მათი დაცვა“-, რომლის ავტორიც მე გახლავართ. ამ დიდი პროექტიდან გამომდინარე, თითოეული კათედრა დამატებით ახორციელებს არაერთ ქვეპროექტს, რომელშიც ჩართულია მთელი სკოლის საზოგადოება და თემი.   პედაგოგებისთვის, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ვგეგმავ სამუშაო შეხვედრებს, მოსწავლეებთან ჩამოყალიბებული მაქვს 2 სხვადასხვა კლუბი, რომლებშიც გვაქვს ჩვენი სამოქმედო გეგმები და ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ მათ.  სკოლის ეკოკლუბელი ,,ბუნების მცველები“ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მწვანე დროშა დაიმსახურონ.  ჩართულები ვართ eTwinning-ის პროექტებში. შარშანდელი, 2 საერთაშორისო პროექტის გამარჯვებულები ვართ და ევროპის ხარისხის მფლობელებიც გავხდით.  ასევე, გვაქვს დამატებითი ონლაინ გაკვეთილები, რომელშიც ვეზიარებით – ,,ციფრულ მოქალაქეობა“-ს, კათედრებს შორის ურთიერთთანამშრომლობით ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა ინტეგრირებულ პროექტ -გაკვეთილებს. ვქმნით საგანმანათლებლო რესურსებს, ვიწვევთ საინტერესო სტუმრებს, ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკაზე ვატარებთ შიდა სასკოლო კონფერენციებს  და ა.შ.

-როგორც ჩვენთვის ცნობილია, ახლახან, ლიტერატურულ კონკურსში, ,,მივიწყებული სახელები“, გაღიარეს საუკეთესო თხზულების ავტორად. როგორი განცდა იყო თქვენთვის ეს გამარჯვება და როგორ ახერხებთ წერისათვის გამონახოთ დრო, მიუხედავად ასეთი დატვირთული გრაფიკისა?

ვარ   რამდენიმე წიგნის ავტორი, მაგრამ ამ ახალ წიგნს:,,წუთისოფლის ჭიდილში“ ვუძღვნი ჩემი შვილის – გიორგის ხსოვნას. როდესაც შვილის დაკარგვის დიდი ტკივილის ატანა შეუძლებელი ხდება, ვიღებ კალამს და ვწერ  გიორგიზე მოგონებებს, პარალელურად  აღვწერ იმდროინდელ საქართველოს სიდუხჭირეს,  გონებით გადავდივარ ჩემი გიორგის ბავშვობასა და ახალგაზრდობაში, ვეფერები მას და ამით ვიმსუბუქებ იმ მძიმე ჯვრის ტარებას, რასაც შაოსანი, შვილდაკარგული  დედის ტკივილი ჰქვია….მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს პედაგოგთა კავშირს, რომელმაც ჩემს თხზულებას ასეთი მაღალი შეფასება მისცა და, როგორც საუკეთესო ნაწარმოების ავტორი, დამაჯილდოვა კ.მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლ:,,ერთხელ ამერიკაში“-ს 30 ბილეთით.   სპექტაკლზე წავიყვანე – სკოლის  მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები და თემის რამდენიმე წარმომადგენელი (რადგან სკოლა მცირე კონტიგენტიანია,  ბილეთების რაოდენობამ ამის საშუალება მომცა).  მოსწავლეთა ნაწილი პირველად ,,ეზიარა“ თეატრს და მათი ემოციების გადმოცემა მიჭირს. მათი ასეთი ემოციებისთვის, კიდევ ერთხელ მადლობა საქართველოს პედაგოგთა კავშირს, კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრსა  და უშუალოდ, სპექტაკლის მსახიობთა დასს.

-სკოლაში სამ ათწლეულზე მეტი გამოცდილების მქონე ბრძანდებით, როგორ ხედავთ საგანმანათლებლო სფეროს განვითარებას წლების განმავლობაში? რა არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც გავლენა მოახდინა  სწავლების თქვენეულ მიდგომაზე?

–  რა თქმა უნდა პედაგოგს წლებთან ერთად  გემატება გამოცდილება, რაც წარმატების საწინდარია. სწავლების მიდგომების დახვეწაზე კი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სასკოლო ცხოვრებაში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანამ, რამაც გაამრავალფეროვნა გაკვეთილები და განათლების მიღებაც უფრო სრულყოფილი გახადა.დღევანდელი გადმოსახედიდან, განათლების სფეროს განვითარებისთვის ვთვლი, რომ  უფრო მეტი თავისუფალება უნდა მოგვეცეს და  დროც  გვქონდეს, რომ სკოლის თითოეული კლასისთვის, თემატიკაზე მორგებით, შევქმნათ სასწავლო რესურსი, რომელიც მორგებული იქნება მოსწავლეთა ნამდვილ საჭიროებებზე და არა თავს მოხვეულ ვალდებულებებზე…..

როგორც სახელმწიფო  ქვეპროგრამის:,,ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელს, შეგიძლიათ გვიამბოთ პროგრამის შესახებ, როგორია თქვენი როლი მასში?

-პროგრამა:,,ასწავლე საქართველოსთვის“ არსებობს 2009-10 სასწავლო წლიდან, მე კი მასში ჩავერთე 2014-15 სასწავლო წლიდან, ჩემს კარიერულ წინსვლაში, თამამად ვიტყვი, რომ მას ,,ლომის წილი“ მიუძღვის. ქვეპროგრამაში არავითარი თავს მოხვეული ვალდებულებები არ გვაქვს.  თვითონ ვწერთ  სამოქმედო გეგმას, რომელსაც ვუთანხმებთ დამსაქმებელს და სასწავლო წლის ბოლოს ჩვენი პორტფოლიოების საშუალებით ვაკეთებთ შეჯამებას ჩვენ მიერ შესრულებული საქმიანობისა, რომელსაც მტკიცებულებების სახით არაერთი არგუმენტაცია ერთვის. მინდა,  ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ პროგრამამ (მოგვიანებით მოხდა პროგრამების გამსხვილება და ამიტომ გახდა ქვეპროგრამა) ძალიან დიდი დახმარება გაუწია საქართველოს მასშტაბით მაღალკვალიფიციური პედაგოგების გაგზავნით,   მაღალმთიან თუ მცირე კონტიგენტიან  სკოლებში, ხარისხიანი სწავლების დონის ამაღლებას. სამწუხაროა, ის ფაქტი რომ ქვეპროგრამა:,,ასწავლე საქართველოსთვის“ ხელშეკრულება  არ გვაქვს 1-წლიანი, ამიტომაც ვერ ვსარგებლობთ შვებულებით, ხელფასი 10 წლის განმავლობაში არ მომატებულა, მიუხედავად ასეთი დიდი ინფლაციისა, არადა სამუშაო პასუხისმგებლობები  განუხრელად იზრდება. ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხზე ახალი მინისტრი, საქართველოს მასშტაბით, თანაბარი, მაღალხარისხიანი განათლების შენარჩუნებისთვის, ახალ სასიკეთო ცვლილებებს შეიტანს.

ყველაზე დასამახსოვრებელი და სასარგებლო მომენტები, რომლებიც ქონიათ, როგორც მასწავლებელს,  თქვენი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში.

–     ალბათ, მასწავლებელთა უმრავლესობა  დამეთანხმება, რომ პედაგოგისთვის იმაზე მეტად სასიხარულო არაფერია, როცა უკვე სკოლა დამთავრებულ ყოფილ მოსწავლეს, შენს დანახვაზე სახე გაუბრწყინდება,  და  სიყვარულით ჩაგეხუტება. ამაზე დიდი საჩუქარი და დასამახსოვრებელი მომენტი მასწავლებლისთვის არ არსებობს.

მასწავლებლობა არის პროფესია, რომელიც მოითხოვს უწყვეტ სწავლასდა ადაპტირებას. როგორ აგრძელებთ სიახლეებთან შეგუებას უახლესი საგანმანათლებლო ტენდენციების, მეთოდოლოგიებისა და პრაქტიკის შესახებ?

-ჩემი სამუშაო დღე იწყება დაახლოებით დილის 6.30 სთ-დან და  გრძელდება შუაღამემდე. ამიტომაც ვახერხებ, რომ ფეხდაფეხ მივყვე სიახლეებს. არადა საგანმანათლებლო სფეროში ნამდვილად არის სიახლეები მაგ.: ტექნოლოგიების გამოყენებისა, რომელსაც მივესალმები და მისი დანერგვის აუცილებლობასა და საჭიროებას ნამდვილად ვხედავ, მაგრამ არის ისეთი სიახლეებიც, რომელიც თავს მოხვეულია და მოსწავლეებისთვის არაფრის მომცემია, რომელიც მხოლოდ დროს გვაკარგვინებს და მეტი არაფერია. ვფიქრობ, რომ ყოველივე ეს დამუშავების პროცესშია და გამოსწორებადია.

რა არის ის ძირითადი თვისებები ან უნარები, რაც ქმნის განსაკუთრებულ მასწავლებელს? როგორ ცდილობთ დანერგოთ ეს უნარ-ჩვევები თქვენს სასწავლო პრაქტიკაში?

–  ასეთი უნარი ალბათ არის  ის, რომ შეგიძლია, უანგარო, უსაზღვრო სიყვარული აღსაზრდელებისა, მიუხედავად მათი სიცელქისა და ონავარობისა, დანარჩენი კი თავისთავად ეწყობა…..

როგორც მენტორი და მაღალკვალიფიციური მასწავლებელი, რას ურჩევდით დამწყებ პედაგოგებს, რომლებიც ახლა იწყებენ პედაგოგიურ კარიერას?

–     შეძლებისდაგვარად დააკვირდნენ და გამოიკვლიონ თითოეული მოსწავლის  საჭიროებები, შემდეგ ეს ყველაფერი გააერთიანონ და ისე დასახონ სამოქმედო გეგმა  თითოეულ კლასში, ესგ-ზე დაყრდნობით. შექმნან თითოეული კლასისთვის ინდივიდუალური სასწავლო რესურსი, რომელიც თამაშზე იქნება აგებული. ამის შემდეგ კლასის მართვა და სასწავლო პროცესის შედეგებზე ორიენტირება მათთვის ძალზედ ადვილი იქნება.

რა არის თქვენი მისწრაფებები და მიზნები მომავლისთვის? როგორ აპირებთ იქონიოთ დადებითი გავლენა თქვენი მოსწავლეების  ცხოვრებასა და განათლებაზე?

-ვფიქრობ, რომ ისევ ისეთი შემართებით ვიყო, როგორც ამჟამად ვარ. ვიზრუნო მოსწავლეთა ხარისხიან განათლებაზე, საკუთარი პროფესიონალიზმის სრულყოფაზე. განვახორციელო საინტერესო პროექტები, როგორც ადგილობრივი მასშტაბით, ისე საერთაშორისო დონეზე (რის საშუალებასაც მომცემს  სკოლის მოსწავლეთა ასაკი). შევქმნა საგანმანათლებლო რესურსები, ვითანამშრომლო კოლეგებთან და ა.შ. მინდა, სასარგებლო ვიყო  როგორც სსიპ ბოლნისის მუნიციპალტეტის სოფ. ხატისოფლის , ისე სსიპ ქ. ბოლნისის N 5 საჯარო სკოლისთვის, სადაც დაწყებით კლასებში ვასწავლი ბუნებისმეტყველებას.

მადლობა ქვეპროგრამას – ,,ასწავლე საქართველოსთვის“ და თითოეულ სკოლას, რომ მაძლევენ მათთან ურთიერთთანამშრომლობის  საშუალებას, რითაც შემიძლია საკუთარი თავის რეალიზება.

მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები