ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
spot_img
Homeრუბრიკებიშვილები ღვთის საჩუქარია,  ბედნიერებაა გეწოდოს მრავალშვილიანი დედა

შვილები ღვთის საჩუქარია,  ბედნიერებაა გეწოდოს მრავალშვილიანი დედა

დასახული ესკიზის სისრულეში მოსაყვანად,  ხშირად ღამეები უთენებია. რომ არა მისი ხასიათი, „არ გაჩერდე“, სამსახურს, ოჯახს და საყვარელ საქმეს, ალბათ თავს ვერ გაართმევდა. 4 შვილის დედა და 9 შვილიშვილის ბებია, არა ერთ საქმიანობასაა შეჭიდებული და წინ დიდი გეგმები აქვს, რომელსაც ეტაპობრივად განახორციელებს.  პიროვნებას, რომელზეც  რუბრიკაში გიამბობთ, საზოგადოება კარგად იცნობს. მის შესაძლებლობებს არ აქვს საზღვრები. არაერთი პროფესიისა და უნარების მქონეს, მთავარ პროფესიად მრავალშვილიანი დედის სტატუსი მიაჩნია. ე.წ. კორონავირუსის პანდემიის დროს, ჰობად დაწყებული ხელსაქმე, ყოველდღიურ საქმიანობად აქცია და დღეს საზოგადოება  მის ნამუშევრებს, „ნინოს საყელოებად“ იცნობს. თუმცა, როგორც თავად გვიყვება, მას ხელსაქმე ახლა არ დაუწყია, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო,  მისივე ნაქსოვი საყელოებით რომ იწონებდა თავს. „ჩემი ნამუშევრები ჩემი სულის საკვებია“ – ამბობს ნინო.  

„მგონია, რომ ჩემი სიყვარულით,  ტკივილს ყველას მოვუშუშებ და დავეხმარები“, ეს არის ჩემი რესპოდენტის ცხოვრების კრედო და ამიტომ უყვართ ის.

საზოგადოება გიცნობთ, მაგრამ მაინც, ვინ არის ნინო შაკიაშვილი?

  -მე ვარ ნინო ივანეს ასული შაკიაშვილი-დანელია, დავიბადე ბოლნისში, აქვე დავამთავრე  სულხან-საბა ორბელიანის სახელობის  პირველი საშუალო სკოლა. პროფესიით ვარ ფოლკლორისტი, გუნდის დირიჟორი,  17 წელი ვიმუშავე ჩემი პროფესიით, განათლებისა და კულტურის დაწესებულებებში სხვადასხვა თანამდებობებზე, ასევე  შევიძინე   მეორე პროფესიაც  და ვარ   იურისტი (სამართალმცოდნე). 2004 წლიდან დღემდე, ვმუშაობ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურში, კულტურისა და სპორტის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, კულტურის საკითხებში.

-მოგვიყევით თქვენს დიდ ოჯახზე.

-ჩემს ცხოვრებაში ოჯახს უპირველესი ადგილი უკავია.  მეუღლეს, პეტრე დანელიას, ყველა იცნობთ. ის არის საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ყურადღებიანი და მზრუნველი მეუღლე, მამა და ბაბუა.  გვყავს ოთხი შვილი  მარიამი, ანა, ეკატერინე,  ნიკოლოზი  და ცხრა შვილიშვილი. მარიამი – უფროსი ქალიშვილი,  სამი ვაჟის და ერთი ქალიშვილის დედაა, ანა – ერთი ქალიშვილის და ორი ვაჟის დედაა,  მეოთხეს სექტემბერში ველოდებით, ეკატერინე ქალ-ვაჟის დედაა,  ხოლო ნიკოლოზი აბიტურიენტია. მადლიერი ვარ უფლის  ყველაფრისათვის. ვცდილობ,  ჩემი მზრუნველობა, ყურადღება, სიყვარული არ მოვაკლო  ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და მათ, ვინც  ჩემს გვერდით არიან ფიზიკურად თუ სულიერად, ხშირად მგონია, რომ ჩემი სიყვარულით ტკივილს ყველას  მოვუშუშებ და დავეხმარები.

 -ბოლო პერიოდში, თქვენს გვერდზე აქვეყნებთ  საყელოებს, როდიდან დაიწყეთ ეს საქმე?

   -კი, მართალი ხართ, ვცდილობ ჩემი ნამუშევრები ,,ნინოს საყელოების“ სახით  ყველას გავაცნო და გავახსენო წარსული პერიოდი, როდესაც მისი ტარება მოდური იყო. არა მარტო საყელოებს ვქსოვ, არამედ   სუფრებს, ბილიკებს,  სხვადასხვა ზომის ხელსახოცებს  და    ვაქვეყნებ ხოლმე სოციალური ქსელის მეშვეობით, რათა  ნამუშევრების რეკლამირება მოვახდინო, თან  ჩემი მეგობრების შეფასება მოვისმინო, ეს უდიდეს სტიმულს მაძლევს და იმედს, რომ რაღაცა გამომივიდა და უფრო მეტის გაკეთება შემიძლია.  რაც შეეხება საყელოების ქსოვას,   როგორც ,,ჰობი“ პანდემიის დროს დავიწყე, მაშინ ყველაფერი გაჩერებული იყო, სახლში შვილებისა და შვილიშვილების მზრუნველობით ვიყავი დაკავებული,  გამახსენდა ბავშვობაში  ნასწავლი და მივიწყებული  საყვარელი ხელსაქმე, ყაისნაღით ქსოვა. მინდოდა, როგორც მოუსვენარ ადამიანს, რაიმე გამეკეთებინა  შემოქმედებითი, სასარგებლო და საინტერესო, დავიწყე  ქსოვა. შემდეგ გამოვიყენე სოციალური  ქსელის მასტერ კლასები, რაც ძალიან დამეხმარა და ჩემი ცოდნა მრავალფეროვანი გახადა.

-ვინ შეგასწავლათ და რატომ კონკრეტულად საყელოების ქსოვა?

-ქსოვა ბავშვობიდან მიყვარდა. ზოგადად, ხელსაქმე ყოველთვის გამომდიოდა.  საყელოების ქსოვა  მასწავლა ყველასათვის საყვარელმა ადამიანმა, ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ქეთევან ელიაურმა, ქარგავდა, ქსოვდა, უნაკლო კულინარი  და სხვა მრავალი ნიჭით შემკობილი ქალბატონი იყო.   სკოლის პერიოდში ხშირად მივდიოდი ხოლმე მასთან და ვუყურებდი,  როგორ ქსოვდა თავისუფალ დროს.  ძალიან დავინტერესდი ყაისნაღით ნაქსოვებით და ვთხოვე, რომ  ესწავლებინა,  არ დამზარდა და მასწავლა კიდეც პირველი შტრიხები. ჩემს ბავშვობაში  სასკოლო ფორმებზე ყველას გვეკეთა თეთრი საყელოები და მეც ვიწონებდი თავს ჩემი ნახელავით. წლების მერე, ეს ხელსაქმე მივივიწყე, მაგრამ ბოლო წლებია ისევ გამიტაცა და ყოველდღიურ საქმიანობად გადამექცა. იცით ეს რას ჰგავს? ძალიან რომ ხარ მოწყურებული,  წყალს რომ დაეწაფები და წყურვილს მოგიკლავს, დაგამშვიდებს, სწორედ ეს განცდა მაქვს. ჩემი ნამუშევრები ჩემი სულის საკვებია,  სიმშვიდეა და მეტის შეცნობის სტიმულია.  უდიდესი შრომაა საათობით, ღამეების თენების ხარჯზე, შექმნა  ულამაზესი აქსესუარი – საყელო, ათასჯერ დაშალო და ისევ ააწყო, ეს უწყვეტი პროცესია შემოქმედების და ბოლოს, რომ შეხედავ საბოლოო სახეს, ბედნიერებაა. ანუ მინდა გითხრათ, რომ ჩვემთვის ბედნიერების მომნიჭებელია ჩემი  ნამუშევრები და  ძალიან მიყვარს თითოეული  შექმნილი   აქსესუარი, ამავდროულად მინდა სხვასაც მივანიჭო ეს ბედნიერება,  უკვე  მრავალ ქალბატონს აქვს შეძენილი  ჩემს მიერ შექმნილი  საყელოები სასაჩუქრედაც.

-რა გეგმები გაქვთ მომავალში, აპირებთ  საქმიანობის გაფართოებას?

 -მაქვს გეგმები, რომელსაც ეტაპობრივად განვახორციელებ. ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე სახეობის საყელოს შექმნაზე, ირლანდიურ და    სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციულ ნიმუშებზე, აგრეთვე ვაპირებ გავაფართოვო ჩემი არეალი და შევქნა სურათები სხვადასხვა კომპოზიციით, ირლანდიური ორნამენტების გამოყენებით,  რომელსაც სულ მალე წარმოგიდგენთ.

-კიდევ ხომ არ არის რამე, რაც არ იცის საზოგადოებამ?

-ზოგადად მიყვარს ძიება, სიახლეები, სწავლება. ხომ გაგიგიათ ასეთი გამოთქმა ,,არ გაჩერდე“ …. ჩემზეა ნათქვამი (ეს ხუმრობით). მოკლედ, სამსახურს ვუთავსებ არასამთავრებო საქმიანობას და ვარ ,,ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობის“ მოხალისე წევრი.   ჩართული ვარ ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების კონკურსში მონაწილეობისათვის, პროექტების წერაში სამეწარმეო კუთხით. აგრეთვე, ვარ ჩართული ტურიზმის კუთხით კომპანია ,,TourEast Georgia – ტურისტ ჯორჯია ’’-ს  გასტროტურების მოწყობის დაორგანიზებაში.

-რა დროს უთმობთ საყვარელ საქმეს?

-საყელოს მოდელს, ან ნებისმიერ ხელსაქმეს, რომელსაც ვირჩევ, ვაფასებ მისი სირთულის, ნიმუშის (უზორის) მიხედვით და აქედან დროსაც ვანაწილებ. ყოფილა შემთხვევა,  ერთ ღამეში მომიქსოვია, ხან ერთი კვირაც კი დამჭირვებია.

-როგორ ანაწილებთ დროს?

-ძალიან გამიჭირდა ამ კითხვაზე პასუხი, ბევრი  მისვამს მსგავს კითხვას, ვერ გეტყვით, როგორ ვანაწილებ, ალბათ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან ჩქარი ვარ და მოუსვენარი, მინდა ყველაფერი მოვასწრო, თითქოს სადღაც მეჩქარება, ამიტომ სათანადოდ ვუთავსებ ოჯახს, სამსახურს და ჩემს საყვარელ საქმიანობას.  თითქმის მთელ დღეს სამსახურში ვატარებ, რომელიც მოითხოვს დიდ ყურადღებას და პასუხისმგებლობით შესრულებულ საქმიანობას, შემდეგ კი ვანაწილებ   დარჩენილ დროს, უმეტესად შაბათ-კვირისა და ღამის თევის ხარჯზე.   ალბათ სულ  6 საათი მძინავს. უფლის წყალობით  ვახერხებ და ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს.

– როგორია ჩვენს ქვეყანაში მრავალშვილიანი დედის სტატუსი?

-როგორ გითხრათ, მრავალი შვილის ყოლა ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა  და ამავდროულად სიამაყეა, ბედნიერებაა. შენ ზრდი შვილს არამარტო შენთვის, შენი ოჯახისთვის, გენისა და ჯიშის გამრავლებისთვის, არამედ შენი ქვეყნისთვის, შენი ერის გამრავლებისთვის, ამიტომ, როგორც  ქალი და დედა,   ვუსურვებდი ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურ სიძლიერეს,  მშვიდობას და სიყვარულს,  სადაც სიყვარულია, ქვეყანა ძლიერია, ერიც ძლიერი და გამრავლებულია. გახსოვდეთ ჩემო ძვირფასო  ახალგაზრდა დედებო, შვილები ღვთის საჩუქარია და  უდიდესი ბედნიერებაა გეწოდოს მრავალშვილიანი დედა…უფალი ფარავდეს  საქართველოს და ყველა თქვენგანს.

მართლაც, უდიდესი ბედნიერებაა და ღვთის საჩუქარია გერქვას მრავალშვილიანი დედა, კიდევ უფრო ბედნიერებაა, აღზარდო ისინი  ზნეობრივად და მორალურად წელში გამართულნი. ამ ყველაფერს აქტიური, შემდგარი ქალის სტატუსიც ემატება. ნინო დაუღალავია, მოღვაწეობს მრავალ სფეროში და ყველგან საკუთარ, ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს. წარმატებებს ვუსურვებთ ნინოს, ჩვენს ქვეყანას კი დანელიების მსგავს ბევრ ოჯახს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები