მასწავლებელი-მეგობარი! სკოლა! სკოლა! მთელი თავგადასავალი! რამდენი ადამიანი ვიცით, ვისაც სკოლის სახელის გაგონებაც კი აღარ სურს დამთავრების შემდეგ, ზოგიც დიდი სიყვარულით მოიგონებს ხოლმე და დადებითი ემოციების ფონზე გაიხსენებს და მოყვება კიდეც რამე პატარა და მისთვის ფანტასტიურ ისტორიას. რა შეიძლება ეს ,,რამე კარგი“ სკოლაში იყოს, თუ არა ის, რომ ისწავლო რას ნიშნავს მეგობრობა, თანადგომა, ყველაფრის ერთმანეთში გაზიარება, ჯგუფური მუშაობა, ერთი მიზნის ქონა. ამ ყველაფერს ვერ გასწავლის ვერავინ ისე, როგორც შენი მასწავლებელი, თუ გაგიმართლა და შეგხვდა “ადამიანი მასწავლებელი,” რომელიც შენში მხოლოდ მოსწავლეს არ ხედავს, არამედ პიროვნებას, რომელსაც სწავლის გარდა ბევრი სხვა უნარ -ჩვევების განვითარებაც სჭირდება და რაც მთავარია სჭირდება ადამიანური ურთიერთობები. ჩემს მაგალითს მოვიყვან- 9 -ე კლასში, როცა სკოლა შევიცვალე, დიდი სტრესი მქონდა. მაღალ მთიან აჭარიდან გადმოვედი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის სკოლაში, და გამიმართლა – იმავე წელს სკოლაში მოვიდა მედეა ჯაფარიძე, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი. არაჩვეულებრივი, მზრუნველობით და ყურადღებით გამორჩეული ადამიანი მოსწავლეების მიმართ! მისი დახმარებით შევძელი ახალ გარემოსთან შეგუება და სტრესთან გამკლავება. ყველა აქტივობა, რაც კი სკოლაში გვქონია, იყო მისი ინიციატივა-მუსიკა, სიმღერა, ცეკვა და ჟრიამული არ მოგვკლებია. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის , რომ სკოლის სახელი სოფლის საზღვრებს გასცდენოდა და მოახერხა კიდეც. ამასთანავე მომთხოვნი და კომპეტენტური მასწავლებელი გახლდათ, კარგი ახსნის წესით, გამეორების და ხელახლა ახსნის მოყვარული. თუ არ დარწმუნდებოდა რომ გაიგე ის რაც აგიხსნა, არ მოისვენებდა და არც ჩვენ მოგვასვენებდა. სკოლის ეზოს სილამაზეც მისი დამსახურებაა! იცოდა ჩვენი ოჯახური თუ პირადული, ფიზიკური პრობლემების შესახებ და მათ გამკლავებასა და გადაჭრაში გვეხმარებოდა და რჩევებს გვაძლევდა. აბიტურიენტობის პერიოდში უანგაროდ, თავისი სურვილით გვამზადებდა და გვამეცადინებდა. თავის ოჯახს არ უთმობდა იმდენ დროს ,რამდენსაც ჩვენ. სკოლა იყო და არის მისი პირველი საფიქრალი და საზრუნავი! ამ წერილში შეუძლებელია იმ ამაგის აღწერა და გადმოცემა, რომელიც მას თითოეულ ჩვენთაგანზე აქვს გაწეული. გწერთ, წერილს გერმანიიდან და რატომ?-იმიტომ, რომ ადამიანი, ვისზეც ბევრს ვფიქრობ და მენატრება, ჩემი მასწავლებელი -მედეა ჯაფარიძეა! დიდი სიყვარულით გერმანიიდან მზია ხოზრევანიძე.
მასალა მომზადებულია პროექტის ,,ჩემი მასწავლებელი“ფარგლებში მზია ხოზრევანიძის მიერ.