
მას ადამიანების სჯერა, სჯერა სიკეთისა და სამართლიანობის, ყოველთვის ცდილობს ადამიანებს კარგი ამბები ამცნოს, მეგობრები „კეთილი ნების ელჩს უწოდებენ“.ნონა რეხვიაშვილმა, ცხოვრება თავიდან 35 წლის ასაკში დაიწყო, მაშინ როცა მეუღლე დიმიტრი ლაზარეშვილი ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაიღუპა, სწორედ ამ ასაკიდან იწყება ნონას ძლიერი დამოუკიდებელი ქალის ცხოვრება. იხსენებს, რომ – უზრუნველი ბავშვობა და ახალგაზრდობა ჰქონდა, მეუღლეც მზრუნველი შეხვდა და მისი ყოველდღიურობაც არ ჰგავდა ტრადიციული ქალის ცხოვრებას. მეუღლე ხშირად ანებივრებდა სიურპიზებით, თუმცა ერთ დღეს გათენდა და მიხვდა, რომ დაკარგა ცხოვრების ძლიერი დასაყრდენი, დიახ დასაყრდენი და არა სიყვარული, რადგან მას დიმიკო ზუსტად ისე უყვარს, როგორც პირველ დღეს.
იგი პროფესიით ეკონომისტია წლების მანძილზე სხვადასხვა სამსახურში იკავებდა მთავარი ეკონომისტის პოზიციას. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პირველი არჩეული მაჟორიტალი ქალი გახლავთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. მიაჩნია, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში ნიშნავს სტაბილურობას, სწორედ ამიტომ შეთავაზებაზე გამხდარიყო მაჟორიტარი ბევრი არ უფიქრია, მაშინვე დათანხმდა, რადგან მიეცა შესაძლებლობა მოესმინა თანაქალაქელების გულისცემა. მისთვის წარსული, აწმყო და მომავალი ბოლნისს უკავშირდება. ესაა ქალაქი, რომელიც უყვარს და ვერასდროს დათმობს. ბუნებით სათნო და ნაზ ადამიანს ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდა. რთული 90-იანი წლების პირისპირ დარჩენილმა ახალგაზრდა ქალმა ორი მცირეწლოვანი შვილით შეძლო ფეხზე მყარად დგომა.
უყვარს წიგნების კითხვა , საყვარელი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია.საყვარელი საქმე მცენარეების მოვლა ამბობს, რომ ყვავილებათან ურთიერთობა განსაკუთრებულ სიმშვიდეს ანიჭებს. საოჯახო მეურნეობაშიც ჩაება. არის, ორი შვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებია , ახერხებს თანაბრად აქტიური იყოს საოჯახო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.მან ჩვენთან საუბარში გაიხსენა: ბავშვობა, ახალგაზრდობა, ცხოვრების სიყვარული, მისთვის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი და ბოლოს, გვიამბო საკუთარი თვალით დანახული ნონა რეხვიაშვილის შესახებ.
ვინ არის ნონა რეხვიაშვილი?
– ნონა არის ქალი, რომელიც შეყვარებულია მშობლიურ ბოლნისზე, ვერ წამომიდგენია სად უნდა ვიცხოვრო სხვაგან?! მიუხედავად იმისა, რომ მქონდა არაერთი შესაძლებლობა და შემოთავაზება შვილებთან ერთად წავსულიყავი უცხოეთში, ვერ შევძელი, ჩემს ქვეყანას ვერაფრის ფასად ვერ დავთმობდი.
ბავშვობის წლები:
-უზრუნველი, ლაღი და ბედნიერი, არაფერი გვაკლდა. მამა გამორჩეული პიროვნება იყო, შეძლებული ოჯახის შვილს მხოლოდ სწავლა მევალებოდა, დავდიოდი სხვადასხვა წრეებზე, მათ შორის, მუსიკალურ სკოლაში და უცხო ენებზე. მე და ჩემს დედმამიშვილებს მაქსიმალური განათლება მოგვცეს მშობლებმა. მამამ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, თუ რაიმე კარგი თვისებაა ჩემში ეს მისი დამსახურებაა, დიდ დროს მითმობდა და სააღმზრდელო ლექციებსაც ხშირად ვისმენდი, ყველაზე მთავარს სიკეთეს მასწავლიდა.
პროფესიაბავშვობიდან ეკონომისტობა მინდოდა, მამას კი სურდა პედაგოგი ვყოფილიყავი, მისი ხათრით პირველად ფილოლოგიურზე ვაბარებდი, მაგრამ ვერ მოვხვდი, ამიტომ შემდეგ წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე და ამით ბავშვობის ოცნება ავისრულე.

სიყვარული და ოჯახი:
19 წლის ასაკში, მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა დავოჯახდი. მე და ჩემი მეუღლე დიმიტრი ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. აღმოჩნდა, რომ მისთვის ჩუმად გულში ვყვარებივარ. ისე გავხდი მისი მეუღლე სიყვარული არც აუხსნია. დიმიკო, გამორჩეული ვაჟკაცი და ისეთი კარგი ადამიანი იყო, რომ საუკუნოდ შემაყვარა თავი, დღემდე იმ გრძნობით მიყვარს, როგორც პირველად, ის ერთადერთი და განუმეორებელია. მყავს ორი შვილი ლევანი და გიორგი ლაზარეშვილები, მშრომელი, წესიელი და საამაყო შვილები არიან.დიმიტრი ლაზარეშვილი, გახლდათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი. 50 კაციან ბატალიონს მეთაურობდა, იყო ნამდვილი გმირი, ადამიანი, რომელმაც საქართველოს ერთიანობას უანგაროდ შესწირა თავი. პასუხისმგებლობით სავსეს უზომოდ უყვარდა სამშობლო. მისი თანამებრძოლების ამბობენ : – „ გვიცავდა, სულ იმას ცდილობდა არაფერი მოგვსვლოდაო და ყოველთვის პირველი გარბოდა ბრძოლის წინა ხაზზეო.“ მე და დიმიკომ მხოლოდ 15 წელი ვიცხოვრეთ ერთად , 1992 წლის 25 მაისს, 37 წლის ასაკში, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა ცხინვალში. მეორე დღეს უნდა დაბრულებულიყო. ისე ველოდი…თან ცრემლებს იწმენდს და აგრძელებს იმ ისტორიის თხრობას, რომელიც თავად შექმნა.მარტო დავრჩით, მე და ჩემი პატარა ბიჭები… მხოლოდ შვილების აღზრდა და სამსახური მევალებოდა, მეუღლემ ისე გამანებივრა აღმოჩნდა, რომ თითქოს არაფერი ვიცოდი, არადა სკოლაში, უნივერსიტეტში დამოუკიდებელი უნარიანი გოგო ვიყავი და უცებ მარტოდ დარჩენილს ცხოვრების შემეშინდა, მახსოვს სასოწარკვეთლს ჩამესმა: – „დე, მე რას მიპირებ!“ ეს ჩემი გიორგი იყო და მივხვდი, რომ ცხოვრება თავიდან უნდა მესწავლა. ასე დაიწყო ის გზა, რომელიც მარტოობის სამ ათწლეულს ითვლის, მე და ჩემმა შვილებმა შევძლებით სირთულეების გადალახვა და მიწაზე მყარად დგომა.ბევრი ტკივილის მიუხედავად არ დამიკარგავს იმედი, ბედნიერი დედა და ბებო ვარ, მთავარია შვილები და შვილიშვილები იყვნენ ჯანმრთელები, მე მათით ვხარობ. ადამიანს მეტი არაფერი სჭირდება ოჯახისა და ახლობლების კარგად ყოფნის გარდა. მეუღლე?! მეუღლე კი არის ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული, ის ჩემთვის არასოდეს გარდაცვლილა და დღესაც მჯერა, რომ მოვა…
ქალი მაჟორიტარი
-ყოველთვის ვცდილობდი, ისე მეცხოვრა, რომ სხვებისთვისაც შემძლებოდა დახმარება, მეზრუნა ადამიანებზე, მათზე ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდებით, შემოთავაზება მაშინვე მივიღე, რადგან მეძლეობა შესაძლებლობა მცირედით, მაგრამ მაინც რაღაც შემეცვალა. გავხდი ქალაქ ბოლნისის მიერ არჩეული მაჟორიტარი ქალი, მოვიპოვე ნდობა და უდიდესი პასუხისმგებლობაც. ვფიქრობ, საჭიროა მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი არჩევით პოზიციებზე, რადგან ქალებს კოდირებულად გვაქვს მზრუნველობა და საჭიროებების სხვანაირად აღქმა, ქალი მეტად ფრთხილი და დამთმობია, შეიძლება მეტად ემოციურები, მაგრამ სწორედ ეს თვისება გხვდის განსაკუთრებული. ვფიქრობ, რომ ჩვენ ქალების მოსმენა უნდა ვისწავლოთ.
რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა?
– გენდერული თანასწორობა არის უფლებების აღიარება, ოჯახში ძალთა თანაბარი განაწილება, ქალის და კაცის თანასწორობა გულისხმობს ქალების, კაცების, გოგონების და ბიჭების თანასწორ უფლებებს, პასუხისმგებლობებს და საშუალებებს. თანასწორობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ქალი და კაცი ერთი და იგივე გახდება, არამედ იმას, რომ ქალის და კაცის უფლებები, პასუხისმგებლობები და შესაძლებლობები არ იქნება განსაზღვრული იმით, ქალად არიან დაბადებული თუ კაცად. გენდერული თანასწორობა გულისხმობს, რომ მხედველობაში მიიღება როგორც ქალის, ისე კაცის ინტერესები, საჭიროებები და პრიორიტეტები, ქალების და კაცების ჯგუფების განსხვავებულობის აღიარებით. გენდერული თანასწორობა ქალის საკითხი არაა – ის სრულად ეხება კაცებს, ისევე როგორც ქალებს.