ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

„სიცოცხლის სადარაჯოზე” – ინტერვიუ საპატიო მოქალაქესთან

ქალაქ ბოლნისში საპატიო მოქალაქეების დასახელება მრავალწლიან ტრადიციას წარმოადგენს. წელსაც, ბოლნისობის დღესასწაულზე, მუნიციპალიტეტმა რამდენიმე გამორჩეული ადამიანი დააჯილდოვა ამ წოდებით. მათ შორისაა ჩვენი რესპოდენტი ექიმი ნინო ბიწაძე, რომელიც წლებია ქალაქის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი საყრდენია. მეან-გინეკოლოგი, სოფლის ექიმი და სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრი – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ როლებისა, რომლებსაც იგი ყოველდღიურად ითავსებს. მისი ცხოვრების კრედო მარტივია – იყოს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამ ინტერვიუში ის გვიზიარებს თავის ხედვას პროფესიაზე, გვიზიარებს ემოციებს საპატიო მოქალაქის წოდებასთან დაკავშირებით და გვესაუბრება იმ პასუხისმგებლობაზე, რაც მას ამ წოდებამ დააკისრა.

-მოგესალმებით, ქალბატონო ნინო. უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას! ეს უდავოდ დიდი პატივი და აღიარებაა. რას ნიშნავს თქვენთვის ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება?

-მოგესალმებით. მადლობა მოლოცვისთვის. ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება ჩემთვის თავიდან დაბადების ტოლფასია, რასაც ნამდვილად არ ველოდი.

როგორ გაიგეთ თქვენთვის ამ წოდების მინიჭების შესახებ და რა იყო თქვენი პირველი რეაქცია?

-მორიგეობის დროს, სამსახურის მენეჯერმა ხათო ლობჯანიძემ გამოგვიცხადა, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის და პირადად  დავით შერაზადიშვილის ინიციატივით, წარდგენილი ვიყავი ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდებაზე. გამიჭირდება ემოციის გადმოცემა, რასაც იმ წუთებში განვიცდიდი. მახსოვს სიხარულისგან ავტირდი და ვგრძნობდი უდიდეს პასუხისმგებლობას ნაცნობი, თუ უცნობი თანამოქალაქეებს მიმართა. მადლობა მათ ამ ბედნიერი წუთებისთვის.

-როგორ ფიქრობთ, რა წვლილი მიგიძღვით ბოლნისის განვითარებაში, რამაც ეს წოდება დაგამსახურებინათ?

-ჩემი წვლილი ბოლნისის განვითარებაში ძირითადად პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. მოგეხსენებათ ვარ ექიმი მეან-გინეკოლოგი. ამავე დროს სოფელ ფოცხვერიანის, გეტას, იწრიის ოჯახის ექიმი, ასევე ვმუშაობ ბოლნისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმად.

რა პასუხისმგებლობას გრძნობთ, როგორც  ამ წოდების მფლობელი?

-ჩემი სამედიცინო მოღვაწეობის ყველა ეტაპზე და ყველა პოზიციაზე მაქსიმალურად ვცდილობ ადამიანებმა იგრძნონ ჩემი გულწრფელი თანადგომა, ენერგიას არ ვიშურებ მათ დასახმარებლად, რათა, შესაძლებლობების ფარგლებში, გაუადვილო  ცხოვრება. საპასუხოდ უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას ვიღებ, რაც დამატებითი მოტივაციაა ჩემთვის.

რა მნიშვნელობა აქვს, თქვენი აზრით , საპატიო მოქალაქის წარდგენის ტრადიციას ბოლნისისთვის?

-ბოლნისი, როგორც მოგეხსენებათ, ქვემო ქართლში ერთ-ერთი ძირძველი ქალაქია თავისი დიდი ისტორიითა და ტრადიციებით. ჩემთვის უდიდესი პატივია მოკრძალებული წვლილი შევიტანო მის განვითარებაში.

როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ჯანდაცვის სფეროში და რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

– ავირჩიე მშობლების პროფესიიდან გამომდინარე. დედა იყო ბოლნისის რაიონის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების საოპერაციო ბლოკის უფროსი ექთანი, მამა ექიმი. გავიზარდე იმ გარემოცვაში, რამაც განაპირობა პროფესიის არჩევა.

რამდენი ხანია, რაც სასწრაფოს ექიმად მუშაობთ და რა გამოწვევებს აწყდებით ამ სამსახურში?

– 2018 წელს ბრიგადის ექიმად დავიწყე მუშაობა, ნამდვილად არ არის მარტივი. გამოძახების მიღება შეიძლება იყოს სხვა  და ადგილზე სულ სხვა სიტუაცია დაგვხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ბრიგადასთან ერთად მარტომ უნდა გაართვა თავი.

-თქვენი სამუშაო, ალბათ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ სტრესულია, როგორ ახერხებთ სტრესის მართვას თქვენს პროფესიაში?

-ჩვენი პროფესია, რა თქმა უნდა, სტრესულია, თუმცა ამ ყველაფერს შეგუებული ვარ და რაღაც დამატებითი ძალისხმევა არ მჭირდება, რომ სტრესს გავუმკლავდე.

როგორ ახერხებთ სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსის შენარჩუნებას?

-სამსახური ჩემი მეორე ოჯახია. დღის ძირითად ნაწილს ან მთელ დღეს, ვატარებ სამსახურში. მყავს ერთი შვილი დაოჯახებული და ერთი შვილიშვილი. თავისუფალ დროს მათთან ვატარებ. ამაზე არ ვფიქრობ, ბალანსი პირად ცხოვრებასა და სამუშაოს შორის თუ გამომდის ძალიან კარგია, ეს თავისთავად ხდება.

რა არის ბოლნისის ყველაზე დიდი გამოწვევა ჯანდაცვის კუთხით და როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს მის გადასაჭრელად?

-ჯანდაცვის სფერო ყოველდღიურად ახალ სიკეთეებს გვთავაზობს, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით  მრავალი დაავადების მართვა ფინანსდება, ხელშეწყობა, საზღვარგარეთ მკურნალობა, მაგრამ სურვილი მაქვს ბოლნისის ახალგაზრდები დაინტერესდნენ სამედიცინო სფეროს არჩევით. ჩემი რჩევააა ახალგაზრდებთან, რომლებიც ირჩევენ ექიმის პროფესიას, რომ მთელი არსებით იყვნენ ჩართული თავიანთ საქმიანობაში. მუდმივად იმაღლებდნენ კვალიფიკაციას, რადგან ჩვენს პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე და ხარისხიანი ცხოვრება.

წარმატებას გისურვებთ!

მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები