ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025
spot_img
Homeსაზოგადოება„როგორც დოჩანაშვილი იტყოდა — ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“

„როგორც დოჩანაშვილი იტყოდა — ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“

ჩვენი რესპოდენტი ბავშვობაში მიკროსკოპს სანტას სთხოვდა, დღეს კი ბონის უნივერსიტეტში ნეირომეცნიერების ლაბორატორიაში მუშაობს. ელენი ბასილაშვილი ის ადამიანია, რომელიც ერთდროულად ახერხებს –  რთული მეცნიერების ადამიანურ ენაზე ახსნას, ბუზების ტვინის  კვლევას და TikTok-ზე ინფორმაციული ვიდეოების გადაღებას. კაზრეთიდან წამოსული გზა მას ამერიკაში,  თბილისში, ბოლოს  გერმანიაში,  კერძოდ კი, ბონში, მიიყვანს. თუმცა, მისი გეზი ყოველთვის ერთია — დაბრუნება და ქართულ სამეცნიერო სივრცეში ფასეული ნაბიჯების გადადგმა.

  • როგორ აღწია კაზრეთიდან ბონამდე გოგომ, რომელიც დღეს ასე წარმატებით უხამებს ერთმანეთს მეცნიერებას, შემოქმედებას და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას?
  • მოგესალმებით! სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი ისტორია შეიძლება შორიდან განსაკუთრებულად ჟღერდეს, მაგრამ რეალურად ის ნაბიჯ-ნაბიჯ აწყობილი, უბრალო გზაა. ბავშვობა კაზრეთში გავატარე — ეს ადგილი ჩემთვის ყველაფრის საწყისია. სწორედ აქედან წამოვიღე ის ღირებულებები, რაც დღემდე მიზანმიმართულად მხარს მიჭერს.

როცა 15 წლის ვიყავი, ამერიკაში გაცვლით პროგრამაში მოვხვდი — ალბათ, იქ მოხდა ის „გარდატეხა“, რომელმაც გამბედაობა მომცა სხვანაირად დამენახა ჩემი მომავალი. შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და სწავლა თბილისში გავაგრძელე ბაკალავრიატზე, რაც უკვე ერთგვარი წინსვლა იყო. 22 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ დრო იყო ახალი გამოწვევისთვის და გერმანიაში წავედი სწავლის გასაგრძელებლად ჯერ ერასმუსის პროგრამით, შემდეგ კი უშუალოდ მაგისტრატურაზე ჩავაბარე ბონის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მთელი გზა სავსე იყო აქტივობებით — საქართველოში ხშირად ვმოხალისეობდი სხვადასხვა ბანაკებსა და ორგანიზაციებში (წითელი ჯვარი, საბავშვო ევროვიზია, CENN), ვმონაწილეობდი საჯარო გამოსვლების კონკურსებში, მოგვიანებით ჟიურის წევრიც ვიყავი აზიისა და ოკეანეთის რეგიონის საერთაშორისო ტურნირზე. პანდემიამ თითქოს დისტანცია მოგვანიჭა, მაგრამ პირიქით — ამან ჩემი საერთაშორისო ჩართულობა კიდევ უფრო გააძლიერა.

ყველაზე დიდი სირთულე ყოველთვის ოჯახისგან დაშორება იყო. ბევრი ბედნიერი და მძიმე მომენტი გამომრჩა — დაბადების დღეები, გარდაცვლილ ახლობლებთან გამომშვიდობება.

დღეს რომ ვუფიქრდები, კაზრეთმა ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩუქა — ბავშვობა. და იმ ბავშვობამ კი მომცა საფუძველი, რაზეც ყველაფერი ავაშენე. შეიძლება ვიზუალურად შევიცვალე, მაგრამ ღირებულებები, რაც ოჯახმა და კაზრეთმა მომცა, დღესაც ჩემში ცოცხლობს.

  • როგორ აირჩიე ბიოქიმია  და რა იყო ის მთავარი ბიძგი, ომელსაც ამ გზამდე მიჰყავდი?
  • ბავშვობიდან მიყვარდა მეცნიერება — 7 წლის ვიყავი, როცა მიკროსკოპი და ქიმიური კოლბები ვთხოვე სანტას. თუმცა, წლების განმავლობაში ვცდილობდი სხვისი მოლოდინებისთვის მომერგო თავი.

ბავშვობაში სკოლაში  ბევრ დროს ვატარებდი — დედა სკოლის დირექტორი იყო და ხშირად ვესწრებოდი მისი მათემატიკის და ჩემი ნათლიის, ქიმიისა და ბიოლოგიის გაკვეთილებს. ქიმიური ფორმულები ზეპირად ვიცოდი, მაგრამ ლექსის დაზეპირება არასდროს გამომდიოდა— ალბათ, უკვე მაშინ ჩანდა, რომ ბუნებრივ მეცნიერებებთან მეტი კავშირი მქონდა. თუმცა, რადგან დედა ფინანსისტ-ეკონომისტი იყო, მეც ამ მიმართულებას მირჩევდნენ. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ კი ლოგიკური განვითარება საერთაშორისო ურთიერთობები იყო.

ბოლოს მივხვდი, რომ არც ეკონომისტობა იყო ჩემი გზა და არც საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება. არჩევანი საბოლოოდ კომპიუტერულ მეცნიერებებსა და ბიოქიმიას შორის მქონდა, როდესაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავწყვიტე ჩაბარება. აქ სიმართლე რომ ვთქვა,  რაღაც წინათგრძნობას და ალბათ ბავშვობის არჩევანს მივენდე  — ავირჩიე ის, რაც „ცოცხალზე ცოცხალია“ და რაც ადამიანებს უშუალოდ ეხმარება – ბიოქიმია.

  • საინტერესოა შენი კვლევატვინის შესწავლა ბუზებზე. როგორ მუშაობს ეს მოდელი და როგორ უკავშირდება ამ კვლევის გამოცდილება ადამიანის ტვინის ფუნქციონირებას?
  • ჩემი კვლევა ფოკუსირებულია ხილის ბუზის, Drosophila melanogaster-ის ტვინში ნერვული სქემების — ასევე კონექტომიკის — იდენტიფიცირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბუზი შეიძლება პატარა იყოს, ის ნეირომეცნიერებისთვის წარმოუდგენლად ძლიერი მოდელის ორგანიზმია. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანის ტვინში ნაპოვნი ფუნდამენტური მოლეკულური და უჯრედული მექანიზმების უმეტესობა დროზოფილაშიც არსებობს — მაგრამ გაცილებით მარტივი და ხელმისაწვდომი ფორმით.

ჩემს ნაშრომში, კონკრეტული ნეირონების გასააქტიურებლად, ან გასათიშად, გენმოდიფიცირებულ ბუზებს ვიყენებ. მაგალითად, ამჟამად ვსწავლობ ყლაპვის აქტში ჩართულ ნეირონებს. ჩემი მიზანია ვუპასუხო ძირითად კითხვებს:

რომელი ნეირონები აკონტროლებენ ამ ქცევას?

რა ტიპის ნეირონებია ისინირომელ ნეიროტრანსმიტერებს გამოყოფენ?

პირდაპირ კავშირშია თუ არა ისინი მოქმედებაში მყოფ კუნთებთან?

მარტივად რომ ვთქვათ: მე ვახდენ გენეტიკურად მოდიფიცირებული ბუზების ტვინის დისექციას და ვსწავლობ, თუ როგორ აკონტროლებენ კონკრეტული ნეირონული წრედები მიზანმიმართულ ან რეფლექსურ ქცევებს. როგორც კი გავიგებ, თუ როგორ რეგულირდება ყლაპვის მსგავსი ქცევა ამ მიკროსკოპულ მოდელში, შემიძლია შევადარო ეს მექანიზმები ადამიანის ტვინში მიმდინარე მოვლენებს.

ვინაიდან ადამიანის ტვინის უშუალო შესწავლა უკიდურესად რთულია, დროზოფილა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, აღმოვაჩინოთ ძირითადი, ევოლუციურად შენახული მექანიზმები. ეს ცოდნა აუცილებელია არა მხოლოდ ტვინის ნორმალური ფუნქციის გასაგებად, არამედ ისეთი ნევროლოგიური დარღვევების შესასწავლად, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება, ან თუნდაც ტვინის კიბო.

  • რამდენად რთულია უცხო ქვეყანაში მეცნიერული კვლევის ჩატარება და რა განსხვავებაა, მაგალითად, გერმანულ და ქართულ სამეცნიერო გარემოებებს შორის?
  • უცხო ქვეყანაში მეცნიერული საქმიანობა თავისთავად გამოწვევებთანაა  დაკავშირებული — მარტო ყოფნა, უცხო გარემო, განსხვავებული კულტურა და ზოგჯერ ენობრივი ბარიერიც. მაგრამ ამავე დროს ეს არის დიდი შესაძლებლობა დაუმტკიცო საკუთარ თავს რამდენად ძლიერი ხარ.  

გერმანიაში მეცნიერება მაღალგანვითარებულია და სტრუქტურულად კარგადაა  მხარდაჭერილი. მე გარშემორტყმული ვარ პროფესორებითა და მკვლევარებით, რომლებიც ნამდვილი ლიდერები არიან თავიანთ სფეროებში.

ამისგან განსხვავებით, საქართველო ჯერ კიდევ სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მშენებლობის საწყის ეტაპზეა. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ გამოწვევებს მოაქვს, მაგრამ ასევე წარმოუდგენელ შესაძლებლობასაც. ჩემთვის პრივილეგიად მეჩვენება ამ მომენტის ნაწილად ყოფნა – რადგან ვიცი, რომ ერთ დღეს მექნება შანსი დავბრუნდე და ნულიდან რაღაც მნიშვნელოვანის აშენებაში დავეხმარო. საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის გამოყენებით საქართველოს საჭიროებებზე მორგებული ლაბორატორიის შექმნის იდეა ძალიან მომხიბვლელია.

საინტერესოა, რომ ერთი უპირატესობა, რაც საქართველოს აქვს – რაზეც გერმანელი მეცნიერებიც კი თანხმდებიან – ნაკლები ბიუროკრატიაა. ამ მოქნილობას ზოგჯერ შეუძლია კარების გაღება, რომლებსაც ხისტი სისტემები ხურავენ. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ გარემო განსხვავებულია, ორივეში პოტენციალს და ღირებულებას ვხედავ..

  • საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობა გიწევს. რომელი ასპექტი გხიბლავს ამ პროცესში და როგორ ეხმარება ეს პრაქტიკა შენს  განვითარებას?
  • საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობა ჩემთვის პირველი რეალური შეხება იყო “ნამდვილ” მეცნიერებასთან. ვმუშაობ როგორც სტუდენტი-მკვლევარი და ვამზადებ სისხლის ნიმუშებს დეტალური კვლევისთვის, რომელიც ეხება HIV ვირუსს და პრეპარატს, რომელიც ამჟამად კლინიკურ კვლევას გადის. რაც ყველაზე მეტად მხიბლავს, ის არის, რომ ამ გარემოში სწავლა ყოველდღიური პროცესია. მყავს საოცარი სუპერვაიზერები, რომლებიც არა მხოლოდ ცოდნას მიზიარებენ, არამედ ხელს მიწყობენ, რომ გავიზარდო როგორც დამოუკიდებელი მკვლევარი.
  • როგორ მართავ შენს  დრ  ამდენი პარალელური საქმიანობის პირობებში?
  • თუ გულწრფელად ვიტყვი, ჩემი ცხოვრების წესი უფრო ქაოტურია, ვიდრე იდეალურად ორგანიზებული – და მე ამას შევეგუე. სინამდვილეში, ზოგჯერ ამ ქაოსში ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად. მუდმივად ვცდილობ სტრუქტურის შექმნას, მაგრამ ეს ყოველთვის ისე არ მუშაობს, როგორც წარმომიდგენია.
  •  
  • როგორ ახერხებ შენ გრაფიკით დამატებითი ინტერესებისათვის დროის გამონახვას?
  •  ხშირად ვერთვები მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებიც მთელ ჩემს თავისუფალ დროს მოითხოვს – მაგრამ რადგან ამდენი ინტერესი მაქვს, ვისწავლე მათი გამოყენება ბალანსის ფორმად და არა ყურადღების გადატანის საშუალებად. თუ ინტენსიურად ვსწავლობ, მოძრაობით ვიტვირთები – ვარჯიში ან ცეკვა, როგორც წესი, საკმარისია. მეორეს მხრივ, თუ ჩემი დღეები ფიზიკურად დამღლელი იყო, დასვენებისთვის უფრო შემოქმედებით საშუალებებს მივმართავ, როგორიცაა ხატვა, ფოტოგრაფია ან ვიდეოგრაფია.
  • როგორც ვიცით, ფოტოგრაფია და ვიდეოგრაფია გხიბლავს. ეს მხოლოდ ჰობია, თუ გინდა, ამ მიმართულებით პროფესიულადაც განვითარდე?

  • ამბობენ: „აკეთე ის, რაც გიყვარს და ცხოვრებაში ერთი დღეც არ იმუშავებ“. სწორედ ამ აზროვნების დაცვას ვცდილობ. ამჟამად ფოტოგრაფია და ვიდეოგრაფია ჩემთვის ჰობია – შემოქმედებითი საშუალებები, რომლებიც მეხმარება მოდუნებასა და შთაგონების შენარჩუნებაში. აქტიურად არ ვცდილობ მათ შემოსავლის წყაროდ გადაქცევას, რადგან ვაფასებ თავისუფლებას და სიხარულს, რაც მათ ზედმეტი ზეწოლის გარეშე მოაქვთ.
  • ტიკტოკზეც აქტიური ხარ. რა თემებზე იღებ ვიდეოებს და როგორ იყენებ ამ სივრცეს?
  • სიმართლე გითხრათ, TikTok-ზე პირველ ნაბიჯებს ახლა ვდგამ. იდეა ახლახანს მომივიდა, საქართველოში ვიზიტის დროს, როდესაც კაზრეთის ახალგაზრდებთან სამოტივაციო პრეზენტაცია ჩავატარე. ამ გამოცდილებამ დამანახა, რამდენად მსიამოვნებს ჩემი გამოცდილების გაზიარება და სხვებთან ურთიერთობა – ამიტომ გადავწყვიტე კონტენტის შექმნა დამეწყო.

TikTok-ზე ვამახვილებ ყურადღებას ჩემი სტუდენტური ცხოვრების ფრაგმენტების გაზიარებაზე, მეცნიერებაზე გასაგებად საუბარსა და გერმანიაში ჩემი თვალით დანახული ყოველდღიური ცხოვრების ჩვენებაზე. ჩემი მთავარი მიზანია სხვების შთაგონება, განსაკუთრებით სტუდენტების, რომლებიც შესაძლოა მსგავს გზას გადიან. მაგრამ ამავე დროს, ვერ უარვყოფ, რამდენად მსიამოვნებს თავად შემოქმედებითი პროცესი.

  •  
  • და ბოლოს, რას ეტყოდი პატარა ელენ, რომელიც კაზრეთის სკოლაში თავის პირველ საჯარო გამოსვლას ამზადებდა?
  • ახლავე დაიწყე დიეტა,  ეს ხუმრობით, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ალბათ ბევრს არაფერს 🙂 პირველ რიგში, იმიტომ, რომ ოჯახი ყოველთვის მხარში მედგა და თავი მარტო  არასდროს მიგრძვნია. და მეორე იმიტომ, რომ  ჩემი წარსულის ყველა ასპექტმა- როგორც კარგმა, ასევე რთულმა- ჩამომაყალიბა იმ ადამიანად ვინც ვარ დღეს, ამის შეცვლა კი არ მინდა.
  • გაქვს თუ არა სურვილი მომავალში საქართველოში დაბრუნების და აქ შენი ცოდნის გამოყენების? თუ კი, როგორი ფორმით წარმოგიდგენია ეს?
  • ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და უდაოდ მსურს დაბრუნება. ვფიქრობ, ჩემი თაობა სწორედ ის თაობაა, რომელიც ბევრ სფეროში ახალ საფუძვლებს ჩაყრის და სამშობლოს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს. როგორც აღვნიშნე, ბევრი მეგობარი შევიძინე  წლების მანძილზე, ამჟამად 70% საზღვარგარეთ სწავლობს და ხშირად ვუსვამ ხოლმე ამ კითხვას მათ და ჩემს თავს: უნდა დავბრუნდეთ? და რაც ყველაზე მეტად მამოტივირებს, არის ის, რომ ამ გზაზე მარტო არ ვარ — უმეტესობა საბოლოოდ მაინც საკუთარ მომავალს საქართველოში ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში შეიძლება მეტი მატერიალური შესაძლებლობა არსებობდეს. ამისი ყველაზე ნათელი მაგალითი ისევ და ისევ ჩემი ძმაა, რომელიც შვეიცარიაში დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით დაბრუნდა კაზრეთში და მათ უზიარებს ამ გამოცდილებას.

მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები