ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

რა ცვლილებები განახორციელა ბოლნისის კულტურის ცენტრში ახალმა ხელმძღვანელმა და რას უკავშირდება მისი ამბიციური სამომავლო გეგმები


ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ახალი  მენეჯერი, წარმატების მისაღწევად, გუნდური მუშაობის პრინციპით ხელმძღვანელობს. ის არასდროს იღებს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად. სამსიტყვიანი,  შინაარსისა და გეგმების მატარებელი სლოგანი, „მიიღე, დაიცავი, განავითარე“ მუშაობის მთავარ მიზნად დაისახა და ამ შემართებით, უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად მუშაობს ცვლილებებზე, ,,ჩვენი მთავარი პრინციპია მივიღოთ მაქსიმალური შედეგები და გადავიდეთ განვითარების ახალ საფეხურებზე,“- განაცხადა ,,bolnisi.ge“-სთან სოსო კოპალეიშვილმა.  

სოსო კოპალეიშვილი დაიბადა სამტრედიაში.  საჯარო სკოლა დაამთავრა სოფელ იანეთში. პარალელურად მიიღო მუსიკალური,  ქორეოგრაფიული და თეატრალური საბაზისო განათლება. ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და დრამის უნივერსიტეტში,  თბილისის სასულიერო სემინარიაში და შემდგომ თბილისის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. 2013 წლიდან  გაიარა სასწავლო კურსები მართვის აკადემიაში. პროფესიით გახლავთ ღვთისმეტყველების ბაკალავრი, თეოლოგი, საეკლესიო მუსიკის ბაკალავრი, ლოტბარ-რეგენტი. 

კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის ამპლუაში დაკისრებული  მოვალეობის შესრულებას 2019 წლის 15 აპრილიდან შეუდგა, თუმცა, მას საზოგადოება ბოლნისის კულტურის სახლის ტრადიციული მუსიკის მიმართულების პროექტით „სამი თაობა“ იცნობს. 

-მოგესალმებით ბატონო სოსო,  2019 წლის 15 აპრილიდან დაინიშნეთ აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელად, თუმცა მანამდეც აქციურად იყავით ჩართული ბოლნისის კულტურულ ცხოვრებაში და შეიძლება ითქვას, უცხო გარემო არ დაგხვდათ, რა ღონისძიებები გაატარეთ დანიშვნიდან  დღემდე?

-მინდა პირველ რიგში ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის საშუალებით, თითოეულ ბოლნისელს და სრულიად საქართველოს მივულოცო შობა-ახალი წელი.  მშვიდობის, სიკეთის, სიყვარულისა და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს 2020 წელი.

ჩემი სამუშაო გამოცდილება 2003 წლიდან იწყება და არაერთ სფეროს მოიცავს,  განსაკუთრებულად ჩემი პროფესია იკვეთება ტრადიციული მუსიკალური განხრით.

ბოლნისთან 2007 წლიდან მაქვს შეხება. ახლად ხელდასხმული მეუფე ეფრემის მოწვევით   ეპარქიაში ჩამოვედი და მოღვაწეობა დავიწყე გალობის პედაგოგად. შემდეგ სათავეში ჩავუდექი ფოლკლორულ ანსამბლსა და საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდ „ორბელს“.  ბოლნისის საზოგადოებას თავი კულტურის სახლის ტრადიციული მუსიკის მიმართულების პროექტით „სამი თაობა“ დავამახსოვრე. 2019 წლის 15 აპრილიდან კი მუნიციპალიტეტის მერისა და ზოგადად მმართველი გუნდის წარდგენით, ა.ა.ი.პ. კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელი გახლავართ.

რაც შეეხება ღონისძიებების გატარებას, ცვლილებები მომენტალურად არასდროს ხორციელდება. პირველი დღიდანვე დავიწყე დაკვირვებითი მუშაობა. მქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები. ვაკვირდებოდი სიტუაციას, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები. ჩემი მთავარი მიდგომა კრებსითობაშია, ამიტომაც დავამკვიდრე გუნდური მუშაობის პრინციპი და ამით გადავანაწილე პასუხისმგებლობები, რაც გამოიხატა იმაში, რომ  ეტაპობრივად ყველა დარგი, მენეჯმენტის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ჩაიშალა სტრუქტურულ ერთეულებად, რათა მუშა პროცესი უფრო მარტივი და მოქნილი გამხდარიყო. არასდროს ვიღებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, ყოველთვის შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციის, ან უშუალოდ ჩართულობის შედეგად, ხდება ყოველი სიახლის დამკვიდრება. ეს ფაქტობრივად, ხელს უწყობს მეტი თავისუფალი გარემოს შექმნას შემოქმედებითი  თუ ტექნიკური საკითხების მოგვარებაში. ბუნებრივია, ყველაფერს დრო გვაჩვენებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპებიდან გამომდინარე, ყველაფერი სწორად დალაგდება.

-სამსახურს შეეცვალა სახელი, გაქვთ საკუთარი ლოგო. როგორც ვიცით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება გატარდა, რა ცვლილებებია ეს?

– პირველი, რაშიც ყველა თანამშრომელი ერთხმად დამეთანხმა, ეს სახელის ცვლილებაა. დაერქვა მარტივი სახელი „კულტურის ცენტრი“. მანამდე იყო გაერთიანება, რაც უფრო კონკრეტული შინაარსის აღმნიშვნელია, ვიდრე მისი ფუნქციურის. აქ ერთიანდება რამდენიმე სფერო. ჩვენ გვაქვს კულტურის სახლები, საგამოფენო სივრცეები, კლუბები, სადაც ხელოვნების დარგების მიხედვით მიმდინარეობს შემოქმედებითი და არაფორმალური საგანმანათლებლო მუშაობა წრეების, სტუდიების, ანსამბლების, თეატრებისა და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატების სახით. ამ ყველაფერს კარგად მოქნილი მმართველობითი სისტემა სჭირდება. ამიტომ, თავდაპირველად ადმინისტრაციაში არსებული სპეციალისტების ბაზაზე ჩამოყალიბდა განყოფილებები დარგების მიხედვით. ადმინისტრაციული, საფინანსო, პიარის, კულტურის, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებები.  ამრიგად, ზემოთ ხსენებული სახელოვნებო თუ სხვა დარგები, მოქნილი მართვისათვის დაექვემდებარა შესაბამის განყოფილებას.

გადავწყვიტეთ გარკვეული რეაორგანიზაცია, რასაც მოჰყვა ე.წ. ბრენდბუქის სახელმძღვანელოს (საფირმო ნიშანი) შექმნა. ეს თემა ფართო და მრავალფეროვანია, თუმცა კონკრეტულად,  ჩვენს საქმიანობას მიესადაგა 8 ძირითადი რამ, რაც ფაქტობრივად წარმოგვიჩენს კულტურის ცენტრის საფირმო ნიშანს. შევქმენით ჩვენი ლოგო, რომელიც უკავშირდება ბოლნისს თავისი მრავალფეროვნებით. მნიშვნელოვანია ბრენდბუქში კონკრეტული ფერი.  ამიტომ, ჩვენთვის გასაგებად, ბოლნისური ყვითელი ტუფის ფერი (საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ე.წ. აქლემის ფერი) დავამტკიცეთ. ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც სრულიად სიახლეა, არის ჩვენი სლოგანი, რაც გარკვეულწილად უკავშირდება ცენტრის მთავარ მიზანს, ეს არის: „მიიღე, დაიცავი, განავითარე“, ეს სამი სიტყვა გამოხატავს ყველაფერს. მივიღეთ წინაპრებისგან მემკვიდრეობით  ჩვენი უნიკალური კულტურა და ხელოვნება, ვიცავთ ყველაფერს და შესაბამისად სპეციალისტებთან ერთად ვსახავთ განვითარების ეტაპებს. ფაქტობრივად ეს არის ჩვენი მთავარი ფუნქცია.

-თქვენი გამოწვევა, სამომავლო გეგმები   თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი თითოეული სამსახურის შესახებ.

– ერთ-ერთი გამოწვევა, შეიძლება ითქვას, დიდი პრობლემა ყველა დარგში,  არის ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა. გვაქვს გარკვეული შეთანხმება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, რომ ეტაპობრივად ყველა შენობა, რაც ჩვენს დაქვემდებარებაშია, რეაბილიტირდება და შესაბამისად ტექნიკურადაც აღიჭურვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არ გვექნება შედეგები.

რაც შეეხება შემოქმედებით პროცესს, ეს მრავალფეროვანია. სახელოვნებო დარგებში და ზოგადად, კულტურის სფეროებში ბიბლიოთეკები არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი კულტურისა. მსოფლიოში აღიარებულია და ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლიტერატურას იმიტომ, რომ იგი იძლევა მრავალგვარი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარს. ბიბლიოთეკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბოლნისის კულტურის ცენტრში,  როგორც საგანმანათლებლო თვალსაზრისით, ასევე შემეცნებითი და პუბლიცისტური მიმართულებით, რომელსაც ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს. მათ შორის უმეტესობას ახალგაზრდობა წარმოადგენს. როგორც ღრუბელი იწოვს ბევრ წყალს, ასევეა ცოდნას მოწყურებული ახალგაზრდები. ამიტომაც ყოველწლიურად, შეძლებისდაგვარად, ხდება ბიბლიოთეკების ტექნიკური გადაიარაღება და ამავდროულად წიგნების განახლება.

სამომავლოდ გვაქვს სურვილი კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებების აუდიო ვერსიები შევქმნათ და გამოვცეთ ჩვენი მსახიობების გახმოვანებით. მაგალითად სულხან-საბას იგავ-არაკები. ეს კარგად აპრობირებული მეთოდია სხვა წარმატებულ ქვეყნებში და საკმაოდ მოთხოვნადი. ამიტომ ვფიქრობთ, თუნდაც მხოლოდ მგზავრობის დროს, შესანიშნავი საშუალება იქნება ნაცვლად წაკითხვისა, რომელიმე წიგნი მოისმინო.

რაც შეეხება კულტურის განყოფილებაში შემავალ შემოქმედებით დარგებს, გვაქვს სამი კულტურის სახლი და ორი კლუბი, თითოეულ ამ დაწესებულებაში ფუნქციონირებს სახელოვნებო დარგები  მუსიკის, ქორეოგრაფიის, თეატრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახით. მინდა ცოტა ვრცლად გესაუბროთ ამ საკითხებზე.

არსებული არაფორმალური საგანმანათლებლო სისტემა გარდავქმენით შემდეგნაირად:

ყველაფერი დავყავით სამ კატეგორიად.

  1. წრე – სამოყვარულო დაწესებულება,
  2. სტუდია – დაწყებითი სკოლის ტიპის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია საგანმანათლებლო საფეხურების (სემესტრები) მიხედვით განვითარების ეტაპებზე გადასვლით და შესაბამისი ოფიციალური მოწმობის გაცემით.
  3. საბავშვო ანსამბლები/ჯგუფები,  რომლებიც შექმნიან მუდმივად განახლებად თავიანთ რეპერტუარს ასევე მუდმივ განახლებადი ახალი წევრების ფონზე.
  4. მუნიციპალური ანსამბლები და თოჯინების თეატრი. ამ მდგომარეობით ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოლნისის კულტურის სახლში გვყავს არაჩვეულებრივი ფოლკლორული ანსამბლები „სიონი“, „ორბელი“ და „ბოლნელა“. ასევე შესანიშნავი სივრცე განსაკუთრებით პატარებისთვის, რომელსაც ქვია თოჯინების თეატრი.

მესამე და მეოთხე პუნქტში ჩამოთვლილი ჯგუფები პერმანენტულად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სახის ღონისძიებაში და ასევე თავად მართავენ საანგარიშო კონცერტებს. ხოლო რაც შეეხება წრესა და სტუდიას, ისინი ვალდებულნი იქნებიან ღია გაკვეთილების სახით წარმოგვიდგინონ ის კონკრეტული შედეგები, რაც მოჰყვა მათ საგანმანათლებლო პროცესს.

მინდა შევჩერდე და უფრო ვრცლად განვმარტო რეორგანიზაციის შედეგები განსაკუთრებით 1, 2 და 3 პუნქტებში.

მოგეხსენებათ,  არსებული სიტუაცია გარკვეულწილად გადახალისებასა და ჩამოყალიბებას საჭიროებდა. კულტურის სახლებში არსებული საგანმანათლებლო პროცესი ფაქტობრივად მიბმულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, რაც დამეთანხმებით, რომ სავსებით ბუნებრივია. სასწავლო გეგმის მიხედვით სკოლაში სასწავლო პროცესი 9 კალენდარული თვე გრძელდება, ხოლო ჩვენთან იყო 10 თვე, რაც რეალობას გვაშორებდა და შედეგებიც შესაბამისი დგებოდა. ჩვენ ამ ეტაპზე დავეყრდენით  სამართლიანობის პრინციპებს, გავიარეთ უამრავი კონსულტაცია როგორც ჩვენს პედაგოგებთან, ასევე საქმის შესაბამის სპეციალისტებთან, გვქონდა გარკვეული კონსულტაციები სამინისტროს დეპარტამენტებთან, შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუციებთან და აქედან გამომდინარე შევცვალეთ და შედეგებზე ორიენტირებით დავადგინეთ შემდეგი:

  1. წელიწადში, ნაცვლად 10 თვისა, (სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით) სწავლა გახდა 8 თვიანი. ორი სემესტრი (1 ოქტომბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით და 15 იანვრიდან 15 ივნისის ჩათვლით)
  2. წრე გახდა ფასიანი (გამომდინარე იქედან, რომ მხოლოდ თექის წრე დაგვრჩა, სადაც ამ ეტაპზე მოთხოვნა დიდი არაა, დროებით გავხადეთ უფასო თექის წრე.).
  3. ზოგიერთი წრე პედაგოგებთან შეთანხმებით გახდა სტუდია, გამომდინარე მათი საქმიანობისა, დაევალათ მეთოდოლოგიის წარმოდგენა 2019 წლის ბოლომდე, რომლის მიხედვითაც თითოეულ სტუდიაში წარიმართება სასწავლო პროცესი. ყოველი თვის ბოლოს ჩავატარებთ ე.წ. მონიტორინგს, ყოველი სემესტრის ბოლოს ღია გაკვეთილს და სტუდიის დამამთავრებელ გამოცდასთან ერთად ჩავატარებთ კონცერტებს, ან შესაბამისად, გამოფენებს. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ამ კუთხით გახლავთ ის, რომ ჩვენ ჩავატარებთ გამოცდას სტუდიის დამთავრების ბოლოს, შესაბამისი ინსტიტუციიდან მოვიწვევთ გამოცდილ სპეციალისტებს (მაგ: ტრადიციული მუსიკის სტუდიის გამოცდაზე მოვიწვევთ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტს) და ჩვენს პედაგოგებთან ერთად შევაფასებთ მათ ცოდნას და გავცემთ სტუდიის დამამთავრებელ მოწმობას, სადაც ხელმომწერნი იქნებიან სწორედ ზემოთ თქმული სპეციალისტები.
  4. საბავშვო ანსამბლები/ჯგუფები გათავისუფლდნენ გადასახადებისაგან, იმიტომ,  რომ მათ შესანიშნავ რესურსს ვიყენებთ ჩვენივე ღონისძიებებში და შესაბამისად, ბოლნისის გარეთ ჩატარებული ფესტივალ-კონკურსების სახით, ისინი უზარმაზარ სახელს გვიხვეჭენ ქვეყნის მასშტაბით.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, წრეებისა და სტუდიის გადასახადები დარეგულირდა როგორც გითხარით, სამართლიანობის პრინციპით. დაინტერესებულ პირებს შეუძლია მოგვმართონ და  დეტალურად განვუმარტავთ ყველაფერს.

-მიმდინარე წელს იგეგმება ბოლნისის  მუზეუმის გახსნა, რა ეტაპზეა სამუშაოები და რა დატვირთვა ექნება?

– ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც მოხდება უახლოეს მომავალში, იქნება თანამედროვე სტანდარტების ახალი მუზეუმის გახსნა, რომელიც ბოლნისის სინამდვილეში იარსებებს. ეს იქნება ეროვნული მუზეუმის ე.წ. ფილიალი ქვემო ქართლში. ძირითადი ექსპოზიციები განთავსდება ჩვენი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატებით, მაგრამ ის არ იქნება მხოლოდ ბოლნისის, არამედ მხარეში არსებული არტე-ფაქტებისაგან შემდგარი სხვადასხვა საისტორიო მნიშვნელობის ნივთებით დაკომპლექტებული, იმ ტრადიციებით, რაც ოქროს მოპოვებასთან არის დაკავშირებული,  გერმანული მემკვიდრეობის კუთხით. აღსანიშნავია ისიც, რომ იარსებებს ლაბორატორია და ეყოლებათ შესაბამისი ექსპერტები, რომლებიც იმუშავებენ და გაამდიდრებენ მუზეუმს ახალი აღმოჩენებით. ამჟამად, ჩვენი მუზეუმიდან ახალ შენობაში ნივთების გადატანის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც აკვირდებიან ეროვნული მუზეუმის სპეციალისტები.

-როგორც ვიცით, თქვენი სამომავლო გეგმები სულხან-საბა ორბელიანს უკავშირდება,  აღნიშნულთან დაკავშირებით გაქვთ ამბიციური გეგმები.

-ბოლნისის მუნიციპალიტეტში გვაქვს ერთ-ერთი გამორჩეული ქართველის ლიტერატურული მუზეუმი, სულხან-საბას ნამოსახლარ ადგილზე, სადაც გადაშლილია მთელი ისტორია დაბადებიდან-გარდაცვალებამდე.  გვაქვს ამბიციური სურვილი საარქივო მასალების და ფოტო არქივების მიხედვით შეიქმნას მინიატურული სასახლე, რომელიც წარმოაჩენს ძველ სახეს. სულხან-საბა არის ხიდი ევროპასა და საქართველოს შორის, ის არის ხიდი ცივილიზაციასა და გარდამავალ გლობალურ ეპოქას შორის. მის სახელს უკავშირდება უამრავი რამ საქართველოში. უნივერსიტეტები,  სკოლები, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები და ასევე ყველასათვის ცნობილი ლიტერატურული პრემია „საბა“, რაც უზარმაზარ დახმარებას უწევს თანამედროვე მწერლებს. გვაქვს იდეა ამ დაწესებულებებთან ურთიერთობას გარკვეული ოფიციალური სახე მივცეთ და პერმანენტულად ხდებოდეს მათთან სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა. გვაქვს დიდი სურვილი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს სულხან-საბას ღვაწლისა და დანატოვარის შესახებ. ექსკლუზიური ინფორმაცია უნდა გაგიმჟღავნოთ. გასულ წელს საუბარი მქონდა მუნიციპალიტეტის მერთან, მოვიძიე შესაბამისი ინფორმაციაც და არის ამბიცია შევქმნათ მხატვრული ფილმი სულხან-საბა ორბელიანზე, ისე როგორც ეს მოხდა წმ. ექვთიმე თაყაიშვილის არაჩვეულებრივი  ფილმის „ექვთიმეს“ შემთხვევაში. ასევე სურვილი გვაქვს ფილმის ძირითადი ნაწილი გადაღებული იქნას ბოლნისის ტერიტორიაზე და გარკვეულ როლებში დაკავდნენ ადგილობრივი მსახიობები. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს შესაბამისად არჩეული რეჟისორი და გადამღები ჯგუფი გადაწყვეტს, თუმცა, ჩვენგან შეთავაზება იქნება. ამით მინიმუმ მოხდება ის, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცნობადობა ამაღლდება. ეს არის ამბიციური სურვილი, რომელსაც ვფიქრობთ, რომ მსვლელობა მიეცემა.

-კულტურის ცენტრში ერთ-ერთი სფეროა კულტურული მემკვიდრეობა, როგორ აპირებთ მუშაობას ამ მიმართულებით?

-დიახ, ერთი ძირითადი სფერო კულტურული მემკვიდრეობაა,  რომელიც როგორც ვიცით ორ ნაწილად იყოფა, მატერიალურ და არამატერიალურ ძეგლებად. ყველაფერი ის, რაც  წინაპრებისგან ზეპირი თუ ხელნაწერი ტრადიციით გადმოგვეცა და მათ ჩვენს სახელოვნებო დარგებში ვაკეთებთ, ეს თავისთავად არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობაა. სიმღერა, ცეკვა, მატყლის, ქვისა თუ ხის დამუშავება და ა. შ. ამ მიმართულებით ჩვენი განყოფილება საკმაოდ აქტიურადაა ჩართული და ვცდილობთ გარკვეული სიახლეებიც დავნერგოთ სააგენტოსთან ერთად. აღმოვაჩინეთ ქალბატონი, რომელიც ძველებურ ხალიჩებს ქსოვს, ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხის ძველებური დაზგა, რომელსაც არანაირი ლითონის დეტალი არ გააჩნია და დღემდე მუშაობს. ეს არის ორი საუკუნის ნივთი, რომლის ფოტოც გვაქვს და რომელიც ერთ-ერთი მატერიალური მემკვიდრეობის ძეგლი იქნება. ბოლნისში არსებობს უნიკალური ნუმიზმატიკის მუზეუმი.   მატერიალურ-კულტურულ მემკვიდრეობას, რაც შეეხება ესაა, რითაც ჩვენ ვამაყობთ, რელიგიური ნაგებობები, ეკლესია-მონასტრები,  ლუთერანული ტაძარი და მეჩეთები, ციხე-კოშკები, უნიკალური ხიდები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების გერმანული სახლები და სარკოფაგები, რომელიც გარკვეულწილად ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება, ორიენტირებულია და უკვე დაწყებულია თვეში ორჯერ  მონიტორინგი მატერიალური ძეგლებისა. მართლმადიდებლური ძეგლების თვალსაზრისით, ძალიან დიდი შედეგებია. უკვე 13 წელია, მეუფე ეფრემის ძალისხმევით, სწრაფად და ხარისხიანად შენდება ეკლესია-მონასტრები, რითაც ის ძალიან ეხმარება როგორც მუნიციპალიტეტს, ასევე ეროვნულ სააგენტოს. გერმანულ უბნებს, რაც შეეხება, როგორც ვიცით, იგეგმება რამდენიმე სახლის საპილოტე, საცდელად გაკეთდება, ისე როგორც ასურეთში გაკეთდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და სხვადასხვა ფონდების ჩართულობით. გერმანულ უბანშივე მიმდინარეობს და მალე დასრულდება ერთ-ერთი უძველესი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს არ არის მარტივი პროცესი. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო და არასამთავრობო ფონდები ისევ გააგრძელებენ მუშაობას და ამ კუთხით, არაერთი ძეგლი გვექნება აღდგენილი.

   მინდა ბევრი კუთხით გავშალო  ცენტრის საქმიანობა. თანამედროვე სამყარო სცნობს პროაქტიულ მენეჯმენტს, რაც გულისხმობს ორმხრივ შეთანხმებულ მოქმედებას როგორც ზემდგომებიდან, ასევე ქვემდგომებიდან. ამიტომ, როგორც კულტურის ცენტრის თანამშრომლებს, ასევე მოსახლეობასაც მინდა მივმართო თხოვნით, რომ ჩაერთონ ჩვენი განვითარების საქმეში. ჩემი ფსონი უმეტესწილად ახალგაზრდებში დაიდება, თუმცა სხვა ასაკობრივ კატეგორიასაც დიდი სიამოვნებით მოვუსმენ. ვაპირებ შევხვდე და ვესაუბრო ახალგაზრდებს პერმანენტულად, მოვისმინო ვის რა უნდა და როგორ წარმოუდგენია კულტურის ცენტრის მუშაობა და ზოგადად, მინდა მოვუსმინო ხალხს. ასევე ვაგრძელებთ ბრენდინგს, ვიწყებთ პიარ სტრატეგიაზე მუშაობას. უახლოეს მომავალში გვექნება ვებ გვერდი, რომლის მეშვეობითაც პერმანენტულად გავრცელდება სიახლეებიც და აღსრულებული საქმეებიც. და ბოლოს, ჩვენი მთავარი პრინციპია მივიღოთ მაქსიმალური შედეგები და გადავიდეთ განვითარების ახალ საფეხურებზე.

-მადლობა საინტერესო საუბრისთვის, გისურვებთ წარმატებებს.

ნონა ხუზმიაშვილი

წინა სტატია
შემდეგი სტატია
მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები