მედდა სამედიცინო სფეროს ერთ-ერთი მთავარი რგოლია, მედ პერსონალის უწყვეტი ჯაჭვი და პაციენტის იმედი, ყველაზე მძიმე წუთებში. პროფესია, რომელიც მუდამ შრომას, განვითარებას, პასუხისმგებლობას, სტაბილურობას და სიკვდილზე გამარჯვებას გულისხმობს. პროფესია, რომელსაც უნდა გრძნობდე, გიყვარდეს, აფასებდე, საკუთარი ტკივილის და პრობლემების მიუხედავად, იბრძოდე სხვისი სიცოცხლისთვის, იზრუნო ფიზიკურად და სულიერი თანადგომა გამოუცხადო. მედდა ერთადერთი სამედიცინო პერსონალია, რომელსაც პირველს უწევს ვირუსთან თუ ეპიდემიასთან ბრძოლა, თუმცა ამ პროფესიის სიმძიმე და მნიშვნელობა ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ დაუფასებელია. სწორედ ამის გამო ბევრმა კარგმა პროფესიონალმა მედდამ დატოვა ქვეყანა. „გაზეთი ბოლნისი“ 33 წლის თამთა ნოზაძეზე გიამბობთ, რომელმაც კარიერული ზრდისთვის და გამოცდილებისთვის ევროპული გზა აირჩია და გერმანიაში ქალაქ ბოხოლტში, წმინდა აგნესას ჰოსპიტალში, ზოგადი ქირურგიისა და უროლოგიის განყოფილებაში, ექთნად მუშაობის ლიცენზია მოიპოვა და მეხუთე თვეა, უამრავი პაციენტის ჯანმრთელობის და სიცოცხლის სადარაჯოზეა.
-თამთა, რამ განაპირობა საქართველოდან შენი წასვლა?
-ეს პროფესია ყველაზე ღირსეული და საამაყოა, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში დაუფასებელია, იყო ექთანი, ნიშნავს უზარმაზარ პასუხისმგებლობას, ხშირ შემთხვევაში პაციენტთან რჩები მხოლოდ შენ, მისთვის ყველაზე რთულ და კრიზისულ სიტუაციაში. მკურნალი ექიმი თუ დღეში ერთხელ ნახულობს, შენ მთელი დღე გიწევს მასთან ყოფნა, არაფერია იმაზე სასიამოვნო განცდა, როდესაც შინ გამოჯანმრთელებულ და კმაყოფილ პაციენტს უშვებ.
-როგორი უნდა იყოს ექთანი?
-პირველ რიგში გულით უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, უნდა იყო გულწრფელი და მზრუნველი, იყო ფსიქოლოგიურად ძლიერი და შეგეძლოს რთულ და ექსტრემალურ სიტუაციებში საკუთარი ემოციების მართვა.
-რამ განაპირობა ამ პროფესიის არჩევანი?
-ეს პროფესია ყოველთვის მიზიდავდა, ბავშვობიდან მხიბლავდა ადამიანებზე ზრუნვა, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ უცხო ენაზე შევაჩერე არჩევანი და გერმანისტიკაზე ჩავაბარე, რა თქმა უნდა, ეს ენაც და პროფესიაც მომწონდა და წარმატებით დავამთავრე უნივერსიტეტი, მაგრამ რაღაც ახლის ძიებაში ვიყავი ყოველთვის, ამიტომ 2016 წელს ჩავაბარე დავით ტვილდიანის სახელობის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯში, სადაც სწავლა მაშინ ფასიანი იყო და ყოველი შემდეგი სემესტრი იმის მიხედვით ფინანსდებოდა, როგორც ისწავლიდი, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი თეთრი არ გადამიხდია, ამ კოლეჯში სწავლა გაცილებით რთული იყო, ვიდრე უნივერსიტეტში, გვასწავლიდნენ დარგის საუკეთესო სპეციალისტები, მოგვცეს უდიდესი ცოდნა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული. დავეუფლე პროფესიას, რომელიც სულით ხორცამდე შევისისხლხორცე და არაფერი მხდის ისეთ ბედნიერს, როგორც პაციენტების კმაყოფილი და მადლიერებით სავსე თვალები.
-რას თვლი ამ პროფესიაში ყველაზე დიდ გამოწვევად?
-საქართველოში ამ პროფესიაში საკმაოდ ბევრს მივაღწიე, ვიყავი კავკასიის მედიცინის ცენტრის რეანიმაციის ექთანი, დავით ტვილდიანის საექთნო კოლეჯში ვკითხულობდი ლექციებს, ვასწავლიდი თბილისის სხვადასხვა სკოლაში პირველად გადაუდებელ დახმარებას და ბოლო ორი წელი, ვიყავი კლინიკა კონსიკიუმ მედულას მთავარი მედდა, მაგრამ უფრო მეტად მინდოდა განვითარება ამ სფეროში, მაინტერესებდა ევროპული გამოცდილება ამ მიმართულებით. შევაჩერე არჩევანი გერმანიაზე, რადგან ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა ევროპაში და კიდევ იმიტომ, რომ გერმანული კარგად ვიცოდი, ახლა ვარ ქალაქ ბოხოლტში, ეს ქალაქი მდებარეობს ნიდერლანდების საზღვართან და არის ულამაზესი, ვმუშაობ იგივე ქალაქში, წმინდა აგნესას უზარმაზარ ჰოსპიტალში, მეათე განყოფილებაში ზოგადი ქირურგია და უროლოგია, ახლახანს ჩავაბარე გამოცდები უმაღლეს შეფასებაზე და მოვიპოვე ექთნად მუშაობის ლიცენზია, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ გაჩერებას, წინ კიდევ უამრავი გამოწვევაა.
-პაციენტებთან თქვენი ურთიერთობა
-პაციენტებთან ურთიერთობა ისაა, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის ჩვენს საქმეს, რადგან არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი და ყველა თავისებურად საინტერესოა, მაგრამ ისინი ყველანი ერთნაირად გრძნობენ მათ მიმართ გამოხატულ კეთილგანწყობას, გავიხსენებ ერთ ფაქტს, როცა დილით შევედი პალატაში და ჩვეული კეთილგანწყობით და ღიმილით ვკითხე პაციენტებს, როგორ გრძნობდნენ თავს, ერთ-ერთმა მიპასუხა, როცა მზე შემოდის ოთახში, თავს უკეთ ვგრძნობთო, ვიფიქრე ამინდს გულისხმობდა და გავაგრძლე საუბარი ნისლიან დილაზე, გამაჩერა და მითხრა, რომ ამინდს არ გულისხმობდა. ასეთი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო და თამამად ვიტყვი, რომ ამ პროფესიაში პაციენტებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიური მუხტი, რომელსაც პაციენტს გადასცემ, აისახება მის შემდგომ გამოჯანმრთელებაზეც.
-როგორია შენი სამუშაო გარემო ევროპაში?
-ვმუშაობ არაჩვეულებრივ, არა სტრესულ გარემოში 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით. დილა იწყება მრგვალ მაგიდასთან კონსილიუმით, ვერ მიხვდები ვინ ექიმია, ვინ ექთანი, ყველა თავმდაბლად აკეთებს თავის საქმეს, ერთობლივი მსჯელობით გამოაქვთ დასკვნა და პატივისცემით ეკიდებიან ერთმანეთის აზრს და იდეებს.
-თვლი, რომ ევროპული გამოცდილება შენი მაქსიმუმია?
-ჩემს კარიერაში მაქსიმალურს მინდა მივაღწიო და არასდროს შევწყვიტო განვითარება, ეს მაქსიმალური კი არ ვიცი რა იქნება, კონკრეტულად არ შემიძლია ამის თქმა, ჩემი აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანიც ის იყო, რომ ამ პროფესიაში უფრო მეტი მესწავლა და განვვითარებულიყავი, იქნებ სამომავლოდ აქ დაგროვებული ცოდნა ჩემს ქვეყანასაც გამოადგეს.
სამედიცინო სფეროში ექთანი რომ წინა ხაზზეა, ყველაზე მძიმე და კრიტიკულ წუთებში, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა კოვიდ პანდემიის დროს. თამთა ნოზაძემ ჯერ კიდევ ამოუცნობ ვირუსთან ბრძოლაში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა საკუთარ თავში და ექთნის თავდადება, ღვაწლი და, ზოგჯერ დაუფასებელი შრომა, ტილოზე გადმოიტანა.
პ.ს. თამთა ნოზაძეს საქართველოში მეუღლე და 5 წლის ვაჟი ელოდება. მისი მეუღლე მეხანძრე-მაშველია, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვისი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს. თამთა სიამაყით აღნიშნავს, რომ მისი პატარა ოჯახი ხალხის სამსახურშია, დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. ახალგაზრდა ექთანი იმედს არ კარგავს, რომ მომავალი თაობები შეცვლიან ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ და მისი ვაჟი დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე იქნება, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში.
მარინა გავაშელი