„მაია მოსეშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დაბა კაზრეთის პირველი საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგია. იგი ენერგიული, საქმის ერთგული, და კომუნიკაბელური ადამიანია. ის ერთნაირად ლოიალურია, როგორც პედაგოგების, მოსწავლეების, ისე მათი მშობლების მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ მაია სკოლის დედა-ბოძია, რომლის გარეშეც არანაირი აქტივობა არ იგეგმება. ის ჩემი და ჩემი მასწავლებლების საიმედო დასაყრდენია, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი“, ასე აფასებს სკოლის დირექტორი ნანა ოდიშელიძე ქალბატონ მაია მოსეშვილს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა დაწყებით საფეხურზე „საუკეთესო მასწავლებლის აღიარების“ ჯილდო გადასცა.

მაია მოსეშვილი უკვე მრავალია წელია მომავალ თაობას ემსახურება და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში. იგი იმ პედაგოგების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც სკოლის სახელის ღირსეულ დამკვიდრებაში დიდი როლი შეაქვთ. სპეციალობით ფილოლოგი 1998 წლიდან დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლაში უწყვეტი რეჟიმით, სხვადასხვა პოზიციაზეა დაკავებული, ბოლო ათეული წელია დაწყებით საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია. ფორმალური განათლების გარდა, აღსაზრდელებს არაფორმალურ განათლებასაც აძლევს, უზიარებს საკუთარ გამოცდილებას, იყენებს ინოვატორულ მოდელებს. აძლევს ღრმა ცოდნას და უვითარებს დამოუკიდებელი აზროვნების უნარ-ჩვევებს. პრინციპული, შრომისმოყვარე, მიზანდასახული და ნიჭიერი პედაგოგი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას და მოსწავლეებთან ურთიერთობის მისეული ფორმულა აქვს ჩამოყალიბებული. „ვიცი, რაც ყველაზე მეტად უყვართ: 1.აღიარება -ყველა ადამიანს მოსწონს და ამიტომ მე მათ ვაღიარებ. 2. ნდობა – ვავალებ საქმეს, ვედნობი და ამიტომაც მენდობიან. 3. ზომიერება ურთიერთობაში – მე არ მავიწყდება, რომ მასწავლებელი ვარ და არ ვივიწყებ, რომ ისინი მოსწავლეები არიან. 4. იუმორი – ზომიერი იუმორი ხსნის მათკენ მისასვლელ გზას, ამიტომაც არ სწყინთ ჩემი ნათქვამი სიმართლე. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ყველა მოსწავლის სახელი და გვარი ვიცი, ვიცნობ მათ მშობლებს, ვიცი რა უყვართ, რისკენ აქვთ მიდრეკილება, იმასაც ვუქებ. ჩემი მკაცრი შეხედულების მიღმა, სიყვარულით სავსე გული ეგულებათ, ამიტომაც სკოლის დამთავრების შემდეგაც, ჩვენი ურთიერთობა გრძელდება. ახლა უკვე ჩემი მოსწავლეების შვილების მასწავლებელი ვარ და მათი თავი ნუ მომიშალოს ღმერთმა. ერთ რამედ ღირს, მათი ბაგეებიდან წარმოთქმული: ‘“მაია მას…“.
გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა, მაია მოსეშვილი არის დირექტორის მოადგილე, მას სამაგალითო დამოკიდებულება აქვს პედაგოგებთან. მუდამ ცდილობს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს კოლეგებს, დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მათ, პროფესიულ ზრდაში.
ნანა ოდიშელიძე, სკოლის დირექტორი:
-მაია იყო USAID-ის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო ჯგუფის ფასილიტატორი.აქტიურადაა ჩართული ახალი სკოლის მოდელის კომპლექსური დავალების შექმნა-განხორციელებაში, როგორც ტრენინგებზე, ასევე დამოუკიდებლად შექმნა და განახორციელა კომპლექსური დავალებები ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწყებით საფეხურზე.
მაია მოსეშვილი ყოველთვის გამოხატავს სიახლეების მიმართ ინტერესს, ესწრება ტრენინგებს, ორგანიზებას უწევს და მონაწილეობს კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში. მას ახასიათებს კოლეგების მიერ, თუ ტრენინგების დროს, გაზიარებული ინოვაციური იდეებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება. შეუძლია მოსწავლეებისათვის, სწავლის პროცესში, ხელშემწყობი და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნა. აღნიშნული გამოცდილება, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ეხმარება საკლასო სივრცეშიც განსაზღვროს მოსწავლეთა საჭიროებები და მათზე მორგებული აქტივობები შესთავაზოს. გარდა ამისა, მას აქვს საკმარისი გამბედაობა, კლასში ახალი იდეების მოსასინჯად, არის შემოქმედებითი, გამჭრიახი, შეუძლია ისეთი აქტივობების შემუშავება, რომლებიც უბიძგებს მოსწავლეებს აღმოჩენებისკენ, კვლევისკენ, წაახალისებს და პატივს სცემს განსხვავებულ აზრს. ის არის „კარგი კრიტიკული მეგობარი “ და თვითონაც ღიაა რეკომენდაციების მისაღებად. ყოველი ახალი აქტივობის ან მეთოდის დანერგვის დროს, ისწრებს გაკვეთილზე კოლეგებს და შემდეგ ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს.
ქალბატონმა მაიამ ასევე თავი გამოიჩინა და სწრაფად შეიმუშავა მეთოდი, დისტანციური სწავლების პერიოდში. მან მოსწავლეებისთვის ონლაინ გაკვეთილები სახალისო, საინტერესო და შემეცნებითი გახადა. რთულ პერიოდში, როდესაც სამყარო ამოუცნობ ვირუსთან ბრძოლაში იყო და მკაცრი რეგულაციების დაცვით ბავშვებს შინ უწევდათ ყოფნა, მაია მასწავლებელმა ერთი-ორად გაითავისა გლობალური პრობლემა და ცდილობდა აღსაზრდელებისთვის მოსაწყენი დისტანციური სწავლება მრავალფეროვანი გაეხადა.
„მას ასევე აქვს ვირტუალური ან დისტანციური სწავლების რეჟიმზე ადაპტირების უნარი, სწრაფად აუღო ალღო, აითვისა და დანერგა დისტანციური სწავლება გლობალური პანდემიის პერიოდში.
მაიას აქვს ლიდერი მასწავლებლისათვის დამახასიათებელი თვისებები. აქტიურად არის ჩართული სასკოლო თუ ონლაინ ქსელურ ჯგუფებში, მონაწილეობს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრებში. ის მუდმივად ცდილობს მშობელთა ჩართვას სასწავლო პროცესში. მშობლებთან ერთად მოაწყო პოეზიის საღამო, მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით, მაია უსმენს მათ, გეგმავს და ახორციელებს მათთვის საინტერესო შეხვედრებს.
წლებია მაია მასწავლებელია და მას არასოდეს მიუმართავს პედაგოგებისთვის უხეშად, პირიქით, შეუძლია ყოველგვარი პრობლემა უმტკივნეულოდ და მშვიდად მოაგვაროს, ეს თვისებები ეხმარება მას იმაში, რომ სწორად და მიზანმიმართულად წარმართოს სკოლის ცხოვრება“. – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
ქალბატონი მაია მიზანდასახული ადამიანია. მუდამ ძიებაშია. აანალიზებს ყოველ გადადგმულ ნაბიჯს, შინაგანი სიძლიერე და მოხერხებულობა აძლევს საშუალებას, იყოს კარგი დედა, მასწავლებელი, მეგობარი და კოლეგა.
მაია მოსეშვილი, პედაგოგი:
-ბუნებით ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ. მაინტერსებს რა ხდება განათლების სისტემაში, ქვეყანაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ.ზოგჯერ მინდა, რომ ხასიათის ეს თვისება გამოვასწორო, მაგრამ არ გამომდის. ყველაფერი რომ მოვასწრო, დროს სწორად ვანაწილებ: დილით ადრე სკოლაში წასვლამდე ,,დედობას” ვასწრებ, მერე სკოლაა, სადაც ზუსტად მაქვს დაგეგმილი, რაც უნდა გავაკეთო. სამსახურის დასრულების შემდეგ, ვაანალიზებ რა გავაკეთე, შემდეგ სახლი და ისევ მზადება მეორე დღისთვის. ჩემი საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტებია-რომელი საქმეც მოითხოვს მეტ ყურადღებას , დროს მას დავუთმობ. ვახერხებ ,,ლავირებას”. წარმატებული რამდენად ვარ, ამას ცხოვრება გამოცდის. სიყვარულს კი ნამდვილად ვგრძნობ. როგორც დედა, ჩემი შვილებით ბედნიერი ვარ. მინდოდა, რომ გამორჩეულები ყოფილიყვნენ ზრდილობით, ადამიანობით, მათ ქულებს მნიშვნელობა არ ჰქონდა. სამაგიეროდ, მუდმივად ვცდილობდი განათლება არ მომეკლო. ვცდილობ ჩემი შვილების ინტერესებს ვითვალისწინებდე და ამიტომაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ვაკვირდები როგორი ფილმები მოსწონთ, როგორი ჟანრის მუსიკას უსმენენ, ჩაცმითაც იმ სტილს ვუწონებ, რაც მათ მოსწონთ. ჩემთვის მთავარია, რომ ისინი შინაგანად თავისუფალი, კეთილი, ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანები იყვნენ.
კითხვაზე, თავიდან რომ დაიწყოთ ისევ ამ პროფესიას აირჩევდით? მან დაუფიქრებლად მიპასუხა – „რა თქმა უნდა! ამაზე ლამაზი პროფესია არ მეგულება-უყურებ პატარას, ხშირად ტირილით, შიშით რომ გიყურებს, დაფას რომ ვერ სწვდება და ფეხის წვერებზე იწევა, წლების მერე უყურებ უკვე გაზრდილს. მის გამოქანდაკებაში შენც მიგიძღვის წვლილი და სიხარული გიპყრობს. რა ვუყოთ, თუ ბევრი დრო დაიხარჯა – ხან წაბორძიკებულს დაეხმარე, ხან სიტყვა შეუსწორე, ხან საქციელი დაუწუნე ან მოუწონე-ადამიანი ხომ ჩამოყალიბდა! ამაზე ძვირფასი ,,განძი, ლარი და საუნჯე” არაფერია!
ქალბატონ მაიას ახარებს ბედნიერი ადამიანების დანახვა, ახალგაზრდების წინსვლა ქვეყნის კეთილდღეობისთვის, გული სწყდება, როცა უყურებს თვალებში სევდაჩამდგარ მოსწავლეებს, რომელთა მშობლებიც საზღვარგარეთ, ოჯახის გადასარჩენად არიან წასულნი. ედარდება შშმ პირები, მოხუცები და მზრუნველობას მოკლებული ბავშვები.
ყველაზე დიდი ჯილდო კი მისთვის მოსწავლეების სიყვარულით სავსე წერილები, მათი შეფასებები და გაცისკროვნებული თვალებია!
მარინა გავაშელი