შაბათი, ოქტომბერი 5, 2024
spot_img

,,მენტორობა მხოლოდ წოდება და პატივი არაა, მენტორობა უდიდესი მოვალეობაა”- ინტერვიუ ლალი ასლამაზაშვილთან

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგს, ლალი ასლამაზაშვილ-დალაქიშვილს, პედაგოგიური გამოცდილებისა და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების გამო, პედაგოგის უმაღლესი წოდება, მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.,,მსურს, ქალაბტონ ლალის ეს დიდი წარმატება მივულოცო. ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს სტატუსი უშუალოდ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანების საფუძველზე მიენიჭა. ქალბატონ ლალის, მუნიციპალიტეტში, ქართული ენის პოპულარიზაციის საქმეში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ის წლებია სოფელ ქვემო ბოლნისში ქართულს, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ასწავლის. გამორჩეული პედაგოგიური უნარების დამსახურებით, ლალი მასწავლებლმა მოსწავლეებს არამარტო ქართული ენა შეაყვარა, არამედ ღირსეულ მოქალაქეებადაც აღზარდა ისინი. ნოვატორული სწავლების მისეული მეთოდები ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს, ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ლალი დალაქიშვილი-ასლამაზიშვილი 2019 წლის ქართულის, როგორც მეორე ენის, საუკეთესო მასწავლებლად დაასახელა. ვამაყობ, რომ ქალბატონი ლალი სწორედ ჩვენს მუნიციპალიტეტში მოღვაწეობს და დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთი წარმატების მომსწრეს გაგხვდის. მუნიციპალიტეტში მენტორი პედაგოგის სტატუსი, ლალი მასწავლებლის გარდა, კიდევ სამ პედაგოგს აქვს მინიჭებული. სასიხარულოა, რომ ასეთი წარმატებული და მისაბაძი პედაგოგები გვყავს, რომლებიც საქართველოს მომავალი თაობის აღზრდის პროცესში ძალ-ღონეს და ინტელექტუალურ რესურსს არ იშურებენ’’. აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა. მან პროფესიული თვალსაზრისით, საკმაოდ რთული გზა განვლო და აღნიშნულ წარმატებას დიდი შრომის შედეგად მიაღწია. ,,დღეს მე ვარ მასწავლებელი, რომელიც სიხარულით მიდის სისხამ დილით სკოლისაკენ, კოლეგა, რომელიც სიამოვნებით უზიარებს თავის გამოცდილებას, როგორც ბაკალავრებს, ისე სხვა მასწავლებლებს, დღეს მე ვთვლი, რომ სწორედ იქ ვარ, სადაც ჩემი მისიის აღრულება შემიძლია – პედაგოგიური საქმიანობის უმაღლეს საფეხურზე,“ ამბობს ქალბატონი ლალი.ის პედაგოგის ოჯახში დაიბადა, რამაც პროფესიის არჩევაში დიდი როლი შეასრულა, თუმცა ჟურნალისტობაც ძალიან სურდა, ამიტომ მუშაობა რაიონულ გაზეთში დაიწყო და ოცნებაც ასე აიხდინა, როგორც თავად ამბობს, მეტად გამბედავი გახდა, სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან ურთიერთობით ხალხზე დაკვირვებაც ისწავლა და პრობლემების გადაჭრის გზებზეც დაიწყო ფიქრი.გაზეთი ,,ბოლნისი’’ გიამბობთ ლალი ასლამაზაშვილი – დალაქიშვილის პედაგოგიური საქმიანობის შესახებ.,,ძნელია საკუთარ თავზე საუბარი, ფიქრი ყველაფერს ლამაზად ალაგებს, მაგრამ, როცა საქმე ახლობელ სფეროს ეხება, იმდენად ბევრი სათქმელი წამოტივტივდება, გიჭირს მათში არსებითის ამოწევა, გაჩერება, ახლაც ასე მოხდა, თავისთავად წამოვიდა სათქმელი…დავიბადე პედაგოგების ოჯახში, შეიძლება ითქვას, რომ სკოლა ჩემს ცხოვრებაში, იმთავითვე ორი სახით შემოვიდა: მოსწავლეც ვიყავი და თან პედაგოგების ტკივილსა და სიხარულსაც ვხედავდი. ალბათ, ამანაც განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობა. შვილთან ერთად შევაბიჯე სკოლაში, როგორც მშობელმა და როგორც პედაგოგმა. ყველაზე რთულად აღსაზრდელი კლასი შემხვდა, მაგრამ ვეცადე და გამომივიდა – წლის ბოლოს, მათი მისამართით, მხოლოდ ქება ისმოდა“.-შემდეგი საქმიანობის წლებზეც გვიამბეთ, რომელიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. -ძიება და მიღწეულით განცდილი სიხარული, ახლა ვფიქრობ – რა მეხმარებოდა? ალბათ ჩემი გულწრფელობა და მუდმივად იმაზე ფიქრი, რითი გამხდარიყო საინტერესო ჩემი გაკვეთილები. თუმცა ისე გამოვიდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, სკოლის წარდგინებით, ენის სახელმწიფო პალატის თანამშრომელი გავხდი. ასევე აქტიურად იყავით ჩართული სხვადასხვა პროექტებში, რაში გეხმარებოდათ ეს აქტივობები?-საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, პროფესიონალებთან თანამშრომლობა და პირველი პროექტი, რომელმაც დამანახა, რომ შესაძლებელია დამატებითი საშუალებების გამონახვა ყოველდღიურობის გასამრავალფეროვნებლად. პარალელურად, დამოუკიდებელ გაზეთსაც ვრედაქტორობდი. სწორედ მაშინ გამოცხადდა მასწავლებლებისათვის კონკურსი პროგრამაზე ,,ქართული როგორც მეორე ენა“, ჩვენ ვიყავით პირველი ტრენერები ამ სფეროში და შემდეგ იყო მრავალი სასიამოვნო დღე, ურთიერთობა სხვადასხვა რაიონის მასწავლებლებთან. მოგვიანებით, ეუთოს დაფინანსებით, ვხელმძღვანელობდი ქართული ენის შემსწავლელ კურსებს (პროექტს ახორციელებდა ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრი). ზრდასრულებთან მუშაობამ მასწავლა, რომ თამაშით სწავლება ნებისმიერ ასაკში ამართლებს. პარალელურად, იმავე ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მივიღე ბილინგვური სწავლების მიმართულებით გაწეულ საქმიანობებშიც. ჩვენი ჩართულობით გამოიცა ორენოვანი სწავლების სახელმძღვანელოები.შემდეგ მუშაობა დაიწყეთ უთნიკურ აზერბაიჯანელ მოსწავლეებთან, რთული არ იყო?- სიმართლე გითხრათ, პირველად ძალიან მეშინოდა, თუმცა სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან მუშაობის გამოცდილება მქონდა, მაგრამ აქ სხვა იყო.. მთლიანად უცხოენოვანი გარემო, ბავშვები, რომელთა ენაც არ ვიცოდი. შევძლებ? ვეკითხებოდი ჩემს თავს. თუ ვერ შევძლებ, წამოვალ- ვფიქრობდი… პირველივე დღეებიდან მივხვდი, რომ არაერთი სირთულის გადალახვა მომიწევდა, მაგრამ არ წამოვსულვარ, მოსწავლეების თვალებში დანახულმა სხივებმა მაგრძნობინა, რომ მათ ძალიან ვჭირდებოდი. მათთვის მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ენა კი არა, სხვა ცხოვრებაც უნდა მეჩვენებინა, მესწავლებინა, როგორ ეგრძნოთ თავი, როგორ გამოევლინათ თავისი უნარები, მათთვის სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველსაყოფად დამეხმარა ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია “ბოლნისის ენის სახლი“, რომელიც სხვადასხვა ეროვნების ბავშვებისათვის, სხვადასხვა საინტერესო საქმიანობას ახორციელებს. როგორი მასწავლებელი ხართ?-დღეს მე ვარ მასწავლებელი, რომელიც სიხარულით მიდის სისხამ დილით სკოლისაკენ, კოლეგა, რომელიც სიამოვნებით უზიარებს თავის გამოცდილებას, როგორც ბაკალავრებს, ისე სხვა მასწავლებლებს, დღეს მე ვთვლი, რომ სწორედ იქ ვარ, სადაც ჩემი მისიის ასრულება შემიძლია- პედაგოგიური საქმიანობის უმაღლეს საფეხურზე.პედაგოგისთვის ყველაზე სასურველი, მენტორის, სტატუსის მფლობელი ხართ, რას ნიშნავს ეს სტატუსი თქვენთვის?- მენტორის სტატუსამდე იოლი ნაბიჯებით არ მოვსულვარ. ჯერ კიდევ მაშინ ჩავები პროფესიული განვითარების სქემაში, როცა ეს სავალდებულო არც იყო, ალბათ იმიტომ, რომ მიყვარს სიახლეებთან, სიძნელეებთან ჭიდილი. არ ვჩერდები, ყველა სიახლეს ვეცნობი და ვცდილობ, გადავიტანო ჩემს საქმიანობაში, მაგრამ პოლიტიკური პროცესები ადამიანების ბედზეც აისახება და მიუხედავად იმისა, რომ არაერთი აქტივობა განვახორციელე, ახალმა სქემამ თითქმის ყველაფერი გაანულა და თავიდან ჩავები წინსვლის „მარათონში„ მაგრამ მარტო არა, ჩემთვის არაფერია საკუთარ თავზე ზრუნვა, თუ ჩემს ირგვლივ მყოფები უკან ჩამორჩებიან, ამიტომ , ცხადია , კოლეგებსაც, (და არა მხოლოდ ჩემი სკოლის) ვეხმარებოდი. და დღეს ჩემს კათედრაზე თითქმის ყველა მასწავლებელი, უფროსის სტატუსს რომ ატარებს, ამაში დიდი წვლილი მიმიძღვის. პედაგოგიური სფეროს განვითარებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გიწევთ მუშაობა…-უამრავი მოვალეობა მაკისრია, როგორც პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“-მასწავლებელს, ჩართული ვარ სატრენინგო მოდულებზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობაში და ჩვენ მიერ შექმნილი რესურსებით არაერთი ქართულის მასწავლებელი გადავამზადეთ, ვარ მერვე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის (თუშური-შარაშენიძე) სახელმძღვანელოს მასწავლებლის წიგნის ერთ-ერთი ავტორიც, სექტემბერში გავხდი წამყვანი მასწავლებელი და საჭირო 25 კრედიტის ნაცვლად 45 კრედიტ ქულა მქონდა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თავი მოვიწონო, უბრალოდ ავღნიშნავ, რომ ბევრი მიმართულებით მიწევს მუშაობა, მხოლოდ ისე, რომ მოსწავლეები არასოდეს დამვიწყებია. ახლა მენტორობისათვის ვემზადებოდი და მინისტრის ბრძანების შესახებ შემთხვევით შევიტყვე, გაოგნებული ვიყავი, მაგრამ სიამაყე კი არა, ძალის მომატება ვიგრძენი, მეტის საკეთებლად. მენტორობა მხოლოდ წოდება და პატივი არაა, მენტორობა უდიდესი მოვალეობებიცაა. რას ავალდებულებს მენტორის სტატუსი პედაგოგს?-მენტორი არის სკოლის განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საქმიანობების ინიციატორი; კოლეგებთან ერთად გეგმავს სკოლის პროფესიული განვითარების ღონისძიებებს; ეხმარება კოლეგებს შემოქმედებით და ინოვაციურ საქმიანობაში; ქმნის სასწავლო-მეთოდურ რესურსებს.უზრუნველყოფს ინტერკულტურული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას სკოლასა და სასკოლო თემში. არის სკოლაში ქცევის მართვასთან დაკავშირებული კვლევების ინიციატორი; კვლევის შედეგების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს პოზიტიური გარემოს დასამკვიდრებლად.მენტორი ეხმარება კოლეგებს დამოუკიდებლად მოაგვარონ წარმოშობილი კონფლიქტი და ამკვიდრებს სკოლაში მედიაციის კულტურას.მენტორი გეგმავს და წარმართავს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშემწყობ სასკოლო აქტივობებს. ეს მოვალეობების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია. სამუშაო ბევრია, დრო კი-რთული, გარემო- სპეციფიკური. მე მზად ვარ!ქალბატონო ლალი მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ მენტორის სტატუს და უამრავ წარმატებას გისურვებთ.

მაგდა დევნოზაშვილი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები