ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
spot_img
Homeრუბრიკები,,ისეთ საქართველოში მინდა ცხოვრება, რომელშიც ისე იქნება დაცული  მოქალაქეთა  უფლებები,  როგორც ევროკავშირის...

,,ისეთ საქართველოში მინდა ცხოვრება, რომელშიც ისე იქნება დაცული  მოქალაქეთა  უფლებები,  როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში’’

 რაც „ახალგაზრდული იდეის“ წევრი გახდა, მისი ცხოვრება გარკვეულწილად შეიცვალა. მიზანდასახული, უნიჭიერესი, ოჯახზე და მეგობრებზე უზომოდ შეყვარებული გოგოსთვის, კომიტეტის წევრად არჩევის დღიდან, არაჩვეულებრივი ისტორიებით სავსე ცხოვრება დაიწყო. მას შემდეგ ცდილობს, მისთვის მისაღებ, ყველა პროექტში ჩაერთოს. ჩვენი რესპოდენტი არის ასევე წარმატებული და ბეჯითი მოსწავლე. ამაყობს თავისი სკოლით, ჰყავს საყვარელი პედაგოგი და გამორჩეულად უყვარს საგანი, რომელმაც მომავალი პროფესიაც გადააწყვეტინა. ფორმალურ განათლებასთან ერთად, ფიქრობს, რომ არაფორმალურიც  დიდ როლს თამაშობს გარკვეული უნარების განვითარებისთვის. ჩართულია სხვადასხვა პროექტებში, ერთ-ერთი იყო Erasmus+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით, რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურა.  მარიამს წინ დიდი გეგმები აქვს, სურს ისეთ ქვეყანაში  ცხოვრება, სადაც ადამიანის უფლებები ისე იქნება დაცული, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

-ვინ არის მარიამ მახაშვილი?

-მარიამი ერთი ჩვეულებრივი, ოჯახზე და მეგობრებზე უზომოდ შეყვარებული, მხიარული და  კომუნიკაბელური გოგოა. მიყვარს ფილმების ყურება და მუსიკის მოსმენა. ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები ახალი ფილმის,  ჩემი საყვარელი ჯგუფის,            ან მომღერლის ახალი ალბომის გამოსვლას. მიხარია, თუ ამ ალბომს, ან ფილმს, მეგობრებთან ერთად ვნახავ, შემდეგ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ.  მიყვარს ასევე წიგნების კითხვა. სიამოვნებით ვკითხულობ როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ლიტერატურას, შემდეგ მეგობრები  ვცვლით ამ წიგნებს და  ვუზიარებთ ერთმანეთს მიღებულ შთაბეჭდილებას.

-ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი და მოვლენა შენს ცხოვრებაში, რაც ახლა გახსენდება და რომელმაც გარკვეულწილად შეცვალა შენი ცხოვრება.

-2022 წლის ზაფხულში ,,ახალგაზრდულმა იდეამ“ გამოაცხადა ბოლნისის კომიტეტის წევრთა შესარჩევი კონკურსი. დავრეგისტრირდი, გავიარე გასაუბრება და ჩემდა გასახარად, დამირეკეს და მითხრეს, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული ვიყავი და მაგზავნიდნენ კაჭრეთში ტრენინგებზე. აქედან დაიწყო ყველაფერი. ამის შემდეგ დავინტერესდი მსგავსი პროექტებით და ვრეგისტრირდები ყველა პროექტის შესარჩევ კონკურსზე, რომელიც მაინტერესებს და რომლის შინაარსი და მიმდინარეობა ჩემთვის მისაღებია. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ტრენინგებმა და საერთაშორისო გაცვლითმა პროგრამებმა,  გარკვეულწილად, შეცვალა ჩემი ცხოვრება. გავხდი უფრო აქტიური, თავდაჯერებული, გამოვიმუშავე ლიდერის თვისებები, გავხდი უფრო კომუნიკაბელური და სრულიად უცხო საზოგადოებაშიც კი აღარ მიჭირს ინტეგრაცია.

-მარიამ, საკმაოდ წარმატებული ხარ სკოლაში, მოგვიყევი  სკოლაზე და მის როლზე შენს ცხოვრებაში?

-სკოლას უდიდესი როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში. პირველი კლასიდანვე პირველსკოლელი ვარ და ვამაყობ ამით. ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბებასა და განათლებაში,  სკოლას და მასწავლებლებს უდიდესი როლი აქვთ. ის, რომ წარმატებული ვარ და ჩემი თაობის ბავშვები მიცნობენ, როგორც აქტიურ და წარმატებულ ახალგაზრდას,  ოჯახთან ერთად პირველ რიგში სკოლას ვუმადლი და მიხარია, რომ მეძლევა შესაძლებლობა საჯაროდ მადლობა გადავუხადო მშობლიურ სკოლას და ყველა მასწავლებელს, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩემს აღზრდა-განათლებაში.

– გამორჩეული საგანი, რომელიც ძალიან გიყვარს?

-გამორჩეულად მიყვარს ინგლისური ენა, რომლის ცოდნამაც საშუალება მომცა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების აქტიური მონაწილე ვყოფილიყავი. ინგლისურს პირველი კლასიდან დარეჯან ლეფსაია მასწავლიდა, ბედნიერად ვთვლი თავს, რომ  ამ ქალბატონს შევხვდი და მიუხედავად იმისა, რომ დარეჯან მასწავლებელი დღეს სკოლაში აღარ ასწავლის, მე მაინც მისი მოსწავლე მქვია. რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს,   მადლიერი ვიქნები ამ ქალბატონის და ყოველთვის მემახსოვრება ის ამაგი, რასაც ის დღემდე სწევს ჩემთვის.

-შენი მომავალი პროფესია და რატომ შეარჩიე?

-უკვე აღვნიშნე, რომ  ჩემი საყვარელი საგანი ინგლისურია, ამ ენას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ლიტერატურას ვკითხულობ ამ ენაზე, ყველა ჩემთვის საინტერესო სიახლეს, ინტერნეტსა თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებში, ინგლისურ ენაზე ვეცნობი…ამიტომ ჩემს მომავალსაც ამ ენას ვუკავშირებ. პარალელურად ვსწავლობ გერმანულ ენასაც. მინდა  ინგლისურ ფილოლოგიაზე ჩავაბარო და ამის შემდეგ გადავწყვეტ, ამ ცოდნას რა მიმართულებით გამოვიყენებ.

-ფორმალური და არაფორმალური განათლება…

-რა თქმა უნდა ორივეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის განვითარებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ფორმალური განათლება მნიშვნელოვანია და საფუძველია შემდგომ ყველა სხვა ცოდნისა. ფორმალური განათლება ტრადიციული განათლების სისტემაა, რომელსაც წლების განმავლობაში იღებდა ჩვენი საზოგადოება, ხოლო რაც შეეხება არაფორმალურ განათლებას, ის შედარებით ახალი დანერგილია ჩვენს სინამდვილეში და ძალიან დიდ როლს თამაშობს, სხვა კუთხით, ახალგაზრდის განვითარებაში, ანუ იმ კუთხით, რომელსაც არ აძლევს ფორმალური განათლება. კერძოდ,  ის უვითარებს ახალგაზრდებს იმ უნარებს, რაც ცხოვრების გზაზე მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, მაგალითად, კომუნიკაციის, გუნდურობის, შემოქმედებითად აზროვნების  და სხვა, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდის  საზოგადოებაში წარმატებით ინტეგრირებას და  რეალიზებას. 

-გარდა სასკოლო აქტივობისა, ჩართული ხარ სხვადასხვა პროექტებში, იყავი საფრანგეთში, მოგვიყევი?

-დიახ, მონაწილეობას ვიღებ Erasmus+ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. იანვრის თვეში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა თაობის“ ორგანიზებით, ამ გაცვლითი პროგრამით, უკვე ვიყავი 5 ქვეყანაში: საფრანგეთი, ჰოლანდია, ბელგია, გერმანია და სომხეთი. 2 იანვარს საქართველოდან 5 ახალგაზრდა, ჩვენს ლიდერთან, დავით დონერიანთან ერთად გავემგზავრეთ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სადაც მიმდინარეობდა გაცვლითი პროგრამის ერთ-ერთი ეტაპი. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, რომელშიც, ქართველების გარდა, მონაწილეობას იღებდნენ მასპინძელი ფრანგი, ესტონელი და სომეხი ახალგაზრდები. პარიზში, საქართველოს საელჩოში, მიღება მოგვიწყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში, ბატონმა გოჩა ჯავახიშვილმა. ჩვენმა ლიდერმა დავითმა ისე დაგეგმა ეს მოგზაურობა, რომ პარიზის გარდა, ჩაგვიყვანა ბელგიის ქალაქ ბრიუსელში, სადაც ვნახეთ ევროპარლამენტი, ასევე გავემგზავრეთ ჰოლანდიაში და დავათვალიერეთ ამსტერდამის ღირსშესანიშნაობები, რის შემდეგაც ვესტუმრეთ და დავათვალიერეთ გერმანიის ქალაქები დიუსელდორფი, კიოლნი, ბონი და ბერლინი. ბერლინში გვიმასპინძლეს რაიხსტაგში, დაგვათვალიერებინეს ის და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით სამშობლოში. რამოდენიმე დღეში კვლავ, იგივე ორგანიზაციის პროგრამით, ქართველ ახალგაზრდათა ჯგუფი ერევანში ვიყავით, სადაც ჩვენთან ერთად პროექტში მონაწილეობას იღებდნენ დანიელი, იტალიელი და სომეხი ახალგაზრდები. ნამდვილად საოცრად დაიწყო ჩემთვის 2024 წელი, იმედი მაქვს, რომ ასევე გაგრძელდება და სკოლასთან ერთად, გარკვეულ დროს გაცვლით პროგრამებსაც დავუთმობ.

-რისი კეთება უყვარს მარიამს თავისუფალ დროს?

-თავისუფალი დრო ცოტა მაქვს. სკოლას და მეცადინეობას ძალიან დიდ დროს ვუთმობ. მეთერთმეტე კლასელი ვარ და მოგეხსენებათ, რა დატვირთული ვიქნები სკოლაში, წინ ეროვნული გამოცდები მელოდება და ვცდილობ  აბიტურიენტის რეჟიმით ვიმეცადინო. ასევე ვაგრძელებ მუშაობას ახალგაზრდული იდეის ბოლნისის კომიტეტში. პარალელურად მონაწილეობას ვიღებ სასკოლო თუ არასასკოლო აქტივობებში. ყველაფერ ამას  დიდი დრო მიაქვს. თუ მაქვს თავისუფალი დრო, მიყვარს მეგობრების წრეში გართობა, ფილმების ყურება და მუსიკის მოსმენა.

-სად ხედავ თავს 5 წლის შემდეგ?

-ჩემი სურვილია სწავლა გავაგრძელო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა ძალიან მინდა სწავლის გარკვეული ეტაპი საზღვარგარეთაც გავატარო და ვისწავლო ევროპის რომელიმე ქვეყანაში. იმედია, 5 წლის შემდეგ, სწორედ ამ ეტაპზე ვიქნები და ევროპულ განათლებასაც ვეზიარები.

– როგორ ქვეყანაში ისურვებდი ცხოვრებას?

-უკვე მოგახსენეთ, რომ ეს დღეები დასავლეთ ევროპის წარმატებულ ქვეყნებში გავატარე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მინდა, რომ ეს გზა საქართველომ ბოლომდე წარმატებით გაიაროს და ჩვენი თაობა უკვე მოწმე გახდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების. სწორედ ისეთ საქართველოში მინდა ცხოვრება, რომელშიც ისე იქნება დაცული  მოქალაქეთა  ყველა უფლება და ისეთი ცხოვრების პირობები იქნება, როგორიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია. დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ის თაობა ვართ, რომელიც ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, ჩვენ ამის ყველა წინაპირობა გვაქვს.

პ.ს. მარიამი ამ თაობის ახალგაზრდაა, მან იცის, რომ არის წარმატებული და ამას ხმამაღლა აცხადებს, ბედნიერად თვლის თავს, რომ მოხვდა ისეთ ჯანსაღ გარემოში, სადაც წარმატების ფორმულა, არ იმალება, არავინ გიშლის ხელს და თუ მოინდომებ, შედეგზე გადიხარ. იცის ფორმალური და არაფორმალური განათლების ფასი. ხუთი წლის შემდეგ მარიამი საკუთარ თავს სახელმწიფო უნივერსიტეტში ხედავს, აქედან კი იწყება დიდი ტრამპლინი ევროპისკენ .

                                                                                                 

  ნონა ხუზმიაშვილი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები