კვირა, იანვარი 26, 2025
spot_img
Homeრუბრიკებილელა გელაძეს საქართველოს ღირსეული მასწავლებლის სახელი მიენიჭა

ლელა გელაძეს საქართველოს ღირსეული მასწავლებლის სახელი მიენიჭა

ლელა გელაძე იმ პედაგოგების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც სკოლის განვითარებაში და მომავალი თაობის აღზრდაში, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. როგორც თავად აღნიშნავს, „მასწავლებელი უნდა ფლობდეს როგორც სწავლების, ასევე აღზრდის მეთოდებს, მუდმივად უნდა ზრუნავდეს მოსწავლეთა როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე, მოსწავლეთა უნარების განვითარებასა და სხვადასხვა ორიგინალური საშინაო დავალების შერჩევაზე, რომელიც მოსწავლეს განუვითარებს როგორც შემოქმედებით, ასევე კრიტიკულ აზროვნებასაც“.

ლელა გელაძის პედაგოგიური გამოცდილება სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის. იგი დღემდე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას და მის სახელს, არაერთი სასკოლო პროექტი უკავშირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით, ქალბატონ ლელას, საქართველოს ღირსეული მასწავლებლის სახელი მიენიჭა.

-მასწავლებლობა ერთ-ერთი განსაკუთრებული პროფესიაა -საინტერესო და საპასუხისმგებლო, თქვენ როგორ ფიქრობთ?

გეთანხმებით, მასწავლებლობა, მართლაც, განსაკუთრებული პროფესიაა,

„სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზედაც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენ”(უინსტონ ჩერჩილი).

ვეთანხმები ჩერჩილის ამ სიტყვებს, ძალაუფლებაში, ჩემი აზრით, ის გულისხმობდა ცოდნას, რომელსაც ფლობს მასწავლებელი და უზიარებს  მოსწავლეებს, მას არა აქვს შეცდომის დაშვების უფლება. აუცილებლად უნდა უყვარდეს თავისი საგანი და ცოდნასთან ერთად დადებით ემოციებს გადასცემდეს  მოსწავლეებს.

მასწავლებლობა, ერთ-ერთი საპასუხისმგებლო პროფესიაცაა. ერთი მხრივ, სასიამოვნოა მოზარდებთან ურთიერთობა და ცოდნის გაზიარება, მეორე მხრივ კი-ვალდებულებაა დაეხმარო სწორი არჩევანის გაკეთებაში, ჩვენ მიერ დათესილი ცოდნის და მორალური ღირებულებების საფუძველზე ქვეყნის მომავალს განვსაზღვრავთ.

-როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი?

-უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს თავისი საქმის პროფესიონალი და უყვარდეს ბავშვები, იყოს ყურადღებიანი, სამართლიანი, მოწესრიგებული, შრომისმოყვარე. თავის საგანს აყვარებდეს მოსწავლეებს, იმსახურებდეს კოლეგებისა და მშობლების გულწრფელ პატივისცემას. ხშირად, სწორედ მასწავლებლის ადამიანურობა, მისი სწორი ღირებულებები იზიდავს მოსწავლეებს და აყვარებს საგანს.   

-რა მეთოდებია საჭირო მოსწავლესთან მიმართებაში?

-მასწავლებელი უნდა ფლობდეს როგორც სწავლების, ასევე აღზრდის  მეთოდებს. მუდმივად  უნდა ზრუნავდეს მოსწავლეთა როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე, მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებასა და სხვადასხვა ორიგინალური საშინაო დავალების შერჩევაზე, რომელიც მოსწავლეს განუვითარებს, როგორც შემოქმედებით, ასევე კრიტიკულ აზროვნებასაც.

უახლოესმა ტექნოლოგიურმა გამოგონებებმა, მნიშვნელოვნად შეცვალა სწავლა-სწავლების მიდგომები. დღეს მნიშვნელოვანია გაკვეთილის დაგეგმვა მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე, სადაც თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა და საჭიროება იქნება გათვალისწინებული. დღევანდელი სასწავლო პროცესი ორიენტირებულია მოსწავლეზე და მათ მაქსიმალურ ჩართულობაზე საგაკვეთილო პროცესში. სწავლა-სწავლების უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა  მეთოდების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, რა დროს და როგორ გამოვიყენებთ მას. ძალიან მოსწონთ მოსწავლეებს პროექტებით სწავლების მეთოდი, ამისათვის მე ვიყენებ როგორც სასწავლო,  ასევე სოციალურ პროექტს, კვლევას, დაკვირვებას, პრეზენტაციას, ხშირად ვატარებ ჩემ კოლეგა ქალბატონ ნესტან ბუცხრიკიძესთან ერთად საგნობრივ თემატურ ღონისძიებებს და  ვთანამშრომლობთ არასამთავრობო გარემოს დაცვით ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც იცვლება მათი დამოკიდებულება გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ. აქტიურად არიან ჩართული გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში.

-ხშირად დგახართ ახალი გამოწვევების წინაშე

-21-ე საუკუნეში, სამყაროში მიმდინარეობს გლობალური ცვლილებები და ჩვენ ვიმყოფებით ამ ცვლილებების ეპიცენტრში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი  გვაყენებს ახალი გამოწვევების წინაშე, ამის კარგი მაგალითია მესამე თაობის სასწავლო გეგმა – მოსწავლეებს ეძლევათ შემოქმედებითი უნარების გამოხატვის თავისუფლება და ჩვენ შეიარაღებული უნდა ვიყონ ისეთი უნარებით, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს, არა მხოლოდ დაისწავლოს მასალა, არამედ შეძლოს მიღებული ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში. მასწავლებლის პროფესია მუდმივად განვითარებას მოითხოვს, 2008 წლიდან ბევრი ცვლილება მოხდა განათლების სისტემაში, რამაც მრავალი  გამოწვევის წინაშე დაგვაყენა  პედაგოგები. საჭიროდ ჩავთვალე გავმკლავებოდი ყოველ გამოწვევას და აქტიურად ჩავერთე მასწავლებელთა გადამზადების ტრენინგებში,   სტატუსის ამაღლების მიზნით  ჩავაბარე  სასერთიფიკაციო გამოცდები. ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა დისტანციური სწავლება, კოვიდ ეპიდემიის დროს, რამაც ჩემში ახალი უნარების განვითარებას შეუწყო ხელი, დიდი ძალისხმევა იყო საჭირო იმისათვის, რომ ეკრანს მიღმა მყოფი მოსწავლეებისათვის შემენარჩუნებინა მოტივაცია და სწავლის სურვილი.

-იმისთვის რომ იყო საყვარელი მასწავლებელი, რა ოქროს შუალედი უნდა დაიცვა?

-ოქროს შუალედის ამოცნობა მნიშვნელოვანი და საჭირო უნარია. უნდა იყო ობიექტური, გულწრფელი, გიყვარდეს მოსწავლე, თუმცა ეს არ უნდა გამორიცხავდეს, რომ შეახსენო მას შეასრულოს  თავისი მოვალეობები, მან უნდა იგრძნოს შენს დამოკიდებულებაში ზრუნვა და მხარდაჭერა,   რომ შენიშვნის მიზანი არის მხოლოდ პრევენცია და დაცვა მომავალი დისციპლინარული გადაცდომებისგან.

როგორი დედა და მეგობარია ლელა მასწავლებელი?

-ასაკთან ერთად იცვლება დამოკიდებულება შვილებთან მიმართებაში, ვიყავი მომთხოვნი, მკაცრიც, ასევე თბილი, მოსიყვარულე, მეგობრული და რაც მნიშვნელოვანია ვარ ,,ხარაჩო“-საყრდენი, ნებისმიერ სიტუაციაში მათ იციან, რომ ჩემი იმედი შეიძლება ჰქონდეთ. როგორც მეგობარი-ვარ ერთგული, ობიექტური, მოსიყვარულე. ვფიქრობ, ამ შეკითხვაზე პასუხს ისინი უკეთ გასცემენ.

თავიდან რომ დაგეწყოთ ისევ პროფესია პედაგოგს აირჩევდი?

-თავიდან მინდოდა მეცნიერების მიმართულებით განვვითარებულიყავი, ოღონდ, დაოჯახების მერე გავითვალისწინე ახლობლების რჩევა  – სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად დამეწყო მუშაობა, მეც დავთანხმდი და ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. დღემდე,  ხშირად ვმოძღვრავ ხოლმე ჩემ მოსწავლეებს, განსაკუთრებით გოგონებს, პედაგოგობა აირჩიონ მომავალ პროფესიად.

საყვარელი საქმე…

-საინტერესო საგნობრივი ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარება.

თქვენ რომ განათლების მინისტრი იყოთ, რა ცვლილებას შეიტანდით სასკოლო სწავლებაში?

-1. შევამცირებდი კლასებში მოსწავლეთა რაოდენობას.

2. მე-11, მე-12 კლასებში შემოვიღებდი დიფერენცირებულ სწავლებას.

3. მოვითხოვდი მთავრობისგან პედაგოგების საბაზისო ხელფასის სერიოზულ ზრდას, პრიორიტეტულს და მოთხოვნადს გავხდიდი ამ პროფესიას.

4. 60 წლის ასაკიდან ყველა პედაგოგს დავუნიშნავდი ღირსეულ პენსიას-(ხელფასის ოდენობით). ახალგაზრდა, ენერგიულ კადრებს მოვიზიდავდი სკოლებში.

5. გავაგრძელებდი სკოლების დაფინანსების ზრდას, აღვჭურავდი ტექნიკური საშუალებებით, რაც ხელს შეუწყობდა პედაგოგებს საინტერესო გაკვეთილებისა და პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში.

მარინა გავაშელი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები