ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
spot_img

,,თავდაუზოგავი შრომა,  მიზნისკენ მიმავალ გზაზე, მინიშნებებით სავსე რუკაა, რომელიც აუცილებლად მიგიყვანს სასურველ დანიშნულების პუნქტთან. “

თამთა კაპანაძე ოცდაშვიდი წლისაა, მან წარმატებით დაასრულა სოფ.რატევანის საჯარო სკოლა და ასეთივე წარმატებით განაგრძო გზა სასურველი პროფესიის შესასწავლად უნივერსიტეტში . დღეს იგი მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მუშაობს, რეზიდენტად, ბავშვთა ენოკრინოლოგიაში. მისი გზა წარმატებისაკენ არც ისეთი მარტივია, რა თქმა უნდა.  კარიერულ განვითარებასთან ერთად, თამთას ერთი მნიშვნელოვანი ,,პროფესია“ აქვს – დედობა. ,,სამსხურის შემდეგ, ყოველი თავისუფალი წუთი  ჩემი ორი წლის გოგონასია,  მასთან ერთად ვსწავლობ,  ვესწრები ონლაინ ვებინარებს, ერთად  ვაკეთებთ საინტერესო აღმოჩენებს. „ – ამბობს ჩვენთან საუბარში თამთა კაპანაძე.

  • მოგესალმებით, თამთა. ახალგაზრდები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს წარმოადგენს. ჩვენი ქვეყნის რეალობაში არც თუ ისე მარტივია წარმატებას და მასთან ერთად, ფინანსურ დამოუკიდებლობას მიაღწიო საკმაოდ პატარა ასაკში. როგორი იყო თქვენი გზა წარმატებისაკენ? გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები.

მოგესლმებით, მარიამ. პირველ რიგში, მადლობას გიხდით, დაინტერესებისთვის. ჩემი მიზნისკენ მიმავალი გზა, რომელსაც ახლაც გავდივრ,  რთული, თუმცა ძალიან საინტერესოა. პირველი ეტაპი  სკოლის წარმატებით დამთავრება და სასურველ უნივერსიტეტში დაფინანსებით ჩაბარება იყო, ამას მოყვა  6-წლიანი სწავლება სამედიცინო უნივერსიტეტში. უნივერსტეტის პარალელურად მუშაობა დავიწყე მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადყოფოში, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი, მორიგეობების და ღამეების გათენების პარალელურად სწავლა, თუმცა  ეს არის  გზა, რომელსაც  ყველა ახალბედა ექიმი გადის. შემდეგ იყო მზადება რეზიდენტურისთვის, სახელმწიფო გამოცდის ჩბარების შემდეგ, გავიარე საკმაოდ რთული ეტაპი, შიდა გამოცდა, გასაუბრება და საბედნიეროდ შერჩეულ ორ კანდიდატში მეც აღმოვჩნდი. 

  • როგორც ჩვენთვის ცნობილია , ექიმი რეზიდენტი ხართ, ბავშვთა ენოკრინოლოგიის. რამ განაპირობა ამ პროფესიის არჩევა?

 გამიჭირდება ერთი კონკრეტული მიზეზის დასახელება. როდესაც სამედიცინოზე ჩავაბარე ზუსტად არ ვიცოდი რა სფეროთი დავინტერესდებოდი, თუმცა გაგიკვირდებათ და კატეკორიულად გამოვრიცხავდი პედიატრიის განხრას, არადა, წლების შემდეგ,   საკუთარი თავი სწორედ ამ სფეროში ვიპოვე. პარალელურად, გასაკუთრებული ინტერესი გამიჩნდა ენდოკრინოლოგიის მიმართ, ასე გავაერთიანე  ჩემი ინტერესები და შევარჩიე სფერო, რომელსაც დიდი სიყვარულით მინდა ვემსახურო.

  • გაიხსენეთ სკოლის მოსწავლე თამთა, დღესდღეობით კი უკვე რეზიდენტი. რა სირთულეებს გადააწყდით და რა ცხოვრებისეული გამოცდილება შეიძინეთ ამ წლების განმავლობაში?

  სკოლის მოსწავლე თამთა იყო ძალიან აქტიური, მონდომებული და ცოტა ზედმეტად მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ, მაქსიმალიზმი ის თვისებაა, რომელიც გენეტიკურად მერგო დედისგან J). აქვე მინდა ვისარგებლო თქვენი გაზეთით და დიდი სიყვარულით მოვიკითხო სოფ. რატევანის საჯარო სკოლის უსაყვარლესი პედაგოგები, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს პროფესიულ განვითარებაში . რაც შეეხება ჩემს პირად  ცხოვრებისეულ გამოცდილებას, დრომ ნათლად დამანახა, რომ თავდაუზოგავი შრომა,  მიზნისკენ მიმავალ გზაზე, მინიშნებებით სავსე რუკაა, რომელიც აუცილებლად მიგიყვანს სასურველ დანიშნულების პუნქტთან.  ამოტომაც, ყველას ვურჩევ არ შეწყვიტოთ განვითარება და მიზნისკენ სწრაფვა,  შესაძლებელია სასურველმა შედეგმა თქვენამდე მოსვლა დაიგვიანოს თუმცა, მერწმუნეთ, აუცილებლად მოვა.

  • ახლახანს ენდოკრინოლოგთა ასოციაციის შეკრებაზე იყავით დელეგატად, მოგვიყევით ამ შეკრების შესახებ, როგორ მოხდა თქვენი შერჩევა?

დიახ,  საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში, სადაც ლექციები უცხოელმა და ქართველმა ცნობილმა ექსპერტებმა წაიკითხეს. ორ დღიანი შეხვედრა მიზნად ისახავდა ენდოკრინოლოგიური დაავადებების მიმართ   ცნობიერების ამაღლებასა და მუდმვად განახლებადი ინფორაციის გავრცელებას. პატივი მქონდა გამეცნო ისეთი საერთაშორისო დონის ექსპერტები როგორებიც არიან – მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი გარი ჰემერი, გრონინგენის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ლანსბერგი და სხვანი. დელეგატებმა გავიარეთ რეგისტრაცია, გავაგზავნეთ საჭირო მასალები, რის შემდეგაც მოგვივიდა დასტური და მოსაწვევები. 

  • თამთას, როგორც პიროვნების, რომელ თვისებას გამოარჩევთ, რომელმაც გაგიკაფათ გზა პროფესიული წარმატებისაკენ?

ბანალურად ჟღერს ალბათ, მაგრამ შრომისმოყვარეობა უდაოდ უპირობო თვისებაა,  რომელიც ყველაზე მეტად მეხმარება.

  • დაგვისახელეთ ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად გიყვართ თქვენს საქმიანობაში?

გამოჯანმრთელებული პაციენტის მადლიერებით სავსე თვალები, ეს არის ის რაც ყველზე მეტად მიყვარს ჩემს საქმეში.   

  • როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, სად ხედავთ თავს ათი წლის შემდეგ?

სამომავლო გეგმებზე წინასწარ  ხმამაღლა საუბარი არ მიყვარს, ორი წლის, ათი წლის თუ ოცი წლის შემდეგ საკუთარ თავს, რა თქმა უნდა,  ვხედავ ჩემს საყვარელ საქმიანობაში, შემდგარ და წარმატებულ ექიმად.   ათი წლის შემდეგ  კვლავ  სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს  გავლილ გზას J

  • გარდა პროფესიისა, რით არის დაკავებული თამთა კაპანაძე? სამსახურის შემდეგ, რას უთმობთ ყველაზე მეტ დროს?

სამსხურის შემდეგ, ყოველი თავისუფალი წუთი  ჩემი ორი წლის გოგონასია,  მასთან ერთად ვსწავლობ,  ვესწრები ონლაინ ვებინარებს, ერთად  ვაკეთებთ საინტერესო აღმოჩენებს.  საკმაოდ რთულია სამსახური შეუწყო ბავშვის რეჟიმს, ხშირად ეს არც ისე კარგად გამომდის,   თუმცა გამიმართლა და გვერდით მყავს ისეთი ადამიანი, რომელიც ამ სირთულეებს მიმარტივებს. გარდ ამისა, ძალიან მიყვარს წერა, ბოლო წლები ვმუშაობდი სამედიცინო ჟურნალ „ავერსში“,  სადაც საინტერესო სამედიცინო შეთხვევებს განვიხილავდი, ეს კიდევ ერთი საქმეა, რომელიც ვთვლი, რომ კარგად გამომდის.

  • თამთა, რა იქნება თქვენი ორი მთავარი რჩევა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას?

პირველი და უმთავრესი რჩევა იქნება,  მოუსმინეთ საკუთარ თავს, თუ გიჭირთ გადაწყვეტლების მიღება,  პროფესიის ძიებას დაუთმეთ დრო,  მთავარია იპოვოთ საქმე, რომელსაც სიყვარულით გააკეთებთ. რა თქმა უნდა,  მიიღეთ გარშემომყოფების რჩევები, მათი პირადი გამოცდილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თქვენ მიღეთ, რადგან სწორედ თქვენ უნდა ემსახუროთ ამ საქმეს.

  • არა მარტო პროფესიული, არამედ ზოგადად ადამიანის წარმატების მთავარი ფორმულა რა არის, თქვენი აზრით?

             შეუპოვრობა, მუდმივი განვითარების სურვილი და თავდაუზოგავი შრომა,          რომელსაც საპირწონედ აუცილებლად მოჰყვება  წარმატება.

დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებას!

მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები