პარასკევი, დეკემბერი 13, 2024
spot_img

დღეს ქართული თეატრის დღეა

 დღეს ქართული თეატრის დღეა,  თეატრალების პროფესიული დღის აღნიშვნა    1850 წლის 14 იანვარს, გიორგი ერისთავის თაოსნობით  სპექტაკლ გაყრა დადგმას უკავშირდება, რომელმაც ქართულ პროფესიულ თეატრს დაუდო საფუძველი.

იმ დროისთვის ერთადერთი წარმოდგენა, გიორგი ერისთავმა ქართული არისტროკრატიის მხარდაჭერითა და რუსეთის მეფისნაცვალ ვორონცოვის თანხმობით დადგა. პიესის ავტორი და რეჟისორი თავად გიორგი ერისთავი გახლდათ და სპექტაკლში ერთ –ერთი პერსონაჟის,  „სომეხი ვაჭრის“  როლს ასრულებდა.

1850 წელს ისტორიკოსები წერდნენ , რომ ქართულ  თეატრს ჩაეყარა საფუძველი,  რამაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და აღფრთოვანება გამოიწვია.

წლების განმავლობაში ქართული თეატრის აღმავლობა ორი დიდი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელებს უკავშირდება. მათ ქართულ თეატრში განსაკუთრებული ეპოქა შექმნეს, რომელიც სასცენო ხელოვნების განვითარების მიმართულებებსა და ტენდენციებს დღესაც განაპირობებს.

ბოლნისის თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში 1942 წლიდან ჩნდება და უკვე 81 წელია ხელოვნების ეს დარგი ქმნის თავისი მოღვაწეობის უნიკალურ ბიოგრაფიას. 

1942 წლის  25 თებერვალს,  ბოლნისის სცენისმოყვარულთა დასი მაყურებლის წინაშე წარსდგა პირველი სპექტაკლით– ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. აღნიშნულმა წამოწყებამ დასაბამი დაუდო  ბოლნისში ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებას. რომლის დამფუძნებლები იყვნენ ქართული თეატრალური ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები: სევერიან მიხელიძე და (მეუღლე) თამარ ხატელიშვილი.იმ დროინდელ დრამწრეში მოღვაწეობდნენ: ვახტანგ რეხვიაშვილი, ვლასი და გედევან ახვლედიანები, მიხეილ გაფრინდაშვილი, ვახტანგ კერესელიძე, პ.ლოლაძე, კოტე ჩალაძე, პელაგია ჟვანია, გრიშა ლაბაძე, ვახტანგ მიხელიძე, მიხეილ გაბიძაშვილი და სხვანი. სულ მალე დასს შეუერთდა მიხეილ მგალობლიშვილი, როგორც დრამწრის ხელმძღვანელი და  კულტურის სახლის დირექტორი(1944–50წ.),მისი ხელმძღვანელობის პერიოდში დრამწრემ პროფესიულ დონეს მიაღწია. ქართული თეატრის ბოლნისში დაფუძნებას განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოუცხადა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრმა, რომელმაც კონსულტანტის როლი იკისრა. ბოლნისის დრამწრის სპექტაკლებში მონაწილეობდნენ თბილისიდან მოწვეული სახელოვანი მსახიობები. 1952 წლიდან დრამწრეს სათავეში ჩაუდგნენ მიხეილ გაბიძაშვილი და ვახტანგ მიხელიძე. 1990 წლამდე ამ ორმა  ხელოვანმა ღირსეულად ატარა თეატრის ხელმძღვანელის საპატიო მისია. 1960 წელს სპექტაკლის ვ.კანდელაკის „ამაღლებული სოფელი“ (რეჟისორი:მ.გაბიძაშვილი), ჩვენების შემდეგ,სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით ბოლნისის თეატრს მიენიჭა სახალხო თეატრის საპატიო წოდება.ხოლო1960 წლის 8 მაისს მოხდა სახალხო თეატრის გახსნა სპექტაკლით ა.ცაგარელის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“(რეჟისორი მ.გაბიძაშვილი). 1967 წელს ქ.თბილისში კ.მარჯანიშვილის სახ.აკადემიური თეატრისა და მოსკოვის კრემლის თეატრის სცენებზე (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“–რეჟისორი – მიხეილ გაბიძაშვილი, კონსულტანტი– გრიგოლ კოსტავა),ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ თეატრმა პირველად მოიპოვა რესპუბლიკისა და საკავშირო ფესტივალების ლაურეატის წოდება, ოქროს მედალი და ფასიანი საჩუქრები.            

1952–1970 წლებში ნიჭიერი მსახიობები  დიდი სიყვარულით ქმნიდნენ, ბოლნისელი მაყურებლისთვის დაუვიწყარ თეატრალურ სახეებს. აღსანიშნავია სახალხო თეატრში დადგმული საეტაპო სპექტაკლები:  „ქართლის ჩირაღდნები“,  „ყვარყვარე თუთაბერი,“  „თავმჯდომარე ლურჯა ცხენზე.“  სპექტაკლების სიუხვით გამოირჩეოდა 1979–80 წლის სეზონი,როცა თეატრმა ოთხი სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს: „უსაშველო მაშვლები“, „მზე ნეკერჩხლის ტყეში“, „ღირსეული სასჯელი“,  „ნისლიანი დღეები“,

1980 წელს სახალხო თეატრთან დაარსდა ბავშვთა და მოზარდთა თეატრ–სტუდია მსახიობ იზო ნიავაძის ხელმძღვანელობით.

1985 წელს დაიდგა მთვარაძის „სახსოვარი“(რეჟ.ვ.მიხელიძე),სპექტაკლი და მსახიობი, საკავშირო ფესტივალის საპატიო წოდებით დაჯილდოვდა.

სპექტაკლის დასადგმელად 1988 წელს  მოწვეული იქნა რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე. ბოლნისის თეატრისთვის დაიწყო ახალი ეტაპი. იდგმებოდა არაჩვეულებრივი სპექტაკლები, ხოლო  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით დასს საშუალება ეძლეოდა, ბოლნისისა და საქართველოს სახელი, თავისი შემოქმედებით საზღვრებსგარეთ გაეტანა. 

1990–2000 წლეში თეატრს ბევრი ახალი მსახიობი შეუერთდა.

1996 წელს საქართველოს სახალხო თეატრების რესპუბლიკურ ფესტივალზე „გურჯაანი–96“ სპექტაკლი „მუსუსი“ საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ იქნა დასახელებული.

2001 წელს დაიგა  ა. გეწაძის“ორად გაყოფილი ცრემლი“(რეჟ.ზ.ხვედელიძე) რომელიც მიეძღვნა ბოლნისის თეატრის 40 წლისთავს.იუბილესთან დაკავშირებით ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ მსახიობები:ნუგზარ გაფრინდაშვილი,ნუგზარ ერისთავი, ედუარდ რეხვიაშვილი,ხოლო ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ ნუგზარ ჭითანავა და ვლადიმერ კენჭოშვილი. ზურაბ ხვედელიძე ბოლნისში მოღვაწეობდა 1988–2020 წლებში,მან ზემოთ ხსენებული სპექტაკლების გარდა თეატრში დადგა:გიორგი ერისთავის „გაყრა“,რაფიელ ერისთავის„ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინეს“,ბასა ჯანიკაშვილის „მშვიდობით თემურ“, „სულიკო“,ლაშა ბუღაძის „ნუგზარი და მეფისტოფელი“,ვახტანგ ანდიაშვილის „პენტერაფობია“,თამაზ მეტრეველის „სუპერქართველები“,დათო ტურაშვილის „ორი კუნძული შავ ზღვაში“,ნინო მირზიაშვილის „აივანი“, თამრი ფხაკაძის „გაფრენა“,ალექს ჩიღვინიძის „სიკვდილის დღის საჩუქარი“.

 წლების განმავლობაში  თეატრში მუშაობდნენ სხვადასხვა  რეჟისორები, ხოლო 2005 წლიდან თეატრში მოწვეული იქნა  ახალგაზრდა რეჟისორი ლაშა ნოზაძე,რომელმაც ბოლნისელების დიდი სიყვარული დაიმსახურა.მისი დადგმული სპექტაკლები და მასობრივი სანახაობები, დახვეწილი რეჟისორული გააზრებით და მხატვრული ხერხებით გამოირჩევა.მისი  ნამუშევრებია: „ზევით-ქვევით“, „ამაღლება“, „სხივათვე“ , „კრიტი“, „რომეო და ჯულიეტა“, „ბოვნისი, ეკატერინენფელდი, ლუქსემბურგი, ბოლნისი“, „ჰამლეტი“ ,, ცეკვა ვაჟაური’’ და სხვა . 2020 წლიდან კი  ბოლნისის თეატრს ხელმძღვანელობს დრამის რეჟისორი–მაგისტრი  ლაშა ნოზაძე.

 2022 წლის ზაფხულში ბოლნისის თეატრმა 80 წელის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა.

,,გაზეთი ბოლნისი’’ პროფესიულ  დღეს ულოცავს ბოლნისი მუნიციპალიტეტის თეატრს და მადლობას უხდის მსახიობსა და რეჟისორს იზოლდა ნიავაძეს  თეატრის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები