დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ განახლებაში, საძოვრების გაუმჯობესების მიზნით მოწყობილ საპილოტე საძოვარზე მინდვრის დღე მოეწყო, რომლის ფარგლებშიც განიხილეს საძოვრების დეგრადაციის გამომწვევი ფაქტორები და ნაყოფიერებისა და პროდუქტიულობისთვის გასატარებული ღონისძიებები.
,,საქართველოში, მთლიანი მიწების, დაახლოებით 25% და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 50%-ზე მეტს საძოვრები შეადგენს, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორი მართვა და გამოყენება, რადგან იგი წარმოადგენს იაფ საკვებ ბაზას მეცხოველეობისთვის. პროექტი, ეხმიანება მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნების მიღწევას, დეგრადირებული საძოვრების აღდგენით და მდგრადი მართვის გზით. დღევანდელ ღონისძიებაზე, ადგილობრივ ფერმერებს და სოფლის განვითარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს ვესაუბრეთ საძოვრების მდგრადი მართვის საკითხებზე,”-ამბობს პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ მენეჯერი ჯიმშერ კოშაძე.
აღნიშნული პროექტი 4 წელია ინტენსიურად მიმდინარეოს და წელს დასრულდება. საპილოტე საძოვრებად ყაზბეგის, დმანისის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები შეირჩა.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობაა, ამიტომ შემოსავლის წყაროც და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც, პირუტყვის პროდუქტიულობაზეა დამოკიდებული.
პროექტის ფარგლებში, საძოვრების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები გატარდა. მიმდინარეობს საძოვრების მართვის გეგმების შემუშავება. ასევე ხორციელდება დეგრადირებული საძოვრების აღდგენის ღონისძიებები. საძოვრების მდგრადი მართვის მეთოდების დანერგვის მიზნით, რეგულარულად ტარდება საძოვრებით მოსარგებლეთა ტრენინგები. საპილოტე მუნიციპალიტეტებში დაფუძნდა საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანება.
,,-მთელი სოფელი იღებს მონაწილეობას და ვახორციელებთ საძოვრის მოვლა-პატრონობას, ძალიან კმაყოფილები ვართ, შეძლებისდაგვარად ვუძღვებით. კაცები უფრო აქტიურობენ, შემოდგომით ავიღეთ ეს ელექტრო ღობე და გაზაფხულზე ისევ შემოღობვა დავიწყეთ. ამ ეტაპისთვის საძოვარი შემოღობილია, მოგვარდა საქონლისთვის სასმელი წყლის მიწოდების საკითხოც. ამ ტერიტორიაზე, დღეის მდგომარეობით 60 სული საქონელია,“-მარიამ ბუხტაშვილი, საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების ხელმძღვანელი.
საქართველოში არსებული ბუნებრივი საძოვრების დიდი ნაწილი გადაჭარბებული ძოვების გამო, დეგრადირებული და ეროზირებულია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საძოვრების პროდუქტიულობას. პროექტის ფარგლებში, სოფელ განახლებაში, 38 ჰექტარ საპილოტე საძოვარზე, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო ღობე მოეწყო, რომლის მეშვეობითაც ალტერნატიული ნაკვეთმონაცვლეობითი, ანუ კონტროლირებადი ძოვება დანერგეს, რაც საძოვრის მცირე ნაკვეთებად დაყოფას და სქემის მიხედვით, პირუტყვის თანმიმდევრულად, სხადასხვა ნაკვეთზე ძოვებას გულისხმობს.
გარდა ამისა, აღადგინეს არსებული კაპტაჟის ტიპის წყალმიმღები ნაგებობა და გაკეთდა პირუტყვის დასარწყულებლები. გამოიცვალა 750 მეტრი სიგრძის დაზიანებული მილსადენი და დასარწყულებელ ნავამდე მისასვლელ გზაზე არსებულ ხიდზე, რკინის მოაჯირები მოეწყო.
,,ჩვენ ვნერგავთ ნაკვეთმორიგეობის ძოვების სისტემას სოფელ განახლების სარგებლობის საძოვარზე, რომლის ძირითადი მიზანია გაუმჯობესდეს ადგილობრივი საძოვრის მდგომარეობა, შესაბამისად, გაუმჯობესდეს პირუტყვის პროდუქტიულობა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ძირითადი გამოწვევა არის, წლების განმავლობაში, არასწორი გამოყენების გამო საძოვრის დეგრადაცია, რამაც გამოიწვია საკვების შემცირება საქონლისთვის. პრობლემა არა მხოლოდ ამ სოფელში, მთელ ქვეყანაში დგას, ქვეყანაში ზოგადად საძოვრების სწორი მართვა არ ხდება. აქ ხდება იმ მეთოდების და მიდგომების პილოტირება, რომელიც შესაძლებელია, წარმატების შემთხვევაში გავრცელდეს სხვა რეგიონებშიც. ასეთი გამოცდილება არსებობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში,“- ანზორ გოგოთიძე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის საველე ექსპერტი საძოვრების აღდგენის პროექტში.
ადგილმდებარეობის და კლიმატის გათვალისწინებით, ჩრდილოვანი ადგილების შესაქმნელად, დაირგო ნერგები, თუმცა მანამდე დროებითი საჩრდილობლის მოწყობაც იგეგმება. აღნიშნულ ტერიტორიაზე, პირუტყვისთვის მუდმივად დევს მარილიც, ეს ყველაფერი კი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროდუქტიულობის გაზრდას.
,,მყავს საქონელი და ჩემს ინტერესებშიც შედის ამ პროექტის განხორციელება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ გარშემო ყველა მიწის ნაკვეთი გაიყიდა, სოფლის სარგებლობაში ძალიან ცოტა დარჩა, ამ პროექტმა კი, დროულად მოგვისწრო. პროექტის გათვალისწინებით, მონაცვლეობით, როცა ვაძოვებთ, გვეზოგება საძოვარი, მთელი ზაფხული საქონელი თითქმის მშიერი იყო, ახლა დანაწილებულია სქემის მიხედვით და ზაფხულის განმავლობაში, გვაქვს ბალახი ნორმალურად, მწყემსთან ფული არ გვეხარჯება. სოფელში ვართ 35-მდე კომლი და ყველა ჩართულია, აღნიშნულმა პროექტმა, ეკონომიკური მდგომარეობაც უნდა გაგვიუმჯობესოს და ფიზიკურიც შრომაც შეგვიმსუბუქოს, რადგან მწყემსის შოვნა საკმაოდ გაჭირდა. მოვიყვანთ საქონელს და შემოვუშვებთ, თანხასაც ვზოგავთ და ჩვენს შრომასაც. როდესაც საქონელი ასეთ პირობებშია, წველადობაც უკეთესია. კიდევ გვაქვს გეგმაში დამატებით საძოვრების შემომატება. ჩვენ ისეთი პირობები შეგვიქმნეს, პროექტის დასრულების შემდეგაც უნდა გავუმკლავდეთ, მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოგვივა,“-ეთერ გოგოჭური, სოფელ განახლების მკვიდრი.
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენელი და პროექტის მრჩეველი ანა რუხაძე, ამბობს რომ თავად პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, პროექტი მოიცავს საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ბაზის გაუმჯობესებას საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფცია და პოლიტიკა, დამუშავდა.
,,პროექტის მიზანია საძოვრების მდგრადი მართვის გზით, მიწის დეგრადაციის შემცირება და ნეიტრალური ბალანსის მიღწევა. პროექტი მოიცავს საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ბაზის გაუმჯობესებას, დამუშავდა საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფცია, პოლიტიკის დოკუმენტი, ამ დოკუმენტის საფუძველზე მუშავდება კანონპროექტი „საძოვრების მართვის შესახებ“. მეორე კომპონენტი უფრო მეტად არის პრაქტიკული, თუმცა მას აქვს თეორიული ნაწილიც, ეს არის მაგალითად, საძოვრების შეფასება. პროექტის დახმარებით შემუშავდა საძოვრების შეფასების მეთოდოლოგია და 3 საპილოტო მუნიციპალიტეტში დაიტესტა. საძოვრების შეფასების შედეგებით გამოვლინდა, ბოლო 20 წლის მანძილზე სად აღინიშნება საძოვრების გაუმჯობესების და დეგრადაციის ტენდენცია, სად კიდე შედარებით სტაბილურია პროცესები. მთელი ეს მონაცემთა ბაზა, თავისი რუკებით უკვე განთავსებულია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო პორტალზე,“- ანა რუხაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენელი, პროექტის მრჩეველი
პროექტი „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნების მიღწევა, დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). აღმასრულებელი ორგანიზაციაა, „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ (REC Caucasus). პროექტის პარტნიორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
ნონა ხუზმიაშვილი