ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
spot_img

გაიცანით თვითნასწავლი შემოქმედი ირმა მღვდელაძე, რომელიც ულამაზეს ნამუშევრებს ჰქმნის

ულამაზესი, გამორჩეულ ფერთა შეხამებით შექმნილი ხელნაკეთები, მოქსოვილი თოჯინები, ნაჭრის აქსესუარები, საახალწლო დეკორაციები, ანგელოზები, ხის ვარსკვლავები, ნაძვის ხის სათამაშოები, სათამაშო ბალერინები, მოქსოვილი ჩანთები, ნაქარგები, ყელსაბამები – ეს იმ ნამუშევრების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი ირმა მღვდელაძე ქმნის. ირმა ბოლნისში დაიბადა, სწავლობდა დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლაში, მე-9-ე კლასის დამთავრების შემდეგ, სწავლა თოიძის სამხატვრო პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელა. 2002 წელს კი ა.ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ისწავლა მოდელიორ-დიზაინერის განხრით. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

-ირმა, როდის აღმოაჩინეთ თქვენში ის უნარები, რამაც პროფესია აგარჩევინათ?-სიმართლე რომ გითხრათ, გატაცებული ვიყავი ქართული ქორეოგრაფიით, ცეკვას თავი რომ დავანებე, დავიწყე მოცეკვავეების ხატვა, რომლებსაც ეროვნულ ტანისამოსს ვაცმევდი. ვხატავდი პორტრეტებს და პეიზაჟებს. ეს ყველაფერი მეშვიდე კლასიდან დაიწყო და მას მერე მონაწილეობა მივიღე არაერთ გამოფენაში. მიღწეულმა წარმატებებმა და დიდმა მოწონებამ განაპირობა, თოიძის სასწავლებელში გამეღრმავებინა ცოდნა.

-ამბობთ, რომ ცეკვა ძალიან გიყვარდათ, რა მიზეზით წამოხვედით წრიდან?-7 წლის ვიყავი, როცა ანსამბლში „კიდევაც დაიზრდებიან“ შევდგი ფეხი. 5 წელი მისი აქტიური წევრი ვიყავი, ვმოგზაურობდით არაერთ ქვეყანაში, ვმონაწილეობდით ფესტივალებზე, მიღებული მაქვს პრიზი, დიპლომი. სამწუხაროდ, ანსამბლი დაიშალა.

– ქორეოგრაფიულ ანსამბლში მოღვაწეობას როგორ შეელიეთ?

-ძალიან დიდი გულისტკივილით, დღემდე მახსოვს ბავშვური ემოციები და სიყვარული ცეკვის მიმართ, ანსამბლის დაშლით გამოწვეული ტკივილი მინდოდა ხატვით გადმომეცა. დავიწყე ხატვა, ინტერესი უფრო და უფრო მიღრმავდებოდა, ფერთა შეხამება ძალიან მომწონდა.

-თქვენს შემოქმედებაში ქართული ცეკვისადმი დიდი ინტერესი და სიყვარული იკითხება.

-კი, ნამდვილად ასეა, ცეკვის შემდეგ ხატვა ჩემთვის მნიშვნელოვანი გახდა. მანამდე ფანქარიც კი არ მჭერია ხელში, ემოციებს და სიყვარულს ხატვით გადმოვცემდი და ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.

-ხატვის წრეზე ხომ არ დადიოდით?

-ხატვის პედაგოგთან არ მივლია, თვითნასწავლი ვიყავი, თოიძეში რომ ჩავაბარე, ბოლო წელს მომამზადა ჩემმა ლექტორმა და სწავლა სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელე.

-გარდა ხატვისა, ფლობთ სხვადასხვა უნარებს, ასევე ქსოვთ, ამის შესახებაც მომიყევით-ხატვით აღარ ვხატავ, ქსოვაში გადავიტანე ჩემი ემოცია, ვქმნი სხვადასხვა გმირებს. სადიპლომო ნამუშევარში შევქმენი ნაქსოვი ტანსაცმელი. თემა არჩეული მქონდა „ნიკორწმინდა“, ნაქსოვში ჩავრთე ტაძრის ორნამენტები, ფერები და ნიკორწმინდის ტაძარი. სასწავლებელშიც მასწავლიდნენ ქსოვას, ოღონდ მანქანაზე, მაგრამ დამთავრების შემდეგ, უმუშევრად დარჩენილმა, გადავწყვიტე შემექმნა აქსესუარები და ხალხისთვის მეჩვენებინა, 2012 წელს დავიწყე ქსოვა და ამის შემდეგ, წამოვიდა ზღვა იდეები.

– სოციალურ ქსელში თქვენს მიერ შექმნილ ნივთებს აქვეყნებთ, თავდაპირველად იყო სხვადასხვა ფერისა და დიზაინის ქუდები, საიდან გაჩნდა იდეა?

-ქუდების ქსოვა იმიტომ დავიწყე, რომ 3-4 წელი უმუშევარი ვიყავი, პერიოდულად ხატვის პედაგოგს ვცვლიდი სკოლაში, მაგრამ ეს დროებითი სამუშაო იყო, შემდეგ იყო პროფესიული სასწავლებელი, სადაც ერთი წელი ბიბლიოთეკარად და ღონისძიებების წამყვანად ვმუშაობდი, დაიხურა, დავრჩი უმუშევარი. უმუშევრობამ გადამაწყვეტინა შემექმნა განსხვავებული და გამორჩეული სტილის ქუდები. საიტს რაც შეეხება, მინდოდა მისი საშუალებით ენახათ ჩემი ნამუშევრები. რამაც გაამართლა, ბევრმა გამიცნო. -ანუ, საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქციე?

-დიახ, ვფიქრობდი საიტის საშუალებით ბევრი დაინტერესდებოდა და შეიძენდა ჩემს ნამუშევრებს. ვიღებდი შეკვეთებს და ვყიდდი. ქუდებთან ერთად შევქმენი სხვადასხვა საქორწილო აქსესუარი. საქორწილო თაიგულები, რომლის თითოეულ ყვავილს ჩემი ხელით ვქმნი. აბადოკები, ფაჩუჩები, პატარა ჩანთები, საახალწლო აქსესუარები, სადღესასწაულო ნივთები, დეკორატიული განათებები და ბოლოს, სათამაშოები.

-ყველაზე მეტად რისი გაკეთება გსიამოვნებთ?

-მიყვარს და მომწონს ჩემი საქმიანობა, დიდ სიამოვნებას მანიჭებს ქსოვა და სხვადასხვა ნივთების აწყობა.-ხომ არ აპირებთ საქმიანობის გაფართოებას?

-გაფართოებას რაც შეეხება, მინდა მრავალფეროვანი გავხადო, რომ მომხმარებელმა, ჩემი ნამუშევრების მიმართ ინტერესი არ დაკარგოს. მოწონება დიდია, მაგრამ საფასური ეძვირებათ. განსაკუთრებით, ამ პანდემიის ფონზე ძალიან გაჭირდა ცხოვრება.

-ირმა, ხომ არ გიფიქრიათ გაგეხსნათ წრე, სადაც შეძლებდით მოსწავლეების მიღებას?

-ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ არ მაქვს საშუალება, რომ გავხსნა რამე და მივიღო ბავშვები. მოთხოვნები წამოვიდა წლების წინ, მაგრამ პირობების გამო, უარი ვთქვი.-ირმა, სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით.

-არ ვიცი, ცხოვრება როგორ წავა, გეგმები და იდეები ბევრია, ყველაფერს ფინანსები სჭირდება, რაც, სამწუხაროდ, არ მაქვს. მაგრამ ადრე თუ გვიან, მჯერა მიზანს მივაღწევ, ღვთის წყალობით.

მომიყევით თქვენს ოჯახზე და მის როლზე თქვენს წარმატებაში, რომ არა მათი მხარდაჭერა, როგორ ფიქრობთ, იქნებოდით ის, ვინც ხართ?

-მყავს მეუღლე და 2 ვაჟკაცი, რომლებსაც ძალიან მოსწონთ ჩემი საქმე და ცდილობენ, რომ რამე შეისწავლონ ჩემგან, უფროს ვაჟს აინტერესებს ხატვა და ძერწვა. ბევრ რამეს ვქმნით ერთად. ოჯახმა დიდი როლი ითამაშა ჩემ სფერში, რომ არა მათი მხარდაჭერა ამდენს ალბათ ვერ მივაღწევდი, ან თუ მივაღწევდი, ძალიან გვიან. მიყვარს ჩემი ხელოვნება და დიდი სიყვარული გამაჩნია მის მიმართ.

-რას ეტყოდით მომავალ თაობას და ჩვენი გაზეთის მკითხველს?

-მომავალ თაობას ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ, იბრძოლონ და ადრე თუ გვიან, გაუმართლებთ. უღრმეს მადლობას გიხდით „გაზეთ ბოლნისის“ რედაქციას დაინტერესებისთვის. მადლობა პირადად შენ ყველაფრისთვის, თქვენს გაზეთს კი წინსვლას და ბევრ მკითხველს ვუსურვებ.

-მადლობა საინტერესო საუბრისთვის, გისურვებთ წარმატებებს.

ნონა ხუზმიაშვილი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები