
ძველი ქართული ტექნოლოგიით დამზადებული ქვევრის ბოლნისურ ღვინოებს უდიდესი და უძველესი ისტორია აქვს, რომელიც არაერთხელ მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში. დღეს ბოლნისში 30-მდე საოჯახო მარანია. ძირითადად გვხვდება ძველი აღდგენილი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები, როგორიცაა: საფერავი, რქაწითელი, თავკვერი, გორული მწვანე და სხვა. ქვევრის ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია და დიდი წარსული აქვს, თუმცა ბოლო ათწლეულებია, ბოლნისური ვაზის სიკეთეზე აღარავინ საუბრობდა, სოფლის მეურნეობის ერთ დროს წარმატებული დარგი, თითქოს მივიწყებას მიეცა. დაიკარგა აქცენტი ხარისხზე, ბოლნისი ამ კუთხით ჩრდილში აღმოჩნდა და ბევრმა ადგილობრივმა ვაზის მოვლა შეწყვიტა, თუმცა რამდენიმე წელია, განსაკუთრებული გემოვნური თვისებების ბოლნისური ღვინო, წარმატებული და მაღალი დონის ქართული ღვინის მარათონს უბრუნდება და მასზე მოთხოვნა იზრდება. ძველ ტრადიციებზე დაყრდნობით, ბოლნისში მზადდება და ისხმევა ორიგინალური, არომატული თვისებების მქონე, მაღალხარისხიანი ღვინოები. ამჯერად, ბოლნური ღვინოებით, უმსხვილესი კომპანია „თელიანი ველი“ დაინტერესდა და იშვიათი, რჩეული ღვინოები ერთი ბრენდის – „ღვინის ხალხის“ ქვეშ გააერთიანა. პირველ კოლექციაში, ბოლნისში, მცირე მარნებში ჩამოსხმული სხვადასხვა სახეობის ღვინოებს მოუყარეს თავი. თითოეულს გამორჩეული ისტორია აქვს, რომელიც ბოთლის ეტიკეტზეა დატანილი. პროექტის მიზანია, ბოლნური ღვინოები, საქართველომ და მსოფლიომ გაიცნოს. რა ღვინოები შედის ახალ კოლექციაში, რა არის პროექტის მიზანი და როგორ შეარჩია კომპანიამ ბოლნური ღვინოები? – ამის შესახებ გაზეთ ,,ბოლნისს’’ კომპანიის პროექტების მენეჯერი თიკო ჩიქვანია ესაუბრა.
-„ღვინის ხალხის“ პირველი კოლექციისთვის ბოლნური ღვინოები შევარჩიეთ, თითოეული ბოთლი გვაცნობს მეღვინეს და გვიყვება მის უნიკალურ ისტორიას. კოლექცია ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა და განკუთვნილია ღვინის მოყვარულებისთვის. ბოლნისელი მეღვინეები ნამდვილად გამორჩეულ და საინტერესო ღვინოებს აწარმოებენ, რომლის შესახებაც, ნაკლებად იციან საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. „თელიანი ველი“ კომპანიის ყველა რესურსს გამოიყენებს, რომ ეს ღვინო და მეღვინეები, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს.

–როგორ შეირჩა ბოლნური ღვინოები და კონკრეტულად რომელი სახეობა შედის პირველ კოლექციაში?
-„თელიანი ველის“ გუნდმა ბოლნისში, დაათვალიერა ადგილობრივი ვენახები და გაეცნო თითოეულის ისტორიას. შევარჩიეთ ღვინოები, რომლებმაც ხარისხის კონტროლი გაიარა. კოლექციაში შევიდა 7 მეღვინის ათი სხვადასხვა ჯიშის ღვინო.
–რა არის პროექტის მიზანი?
-საქართველოში ძალიან ბევრი საინტერესო მეღვინეა. ისინი მცირე მარნებში, იშვიათი ჯიშის, გამორჩეულ პროდუქციას აწარმოებენ. იზრდება ინტერესი ქართული ღვინის მიმართ, ამიტომ გვინდა მსოფლიომ გაიცნოს მეღვინეები და მათი გამორჩეული, იშვიათი ჯიშის ღვინოები. რაც შეეხება ექსპორტს, ერთიანი ძალებით შევძლებთ, მსოფლიოს ქართული ღვინოები წარვუდგინოთ. „თელიანი ველი“ ძალიან ბევრ ქვეყანაშია წარმოდგენილი და გვაქვს საშუალება, ჩვენს პარტნიორებს და ღვინის მოყვარულებს „ღვინის ხალხი“ გავაცნოთ, მივცეთ საშუალება დააგემოვნონ და შეაფასონ იშვიათი და მართლაც გამორჩეული, მცირე მარნების ღვინოები. მნიშვნელოვანი იქნება თავად მეღვინეების წარდგენა. გვინდა ყველა ამ სექტორში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლებმა, ღვინის მოყვარულებმა, თუ ენთუზიასტებმა, გაიცნონ ჩვენი მეღვინეები და მათ მარნებში დამზადებული ღვინოები, სამომავლოდ კი ითანამშრომლონ მათთან. „ღვინის ხალხი“ წელიწადში რამდენიმე კოლექციას წარმოადგენს, რომლისთვისაც ღვინოებს სხვადასხვა ნიშნით შეარჩევს. მაგალითად, როგორიცაა ადგილწარმოშობის დასახელება, ქალი მეღვინეები, სხვადასხვა კუთხის მარნები და ვაზის ძველი ქართული ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები. კომპანიის ინიციატივით, მეღვინეებისა და მცირე მარნების მფლობელებისთვის, მოეწყობა უცხოელ სპეციალისტებთან შეხვედრები, ცოდნის გაზიარება და ამაღლება. ბოლნისელ მეღვინეებს პროექტი საშუალებას აძლევს, საკუთარი პროდუქცია, თუკი გემოვნურ თვისებებთან ერთად, ხარისხსაც დააკმაყოფილებს, შემდეგ კატალოგშიც მოხვდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლნისელი მეღვინეების ინიციატივით და სახელმწიფოს მხარდაჭერით, ბოლნისი ადგილწარმოშობის დასახელებად დარეგისტრირდა. შვიდი მეღვინის, ათ ბოლნისურ ღვინოს, მსოფლიო „თელიანი ველის“ დახმარებით გაიცნობს. ჩამონათვალი კი ასეთია:
ალიოშა კაპანაძე, „რქაწითელი“, 2017 და 2018 წლის მოსავალი, – ღვინის დამზადება ოჯახის ტრადიციაა, რომელსაც პროფესიით ინჟინერი, შვილებთან ერთად აგრძელებს.
ნიკა ჩოჩიშვილის, „ჩინებული“ – პროფესიით სამხედრო ლოჯისტი, ღვინის დაყენება მეგობართან, გიორგი ჩერქეზიშვილთან ერთად დაიწყო და საკუთარი ვენახებიც გააშენეს.
ლევან ბანძელაძე, „რქაწითელი“ და ასურეთული ,,შალა“ – 37 წლის აუდიტი, ღვინის დამზადება 18 წლის ასაკში დაიწყო და დროთა განმავლობაში გატაცება პროფესიად აქცია.
ავთანდილ უგრეხელიძე, „რქაწითელი“ – 35 წლის ექიმი, მეღვინეების ოჯახიდანაა, 2015 წლიდან დაიწყო ქვევრის ღვინის დაყენება და იშვიათი ჯიშის ყურძნის ვენახების გაშენება.
გოჩა ლიპარტელიანი, „ასურეთული შავი“ – პროფესიით ეკონომისტი, ღვინოს საკუთარ ვენახში მოწეული ყურძნისგან ამზადებს, რომელიც ბოლნისის სოფელ კიანეთში აქვს გაშენებული.
ვახტანგ ჩაგელიშვილი, „თავკვერი“ – 38 წლის ინჟინერ-ეკოლოგისტი ოჯახის ტრადიციას აგრძელებს და ტრადიციული მეთოდით ღვინოს ქვევრში ამზადებს.
გია დევნოზაშვილი, „საფერავი“ – პროფესიით იურისტი, ღვინოს საკუთარ 14 ქვევრიან მარანში აყენებს და ოჯახთან ერთად ზრუნავს მეღვინეობის ზრდასა და განვითარებაზე.
მამა მაკარიძე, „საფერავი“ – სამონასტრო მსახურებასთან ერთად 30 წლის მამა მაკარი, ღვინოს ტრადიციული მეთოდით, ქვევრში ამზადებს და ქართული იშვიათი ყურძნის ჯიშები მოჰყავს.
მალე ბოლნურ ღვინოებს, როგორც საქართველო, ისე მსოფლიო გაიცნობს.
გია დევნოზაშვილი, მეღვინე:
-მცირე მარნებისთვის ძნელია საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, აღნიშნული დაკავშირებულია დიდ დროსთან და ფინანსებთან. „თელიანი ველის“ პროექტი, გარდა ფინანსური სარგებლისა, გვეხმარება ჩვენი ბრენდის „დევნოს“ ცნობადობის გაზრდაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. აღნიშნული თანამშრომლობა ძალიან სასარგებლოა და, ალბათ, სხვა დიდი კომპანიებიც მიბაძავენ.
ლევან ბანძელაძე, მეღვინე:
-ჩვენნაირი პატარა მარნებისთვის დიდ კომპანიასთან თანამშრომლობა მისასალმებელია, პირველ რიგში ფინანსურად ხარ უზრუნველყოფილი, რადგან იცი, რომ შენი ღვინო გაიყიდება და არ ფიქრობ ბაზრის მოძიებას, როცა ასეთი პარტნიორი გყავს მეტად მოტივირებული ხარ, თამამად გეგმავ მომავალ წელს და ღვინის წარმოებას ზრდი შესაბამისად, რაც შეეხება ჩემს მარანს, მაქვს წინაპრების დანატოვარი გერმანული სარდაფი, , წარმოებაში 2014 წლიდან ჩავერთე, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა კი სამი წლის წინ დავიწყე, „ MARBANO“ ამ სახელით იწარმოება – ჩემი შვილის სახელი და გვარი მარიამ ბანძელაძე. 2017 წელს მონაწილეობა მივიღე ფესტივალ „ექსპოჯორჯიაში“, ყურძნის მარცვალმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მოპოვებული მაქვს ოქროს და ვერცხლის მედლები. საქართველოს ბაზარზე იყიდება ღვინო, გავიდა ექსპორტზეც ამერიკასა და ბრიტანეთში.
მაგდა დევნოზაშვილი