მრავალი წელი პედაგოგიურ მოღვაწეობაში, ბავშვების აღზრდა-განვითარებასა და მათდამი სიყვარულში გაატარა. ჰუმანური, სამართლიანი, საქმის პროფესიონალი. მოგითხრობთ პედაგოგზე, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ყოველთვის პირნათლად ასრულებდა. მედეა ცინცაძემ უამრავი თაობა აღზარდა. დამსახურებულ მასწავლებელს საზოგადოება აფასებს. აქვს უამრავი ჯილდო თუ სიგელი. ბოლნისს ახსოვს და უყვარს, სწორედ ამის დასტურია საპატიო მოქალაქის წოდება, რომელიც სახალხო დღესასწაულზე „ბოლნისქალაქობა 2022“ მიენიჭა.
„ბოლნისის საპატიო მოქალაქეობა დიდი პატივია, შრომის, ცხოვრების წესის, შენი ადამიანობის დაფასებაა, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს სიხარული მომანიჭა, როგორც მითხრეს, ბატონმა კობა ჟღენტმა წარმადგინა ამ ჯილდოზე, სიმართლე გითხრათ, მასთან პირადი შეხება არ მქონია, არც მისთვის და არც მისი შვილებისთვის არ მისწავლებია, მაგრამ ბოლნისი პატარაა, აქ ყველა ყველას იცნობს, ვფიქრობ, ამ წოდების მატარებელი უნდა იყოს კარგი ადამიანი, საქმის კეთილსინდისიერად შემსრულებელი, ერთგული, მოყვარული და პროფესიონალი.“
მედეა ცინცაძე 1935 წელს ჩოხატაურში დაიბადა, სადაც მშვიდ, მშრომელ ოჯახში, სიყვარულით იზრდებოდა. 1941 წელს, როდესაც ექვსი წლის იყო, ომი დაიწყო. მამა ომში წავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა, როგორც ქალბატონი მედეა გვიამბობს, მამა საუკეთესო ლოტბარი იყო, გადმოცემით იცის, რომ ომში, მღეროდა ხოლმე, ამიტომ მას ბულბული შეარქვეს. დედა კი მშრომელი ადამიანი იყო, რომელიც შვილების კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებდა.
„სამივე დედმამიშვილმა სკოლა ოქროს მედალზე და უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრეთ, პროფესიით ფიზიკოსი ვარ. გონებრივი შესაძლებლობები ხელს მიწყობდა ფიზიკა საფუძვლიანად შემესწავლა. რაც შეეხება ოჯახს, მე და ჩემი მეუღლე, ჰამლეტ გურგენიძე კლასელები ვიყავით, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავქორწინდით, განაწილებით მოვხვდი ჯერ თეთრიწყაროში, შემდეგ ბოლნისში, მყავს ოთხი გოგო, რვა შვილიშვილი და შვიდი შვილთაშვილი.“
ოთხი შვილის დედა, მეუღლესთან ერთად, ერთმანეთს უთავსებდა შვილების აღზრდას და უდიდეს პასუხისმგებლობას – პედაგოგობას, ოჯახური ბედნიერება მას დაეხმარა გამხდარიყო საუკეთესო მასწავლებელი. ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პირველ საშუალო სკოლაში, 55 წელი იმუშავა, შემდეგ იყო №3 საშუალო სკოლა, სადაც დირექტორის მოადგილედ დასაქმდა, სასწავლო-საორგანიზაციო განხრით.
„მასწავლებელი უნდა იყოს პროფესიონალი, უყვარდეს შრომა, რთულია პედაგოგობა, ეს უნდა გქონდეს გათვითცნობიერებული, მუშაობდე საკუთარ თავზე, აუცილებლად უნდა იყო მომთხოვნი, სამართლიანი, დამოუკიდებელი, ნეიტრალური, მიუკერძოებელი, ჰუმანური, ასწავლიდე ბავშვებს ურთიერთობას, ერთმანეთის გატანას, დაცვას. მთავარია კარგი ადამიანი აღზარდო, თორემ ფიზიკა რთულია და ბუნებრივია, ყველა ვერ ისწავლის, ჩემი ძირითადი მიმართულებაც ეს იყო.“
დღემდე ცდილობს მეტი ინფორმაცია მიიღოს, ეცნობა ლიტერატურას, პრესას, უყურებს ახალ ამბებს. ამბობს, რომ თაობა და ზოგადად, ცხოვრება ძალიან შეიცვალა. „ცხოვრება ხანმოკლეა, 40 წლის შემდეგ დრო სწრაფად გარბის, მთავარია ეს გზა მეტ-ნაკლებად მშვიდად, წყნარად, კონფლიქტების გარეშე განვლო, ვფიქრობ ეს შევძელი, მიხარია ყოფილი მოსწავლეების შეხვედრა და მათდამი ჩემი სიყვარული, მეფერებიან, თბილად მხვდებიან, მეუბნებიან, რომ სამართლიანი მასწავლებელი ვიყავი, ვაფასებდი ცოდნას. დღევანდელ პედაგოგებს მინდა ვურჩიო, ბევრი იმუშაონ საკუთარ თავზე, უყვარდეთ ბავშვები, იყვნენ სამართლიანები. ბავშვებს კი ვეტყვი, ისწავლეთ, იკითხეთ ბევრი, გახდით პროფესიონალები, თქვენი ტვინი ღრუბელივითაა, ყველაფერს იწოვს და იმახსოვრებს, ქვეყანაში კი ვისურვებდი მშვიდობას, არ მომწონს ამდენი შუღლი, დაპირისპირება“.
მედეა მასწავლებელი უკვე 87 წლისაა. ფიქრობს, რომ მისია შეასრულა, გზა, რომელიც გაიარა, დიდია, თუმცა ისე განვლო, უკან მოხედვის არ რცხვენია. გაზეთი „ბოლნისი“ მადლობას უხდის მას საინტერესო საუბრისთვის და დიდხანს, ჯანმრთელად ყოფნას უსურვებს.
მაგდა დევნოზაშვილი