დიდი ისტორია ერთ დღეში არ იწერება. იგი იქმნება თაობების შრომით, გამარჯვებებით, იმედგაცრუებებითა და იმ ურყევი სიყვარულით, რომელსაც გულშემატკივარი საკუთარ გუნდს უძღვნის. ასე დაიწერა საფეხბურთო კლუბ ,,სიონის“ 90-წლიანი გზა ბოლნისის ისტორიაში. 26 თებერვალს ეს დიდი ისტორია კიდევ ერთხელ გაცოცხლდა. კლუბმა ოფიციალური ღონისძიება გამართა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. 90-წლიანი ისტორიის მქონე კლუბისთვის ეს ღონისძიება მხოლოდ იუბილე არ ყოფილა — ეს იყო ახალი ეტაპის დასაწყისი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც სპორტული, ისე სტრატეგიული განვითარების მიმართულებით.
საფეხბურთო კლუბმა საზოგადოებას გუნდის ახალწვეულები წარუდგინა და ოფიციალურად გააფორმა თანამშრომლობა კომპანია RMG-სთან, რომელიც კლუბის გენერალური სპონსორი გახდა. ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენელს „სიონის“ სიმბოლური საჩუქარი გადაეცა, როგორც პარტნიორობის ოფიციალური დასაწყისი. კლუბმა, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და სამახსოვრო მაისური გადასცა, ქალაქისა და კლუბის ერთობლივი გზის სიმბოლოდ.
კლუბი „სიონი“ იუბილეს დიდი მიზნებით და შემართებით ხვდება და მალე, საკუთარ გულშემატკივართან ადგილზე შეძლებს თამაშების ჩატარებას, ბოლნისში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი, ახალი სტადიონი აშენდება.




