ხანდახან ცხოვრება გვასწავლის, რომ უდიდესი მოგზაურობები ერთი პატარა ნაბიჯით იწყება. ეს ინტერვიუ გვიყვება ქართველი მოსწავლის, ნინი მოსეშვილის, ისტორიას, რომელმაც გაბედა ეს ნაბიჯი გადაედგა და FLEX პროგრამაში მიეღო მონაწილეობა. მისი გზა – დაწყებული პატარა დაბიდან, გაგრძელებული ამერიკის შეერთებულ შტატებში – სავსეა გამოწვევებით, მოულოდნელი აღმოჩენებითა და პირადი ზრდით. ეს არ არის მხოლოდ აკადემიური წარმატების ისტორია, არამედ ამბავია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი თავი და საკუთარი შესაძლებლობები ახლებურად აღმოაჩინოს. ნინი გულწრფელად გვიზიარებს თავის ფიქრებს, განცდებსა და მოლოდინებს, გვაჩვენებს რა მნიშვნელოვანია რწმენა საკუთარი თავის მიმართ და როგორ შეიძლება, ერთმა გამოცდილებამ მთელი ცხოვრება შეცვალოს.
-მოგესალმებით, გილოცავთ ამერიკული თავგადასავლისაკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯს. რამ გიბიძგათ, რომ მიგეღოთ მონაწილეობა FLEX-ის კონკურსში ?
-მოგესალმებით, დიდი მადლობა მოლოცვისთვის. გაცვლითი პროგრამა FLEX-ის შესახებ ჩემი დის დახმარებით დაწყებით კლასებში შევიტყვე, რაც, რა თქმა უნდა, შემდგომ ბავშვობის ოცნებად იქცა. პატარა ასაკიდანვე ვხედავდი როგორ ცდილობდნენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღებას და გამარჯვებას. გამარჯვებული ახალგაზრდების საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მათ მიერ გაზიარებული გამოცდილება უფრო და უფრო მიმაღლებდა ამ პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. გარდა ამისა, როცა წარმოიდგენ, რომ ამერიკაში ცხოვრობ და იმ ყველაფერს ნახულობ რეალურად, უფრო მეტად გეძლევა მოტივაციაცა და სურვილიც. პატარა დაბაში ვცხოვრობ, თუმცა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფლექს პროგრამის ყველაზე მეტი გამარჯვებული სწორედ ჩემი დაბიდან, კაზრეთიდანაა და ეს რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამ ფაქტმაც განაპირობა ჩემი დაინტერესება ამ პროგრამის მიმართ. ყოველ წელს გვყავს ასევე პროგრამის ნახევარფინალისტებიც. 2024 წელს 2 გამარჯვებული ვართ დაბიდან, თანაც ერთი სკოლიდან, რაც ჯერ აქამდე არ მომხდარა და ვთვლი, რომ ეს შემთხვევა იშვიათი და საამაყოა.
-როგორ მოემზადეთ FLEX პროგრამისთვის და განაცხადის პროცესისთვის?
– FLEX პროგრამისთვის მომზადების “ფორმულა” არ არსებობს და შესაბამისად, რაიმე კონკრეტული მომზადების მეთოდი არ მქონია. ვცდილობდი, რომ ინგლისური ენის ცოდნა და სხვადასხვა უნარი გამეუმჯობესებინა, რის გამოც წლების მანძილზე უამრავ პროექტსა თუ კონკურსში ჩავერთე და უდიდესი გამოცდილება მივიღე. ვფიქრობ, სწორედ ეს გამოცდილება დამეხმარა ჩემი ლიდერული უნარ-ჩვევების აღმოჩენაში.
-როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა წარმატება მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამა FLEX-ში და, რატომ შეგარჩიეს თქვენ?
– ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, რადგან მონაწილეებმა არ ვიცით რა კრიტერიუმების მიხედვით შეგვარჩიეს. თუმცა, ვფიქრობ, წარმატების მიღწევაში მონდომება და მიზანდასახულობა დამეხმარა, რადგან მაქსიმალურად ვეცადე პროგრამის ყველა ეტაპზე ჩემი თავის საუკეთესო ვერსია წარმომეჩინა და მიუხედავად იმისა, რომ წინა წელს ნახევარფინალშიც ვერ გადავედი, იმედი არ დამიკარგავს.
-თქვენი აზრით, რა არის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს აკადემიურ წარმატებას და როგორ იყენებთ ამ ფაქტორებს სწავლაში?
-ხელისშემწყობი ფაქტორები აკადემიური წარმატებისთვის ძალიან ბევრი შეიძლება იყოს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და ადამიანზეა დამოკიდებული როგორ გამოიყენებს, ან აღიქვამს მათ. ჩემი აზრით, მონდომება, მიზანდასახულობა და სიახლეებისკენ სწრაფვა, ამ ფაქტორებს მიეკუთვნება, რადგან მათ გარეშე წარმოუდგენელი მგონია წარმატების მიღწევა. ამ ყველაფერთან ერთად, ის გარემო, სოციუმი, სადაც ცხოვრობ და დროის ძირითად ნაწილს ატარებ, უმნიშვნელოვანესია, რადგან რომ არა ოჯახის წევრების, მეგობრებისა და მასწავლებლების მხრიდან მხარდაჭერა, ალბათ ბევრი რამ ახლა ისე არ იქნებოდა, როგორც არის. სწავლის დროსაც ვცდილობ, დრო სწორად გავანაწილო და რაც მთავარია, ეფექტურად ვისწავლო, რომ მიღებული ცოდნა დიდი ხნის განმავლობაში გამყვეს.
-გქონიათ წარსულში რაიმე მნიშვნელოვანი აკადემიური, სწავლასთან დაკავშირებული, გამოწვევა და როგორ გადალახეთ ისინი?
-სწავლასთან დაკავშირებულ გამოწვევებს გარკვეული დროის განმავლობაში ალბათ ყველა ადამიანი აწყდება. რაიმე კონკრეტული გამოწვევა ან სირთულე არ მქონია, თუმცა მახსენდება ის დრო, როცა იმდენად დაკავებული ვიყავი არაფორმალური განათლებითა და პროექტებში მონაწილეობის მიღებით, რომ ხანდახან სკოლის საგნებისთვის დრო აღარ მრჩებოდა. გამოსავალი კი დროის სწორად გადანაწილებაში მოვძებნე. ვცდილობდი, ფორმალური და არაფორმალური განათლებაც თანაბრად მიმეღო. რთულია, როცა ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება გიწევს და ბევრი პასუხისმგებლობა გაკისრია, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი მაინც ამ ყველაფრისთვის ფსიქოლოგიური მომზადებაა.
-როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდება ამერიკაში სწავლა საქართველოში სწავლისგან?
-ამერიკული სკოლა ქართულ სკოლასთან შედარებით სრულიად განსხვავებულია. პირველ რიგში, სკოლის გარემო და ინფრასტრუქტურა რა თქმა უნდა, შედარებით მაღალ საფეხურზე დგას. აქ განსხვავებული სწავლის მეთოდები და მიდგომებია, როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების მხრიდან. ყოველი დღე, საქართველოსთან შედარებით, ადრე იწყება, რადგან 7 საათზე უკვე სკოლაში ვარ. სკოლაში საუზმე და სადილი უფასოა. ასევე, აქ ვერსად ნახავთ ჩვეულებრივ დაფას და ცარცს, რადგან კლასებში დაფების მაგივრად დიდ ეკრანებს ვიყენებთ, რასაც უამრავი სხვადასხვა ფუნქცია აქვს. ასევე დაფასთან გასვლა თითქმის არ გვიწევს, რადგან პატარა ლეპტოპები (ე.წ ბუკები) გვაქვს და თითქმის ყველა საგანში მათ ვიყენებთ ტესტების და დავალებების დასაწერად. საერთოდ ყველაფერში იგრძნობა განსხვავება.
-არის რაიმე კონკრეტული საგანი/მიმართულება, რომლის გავლაც გსურთ ამერიკაში?
-ამერიკული სკოლის შესახებ ძირითადად ფილმებიდან მქონდა წარმოდგენა შექმნილი და(მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა არ გამომდის) ყოველთვის მინდოდა სიმღერის გუნდში(Choir) გაწევრიანება და კონცერტებში/მიუზიკლებში მონაწილეობის მიღება. ეს ოცნებაც ავიხდინე და სიმღერის გუნდში გავწევრიანდი. გარდა ამისა, ფსიქოლოგია ერთ-ერთი პოპულარული საგანია ამერიკაში და მეც გარკვეული ინტერესი მქონდა ამ საგნის მიმართ, ამიტომაც გადავწყვიტე მისი არჩევა.
-როგორ გეგმავთ ამერიკაში სწავლის დროს, თქვენი დროის მაქსიმალურად გამოყენებას, როგორც აკადემიურ, ასევე თავისუფალ დროს?
– მინდა, რომ ეს ერთი წელი რაც შეიძლება პროდუქტიულად და ამავდროულად ხალისიანად გავატარო. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მაქვს, რადგან ჩემი საოცნებო ცხოვრებით ვცხოვრობ. ვფიქრობ, ბალანსი ცხოვრების ყველა ეტაპზე საჭიროა, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიიღო ყველაფრისგან და ამიტომაც, დროის სწორი გადანაწილებით, სწავლაც შეიძლება და გართობაც. გარდა ამისა, ტელეფონს და სოციალურ ქსელებს შედარებით ნაკლებად ვიყენებ, რადგან არც ბევრი დრო მაქვს მათთვის და თან ვცდილობ, უფრო მეტი დრო ახალი ადამიანების გაცნობასა და მათთან დროის გატარებას დავუთმო.
-როგორ აბალანსებთ აკადემიურ პასუხისმგებლობებს სხვა აქტივობებთან და ინტერესებთან და რა სტრატეგიებს იყენებთ დროის ეფექტურად მართვისთვის?
-აკადემიური პასუხისმგებლობებისა და სხვა აქტივობების დაბალანსება, რა თქმა უნდა, იოლი არაა, რადგან საკმაოდ ძლიერი ნებისყოფა უნდა გქონდეს, რომ ყოველთვის ყველაფერი წესრიგში მოიყვანო. როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, მაშინვე ვცდილობ სკოლის საგნებს მივხედო, იმიტომ რომ მირჩევნია დღის პირველ ნახევარში ვიმეცადინო, თუმცა ხანდახან მეცადინეობა ღამით მიწევს, რადგან აქ სკოლის გარდა სპორტითაც ვარ დაკავებული. სწავლისთვის კონკრეტული განრიგი, რუტინა ან სტრატეგია არ მაქვს, მაგრამ ალბათ პასუხისმგებლობის გრძნობა მეხმარება ყველაფერში. გარდა სწავლისა, აქ მოხალისეობითაც ვარ დაკავებული და კვირაში რამდენიმე საათს მოხალისეობასაც ვუთმობ. ვფიქრობ, მთავარია ადამიანმა სწავლისთვის კომფორტულ გზას მიაგნოს, რომელიც ინდივიდუალურია. სწავლა არ უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ დამღლელ საქმიანობასთან, რადგან სწავლისგან სულ ცოტა სიამოვნებას მაინც უნდა იღებდე. სულ რომ არ მაინტერესებდეს საგანი, დროს მაინც ვუთმობ, რადგან აკადემიური წარმატება ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
-რა რჩევას მისცემდით სხვა სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროგრამებში, ან ზოგადად მიაღწიონ აკადემიურ წარმატებას?
-მსგავსი პროგრამებით და პროექტებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვურჩევდი, რაც შეიძლება მეტ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში ჩაერთონ, რათა გამოცდილება მიიღონ. ყველაზე მეტად ბანაკებიდან, კონკურსებიდან, პროექტებიდან და მოხალისეობრივი საქმიანობებიდან მიღებული გამოცდილება დამეხმარა ჩემი ლიდერული უნარ-ჩვევების აღმოჩენაში. არაფორმალური განათლება ეხმარება ადამიანს, როგორც პიროვნულ, ასევე აკადემიურ განვითარებაში. ვურჩევდი, რომ არ შეუშინდნენ გამოწვევებს და ყოველთვის იყვნენ რაიმე ახლის ძიებაში. პიროვნული განვითარების გარდა, საკუთარი თემის განვითარებაშიც ვიყავი ჩართული, რაც სხვანაირ სიამოვნებას მანიჭებდა. ზოგჯერ, როცა რომელიმე პროექტში მონაწილედ არ გირჩევენ, ფიქრობ საკმარისად კარგი არ ხარ და შემდეგ სურვილი გიქრება, რომ სხვა დროსაც სცადო იგივე. მეც მქონდა მსგავსი შინაგანი ფიქრები, რადგან, რა თქმა უნდა, ყველა პროექტში არ ავურჩევივარ და ყველა კონკურსში ვერ გავიმარჯვე, რომელშიც აპლიკაცია გავგზავნე, მაგრამ მთავარი, რაც ამდენმა აქტივობამ მომცა, გამოცდილებაა. თუნდაც, FLEX პროგრამაში პირველ წელს როცა შემეძლო მონაწილეობის მიღება, არ ვცადე, რადგან მეგონა საკმარისად კარგი არ ვიქნებოდი ამ პროგრამისთვის და არ ამირჩევდნენ, რაც შემდეგ ძალიან ვინანე. მეორე წელს, ვცადე, თუმცა ნახევარფინალშიც ვერ გადავედი. ამ შედეგმა, გარკვეულწილად გული დამწყვიტა, თუმცა იმედი მაინც არ დამიკარგავს, რადგან 1 შანსი კიდევ მქონდა დარჩენილი. მესამედ რომ ვცადე, გავიმარჯვე და ახლა ამერიკაში ვარ. ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ მთავარია გაბედო და არ შეგეშინდეს. მიღებული შედეგით არ წყდება შენი ცხოვრების ბედი, რადგან ცხოვრებაში ძალიან ბევრი პროექტი/პროგრამა და გამოცდილება გელოდება წინ.
-როგორ გეგმავთ გამოცდილების გაზიარებას თქვენს თანატოლებთან საქართველოში, საზღვარგარეთ გატარებული ერთი წლის შემდეგ?
-მალე 1 თვე გახდება, რაც ამერიკაში ვარ და უკვე ბევრი რამის თქმა შემიძლია ამერიკულ ცხოვრების სტილსა და ჩემს გამოცდილებაზე. ვფიქრობ, რომ აქ მიღებული ცოდნით, საქართველოში სხვადასხვა პროექტს განვახორციელებ, რომელშიც ფლექს პროგრამაზეც ვისაუბრებ, გამოცდილებაზეც და ამერიკულ სწავლის მეთოდებს და აქტივობებსაც გამოვიყენებ. ძალიან მინდა, ჩემი თემიდან კიდევ ბევრმა ახალგაზრდამ მიიღოს საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა და მაქსიმალურად ვეცდები, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით დავეხმარო მათ.
-რა არის თქვენი გრძელვადიანი აკადემიური და კარიერული მიზნები და როგორ დაგეხმარებათ მათ მიღწევაში FLEX პროგრამა?
-ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი სწავლას საქართველოში გავაგრძელებ თუ საზღვარგარეთ, ამიტომ, ამჟამად ჩემი აკადემიური მიზანი, რომელიმე სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრაა. არც ის ვიცი, რა პროფესიას ავირჩევ, მაგრამ მგონია, რომ ამერიკული გამოცდილება ხელს შემიწყობს საკუთარი თავის პოვნაში. ფლექს პროგრამა უკვე ბევრი ახალი უნარის შეძენაში დამეხმარა და ჩემი თავი სხვა კუთხით დამანახა. გარდა იმისა, რომ ვეცნობი ამერიკულ კულტურას და ცხოვრების წესს, ქართულ კულტურასა და ტრადიციებსაც აქტიურად ვუზიარებ ამერიკელებს, რაც უფრო მეტად თავდაჯერებულს და ამაყს მხდის. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად ცხოვრებას ვეჩვევი, რადგან აქ სრულიად მარტო ვარ. ჩემს შტატში მხოლოდ მე ვარ ქართველი ფლექსის სტუდენტი და სკოლაშიც ერთადერთი გაცვლითი სტუდენტი ვარ, რაც კიდევ უფრო სხვანაირ პასუხისმგებლობას მმატებს. ყოველთვის უცხო ხალხის გარემოცვაში და გამოწვევებით სავსე გარემოში მიწევს ყოფნა. სწორედ ამიტომ, ეს მდგომარეობა საკუთარი თავის განვითარებაში და დამოუკიდებლობაში მეხმარება. რამდენიმე წლის წინ თუ რაიმეს კეთება მარტო არ შემეძლო, ან სურვილი არ მქონდა, ახლა უკვე შემიძლია და სხვანაირი შეხედულებები/მოსაზრებები ჩამომიყალიბდა სხვადასხვა საკითხის მიმართ. ვთვლი, რომ ის გამოცდილება, რასაც ამ ერთი წლის განმავლობაში მივიღებ, ჩემს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის უკეთესობისკენ.
მარიამ ონიანი
