დაბა კაზრეთში კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი, კომპანია არემჯის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები, კულტურის სახლის ორი სართულის ექსტერიერის და ინტერიერის სრულ განახლებას, ეზოს მოპირკეთებას და ლანდშაფტის სამუშაოებს ითვალისწინებს. ასევე 70 კვ. მეტრ ფართობზე დამატებით მოეწყობა ქორეოგრაფიული ანსამბლებისთვის განკუთვნილი სარეპეტიციო დარბაზი, რომელსაც ექნება გასახდელები და სველი წერტილები.
კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოხდება საკონცერტო დარბაზის სრული განახლება და ტექნიკური სივრცეების კეთილმოწყობა, რომელიც აღიჭურვება საჭირო თანამედროვე აპარატურით. შენობაში ასევე მოეწყობა გათბობა-გაგრილებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.
ფართომასშტაბიანი ინიციატივა, რომლის მიზანია დაბა კაზრეთში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ერთ წელში დასრულდება და მისი საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს.




