ქვეყნის მასშტაბით, ბოლნისში რიგით მე-13-ე „ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ დღეს ოფიციალურად საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ ქნირში, სახალხო უნივერსიტეტის გერმანული ასოციაციის დირექტორის მოადგილე გერმანიაში უვე გართენშლეგერი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი და მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას ელჩმა სიტყვით მიმართა. მან ცენტრის არსებობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის წვლილს ამ პროექტის განხორციელებაში.
ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიზანია, წაახალისოს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების კონცეფცია, განავითაროს და ხელი შეუწყოს პროფესიულ ზრდას. საგანამანთლებლო მრავალპროფილური სივრცე მსურველებს შესაძლებლობას აძლევს დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებებს, მიიღონ არაფორმალური განათლება და გაიარონ მათთვის საინტერესო ტრენინგ-კურსები. ზრდასრულთა განათლების ცენტრი ბოლნისში, სახალხო უნივერსიტეტის გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV international) საქართველოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართელობის თანადგომით შეიქმნა.
ზრდასრულთა განათლების ცენტრი მუნიციპალიტეტში 2020 წელს დაფუძნდა, პროფესიული სასწავლებელი რიგით მეცამეტეა და მას ბოლნისში ირმა ზურაბაშვილი ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე ცენტრს 500-მდე ბენეფიციარი ჰყავს.