დღეს, ბოლნისის მუზეუმში, პროექტის „დროის კვანძები“ ფარგლებში, აზერბაიჯანის სახალხო არტისტის, ცნობილი გრაფიკოსის, პროფესორ არიფ ჰუსეინოვის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. პროექტი აზერბაიჯანისა და საქართველოს კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით და აზერბაიჯანის ხალიჩების ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით მოეწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს, აზერბაიჯანის საელჩოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
გამოფენაზე წარმოდგენილი 2024-2025 წლებში მხატვრის მიერ, შერეული ტექნიკით ტილოზე შესრულებული 12 გრაფიკული ნამუშევრის სერია, რომელიც საინტერესო სიუჟეტური ხაზებით გამოირჩევა, წარმოაჩენს მხატვრის სიყვარულსა და ერთგულებას ეროვნული წეს-ჩვეულებებისადმი.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში პირველ ხალიჩების მუზეუმთან გაფორმდა მემორანდუმი.
საგამოფენო სივრცეში, აზერბაიჯანის ხალიჩების სახელმწიფო მუზეუმის საბავშვო განყოფილების თანამშრომლებმა, სტუმრებისთვის, მასტერკლასი – როგორ იქმნება ხალიჩა – ჩაატარეს. გამოფენა ბოლნისის მუზეუმში 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.









