Home Blog გვერდი 98

საკუთარი თავის რწმენა და შრომა – წარმატების ფორმულა ნუცა გობეჯიშვილისგან

0

რუბრიკამ „პანდემიის თაობა“ შეიცვალა სახელი და „წარმატებულის“ ფორმატში გააგრძელებს საინტერესო, მშრომელი და მიზანდასახული ადამიანების გაცნობას. ჩვენი გაზეთის გვერდებიდან, არაერთი წარმატებული ადამიანის შესახებ გიამბეთ, თითოეულმა მათგანმა შემდეგი ნომრის რესპონდენტი თავად დაასახელა.  ანანო  უგრეხელიძემ შემოგვთავაზა, საზოგადოებისთვის, ბოლნისის ზრდასრულთა ცენტრის ფრანგული ენის მასწავლებელი, ნუცა გობეჯიშვილი გაგვეცნო.  ნუცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და უკვე რომანული ფილოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტია. გასულ წელს, გაცვლითი პროგრამით, საფრანგეთში  იმყოფებოდა და როგორც კი ჩამოვიდა, დაიწყო მუშაობა ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ფრანგულის მასწავლებლად.

ნუცა პოლიგლოტია, გარდა ფრანგული ენისა, იცის რუსული, ინგლისური, იტალიური და ესპანური, თუმცა სამომავლო გეგმებშია გერმანული ენის შესწავლაც. ნუცა მიზანდასახულია, რომლის განსახორციელებლად ბევრს შრომობს. მისთვის მისაბაძი ადამიანი დედაა და, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დედამ მისით იამაყოს. როგორც ამ რუბრიკის თითოეული სტუმარი, ჩვენი რესპონდენტიც მომავალ თაობებს  დახურული კარების გასაღებად, ცოდნის მიღებას ურჩევს.

-ნუცა,  ჩემს რუბრიკაში დაგასახელათ ანანო უგრეხელიძემ, როგორ ფიქრობთ, რატომ აგირჩიათ თქვენ?

-პირველ რიგში,  ანანოს მადლობა, რომ ამ რუბრიკაში დამასახელა. ალბათ ის თვლის, რომ მომავალი წარმატებული ადამიანი ვარ.

-ვინ არის  ნუცა გობეჯიშვილი,  მოგვიყევით  თქვენს შესახებ?

– მე ვარ ერთი უბრალო გოგო, ვისაც ძალიან უყვარს თავისი პროფესია, ენების შესწავლა და მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება. ვსწავლობ მაგისტრატურაზე და  ვმუშაობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  მყავს საყვარელი მოსწავლეები, რომლებსაც ფრანგულს ვასწავლი.

-თქვენს პროფესიულ გადაწყვეტილებას როგორ შეხვდა ოჯახი?

– ოჯახი ჩემს გადაწყვეტილებებს ყოველთვის კარგად ხვდება და ვიცი, რომ ყოველთვის მგულშემატკივრობენ. პროფესიით  ვარ ფრანგული ენის ფილოლოგი. ბავშვობიდან მიყვარდა ენების სწავლა და ყოველთვის მინდოდა პოლიგლოტობა. სურვილი ავისრულე და უკვე 5 ენა ვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ,  რამდენიმეს კიდევ ვისწავლი. როგორც გითხარით, პროფესიით ვმუშაობ და ბავშვებს უცხო ენას ვასწავლი. მარტში ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში დავიწყე მუშაობა და მიხარია,  ბევრს მიეცა  შესაძლებლობა,  შეესწავლა ფრანგული ენა.

– რას აკეთებ თავისუფალი დროს?

– თავისუფალ დროს წიგნისა და სამაგისტრო ნაშრომის წერას ვუთმობ.

-რა არის პირველი, რასაც აკეთებთ დილით და როგორ მოქმედებს ეს დანარჩენ დღეზე?

– მოწესრიგების შემდეგ ვსვამ ყავას, ვამოწმებ ფოსტას და ვკითხულობ მსოფლიო ახალ ამბებს.

– თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარის არის…

-ყველაზე მთავარი ყოველთვის არის ოჯახი, ხოლო ოჯახის შემდეგ, საყვარელი საქმე.

-წარმატება ჩემთვის ნიშნავს…

– მიზნის მიღწევას, რომლისთვისაც ძალიან ბევრი ვიშრომე.

-რამდენად არის დამოკიდებული წარმატება ბედნიერ შემთხვევაზე?

-წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა, თუმცა პატარ-პატარა ბედნიერი შემთხვევებიც (რასაც ზოგიერთი გამართლებას ეძახის) საჭიროა.

-პრიორიტეტები…

-ოჯახი, განათლება, ზრდილობა, სიყვარული…

– რა გიბიძგებთ თქვენი მიზნების შესრულებისკენ?

-მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რწმენა. თუ გვჯერა, რომ მიზანს მივაღწევთ და ამისთვის არ დაგვეზარება მუშაობა, მაშინ არც  წარმატება იქნება ჩვენგან შორს.

-როგორ განსაზღვრავს საკუთარ თავს წარმატება?

 -თავდაჯერებულობა და მოტივაცია გვემატება, რომ გადავდგათ უფრო დიდი ნაბიჯები სხვა მნიშვნელოვანი მიღწევებისკენ.

-საოცნებო სამსახური…

– დაკავშირებულია უნივერსიტეტში მუშაობასთან.

-ვინ და რამ მოახდინა დიდი გავლენა თქვენზე?

– ჩემს ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებისგანაც  ძალიან ბევრი  ვისწავლე, ესენი არიან ოჯახის წევრები, მასწავლებლები, პროფესორები.  ერთ ვიღაცას, ან რაღაცას, დიდი გავლენა ნამდვილად არ მოუხდენია.

– მიღწევა, რითაც განსაკუთრებით ამაყობ.

– ვფიქრობ, მთავარი მიღწევა , რომლითაც ვიამაყებ, ჯერ წინ მაქვს.

– ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ?

– ერთმანეთის პატივისცემა.

-როგორ აყალიბებს თქვენი წარსული გამოცდილება მომავლის ხედვას?

– ვფიქრობ, წარსულის რთული პერიოდები უნდა გამოვიყენოთ დღევანდელი მოტივაციისთვის და გვახსოვდეს, რომ წარსულს ვერ შევცვლით, თუმცა მომავალი ჩვენს ხელშია.

-კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ადამიანებს ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდათ და საკუთარ თავში არაერთი უნარი აღმოაჩინეს…

– ახალი არაფერი აღმომიჩენია, უბრალოდ თავისუფალი დრო გამომიჩნდა ჰობისთვის. ძალიან მიყვარს კულინარია და ვაკეთებდი სხვადასხვა კერძებს. პანდემიის მეორე წელს კი, საფრანგეთში ვიყავი და იქ უამრავი ფრანგული რეცეპტი შევაგროვე.

– თქვენთვის მისაბაძი მაგალითი?

-ჩემთვის მისაბაძი ადამიანი არის დედა. ის ძალიან განათლებული და ძლიერი პიროვნებაა, მე კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ  ჩემით იამაყოს.

-სად ხედავთ საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ…

– 5 წლის შემდეგ , ჩემს თავს ვხედავ უნივერსიტეტში, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართულს….

-ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხე….

– ბოლო წიგნი, რომელიც გადავიკითხე არის სტენდალის ,,პარმის სავანე“.

-საყვარელი პოეტი, მწერალი…

– ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იმიტომ, რომ მიჭირს  ერთის არჩევა. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს მე-19 საუკუნის ფრანგი, ინგლისელი და ქართველი კლასიკოსები.

-მომიყევი მეგობრებზე, რა როლი აქვთ მათ თქვენს ცხოვრებაში?

-რამდენიმე მეგობარი მყავს, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ყველანი დაკავებულები ვართ და ერთმანეთს ხშირად ვერ ვხვდებით, თუმცა სულ გვაქვს სატელეფონო საუბრები და მიმოწერა.

-თქვენი ყველაზე მთავარი რჩევა მომავალი თაობებისთვის, რას ეტყოდით მათ?

– მომავალ თაობებს ვურჩევ, რომ მიიღონ კარგი განათლება, ბევრი იკითხონ და სულ ახლის ძიებაში იყვნენ, იმიტომ, რომ ცოდნა მათ დახურულ კარებს გაუღებს. ასევე არ დაივიწყონ თავაზიანობა, რადგან ჯერ კიდევ სერვანტესი წერდა, რომ არაფერი გვიჯდება ისე იაფი, და არაფერი ფასობს ისე ძვირად, როგორც თავაზიანობა.

-როგორ ქვეყანაში ისურვებდით ცხოვრებას?

-ვიცხოვრებდი თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ადამიანები  ერთმანეთს პატივს სცემენ და ერთმანეთის ბედნიერება ახარებთ.

-დაგვისახელე მომავალი წარმატებული ადამიანი, ვის ხილვასაც ისურვებდი ჩვენს რუბრიკაში, დაუტოვე კითხვა.

– ამ რუბრიკაში მინდა დავასახელო ჩემი ორი მოსწავლე (მარიამ კორტავა და ანა გრძელიშვილი ) იქნებ ერთად უპასუხონ თქვენს კითხვებს. ისინი წარმატებული მოსწავლეები არიან, ძალიან უყვართ კითხვა, ცეკვა, სიმღერა. მათ  დატვირთული გრაფიკი აქვთ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ წრეზე დადიან, თუმცა ეს მათი სურვილია, რადგან მოსწონთ ყველა ის საქმე, რასაც ასრულებენ და ამიტომაც გამოსდით კარგად. ცეკვაში მიღწეული წარმატებების გამო, სტიპენდიასაც კი იღებენ. ჩემი კითხვაა-როგორ ფიქრობთ, სად და რა საქმით იქნებით დაკავებულები 10 წელიწადში?

ნონა ხუზმიაშვილი

2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება

0

ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში საშუალოდ 792ლარი) განისაზღვრა.

რეფორმის მიხედვით მომავალი წლიდან,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. ახალი რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.

ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი, მომდევნო წლებში ეტაპობრივად გაიზრდება. 2025 წლისთვის, ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში – 9 ლარი , ექთნის კი 5.6 ლარი გახდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულის მოტივაციისა და პროდუქტიულობის გაზრდას, ასევე გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებსა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

გენდერული თანასწორობის საბჭო ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანიაში ერთვება

0

ბოლნისის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საბჭოს წევრებმა, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

გენდერული ძალადობისა და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კამპანიას, ბოლნისის გენდერული საბჭო სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდება.

სხდომაზე გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ფერიდე ტვილდიანმა საბჭოს წარუდგინა, გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი ნინო კარგარეთელი.

“სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის”პროექტის პრეზენტაცია

0

ბოლნისის მუზეუმში “სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის” პროექტის „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა განათლებისა და საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა“ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის გენდერული თანასწორობის პრინციპების სწავლება, განათლებისა და საკუთრების უფლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც ნაწილობრივ იქნება ადრეულ ასაკში იძულებითი ქორწინების პრევენციის მცდელობა და ხელს შეუწყობს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი საზოგადოებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი

 დავით შერაზადიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლში – ანარ სულეიმანოვი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ახალგაზრდები და მოსწავლეები. პროექტი ხორციელდება „ქალთა ფონდის“  ფინანსურ მხარდაჭერით.

21 ნოემბერი ტელევიზიის საერთაშორისო დღეა

0

21 ნოემბერს მსოფლიო ტელევიზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გადაწყვეტილება 1996 წლის ნოემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე მიიღეს. ამავე წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვეტილება რეზოლუციით დაამტკიცა.

ქართული ტელევიზიის ისტორია 1953 წლიდან იღებს სათავეს. ამავე წელს დაიწყო პირველი ტელეცენტრის დაპროექტება თბილისში, რომელიც მთაწმინდის ზედა პლატოზე უნდა განთავსებულიყო.

1956 წელს მთაწმინდის ზედა პლატოზე სატელევიზიო ანძის მშენებლობა დასრულდა. პირველი ტელეგადაცემები სწორედ მთაწმინდის ტელესტუდიიდან გადაიცემოდა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება იზეიმა

0

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის მესამე ტესტ-მატჩი უელსის ნაკრების წინააღმდეგ, კარდიფში გამართა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია დაესწრო.

მატჩის პირველი ტაიმი შეხვედრის მასპინძლებმა 12-3 მოიგეს. მეორე ნახევარში ,,ბორჯღალოსნებმა” მატჩში დაბრუნება მოახერხეს და დრამატულ ბოლო წუთებში ანგარიშით 13:12 იმარჯვეს. გადამწყვეტი სამი ქულა ჯარიმით საქართველოს ნაკრებს ლუკა მატკავამ მოუტანა, ლევან მაისაშვილის გუნდმა ისტორიაში პირველად მოახერხა უელსის ნაკრების დამარცხება. ქართველმა მორაგბეებმა ნოემბერში გამართული სამი ტესტ-მატჩიდან ორის მოგება მოახერხეს.

„თავკიდე“ – ველური ვაზისგან მიღებული საბარძიმე ღვინო

0

სიონის ტაძრის წინამძღვარმა მამა ბესარიონმა ველური ვაზი გააკულტურა, გააშინაურა და მისგან არომატული, განსხვავებული ღვინო დააყენა. „თავკიდე“ – ასე უწოდა ვაზს, რომელსაც მევენახეები მხოლოდ დასამყნობად იყენებენ. „მწარეს“ სახელით ცნობილმა ვაზმა სხვა დატვირთვა შეიძინა, მამაომ ტყეში ნანახი ნერგისგან  ვენახი გააშენა, მცირე მოსავლიან, თუმცა უნიკალურ, სამკურნალო და საბარძიმე ყურძენს, მარცვალ-მარცვალ აგროვებს და დიდი რუდუნებით აყენებს ღვინოს. მიღებული მოსავალი მცირეა, თუმცა ეპარქიას, საზიარებლად,  ჰყოფნის. როგორც მამა ბესარიონი გვიამბობს, სწორედ ეს ვაზია ბოძებული უფლის მიერ  ნოეს მიმართ, რომელსაც აღარ იყენებენ სანაყოფოდ. მის ავთენტურობას ამტკიცებს ის, რომ ამ ვაზს შეუძლია აღმოცენდეს  წიპწიდან, (განსხვავებით სხვა დანარჩენი ვაზისგან) როგორც სხვა ბუნებრივი მცენარეები.

,,ბოლნისის ეტალონი მოსწავლე”  რატევანის საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა

0

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ,,ეტალონის” დისტანციური კონკურის ფარგლებში 2022 ,,ბოლნისის ეტალონი მოსწავლე” გამოვლინდა.ტიტული რატევანის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ირაკლი ერაძემ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. საქართველო ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ,,ეტალონი” დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა,მოტივაცია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება. გამარჯვებული მოსწავლე შემდეგ ეტაპზე  ბოლნისს წარმოადგენს Live ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრება სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.

მოხალისეობრივი კამპანია ბოლნისში

0

ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის  პლატფორმა“ პროექტის ფარგლებში „მოხალისეობა წარმატებული მომავლისთვის“ 18 ნოემბერს, ახალგაზრდებთან ერთად, ბოლნისის სათნოებისა და სასადილო  სახლს „მადლს“ ესტუმრა. მოხალისეობრივ კამპანიაში ახალგაზრდები იქ მომუშავე პერსონალს სადილის გაცემისა და დასუფთავების პროცესში დაეხმარნენ, რის შემდეგაც სათნოების სახლში მოაწყვეს მცირე ღონისძიება,  ბენეფიციარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ, საჩუქრად გადასცეს ოთახის მცენარეები და ადგილობრივ პერსონალთან ერთად მოხუცებს საჭიროებისამებრ გაუწიეს დახმარება.

აღნიშნული პროექტი, წლის ბოლომდე, სხვადასხვა აქტივობით განხორციელდება, რომლის მიზანიცაა ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, ინფორმაციის მიწოდება  მოხალისეობრივი კამპანიების შესახებ და  საქართველოში მომუშავე მოხალისეობრივი ორგანიზაციებისა და პლატფორმა volunteer.ge-ს გაცნობა.

პროექტი ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის Education Development and Employment Center მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

NCDC-ის სპეციალისტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტი გააცნეს

0

NCDC-ის სპეციალისტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტი „არავინ დარჩეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიღმა“ გააცნეს.

შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა მამარდაშვილი ესწრებოდნენ.

პროექტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკებისა და სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობების განვითარებასა და ადგილობრივი თემში იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.