Home Blog გვერდი 91

„მწვანე მარადისის“ სადემონსტრაციო ნაკვეთში მედია ტური მოეწყო

0

9 დეკემბერს, ოფიციალურად გაიხსნა ქალთა კოოპერატივი „მწვანე მარადისის“ სასათბურე სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელიც პროექტის „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა PRAISE MARNEULI’’ ფარგლებში CENN, HERS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქვემო ქართლის რეგიონალური მედიისთვის, ტური მოეწყო. ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჩატარდა სესია  თემაზე „კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობა.“ ღონისძიება, სასათბურე მეურნეობაში, პროექტის პრეზენტაციით გაიხსნა.

ღონისძიებაზე ისაუბრეს სოფლის მეურნეობაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი და გარემოსადმი მეგობრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების, სასათბურე მეურნეობის მოწყობისა და ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოების პრინციპების შესახებ. გახსნის ცერემონიალს, დონორი და განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  მონაწილეების ჩართულობით ადგილზე მოხდა საჩითილე სუბსტრაქტის მომზადება და სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის ჩათესვა.

მარადისი ეკო მიგრანტებით დასახლებული სოფელია, სადაც   სადემონსტრაციო და  სასათბურე მეუბნეობა ქალთა კოოპერატივის ბაზაზე შეიქმნა. ,,მწვანე მარადისი“ 9 ადგილობრივს აერთიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში მიწათმოქმედებით იყვნენ დაკავებულები, თუმცა, პროექტის ფარგლებში, მათი გადამზადება მოხდა.

სადემონსტრაციო მიწის ფართობის ნაწილზე 300 კვმ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სათბური დამონტაჟდა, ხოლო, ღია გრუნტზე კი სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის მოყვანა ხდება.  აღსანიშნავია, რომ სათბურში 50 000 მდე  ჯანსაღი ჩითილის გამოყვანაა შესაძლებელი, რაც არა მხოლოდ კოოპერატივის წევრების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, არამედ შეძლებენ რეალიზებას, რაც დამატებით შემოსავალს უზრუნველყოფს

პროექტის მიზანია, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის შემოსავლის  შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის გზით.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირების შემდეგ, ყველა პირი, სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის

0

სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირების შემდეგ, ყველა პირი, სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის.

 შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამები, რომლებიც თეორიულ სწავლებასთან ერთად, ინტენსიურ საბრძოლო სამხედრო მომზადებასაც მოიცავს. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, პირს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილი ექნება და მიენიჭება რიგითის წოდება.

ამასთანავე, 23 წლამდე ასაკის სტუდენტები, რომლებიც გადაწყვეტენ სამხედრო სამსახური სტუდენტობის დროს გაიარონ, შეძლებენ 4 წლის განმავლობაში, წელიწადში ერთი თვე გაიარონ სამხედრო ბაზებზე მომზადება. შედეგად, მათ 4 წლის თავზე გავლილი ექნებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

ზამთრის არდადეგების ვადები სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის ცნობილია

0

2022-2023 სასწავლო წლისთვის, საქართველოს სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება, 2022 წლის ბოლო სასწავლო დღე 29 დეკემბერი იქნება.

როგორც სამინისტროში განგვიმარტეს, სკოლებში სწავლის დაწყების და სეზონური არდადეგების განრიგი მინისტრის შესაბამისი ბრძანებით არის დადგენილი, რომლის შესაბამისად, ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გრძელდება. ვინაიდან წელს 14 და 15 იანვარი შაბათი და კვირაა, შესაბამისად, სკოლებში სწავლა 16 იანვარს, ორშაბათს განახლდება.

რაც შეეხება საჯარო ბაგა-ბაღებს, დედაქალაქის ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, სააღმზრდელო პროცესი 29 დეკემბრის ჩათვლით გასტანს, ხოლო ზამთრის არდედეგებიდან აღსაზრდელები ბაღში 16 იანვარს დაბრუნდებიან.

აქვე შეგახსენებთ, რომ კერძო სკოლები და საბავშვო ბაგა-ბაღები არდადეგების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტენ.  – ნათქვამია EDU.ARIS.GE-ს მიერ გამქვეყნებულ ინფორმაციაში

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

0

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამი,რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება.

„უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება.

ამასთანავე არ იგეგმება ეკლესიათა მეთაურების, მათი წარმომადგენლების ან საერო პირთა მოწვევა“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

წონასწორობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მუდმივად იმოძრაო და იარო წინ

0

„მასწავლებელი მოსწავლეების მსგავსად მუდმივი სწავლისა და განვითარების პროცესში უნდა იყოს. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს მხარს ვუჭერ სხვადასხვა პროექტებში მიიღონ მონაწილეობა, პირადად აქტიურად ვესწრები ტრენინგებს განსხვავებულ თემებზე, ეს მეხმარება არა მხოლოდ  პროფესიულ, არამედ პიროვნულ განვითარებაში. კარგი მასწავლებლი მუდმივად  ცოდნისა და გამოცდილების ძიებაშია, როგორც კი წყვეტს ახლის სწავლას, მასში კვდება მასწავლებელი“.

ია ნიქაბაძე დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების პედაგოგია, ის მუდმივად ახლის ძიებაშია, სწავლობს და ასწავლის, მუდმივად იზრდება პიროვნულად და პროფესიულად. არ იღლება, წლების მანძილზე არაერთი ჯილდო და დიპლომი აქვს მიღებული, არის უფროსი მასწავლებელი, 2019 წელს, წლის საუკეთესო პედაგოგის ხუთეულში შევიდა. თანამშრომლობს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციასთან, გავლილი აქვს პროფესიული განვითარების პროგრამები, მისი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში. წინ უამრავი გეგმა აქვს, რომლის განხორციელებას უახლოეს მომავალში აპირებს.

-გვიამბეთ თქვენზე, ბავშვობაზე, სტუდენტობაზე.

-დავიბადე და გავიზარდე ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში. აქ გავატარე მთელი ბავშვობა. შემდგომ ჩავაბარე ლინგვისტიკის ინსტიტუტში ინგლისურ-თურქული ენების მიმართულებაზე. 1997 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, დავბრუნდი  მშობლიურ  სკოლაში და უკვე 25 წელია აქ ვმოღვაწეობ ჩემი სპეციალობით. 

-რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ მასწავლებელი, რატომ აირჩიეთ და რამდენი წელი ემსახურეთ ამ პროფესიას

-ვარ უცხო ენების სპეციალისტი. ჩემი არჩევანი განპირობებული იყო იმით, რომ უცხო ენის შესწავლა არ არის მხოლოდ ენის შესწავლა – არამედ მასთან ერთად ჩვენ შევისწავლით უცხო ქვეყნის კულტურასა და ისტორიას. უცხო ენების სწავლამ საშუალება მომცა გამეფართოვებინა  მსოფლმხედველობა და გამეცნო სხვადასხვა ქვეყნები. უცხო ენის მასწავლებლის პროფესიაც ავირჩიე სწორედ ამიტომ – მინდა  ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო ახალგაზრდებს და ხელი შევუწყო მათ პიროვნულ, თუ სამომავლო პროფესიულ განვითარებაში. ვთვლი, რომ სწორედ მასწავლებელს მიუძღვის თაობათა აღზრდაში უდიდესი წვლილი – ახალი თაობა ხომ ჩვენი მომავალია.

როგორ შეაფასებდით თაობათა  ცვლას?

– ვთვლი, რომ დღევანდელ თაობას აქვს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები – მათ მარტივად შეუძლიათ ჩაერთონ  აქტივობებში, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტებში, გაცვლით პროგრამებსა თუ ბანაკებში. მე ყოველთვის ვცდილობ  მოსწავლეებს ხელი შევუწყო იყვნენ აქტიურები და მაქსიმალურად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რაც მათ წინაშეა.  ძველ თაობას არ ჰქონდა ამდენი შესაძლებლობა – თუმცა ახალგაზრდები დღესაც და ადრეც – მოტივირებულები  იყვნენ უცხო ენის სწავლაზე და, არ იშურებდნენ ძალისხმევას წარმატების მისაღწევად.

-რა არის თქვენი ცხოვრების დევიზი?

-„გუშინ – ოცნება; დღეს – მიზანი; ხვალ – რეალობა.“ მიმაჩნია, რომ ცხოვრება არის როგორც ველოსიპედი – წონასწორობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მუდმივად იმოძრაო და იარო წინ.

-თქვენი გადმოსახედიდან, რას შეცვლიდით და რას ისურვებდით?

-დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, პირველ რიგში ვისურვებ მშვიდობას. მშვიდობა არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმისთვის, რომ ადამიანებმა და მათ შორის ახალგაზრდებმა შეძლონ სწავლა და განვითარება.

რას ურჩევთ ახალგაზრდა  პედაგოგებს?

-ახალგაზრდა პედაგოგებს ვეტყოდი, რომ პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყება ყოველთვის სირთულეებით არის სავსე. როდესაც პირველად დავიწყე მასწავლებლობა, ვნერვიულობდი იმაზე, თუ რამდენად  გავართმევდი თავს ამ დიდ პასუხისმგებლობას, არ ვიცოდი როგორ მიმიღებდნენ მოსწავლეები და რამდენად კარგად შევძლებდი მათთან ურთიერთობის დამყარებას. თუმცა, მნიშვნელოვანია ასევე კოლეგების როლიც – ბევრი მათგანი მზადაა  დაგეხმაროს ამ სირთულეების გადალახვაში და საკუთარი გამოცდილებით მოგცეს რჩევები.  ნუ შეუშინდებით სირთულეებს – ყოველთვის ეცადეთ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. თქვენ უნდა იყოთ მაგალითი  იმისა, რომ ყველაფერი გამოუვათ და არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება.

მადლობას გიხდით საინტერესო საუბრისთვის და  გისურვებთ წარმატებებს.

მაგდა დევნოზაშვილი

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება

0

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, გენერატორების შესყიდვა განხორციელდება.

აღნიშნული საკითხის უმოკლეს ვადებში შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა.

ქართველი უშუისტი საბა ბუთხუზი მსოფლიოს ჩემპიონია

0

ქართველი უშუისტი საბა ბუთხუზი ინდონეზიის ქალაქ ტანგერანგში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ფინალურ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა ჩინეთის წარმომადგენელი მაკაო დაამარცხა.

მალე სოფელ ბოლნისს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო ბავშვთა დღის ცენტრი ექნება

0

ფერები, საგნები, რიცხვები, დღეები, ამ ყველაფერს პატარები სოფელ ბოლნისის საგანმანათლებლო ბავშვთა დღის ცენტრში ეუფლებიან. აღნიშნული ცენტრი 2015 წლიდან ერთ ჯგუფად სწავლების ბილინგური მეთოდით ფუნქციონირებს, სადაც 5 ადგილობრივია დასაქმებული, რომლებსაც გავლილი აქვთ არაერთი ტრენინგი.

აღნიშნულ ცენტრს დაარსებიდან დღემდე სკოლისთვის 157 აღსაზრდელი ჰყავს მომზადებული. პატარები აქ გარდა სასკოლო მზაობისა, სწავლობენ საზოგადოებაში ქცევის წესებს და მოსმენას.

„დაგეგმე შენი ბიუჯეტი“, ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტის ფარგლებში, მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეები ხმის მიცემით მიმდინარეობდა, სადაც როგორც გათვალისწინებული იყო ხუთი პროექტი გამოვლინდა. ერთ-ერთი მათგანი სოფელ ბოლნისში „სკოლამდელი სასწავლო ცენტრის განვითარების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“ წარდგენილი პროექტი იყო.

პროექტში გამარჯვება სოფლის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია. თემის მოთხოვნის შესაბამისად მოხდება შენობის შეძენა, გარემონტდება და შესაბამისი სტანდარტებით აღიჭურვება ორი ჯგუფი. „დაგეგმე შენი ბიუჯეტი,“  აღნიშნული პროექტის განხორციელებით  სასკოლო მზაობას და სხვადასხვა უნარ-ჩვევების გამომუშავებას  2-ჯერ მეტი მოსწავლე შეძლებს.

დავით შერაზადიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს უმასპინძლა

0

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის, კულტურისა და მედიის კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. გერმანიის პარლამენტის წევრები ბოლნისის მუნიციპალიტეტსაც ესტუმრნენ. დელეგაციის წევრებთან ერთად ბოლნისში იმყოფებოდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი.
ვიზიტის ფარგლებში, გერმანელმა პარლამენტარებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან და მერის პირველ მოადგილესთან ერთად ქალაქ ბოლნისში არსებული გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერეს. „არემჯის“ მიერ ბოლნისური მეღვინეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეძენილი ქართულ-გერმანული ღვინის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და გერმანული არქიტექტურის ნიმუშები სტუმრებსსამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წევრმა, არქიტექტორმა ნესტან თათარაშვილმა გააცნო.
პარლამენტარებმა ასევე „ბოლნისის კულტურის ცენტრში“, რომელიც ძველ გერმანულ, რეაბილიტირებულ შენობაშია განთავსებული, ეპისკოპოს ბარაისთან და ევანგელურ-ლუთერანული სამრევლოს ადგილობრივ წევრებთან შეხვედრა გამართეს.
,,მოხარული ვარ, რომ დღეს ბუნდესთაგის კულტურის და მედიის კომიტეტის წარმომადგენლებს შვაბების მიერ დაარსებულ ქალაქში, ყოფილ კატარინეფელდში ვუმასპინძლეთ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ჩვენი ერთგული მეგობარი და მხარდამჭერია ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში და ეს ვიზიტიც ვფიქრობ, ამ მხარდაჭერის ნათელი დასტურიცაა. ქალაქ ბოლნისში არაერთი უნიკალური გერმანული არქიტექტურის ნიმუშია შემორჩენილი, ჩვენ ვცდილობთ ამ კულტურულ მემკვიდრეობას გავუფრთხილდეთ, თუმცა, ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ გერმანელი პარლამენტარების ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის, საქართველოსა და გერმანიის დაახლოებას“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

„ჩვენი მიზანია, საქართველო იქცეს განათლების, მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციის ჰაბად“

0

„დარწმუნებული ვარ, რომ მემორანდუმი, რომელსაც კოლეგა მინისტრთან ერთად სულ ცოტა ხნის წინ მოვაწერე ხელი, ორივე ქვეყანას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს“, – ამის შესახებ სან მარინოს რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

სამინისტროს მიერ დღეს, 8 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის სან მარინოს რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

განათლების მინისტრის თქმით, ქვეყნებს შორის პარტნიორობა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების მჭიდრო თანამშრომლობას ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით და ახალ შესაძლებლობებს მისცემს საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს.

„ჩვენი მიზანია, საქართველო იქცეს განათლების, მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციის ჰაბად. ამისათვის კი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. განსაკუთრებით მსურს, გამოვყო საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული თერაპიის ცენტრში საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკის სამეცნიერო საზოგადოება არაერთ მნიშვნელოვან, ერთობლივ სამეცნიერო და კვლევით პროექტს განახორციელებს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა საზეიმო ღონისძიებაზე, სადაც მას სან მარინოს რესპუბლიკის კაპიტანმა რეგენტებმა მარია ლუიზა ბერტიმ და მანუელ ჩიავატამ უმასპინძლეს.