ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ა(ა)იპ „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ თავმჯდომარემ სამირა ისმაილოვამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმას“ ახალგაზრდულ საკითხებთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.
„სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ. მემორანდუმის ფარგლებში, სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალგაზრდებზე ორიენტირებულ პროექტებს განახორციელებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერების მიზნით შექმნილ პროექტებს მხარს ყოველთვის დაუჭერს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
წითელი ტყემალი, აკაცია, იფანი, ქართული მუხა, რამდენიმე სახეობა ქლიავი, წიწვოვანი ხეები – ეს იმ ჯიშების არასრული ჩამონათვალია, რომელიც დღეს გამწვანების სამსახურმა, ,,მომავლის ბაღის’’ ტერიტორიაზე დარგო. საშემოდგომო სამდღიანი აქციის ფარგლებში, 1000-მდე ნერგის დარგვაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მიიღო.
სამდღიანი აქციის ფარგლებში, ჯამში 1050 ხე დაირგო. აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება წვეთოვანი სისტემის დამონტაჟება, რომელიც ნერგების გახარებას უზრუნველყოფს. რამდენიმე წელიწადში კი ბოლნისს, კიდევ ერთი მოსასვენებელი ლოკაცია, წიწვოვანი და ფოთლოვანი მომავლის ბაღი ექნება.
საახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება.
თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა.
იმ შემთხვევაში, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სანტიმეტრს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ეროვნული სატყეო სააგენტო,-ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებლ ინფორმაციაში
ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველსაყოფად, 2023 წლის 1 იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება.
საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს:
ალკოჰოლიანი სასმელის მაქსიმალურ კონტროლს
სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებისგან დაცვას
კონკურენტუნარიანი ბაზრის გაფართოებასა და განვითარებას.
ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას, ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო / National Wine Agency of Georgia აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს, რაც იქნება გარანტი, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ახალი წლის დღესასწაულებზე ხორცისა და ხორცპროდუქტების მოხმარების მატებასთან დაკავშირებით, სეს რეკომენდაციებს ავრცელებს
გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხორცი ხშირად იყიდება ისეთ გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა.
ხორცის შეძენისას, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს:
ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.
ეტიკეტი თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული.
ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ქვეყნის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი; დამზადებისა და გამოყენების თარიღი და დრო;
თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; საქონლის ხორცის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას შესაძლებელია QR კოდის მეშვეობითაც.
სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი.
არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებული ობიექტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია.
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის დიდ დარბაზში მიმდინარე წლის პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისათვის“ ფარგლებში, რეგიონალური შეხვედრა გაიმართა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და HEKS-EPER საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორმატის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების: ბოლნისის, მარნეულისა და დმანისის წარმომადგენლებმა მცირე პრეზენტაციები წარმოადგინეს, რის შემდეგაც შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის მთავარი სადისკუსიო თემა, ქვემო ქართლის ადგილობრივი, ეთნიკური წარმომადგენლებისთვის არსებული გამოწვევები და მათი ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა იყო.
ბოლნისის თანამედროვე ისტორიაში, ხელოვნების სფეროში კიდევ ერთი ვერცხლის მედლის მოპოვების ისტორია ჩაიწერება. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნისი“, ქორმეისტერ ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VI ეროვნულ კონკურსში, აკადემიური გუნდის კატეგორიაში წარმატებული მონაწილეობისთვის, ვერცხლის მედლით და ლაურეატის წოდებით დაჯილდოვდა. ლაურეატის წოდება და მე-2 ადგილი დაიკავა ასევე N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ხათუნა ბერძენაძის ხელმძღვანელობით.
საქართველოს საგუნდო საზოგადოების ინიციატივით, მიმდინარე წელს, უკვე მეექვსედ გაიმართა ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი, რომლის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ქ.თბილისის მერია, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი და რამდენიმე სახელმწიფო მუსიკალური ორგანიზაცია.
ეროვნული კონკურსი, საქართველოს მასშტაბით, ორ ტურიანი იყო და მასში 6-35 წლამდე ასაკიანები იღებდნენ მონაწილეობას. კონკურსის პირველი ტური რეგიონებში, მეორე კი თბილისში ჩატარდა, სადაც აკადემიური მუსიკის კატეგორიას, უცხოეთიდან მოწვეული დირიჟორთა შემადგენლობა, ხოლო ფოლკლორისა და საეკლესიო გალობის კატეგორიას საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები აფასებდნენ.
საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი რამდენიმე წელია იმართება და მისი მიზანია: აკადემიური საგუნდო სიმღერების პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და განვითარება, საშემსრულებლო დონის ამაღლება, მონიტორინგი, სამუშაო გამოცდილებისა და რეპერტუარის გაზიარება, შემოქმედებითი კავშირების დამყარება, ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ნიჭიერ ქორმაისტერთა წარმოჩენა და წახალისება.
აღნიშნული კონკურსი არის ერთადერთი ევროპული ტიპის, რომელიც სპეციალურად შექმნილი სქემითა და შეფასების კრიტერიუმებით მიმდინარეობს. ჟიური მონაწილეებს სამ კატეგორიაში, აკადემიურ საგუნდო სიმღერაში, ქართულ ხალხურ სიმღერაში და ქართულ გალობაში ქულების ოდენობის შესაბამისად აფასებდა. კოლექტივებზე გაიცა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები და გამოვლინდა გრამპრის მფლობელი გუნდების ვინაობაც. საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VI ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოება და გალა კონცერტი ქ.თბილისში, სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. სხვადასხვა კატეგორიებსა და ნომინაციებში გამარჯვებული გუნდები თავად ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ კონკურსში ქვემო ქართლის მასშტაბით, მხოლოდ ბოლნისი 2 გუნდით N5 საჯარო სკოლის ხათუნა ბერძენაძის და კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნისი“, ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ. ანსამბლი „ბოლნისი“ ვერცხლის მედლითა და ლაურეატის წოდებით, ხოლო N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი მეორე ადგილით და ლაურეატის წოდებით დაჯილდოებულები დაუბრუნდნენ ქალაქს.
ნინო დვალიშვილი, კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნისი“-ს ხელმძღვანელი:
-დიდი მადლობა საგუნდო საზოგადოებას, ეროვნულ კონკურსს, სადაც ჩვენ, ბოლნისის მოყვარულთა გუნდმა მივიღეთ მონაწილეობა და აკადემიური გუნდის კატეგორიაში დაგვაჯილდოვეს ვერცხლის მედლით, ეს უკვე მეორე ვერცხლის მედალია, ეს ყველაფერი ბავშვებს დიდ მოტივაციას აძლევს, რომ განვითარდეს ჟანრი და უფრო ამაღლდეს გუნდის ხელმძღვანელების ხარისხი მუშაობის პროცესში. მადლობელი ვარ ბავშვების, კულტურის სამსახურის, მუნიციპალიტეტის და ყველასი, ვინც ხელი შემიწყო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ეროვნული კონკურსი ხელს უწყობს საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციას, ჩვენთვის, მნიშვნელოვანია ხარისხზე მუშაობა, ყოველი წარმატება მოტივაციას უმაღლებს ბავშვებს და საინტერესო ხდება სამუშაო პროცესი.
ხათუნა ბერძენაძე, ბოლნისის №5 საჯარო სკოლის გუნდის ხელმძღვანელი:
– კონკურსში მონაწილეობა მიიღო N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა. უნდა აღინიშნოს სკოლის გუნდის არაერთი წარმატება და მონაწილეობა მსგავს კონკურსებსა და ფესტივალებში, გუნდში 30 მოსწავლეა. ვასწავლით ქართულ ხალხურ სიმღერებს. მე, როგორც რიგით ქართველს, მიმაჩნია, რომ მომავალი თაობები სწორედ ასეთი სულისკვეთებით უნდა აღიზარდონ, ვაზიაროთ ქართულ ფოლკლორს. კონკურსში ჩვენმა გუნდმა მიიღო ლაურეატის წოდება და მე-2 ადგილი. მადლობა მინდა გადავუხადო N5 საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ მადონა ლომსაძეს თანადგომისა და მზრუნველობისთვის.
შიო აბრახამია, საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალის ხელმძღვანელი:
-მოგეხსენებათ კონკურსი სამ კატეგორიაში წარიმართა და თითოეული გამარჯვებული კატეგორია დააჯილდოვა ჟიურიმ. ჩვენთვის საამაყო და სასიხარულოა, რომ ესწრებოდა სტუმარი ავსტრიიდან, დირიჟორი, რომელიც ამ დღეებში ჩაატარებს მასტერკლასებს. მინდა მივულოცო ყველა გამარჯვებულს ნომინაცია და განსაკუთრებით ანსამბლ „ბოლნისს“, რომელსაც აკადემიური გუნდის კატეგორიაში მიენიჭა ვერცხლის მედალი და ლაურეატის წოდება. ბოლნისიდან საგუნდო კოლექტივი კონკურსზე განსაკუთრებით გამოირჩეოდა, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები სამუსიკო სკოლაში დაკავდნენ და შეიყვარონ ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკა.
რუსუდან თაყაიშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი:
-ჩემი ორგანიზაცია დაარსების დღიდან არის ამ კონკურსის მხარდამჭერ ორგანიზაციათა რიცხვში, ეს გამოიხატება მასტერკლასების, საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებაში და რაც მთავარია, გამარჯვებული კოლექტივების წახალისებაში. ეს არის შესანიშნავი წამოწყება, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო ძლიერდება. ამ კონკურსის ხათრით შეიქმნა ძალიან ბევრი კოლექტივი, რომლებიც დღეს უკვე წარმატებული არიან და საგუნდო ატმოსფეროს ქმნიან ჩვენს ქვეყანაში.
მადლობას ვუხდი საგუნდო საზოგადოებას იმიტომ, რომ დიდი მოძრაობა დაიწყო.
ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ფორუმში ვერცხლის მედლის მოპოვება. მე ვიყავი მეორე შემოქმედებით ტურზე, ბოლნისი არაჩვეულებრივად გამოვიდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ქოლმეისტერ ნინო დვალიშვილს და ვულოცავ ამ დიდ წარმატებას.
ლიანა ჭონიშვილი, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, საქართველოს საგუნდო საზოგადოების თავმჯდომარე:
-დღეს არის საზეიმო გალა კონცერტი, დაჯილდოება VI ეროვნული კონკურსისა, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით იმართება, ეს კონკურსი საშუალებას აძლევს ყველას, თავი გამოავლინოს. დიდი მოწონება დაიმსახურა ბოლნისის გუნდმა, არაჩვეულებრივი ბავშვები არიან. ძალიან მუსიკალურები. მინდა წარმატება ვუსურვო ქალბატონ ნინო დვალიშვილს, რომელიც ყოველთვის ერთვება ჩვენს კონკურსებში და წარმატებებით ბრუნდებიან უკან.
დღეს, 13 დეკემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.
სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. დედაღვთისამ მას მოუწოდა საქართველოში წამოსვლა და ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში წმ. ანდრიას უნდა ექადაგა. ქართლის ტერიტორიაზე იგი პირველად დიდ აჭარაში შემოვიდა. მას თან ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი. წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა.
მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა.
ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით.
სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლები გადაიხდიან ბუნებრივი გაზის იგივე ტარიფს, რასაც აქამდე იხდიდნენ.
„დღეს, ბუნებრივი გაზის კომუნალურ კომპანიებს დავუდგინეთ ტარიფები მომდევნო რეგულირების პერიოდისთვის. ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე შევძელით, რომ არ გაზრდილიყო ტარიფები. ტარიფების შენარჩუნება განაპირობა სახელმწიფოს თანამონაწილეობამ სოციალური გაზის დაფინანსების ნაწილში, ასევე გავლენა იქონია ლარის კურსის სტაბილურობამ. ახალ ტარიფებში გათვალისწინებულია საინვესტიციო კომპონენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია და განვითარება გაგრძელდება, მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდების კუთხით პრობლემა არც მომდევნო წლებში შეექმნება. მოგეხსენებათ, საქართველოს გაზის მოხმარების 99% კმაყოფილდება აზერბაიჯანიდან მიღებული გაზით, რომლის მოწოდებაც გამყარებულია გრძელვადიანი ხელშეკრულებით.
სემეკმა გაითვალისწინა კომპანიების მოთხოვნა ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. კომისიას მიაჩნია, რომ ნამდვილად იმსახურებს ხელფასების მატებას პერსონალი, რომლებსაც რთულ პირობებში უწევს მუშაობა. მინდა მივმართო კომპანიებს და გავაფრთხილო, რომ ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი დროული რეაგირება ავარიების სწრაფად აღმოფხვრისა და მომსახურების გაუმჯობესების კუთხით. აქვე, ვაფრთხილებ კომპანიებს, მარეგულირებელი კომისია იქნება ძალიან მკაცრი თუ მათი მხრიდან ადგილი ექნება მომხმარებელთა უფლებების დარღვევას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3 წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე – 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2028 წლის 1-ლ იანვრამდე შემდეგი კომპანიებისათვის: შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“, შპს „თელავგაზი“, შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „გამა“, შპს „გოგოჭური და კომპანია“, შპს „ენერგია +“.
12 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ ასევე იმსჯელა 2023-2027 წლებისთვის შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტარიფზე. გადაწყვეტილების შესაბამისად, შემცირდა გაზის ტრანსპორტირების ტარიფი. კერძოდ, მოქმედი 1,895 თეთრი/მ3-ის ნაცვლად მომდევნო წლებისთვის ტარიფი განისაზღვრა 1,583 თეთრი/მ3-ით.
სუსტი ქალი არ არსებობს და ადამიანი თუ მოინდომებს შეუძლებელი არაფერია, ეს მისთვის მხოლოდ სიტყვები არ არის, ის ამას მუდმივად საკუთარი ქმედებებით ამტკიცებს. მან საზოგადოებაში შექმნილი სტერეოტიპები დაამსხვრია და გახდა დამოუკიდებელი ძლიერი ქალი, რომელიც ცდილობს საკუთარი თემისა და ახალგაზრდების გაძლიერებას.