19 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმინდა ნიკოლოზი მთელი საქართველოს ეკლესიის მფარველად და მწყემსად მიიჩნევა.
წმინდა ნიკოლოზი მეოთხე საუკუნეში პათარში დაიბადა. სიყრმიდანვე საღმრთო წერილით იწვრთნებოდა. დღისით ტაძარში იყო, ღამით კი ლოცულობდა. წმინდა ნიკოლოზის ბიძამ, რომელიც პათარის ეპისკოპოსი იყო, იგი ჯერ მედავითნედ დადგინა, შემდეგ მღვდლად აკურთხა. მისი მღვდელმთავრად დადგინება მოგვიანებით მოხდა. ქალაქ მირონში, ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ, ახალი მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა, როდესაც ერთ-ერთ ეპისკოპოსს უფალი გამოეცხადა და უთხრა, ვინც ღამით ტაძარში პირველად შემოვა, ჩემი რჩეულიაო. წმინდა ნიკოლოზი ტაძარში ჩვეულებრივ ცისკრის ლოცვაზე მივიდა. სასწაულის მხილველმა ეპისკოპოსმა მღვდელმთავრების შორის ჩააყენა და სასწაულის შესახებ ყველას აცნობა. წმინდანი მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსად დაადგინეს. როდესაც იმპერატორმა დიოკლიტიანემ ქრისტიანების დევნა დაიწყო, მას არ შეშინებია და განაგრძნობდა ღვთის სიტყვის გავრცელებას ხალხში, რის გამოც საპყრობილეში ჩააგდეს. ქრისტიანების დევნა წმინდანთა სწორის კონსტანტინე დიდის ტახტზე ასვლის შემდეგ შეწყდა. მწყემსმთავარი კი საკუთარ სამწყსოს დაუბრუნდა. წმინდანმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღასრულა. მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს.
19 დეკემბერი წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეა
,,განწირული რეისის“ გადარჩენილი გმირი
,,ოცნება აუცილებელია, იმედისა და ენერგიის წყაროა. ჩემი ოცნება მომავლის კეთილდღეობაა. მსურს, ჩემმა შვილებმა გამთლიანებულ, წარმატებულ ქვეყანაში იცხოვრონ. უყვარდეთ სამშობლო და დაიცვან მისი ღირსება, რადგან სამშობლო ადამიანის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია, უსამშობლო ადამიანი სულით ღატაკი და საცოდავია“ – ამ სიტყვების ავტორი დავით გრძელიშვილი გახლავთ. მას სამშობლოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, აფხაზეთის ომში გმირობისა და თავდადებისთვის, ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
- მრავალნაირი ჯილდო არსებობს, თუმცა საპატიო მოქალაქის წოდება სხვაგვარად ამაღელვებელია, როგორია ამ ტიტულის ტარება ?
- გეთანხმებით, ამაღელვებელი, კიდევ მეტად საპასუხისმგებლო და ამავე დროს სასიამოვნოა. ტიტულის მიღმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ დგას – მადლობა მთელი ქალაქისგან, ქვეყნის და რაც მთავარია, ხალხისგან.
- ცხოვრებაში მრავალ ეტაპს გავდივართ და ვფიქრობთ ხოლმე, რა იქნება მომავალში, როგორები ვიქნებით, რას მივაღწევთ და ა.შ. ოდესმე თუ წარმოგედგინათ თავი საპატიო მოქალაქის რანგში და რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის ეს სტატუსი ?
- მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის მომანიჭეს საპატიო ვეტერანის წოდება, ასევე, დაჯილდოებული ვარ მედლით, მაგრამ ბოლნისის საპატიო მოქალაქეობა, ჩემთვის მართლაც მოულოდნელი იყო, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას.
- ბავშვობა ყველასათვის ტკბილ, თბილ და სანუკვარ მოგონებებთანაა დაკავშირებული, საინტერესოა, როგორ გაიხსენებთ ბავშვობის წლებს? როგორი ბავშვი იყო, დღესდღეობით უკვე საპატიო მოქალაქე, დავით გრძელიშვილი ?
- ბავშვობის მოგონებები ყველაზე ძვირფასია ჩემთვის, იმდენად ბევრია, ხანდახან ვიძირები და ვიკარგები დროში. ვიყავი შრომისმოყვარე, ჭკვიანი. გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც სიკეთეს, უფროსისადმი პატივისცემასა და სამშობლოს სიყვარულს მასწავლიდნენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი კი, რა თქმა უნდა, განათლებას ეკავა.
დავითმა საუბარში ის დღეები გააცოცხლა, როცა მისი სახით, ისტორიის ფურცლებზე, კიდევ ერთი გმირის სახელი ამოიქარგა, რომელიც საუკუნოდ შეინახება და მომავალ თაობას გაუღვიძებს გმირობისა და პატრიოტიზმის სურვილს.
,,1993 წლის 22 სექტემბერს მივფრინავდი სოხუმში საბრძოლო ქმედებებისთვის. თვითმფრინავი ცეცხლის ალში გაეხვა, დაიღუპა 92 სამხედრო, რამდენიმე კი სასწაულებრივად გადავურჩით სიკვდილს. ორ ქალბატონს გავუწიე დახმარება, მეტი ვერ შევძელი. ამ რეისს ,,განწირული რეისი“ ეწოდა“.- იხსენებს დავით გრძელიშვილი.

- რა გზა გაიარა ,,განწირული რეისის“ მთავარმა გმირმა, საპატიო მოქალაქის წოდებამდე ?
- უმაღლესის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმის ჯგუფის უფროსად. 1993 წელს, სწორედ ,,განწირული რეისის“ ბორტზე აღმოვჩნდი, ომის დასრულების შემდეგ დავბრუნდი სოფელში და ცხოვრებას ავუწყვე ფეხი, დავრეგისტრირდი ინდ. მეწარმედ, მქონდა ყველის გადამამუშავებელი მინი საწარმო. 1997 წლიდან მუშაობა დავიწყე ,,არემჯი-გოლდის“ უსაფრთხოების სამსახურში, ვარ ოფიცერი. მყავს მეუღლე და ორი შვილი.
- რთულია გზა ჩვეულებრივი, მშვიდი ცხოვრებიდან, ფრონტის ხაზამდე, თუმცა ორმაგად რთულია ფრონტის ხაზიდან დაბრუნება და კვლავ ჩვეულებრივი ცხოვრების ფერხულში ჩაბმა. როგორ გაიარეთ ეს პერიოდი ?
- ცხოვრება ძალიან უცნაურია, ზოგჯერ ძალიან ტკბილი, ზოგჯერ ვერაგი. როგორც დავით გურამიშვილი იტყოდა –
,,ორგემაგე არს საწუთრო: ხან ნოტიობს, ხან კი გვალავს“
ჩვენი მთავარი მისიაა, ვიცხოვროთ ისე, რომ მარადისობა დავიმკვიდროთ. ცხოვრება უნდა ვისწავლოთ იმ ტკივილთან და სიხარულთან ერთად, რაც მან გვარგუნა.
- ყველა ადამიანს სჭირდება დაფასება და აღიარება, ადამიანები სოციალური არსებები ვართ, შესაბამისად სასიამოვნოა, როდესაც საზოგადოება გვაღიარებს. როგორ შეაფასებთ ამ წამოწყებას, რამდენად მოგწონთ საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ტრადიცია?
- რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როცა საზოგადოება ხედავს და აფასებს შენს ქმედებას, რაც შინაგან და გარეგან მოტივაციაზეც აისახება.
- თქვენ რომ წარადგენდეთ საპატიო მოქალაქეების სიას, შეიყვანდით საკუთარ თავს ამ სიაში?
- ვფიქრობ, საკუთარი თავის ქება ცოტა უხერხულია. დიდი ვაჟა ხომ გვეუბნება, კაი ყმის დახასიათებისას – ,, სხვისი იუბნოს სახელი, თავის გარჯასა ჰფარავდეს-ო“. სამაგალითო ქმედებები სხვამ უნდა დაინახოს და აღიაროს.
- ღირსეული და საპატიო ჩვენს ენაში ერთგვარი სინონიმებია, როგორია თქვენი თვალით დანახული ღირსეული ადამიანი?
–ღირსეული ადამიანი ძლიერია. აქვს უნარი დაეხმაროს ადამიანებს, პატივს სცემს ყველას, არასოდეს გაივლებს გულში ბოროტებას, კარგად უჭრის გონება და ესმის სიკეთის ძალა.

- რა არის დავით გრძელიშვილის ცხოვრების კრედო, რა გასწავლათ ყველაზე დიდმა მასწავლებელმა – ცხოვრებამ ისეთი, რასაც სიამოვნებით გაუზიარებთ და ურჩევთ მომავალ თაობას?
- დროს არ უყვარს ფუჭად დაკარგვა. უნდა იღვაწო, დრო უქმად და უმიზნოდ არ უნდა დაკარგო. ილიას სიტყვებს მოვიშველიებ – ,,მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“.
მარიამ ონიანი
დღეს მართლმადიდებელი სამყარო ბარბარობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს იხსენებს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.
მოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოჰკვეთა.
წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება.
სავალდებულო ჯარის გაწვევის გადავადება ერთი წლის მანძილზე 10 000 ლარით განისაზღვრა და გადავადების უფლება პირს მხოლოდ ერთხელ მიეცემა
თავდაცვის მინისტრმა ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეზე ისაუბრა, რომლის თანახმად გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და განისაზღვრა 10 000 ლარი, ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის.
„გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის 10 000 ლარით განისაზღვრა. გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება. მაგალითად, შესაძლოა იყოს ადამიანი, ვისაც მიზეზი არ გააჩნია, თუმცა არ მოხვდეს სავალდებულო ჯარის გასაწვევთა სიაში. 10 000 ლარის სანაცვლოდ ერთი წლის გადავადების შემდეგ, მოქალაქე ისევ მოხდება პირის გაწვევა“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, უკვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები გადავადების შესახებ ძალაში რჩება, როგორიცაა: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები და სხვა.
„სამი წელი ინტენსიურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი სამართლიანი ყოფილიყო, რასაც მაქსიმალურად მივაღწიეთ. მე გამაკრიტიკეს სავალდებულო ჯარი რომ არ მაქვს გავლილი, მაგრამ მქონდა ობიექტური მიზეზი – ვიყავი მრავალშვილიანი და სტუდენტობისას სამხედრო კათედრა გავიარე. უკვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები გადავადების შესახებ ძალაში რჩება, როგორიცაა: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები და სხვა“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
გაიხსნა ლიტერატურული კაფე „ბულანჟერია“
„ბულანჟერია“ – ასე ჰქვია ახალ სივრცეს, რომელმაც ბინა ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში დაიდო. ლიტერატურული კაფე გუშინ საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიება რამდენიმე საათი თბილ და სასიამოვნო გარემოში გაგრძელდა. მოწვეული სტუმრები ექსპრომტად გაჟღერებულ აქტივობებში ჩაერთვნენ. დასასრულს კი წარმატება უსურვეს სალონურ კაფეს.
„ბულანჟერია“ გათვლილია სალონური საღამოების, კონფერენციების და სხვადასხვა სახის შეხვედრებისთვის.
ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაზე გასაცემი დახმარება იზრდება
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, „შრომის კოდექსის“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი მომზადდა, რომელიც პარლამენტმა 86 ხმით, ერთხმად მიიღო.
ცვლილებების თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაზე გასაცემი დახმარება მნიშვნელოვნად იზრდება და 2023 წლის 1 იანვრიდან, მისი ოდენობა 2000 (არაუმეტეს) ლარით განისაზღვრება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ხმაურის შემოწმების ვალდებულება და ხმაურის დონის საშუალო მაჩვენებელი დადგინდება
ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ხმაურის შემოწმების ვალდებულება და ხმაურის დონის (დეციბალებში) საშუალო მაჩვენებელი დადგინდება.
„2019 წლიდან მოყოლებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმაურის შემოწმების კომპონენტის შემოწმების ვალდებულება რამდენჯერმე გადავადდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზენორმატიული ხმაური უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ურბანულ პირობებში და ღამის საათებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ხმაურის შემოწმების ვალდებულება, რაც განხორციელდება ერთ-ერთ კომპონენტად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის მაქსიმალური მაჩვენებელი (დეციბალებში) სატრანსპორტო საშუალების კატეგორიისა და ძრავის ტიპის გათვალისწინებით.
„ხმაურის მაქსიმალური დასაშვები ნორმების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული საქართველოში არსებული ავტოპარკის მდგომარეობა წინასწარ ჩატარებული შესაბამისი კვლევების გათვალისწინებით“,- ნათქვამია განცხადებაში.
წარმატება მხოლოდ დასახული მიზნის მიღწევა კი არა, არამედ საკუთარ თავთან გამარჯვებაცაა
,,გაზეთი ბოლნისი“ აგრძელებს მკითხველისთვის წარმატებული და საინტერესო ახალგაზრდების გაცნობას, ამჯერად მოგიყვებით დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მე-10 ა კლასის მოსწავლე ნინი მოსეშვილზე, რომელიც აქტიურადაა ჩართული მრავალ სასკოლო თუ არასასკოლო პროექტში. უყვარს ახალ გამოწვევებსა და სირთულეებში თავის გამოცდა, რადგან ეს ყველაფერი უდიდეს გამოცდილებას სძენს. სამომავლო პროფესია არ აქვს არჩეული და ამიტომ ცდილობს, შესაძლებლობები მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენოს. ნინი მოგვიყვება რაში ეხმარება და რა გამოცდილებას იღებს სხვადასხვა პროექტებიდან.
–როგორ მოხვდი ლატვიაში და რა მიზანს ემსახურებოდა იქ ყოფნა?
-პატარაობიდან ვოცნებობდი საზღვარგარეთ მოგზაურობაზე. როცა მოულოდნელად შენით იხდენ იმ ოცნებას, რისი ახდენაც არ წარმოგედგინა, ძალიან დიდი ბედნიერებით ივსები. ასეთი ბედნიერება ლატვიაში ყოფნით განვიცადე. პროექტმა ,,ახალგაზრდობის ხმა მშვიდობისათვის“ მომცა შესაძლებლობა განმეცადა ეს დაუჯერებელი და შთამბეჭდავი გამოცდილება, რომელიც არასდროს დამავიწყდება. რა თქმა უნდა, აპლიკაციის შევსებისა და მომზადების პერიოდი არ იყო ადვილი, მაგრამ როცა მიზნის მიღწევა ნამდვილად გსურს, ყველაფერს მიაღწევ. იყო ნერვიულობა და ღელვაც, თუმცა როცა შედეგს ხედავ, ყველაფერი ბათილდება. ლატვიაში გარემოს დაცვის საკითხებზე ვიმუშავეთ. მეგობრებთან ერთად წარმოვაჩინე ჩვენი ქვეყანა, კულტურა და კულინარია. ამაყი ვიყავი, როცა ჩვენი თანატოლები და პროექტის ხელმძღვანელები აღტაცებას ვერ მალავდნენ, ოვაციებს გამოხატავდნენ სიმღერისა თუ ცეკვის შემდეგ და გვთხოვდნენ უფრო მეტი გვეთქვა ჩვენი ქვეყნის შესახებ.
–რას გაგონებს შენი საქმიანობა?
-რაც უფრო მეტად ხარ ჩართული სხვადასხვა პროექტში, უფრო მეტი და მეტი გინდება. ეს ყველაფერი აზარტულ თამაშს ჰგავს, ოღონდ ისეთს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მოგებით სრულდება.
– რა არის წარმატების მისაღწევად აუცილებელი?
-ვფიქრობ, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა საკუთარ თავს ვაიძულოთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და დავძლიოთ შინაგანი შიში. ჩემი აზრით, წარმატება მხოლოდ დასახული მიზნის მიღწევა კი არა, არამედ საკუთარ თავთან გამარჯვებაცაა. როცა აცნობიერებ რომ წარსულში რაც შეუძლებელი გეგონა, შენით ხდი შესაძლებელს, უდიდესი სიამოვნებით ივსები. ბევრი მიზანი მაქვს, რომლის მიღწევისთვისაც შეიძლება ითქვას, ყოველდღე ვიბრძვი. მგონია, რომ მთავარი ცდაა და ამის შემდეგ, ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება. ხანდახან უბრალოდ შიში გვხევს უკან, რომელიც ჩვენი მცდელობით და მონდომებით უნდა დავამარცხოთ.

–როგორ უთავსებ ერთმანეთს სხვადასხვა პროექტს?
-ყოფილა ისეთი დღეები, როცა ბევრი პროექტი თუ აქტივობა ერთმანეთს ემთხვეოდა და ძალიან გადატვირთული დღეები მქონია, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს დიდი სიხარულით ვიხსენებ. ახლაც ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. სკოლასთან ერთად, უამრავ პროექტში ჩართულობა ხანდახან რთულია, თუმცა ბოლოს, შედეგები და გამოცდილება მაკმაყოფილებს ხოლმე. მთავარია, დრო სწორად გადავანაწილო.
–რომელი აქტივობა მოგწონს?
-ძალიან მომწონს მოხალისეობა. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვაკეთო მოხალისეობრივად. აკეთო კეთილი საქმე შენი სურვილით, უდიდესი სიამოვნებაა. ძალიან მინდა, რომ მოხალისეობა ბევრ ჩემს თანატოლს შეუყვარდეს და გაიაზროს ამ საქმიანობის მნიშვნელობა.
–რას ურჩევდი შენს თანატოლებს?
-თანატოლებს ვურჩევდი, რომ არასდროს შეუშინდნენ სიახლეებს და ყოველთვის გადადგან პირველი ნაბიჯი. დასახულ მიზნებზე იმუშაონ და შინაგანი შიში დაამარცხონ. მართლაც, ძალიან რთული და დატვრითულია მიზნამდე მისაღწევი გზა, თუმცა მიღებული შედეგი ყველა რთულ დროს გადაფარავს.
ყველა ჩემს თანატოლს უდიდეს წარმატებას ვუსურვებ!
–რა გამოცდილება შეგძინა პროექტებში ჩართულობამ და რას გაიხსენებდი ყველაზე მეტად?
– ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა დავდგით ფორუმ-თეატრი. ფორუმ-თეატრში მონაწილეობა პირველად მივიღე. საკმაოდ რთული აღმოჩნდა მსახიობობა, რადგან ამ დროს ყველა დეტალი უნდა გაითვალისწინო, რომ შენი პერსონაჟის ემოციები ზუსტად მიიტანო მაყურებლამდე. ენით აღუწერელია ის ემოციები, რასაც როლის თამაშისას ვგრძნობდი. ამ შთამბეჭდავმა და დაუვიწყარმა გამოცდილებამ ჩემს ცხოვრებაში უკვე ბევრ რამეზე მოახდინა გავლენა.
ვფიქრობ, ისეთი აქტივობები, როგორიც ფორუმ-თეატრია, ახალგაზრდებს პიროვნულ განვითარებასა და სხვადასხვა შიშის/კომპლექსის დაძლევაში გვეხმარება. გვივითარდება კრიტიკული აზროვნება და გვეძლევა მოტივაცია, რომ ვაკეთოთ უფრო მეტი. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ სცენაზე ვიდგებოდი, თუმცა არაფერია შეუძლებელი.

–თუ გაქვს თავისუფალი დრო და რას აკეთებ?
-თავისუფალ დროს მიყვარს ლიტერატურის კითხვა და მეგობრებთან ერთად სხვადასხვა თემაზე დისკუსია.
–რა არის შენი ჰობი?
-ბევრი ჰობი მაქვს, თუმცა გამორჩეულად მიყვარს მუსიკის მოსმენა, ფორტეპიანოზე დაკვრა და ფილმების ყურება.
–რა არის შენი უახლოესი გეგმები?
ჩემი უახლოესი გეგმა ისევ და ისევ პროექტებს უკავშირდება. ახლა უფრო მეტად კონკურსებში მონაწილეობა მსურს. გარდა ამისა, მინდა ჩემი ცოდნა თანატოლებსა და სკოლის მოსწავლეებს გავუზიარო და ამისათვის სახალისო კლუბების შექმნასა და პროექტების განხორციელებას ვაპირებ.
ნინი მადლობას გიხდი საინტერესო საუბრისთვის და შენი მიზნების ასრულებას გისურვებ.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრესის მუზეუმი გაიხსნა
15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პირველად საქართველოში, გაიხსნა პრესის მუზეუმი.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მუზეუმი შეიქმნა ეროვნული ბიბლიოთეკის საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილების ბაზაზე. ამ გადაწყვეტილების მიზანია, ფართო საზოგადოებამ გაიცნოს ქართული ჟურნალისტიკისა და პუბლიცისტიკის განვითარების ეტაპები, რის შედეგადაც საქართველოში შეიქმნა პრესა, როგორც უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი ნაწილი.
საქართველოს პრესის მუზეუმში პირველად იყრის თავს როგორც XIX, ისე XX საუკუნის პერიოდულ გამოცემათა ნიმუშები, რომლებიც ქრონოლოგიურად არის განლაგებული და მნახველს არა მხოლოდ პერიოდიკის, არამედ ეპოქის შესახებაც უქმნის წარმოდგენას.
დამთვალიერებელი მუზეუმში ნახავს ივანე კერესელიძის, გიორგი ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, სერგეი მესხისა და სხვათა გამოცემებს, ჟურნალებს: „ცისკარს“, „საქართველოს მოამბეს“; გაზეთებს: „ივერიას“, „დროებას“, „ცნობის ფურცელს“, „კვალს“, „გუთნის-დედას“ და სხვ.
მუზეუმის ექსპონატთა შორის არის პირველი რესპუბლიკის პერიოდისა და საბჭოთა ეპოქის მნიშვნელოვანი გამოცემებიც. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია, როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად გამორჩეული ეგზემპლარები. მუზეუმში პერიოდული გამოცემების შენახვისა და მოვლისთვის აუცილებელი ყველა პირობაა შექმნილი.-ნათქვამია საქართველოს კულტურის ,სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში
ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია შეიქმნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული მხარდაჭერა განხორციელდა, რაც კომპიუტერთან დაკავშირებული ბრაილის ეკრანის (Braille display) ან ბრაილის ჩამწერის (Braille note-taker) გამოყენებით ტექსტის ქართული ბრაილის შრიფტით წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა.
მნიშვნელოვანია, რომ სიახლე უსინათლო ადამიანებს სხვადასხვა ინფორმაციაზე, მათ შორის საგანმანათლებლო რესურსებზე, სწრაფ და სრულფასოვან წვდომას სრულიად უსასყიდლოდ მისცემს.
ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთისა და ააიპ „მარიანის“ თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკელმა ექსპერტმა – ჰარის მობრისმა შექმნა.
ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება. ის უსინათლო ადამიანებს თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენების საშუალებას აძლევს, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს განათლების ხარისხს, უზრუნველყოფს ინფორმაციაზე სწრაფ წვდომას, ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს და ქმნის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის შესაძლებლობას.
ბრაილის შრიფტის ელექტრონული მხარდაჭერა ინტეგრირებულია ღია წყაროს მქონე უფასო პროგრამა „ლიბლუიში“, რომელიც თავის მხრივ, ჩაშენებულია ეკრანის წამკითხველ სხვადასხვა პროგრამაში, როგორიცაა NVDA, JAWS და სხვა. -ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.











