Home Blog გვერდი 88

კომუნალური მეურნეობის სამსახურის თანამშრომლებს საახალწლო ნობათები გადაეცათ

0

ბოლნისის  სისუფთავეზე კომუნალური მეურნეობის  სამსახურის თანამშრომლები ზრუნავენ. ისინი დაუღალავად შრომობენ,  რომ მათი სამუშაო ტერიტორია სუფთა და სანიმუშო იყოს. როგორც თავად ამბობენ ხელმძღვანელობის მხრიდან  ყურადღებას ყოველთვის გრძნობენ, სამსახურმა ტრადიციას არც წელს უღალატა,  92 თანამშრომელს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საშობაო ნობათები გადასცა, რომლის შესაძენადაც თანხა საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ბოლნისის მუნიციპალიტეტის  პროფორგანიზაციის საწევრო დანაზოგიდან გამოიყო.  

,,შვიდი წელია მეეზოვედ ვმუშაობ, ვცდილობ ტერიტორია, სადაც ვმუშაობ, ყოველთვის სუფთა იყოს, ვთვლი, რომ ყველა საქმე დასაფასებელია, ძალიან სასიხარულოა, როცა შენს შრომას აფასებენ, ადამიანების გახარება მცირე საჩუქარსაც შეუძლია, ნობათი კი, რომელსაც ყოველწლიურად გადმოგვცემენ, საახალწლო სუფრისთვის გვადგება“, -აღნიშნა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა სვეტლანა კაცაძემ.

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

0

ბოლო დღეების განმავლობაში გახშირდა ისეთი შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მობილური ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებიან მოქალაქეებს და სთხოვენ თანხას თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ახლად დაარსებული საქველმოქმედო ფონდისათვის.

რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ჩანს, გარკვეული პირები ეკლესიის სახელის გამოყენებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

გთხოვთ, ასეთი ფაქტების დაფიქსირებისა და შეტყობინების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლვ გვაცნობოთ, რათა დროულად მოხდეს რეაგირება და მსგავსი გაურკვევლობის აღმოფხვრა.

ფესტივალში „მზიანი საქართველო“,  მონაწილეობა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა თოჯინების თეატრმა მიიღო

0

14-19 დეკემბერს ბაკურიანში ჩატარდა შემოქმედებითი ფესტივალი „მზიანი საქართველო“, რომელშიც მონაწილეობდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი სპექტაკლით „შვიდფერა ყვავილი“ (ვალენტინ კატაევის „შვიდფერა ყვავილის“ მიხედვით).

თოჯინების თეატრების რიგით მეხუთე ფესტივალზე ჟიურის გადაწყვეტილებით თეატრი შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდა: საუკეთესო სცენოგრაფია და ჟიურის რჩეული (მზევინარ ხომასურიძე).

გარდა ამისა, სცენარის ავტორებს, გოჩა ხელიძესა და ნათია შეშაბერიძეს, ასევე, თეატრის დასის ყველა წევრს აქტიური მონაწილეობისათვის დიპლომები გადაეცა.

ფესტივალის მიზანია თოჯინების თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, განვითარება და მათი ხელშეწყობა-ნათქვამია ბოლნისის კულტურის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

სიკეთე გადამდებია- ფონდი ,,მონაგარი’’ ხუთი წლისაა

0

ყველა ჩვენგანი შესწრებია ალბათ ისეთ მოვლენებსა თუ  სიტუაციებს, როცა ადამიანი გასაჭირშია და დახმარებას საჭიროებს, ამ დროს ბევრმა  არ იცის  როგორ მოიქცეს. თუმცა არიან კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ყოველგვარი ფიქრის გარეშე უყოყმანოდ და დაუფიქრებლად აკეთებენ სიკეთეს ისე,  არც რაიმე ჯილდოს ელიან და არც იმას, რომ სხვებმა შეამჩნიონ და გმირად გამოაცხადონ. მათ მხოლოდ სხვისი დახმარების სურვილი  გამოწვეული ემოცია ახარებთ.  სწორედ ასეთ ადამიანებზე გიამბობთ, რომელებიც სხვების  გახარებით თავადაც ბედნიერები არიან.

„სიკეთის კეთება მარტივია, ყველაფერი ფულით არ იზომება, გაუღიმე, თბილად მოიკითხე, გაეცი სითბო და სიყვარული“ – ზუსტად ამ შემართებით და იდეით, ხუთი წლის წინ, დაბა კაზრეთში მცხოვრები  რამდენიმე ახალგაზრდა გაერთიანდა, სხვების დახმარება და გვერდში დგომა მიზნად დაისახეს, თანამოაზრეები შემოიკრიბეს და არაერთი საქველმოქმედო აქცია განახორციელეს, სახელი სიმბოლურად „მონაგარი“ დაირქვეს.

ფონდი „მონაგარი“ ხუთი წლის გახდა, იუბილე ახალგაზრდებმა იმ ადამიანებთან ერთად აღნიშნეს, რომლებიც სხვების დახმარებისთვის გაერთიანდნენ და სხვადასხვა სახის შემოწირულობა გაიღეს.

„ფონდის დაარსების იდეა 2017 წელს გაჩნდა. დაბა კაზრეთის ტაძრის მაშინდელი მოძღვარის,  მამა არჩილ ქიტუაშვილის ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ ეს საქმე. დრო დაგვჭირდა საზოგადოებამდე მიგვეტანა სათქმელი, თუმცა, ჩვენს ჩანაფიქრს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განწყობა და ნდობა მოვიპოვეთ. მას შემდეგ ვცდილობთ იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს. საბედნიეროდ, კეთილი ადამიანები ჩვენს გარშემო ძალიან ბევრია. ხუთი წლის განმავლობაში 50-ზე მეტი საქველმოქმედო აქცია განვახორციელეთ, ჯამში ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში 350 ოჯახს გავუწიეთ დახმარება“. – აღნიშნა ფონდი „მონაგარის“ დამფუძნებელმა გელა ცხოვრებაძემ.

ფონდი „მონაგარი“, საქველმოქმედო აქციების გარდა, სხვადასხვა სახის აქტივობებსაც ახორციელებს. შემოწირულობით  საგანმანათლებლო სახის აქციაც ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც სკოლების ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები შეუძინეს.

„ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში და მათი დახმარებით, ვისაც კეთილი საქმის კეთების სურვილი აქვს, გავახაროთ ადამიანები. თუმცა, სიკეთის კეთება მხოლოდ მატერიალური დახმარება არაა, ეს სხვადასხვა ფორმითაცაა შესაძლებელი. თუნდაც კეთილი სიტყვით, გაღიმებით, ფიზიკური დახმარებით, ადამიანებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობთ არ დავივიწყოთ ხანდაზმულები და ღვაწლმოსილები. მასწავლებლის საერთაშორისო დღე მივულოცეთ დაბა კაზრეთისა და ბალიჭის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, არასოდეს დამავიწყდება   მათი გაბრწყინებული სახეები“.

სამომავლოდ, ფონდი „მონაგარი“, რამდენიმე გრძელვადიან, ფართომასშტაბიან პროექტის განხორციელებას ფიქრობს, რისთვისაც ისევ და ისევ კეთილი ადამიანების გვერდში დგომა სჭირდება, ფონდი შეჭირვებული ოჯახებისთვის კურსების ჩატარებას გეგმავს,  სხვადასხვა სახის პროფესიას შეასწავლიან, რაც  შემდგომ მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. „მონაგარმა“, წინასწარი გამოკითხვის შედეგად, რამდენიმე ხელსაქმე უკვე შეარჩია და  პროექტი დამუშავების ეტაპზეა.

„გავუწოდოთ დახმარების ხელი ერთმანეთს და ვაკეთოთ სიკეთე“ – ამ დევიზით, ისევ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, ერთად კიდევ მრავალი ადამიანის დახმარებას და გახარებას შევძლებთ“.

მაგდა დევნოზაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა.

შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ამასთან, აღნიშნული დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საიუბილეო წელი სასულიერო სკოლამ ღონისძიებით მიულოცა

0

„ლექსებით აგიხსნით სიყვარულს და იხარებს სული ჩვენი“ – ამ ღონისძიებით, იოანე ბოლნელის სახელობის სკოლამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დაბადებიდან 90 და, აღსაყდრებიდან 45 წლისთავი აღნიშნა. შემოქმედებითი საღამო ბოლნელი ეპისკოპოსის, მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით გაიმართა, სადაც სასულიერო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ ანსამბლი „თამარიონი“, სუხიშვილების მოცეკვავეები და სალომე წიქორიძე.

ლიტერატურული კომპოზიცია ბოლნისის კულტურის სახლში გაიმართა, სადაც უწმინდესის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, მძიმე გზა, მოზარდებმა ლექსით, ქორეოგრაფიით, სიმღერითა და გალობით შეასრულეს. ღონისძიების ბოლოს კი, მამა პეტრე კვარაცხელიამ საქართველოს მწყემსმთავარს მადლობა გადაუხადა და   პატარა ჩოხოსნებმა, სცენაზე ქართული დროშაც გაშალეს.

სასაზღვრო პოლიცია “H145”-ის ტიპის 3 შვეულმფრენს შეიძენს

0

საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია “H145”-ის ტიპის 3 შვეულმფრენს შეიძენს.

“H145” მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ აქვთ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.

“H145” წარმოადგენს “Airbus”-ის ერთ-ერთ უახლეს მოდელს, რომელსაც წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.

კონტრაქტი ახალი შვეულმფრენების შეძენასთან ერთად, მოიცავს პილოტებისა და ინჟინრების გადამზადებას, მარაგი ნაწილების შეძენასა და 3-წლიან საქარხნო გარანტიას.

დღეს, საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსების დღეა

0

საქართველოს ეროვნული გვარდია, 32 წლის წინ, 1990 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა.

ეროვნული გვარდია პირველი ქართული სამხედრო ფორმირებაა, რომლის ბაზაზეც საქართველოს დღევანდელი თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა.

1991-1993 წლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებული ბრძოლებისას, 650-მდე გვარდიელმა შესწირა სიცოცხლე სამშობლოს. მარადიული ხსოვნა მათ სახელებს!

2003 წლიდან აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდლის, გენერალ პოიტრისისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის რეკომენდაციით, ეროვნული გვარდიის რეორგანიზაცია დაიწყო, რის შედეგადაც, მუდმივი საბრძოლო ქვედანაყოფები გაუქმდა, მძიმე შეიარაღება და ტექნიკა რეგულარული ჯარების ნაწილებს გადაეცა და რეზერვისტებით დაკომპლექტებული ქვედანაყოფების წვრთნები დაიწყო.

ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდნენ.

დღეს ეროვნული გვარდიის პრიორიტეტებს შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და განხორციელება, სამხედრო ოპერაციების დროს მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელება, თავდაცვის ძალებისთვის მოქალაქეთა რეკრუტირება, საომარი და საგანგებო სიტუაციების/მდგომარეობის დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა წარმოადგენს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ყველა ვეტერან გვარდიელს და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს ულოცავს ეროვნული გვარდიის დაარსების დღეს და დღეგრძელობას,კეთილდღეობას, მშვიდობიან, ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს,-ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

„არემჯიმ“  სამთოელის დღე აღნიშნა

0
არემჯი სამთოელის დღე

17 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ სამთოელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გამართა. უკვე მე-4 წელია, რაც კომპანიაში მივიწყებული ტრადიცია აღდგა და  4000-ზე მეტ  დასაქმებულთან ერთად, ყოველწლიურად ამ დღეს პროფესიული დღესასწაული –  სამთოელის დღე აღინიშნება.

თეატრში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე კომპანიის მენეჯმენტმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად წლის 7 საუკეთესო თანამშრომელი გამოავლინა და მათ წლის სამთოელის საპატიო ჯილდო გადასცა.

ღონისძიებაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ მოწვეულ სტუმრებს და კომპანიის თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.

„თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ სამთოელის დღეს. 10 წელი გავიდა „არემჯის“ დაფუძნებიდან და ჩვენ ძალიან გვიხარია ამ დღის, ასე საზეიმოდ აღნიშვნა. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთხრებით ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს როგორც წარმოების გადაიარაღების და განახლების, ასევე ეკოლოგიის თუ სოციალური საკითხების გაუმჯობესების კუთხით. ვფიქრობ ეს სასიკეთო ცვლილებები გვაძლევს სტიმულს, რომ ვიზეიმოთ და მივულოცოთ ერთმანეთს სამთოელის დღე“ აღნიშნა ჯონი შუბითიძემ.

 2022 წლის სამთოელები გახდნენ: ლუიზა გვარაძე –  გამამდიდრებელი ფაბრიკის ფლოტატორი; ემზარ ყაფლანიშვილი – მძიმე ტექნიკის ექსპლუატაციის ექსკავატორის მემანქანე;  ალბერტ კუსიანი – სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სამსახურის უფროსის მოადგილე; დაზმირ ზურაბიშვილი – წყალქცევის უბნის უფროსი ოსტატი; ნინა პანიანი – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის საქმეთა მწარმოებელი; შოთა ონიანი -მთავარი გეოლოგიური სამსახურის  დასინჯვის გეოლოგი; მოხუბათ იბრაგიმოვი  – ავტოტრანსპორტის სარემონტო საამქროს  ზეინკალ-ხარატი. – ეს ადამიანები არაერთი ათწლეულია მუშაობენ კომპანიაში და საკუთარი წვლილი შეაქვთ მის განვითარებაში.

სამთოელის დღე, 2019 წელს, არემჯის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, კორპორატიულ დღედ დაწესდა და კომპანიაში დასაქმებული 4000-ზე მეტი თანამშრომლისთვის უქმე დღედ არის გამოცხადებული.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 38 140 000 ლარით განისაზღვრა

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 38 140 000 ლარით განისაზღვრა. სოციალური მიმართულებით დაფინანსებამ 2023 წელს 4 803 140 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი 6 456 000 ლარი გამოიყო.

მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლება.

დღევანდელ საკრებულოზე დეპუტატებმა  კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს  სხვადასხვა საკითხებსაც.