Home Blog გვერდი 87

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიბლიოთეკებს  წიგნები გადასცა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების წიგნის ფონდი, მოთხოვნების შესაბამისად, ყოველწლიურად  ივსება, ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა, საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან, სოსო კოპალეიშვილთან ერთად, გადასცა და  ბიბლიოთეკის თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

დაახლოებით ერთი წელია, რაც  საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკები, ახალ მისამართზე, ერთ სივრცეში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში იღებენ მკითხველს. ამ ხნის მანძილზე, გამოვლინდა რიგი ხარვეზები, რომლის აღმოფხვრაც 2023 წელს იგეგმება, ასევე, ბიბლიოთეკის თანამშრომლების ინიციატივით, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგვება ხე მცენარეები და მოეწყობა სკვერი.

როგორც მენეჯერები აცხადებენ, ბიბლიოთეკის ახალმა სივრცემ და ყოველწლიურად განახლებადმა ფონდმა, მკითხველთა რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა

დაბა კაზრეთში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით დაბა კაზრეთში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, დაბის ცენტრში, ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

კაზრეთელების სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე საესტრადო ანსამბლმა „იმედი“ და ბენდმა „მედიატორი“ იზრუნა.ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან ერთად დაესწრო. სადღესასწაულო დღე გრანდიოზული ფოირვერკით დასრულდა.

აკურთის საჯარო სკოლის მოსწავლე ჩინარა ნაბიევა კონკურსის ,,ჩემი გალაკტიონი””ჟიურის რჩეული გახდა

0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კონკურსის „ჩემი გალაკტიონი“ დაჯილდოების ცერემონია გახსნა, გამარჯვებულ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ პრიზები პირადად გადასცა.

მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდების წახალისების კუთხით სასკოლო კონკურსების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს არაფორმალური განათლების მხარდაჭერა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობების, მათ შორის, შემეცნებითი და სახელოვნებო კონკურსების შეთავაზება.

დაჯილდოების ცერემონიაზე საკონკურსო კომისიის მიერ ქვეყნის მასშტაბით სამი გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. პირველი ადგილის მფლობელი აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე ჯიქია გახდა, მეორე ადგილი შპს ,,თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებმა ლიზი კუპრაშვილმა, მანანა ბებიამ და ლიზი შარიქაძემ დაიკავეს, ხოლო მესამე ადგილი ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიზი შარაძემ, ხატია ბერიძემ და მარი ბეჟანიძემ დაიმსახურეს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გამოვლინდნენ ჟიურის რჩეული ფინალისტები. მათ შორის, იყვნენ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის მოსწავლე ჩინარა ნაბიევა; ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლის მოსწავლე ლანა ჯორბენაძე; შპს „სადუნის“ მოსწავლეები სანდრო კასაბური, ანასტასია ბერიშვილი და თამარ ცხელიშვილი; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ლუკა სამაშვილი, ზურაბ ირემაშვილი და თამაზ ჯაჭვაძე; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე გენგაშვილი; ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები მარიამ კოკოლაძე, გიგა ჩულაშვილი და სოსო ქიზიყურაშვილი; ამბროლაურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ონიანი.

კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სპეციალური პრიზები, ტექნიკის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგა „უკრაინულ ენაზე ზოგადი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში შექმნილი მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის 41-ე საჯარო სკოლის ქართულ-უკრაინული გუნდი, რომელმაც ქართული და უკრაინული სიმღერები შეასრულა.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო კონკურსი „ჩემი გალაკტიონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცხადდა და მის მიზანს გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების პოპულარიზაცია, ასევე, ახალგაზრდებში შემოქმედებითი, კრიტიკული თუ ციფრული უნარების გამოვლენა-განვითარება წარმოადგენდა.

კონკურსში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების X, XI, XII კლასების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც ჟიურის გალაკტიონ ტაბიძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ორიგინალური ილუსტრაციები და ვიდეოკოლაჟები წარმოუდგინეს.

11

წინა საახალწლო ღონისძიება „განთიადში“

0

საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის „განთიადის“ ბენეფიციარებმა ტრადიციულად, წლის ბოლოს  წინა საშობაოდ შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს, აღსაზრდელები მუსიკალურ მინი საპექტაკლში, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მერიის წარმომადგელებთან ერთად დაესწრო, „განთიადის“ ბენეფიციარებს საახალწლოდ ტკბილეული დაურიგა და დამდეგი  მიულოცა.

საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრი  2009 წლიდან ფუნქციონირებს და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს.

დიალოგის ედითორი – მარიამ დიზერ-ჭითანავა

0

პროფესია დიალოგის ედითორი, სინემა ინდუსტრიაში წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ჯაჭვს, რომლის მეშვეობითაც რეჟისორისა და სცენარისტის ჩანაფიქრი სრულყოფილი ხდება. სწორედ ამ გუნდის ძლიერ დამაკავშირებელ რგოლს, 24 წლის ბოლნისელი მარიამ დიზერ-ჭითანავა წარმოადგენს. მისი მეშვეობით, არა ერთი ფილმისა თუ სერიალის დიალოგი გაფილტრულა, დამუშავებულა და მაყურებლამდე სრულფასოვნად მისულა. ხმის დამუშავება, გასუფთავება, ერთი და იგივე ფრაზის ათჯერ, ათასჯერ მოსმენა-გამეორება, კამერის ხმაურის და რეჟისორის მითითებისგან გაწმენდა, საათობით კომპიუტერთან ჯდომა და გადასაღებ მოედანზე ყოფნა, ეს ყოველდღიურობა, ხშირად რუტინულ და მონოტონურ სამუშაოდ იქცევა ხოლმე, თუმცა, მარიამის შემთხვევაში  პირიქითაა, მას ეს ყველაფერი,  პასუხისმგებლობასთან ერთად, დიდ სიყვარულსა და სიამოვნებას ანიჭებს. შრომატევადი და საკმაოდ რთული პროფესია გულისხმობს დიდ პასუხისმგებლობას, ყურადღებას და საქმის მაქსიმალურად კონცენტრირებას, რომლის ზედმიწევნით შესრულებით ჩაწერილი ხმა, ფილმსა თუ სერიალს, სასიამოვნო მოსასმენსა და საინტერესოს ხდის.

– ჩემი პროფესია ბევრისთვის რთულად გასაგებია, რადგან ბევრმა არ იცის, რომ ფილმის გადაღების შემდეგ, მისი ხმა მუშავდება და ხმის გუნდის დიდი შრომის შემდეგ, მიდის მაყურებლამდე. მოკლედ რომ ავხსნა,  ჩემი საქმიანობა მოიცავს გადასაღებ მოედანზე ჩაწერილი ხმის დამუშავებას, ისე რომ, ყველა სიტყვა გარკვევით და გასაგებად ისმოდეს, რომ მაყურებლის ყურადღების გაფანტვა არ გამოიწვიოს. ხმის გუნდი საკმაოდ ბევრ მიმართულებას მოიცავს, მაგრამ ჩემთვის დიალოგის ედითინგი აღმოჩნდა ყველაზე საინტერესო. რადგან ეს საქმე მოითხოვს ძალიან დიდ ყურადღებას, პრობლემების გადაჭრის უნარს და კრეატივს. სწორედ ეს მომწონს ამ საქმეში, თითქმის 4 წელია, რაც ამ მიმართულებით ვმუშაობ, მაგრამ, კონკრეტულად, 3 წელია დიალოგის ედითორი ვარ.

მარიამს დაახლოებით 20-მდე ფილმსა და 10-მდე სერიალზე აქვს ნამუშევარი, მისთვის მნიშვნელოვანია დიალოგი, საიდანაც მაყურებელი იგებს გარკვეულად და სასიამოვნოდ მოსასმენ ისტორიებს.

-კონკრეტულად, დიალოგის დამუშავებას დაახლოებით ორ კვირამდე სჭირდება იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ერთი ედითორი მუშაობს, თუმცა მაინც დამოკიდებულია ჩაწერილი ხმის ხარისხზე. ცუდად ჩაწერილი ხმა, ბევრად უფრო შრომატევადია. მთლიანობაში, ხმის გაკეთების პროცესი კი,  სასურველი პროექტის მისაღებად, შეიძლება თვეობით გაგრძელდეს.

მარიამის ცხოვრებაში კარგ ფილმსა და მუსიკას დიდი როლი უკავია, სწორედ ეს გახდა მიზეზი აღნიშნული პროფესიის შესწავლის.

-პირველ რიგში, ამ ინდუსტრიაში მოხვედრის მიზეზი ფილმებისა და მუსიკის სიყვარული იყო. მაშინ არ ვიცოდი, პროფესია დიალოგ-ედითორის შესახებ და კომპოზიტორის ასისტენტის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ახლანდელი პროფესია, უფრო საინტერესო იყო ჩემთვის. ყველა შემთხვევაში, ფილმს, ხმას და მუსიკას ძალიან დიდი როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში.

დიალოგის ედითორი, ფილმსა თუ სერიალში, დიდი პროცესების ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლია, რგოლი რომ არ გაწყდეს და პროდუქტი მზად განთავსდეს სატელევიზიო სივრცეში, მარიამი ამისთვის რთულ, შრომატევად და საპასუხისმგებლო საქმეს ასრულებს.

-ფილმის მასალის მოსვლის შემდეგ, რამდენიმე დეპარტამენტი პარალელურად იწყებს მუშაობას. მე ვიწყებ დიალოგის დამუშავებას, პარალელურად მუშაობს საუნდ დიზაინერების გუნდი. ნაწილი ფოლის იწერს, რომელიც ნიშნავს ძირითადად მოძრაობების გადახმოვანებას. ფოლი ოთახში გვაქვს ყველა შესაძლო ნივთი (რეკვიზიტი), რომელიც ფილმში შეიძლება იყოს გამოყენებული და ფოლი არტისტი, მათი გამოყენებით, კადრის შესაბამისად, მაქსიმალურად ბუნებრივ ხმებს იწერს. ისეთი ხმები, რომლის ფოლი სტუდიაში ჩაწერაც შეუძლებელია, (მაგ. ჭექა-ქუხილი, მანქანის ძრავის ხმა, სირენა და ა.შ) ცალკე ხმის ბიბლიოთეკიდან იკრიბება საუნდ დიზაინერის მიერ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი, ერთად იკვრება და ბალანსდება.

კომპანიაში „პოსტრედი“, სადაც ბოლნისელი ახალგაზრდა მუშაობს, არა მხოლოდ ქართული ინდუსტრირების ფარგლებში ემსახურებიან დამკვეთებს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ძალიან წარმატებულ და ყველასთვის ნაცნობ სერიალებსა თუ ფილმებზე მუშაობენ, სადაც საქმისადმი სიყვარული და დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. რთული და საპასუხისმგებლო პროფესიის  მიუხედავად, მარიამი თვლის, რომ მიზანს გარკვეულწილად მიაღწია, თუმცა სურვილი აქვს,  საერთაშორისო ინდუსტრიაში მოიპოვოს ერთ-ერთი საუკეთესოს სახელი.

-ვცდილობ,  უფრო და უფრო მეტი ვისწავლო,  ფართო გავხადო ჩემი შესაძლებლობების არეალი ამ სფეროში. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი რომ გახდე, საჭიროა დიდი გამოცდილება, ამიტომ, იმის დახვეწით ვარ დაკავებული, რაც ვიცი,  დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

მარინა გავაშელი

გოგი მეშველიანი: მისი უწმინდესობა , თითოეული ჩვენგანის იმედი და სულიერი დასაყრდენია

0

საქართველოს პარლამენტის საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე , ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ულოცავს. „პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წელი გავიდა, გულითადად ვულოცავ მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ამ თარიღს. მისი უწმინდესობა , თითოეული ჩვენგანის იმედი და სულიერი დასაყრდენია. დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.“- გოგი მეშველიანი

„ქალთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობა უკეთესი მომავლისთვის“ – პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია.

0

კონფერენცია ჩატარდა თემაზე “ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებების დაცვისა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა,” რომელიც ორგანიზაციის „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“ თავმჯდომარემ, სამირა ისმაილოვამ გახსნა.

მომხსენებლებმა  სხვადასხვა ისტორიებზე  და გამოცდილებებზე,    რეგიონში ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პროგრამების ადვოკატირებისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.  

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა  ლელა კვირიკაშვილმა  საზოგადოებას გააცნო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურში არსებული პროგრამები, რომლებიც განკუთვნილია ქალებისთვის. დიაგნოზები, რომელსაც მუნიციპალიტეტი ამ ეტაპზე აფინანსებს. კონფერენციის დასასრულს სამირა ისმაილოვამ გააკეთა, პროექტის „ქალთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობა უკეთესი მომავლისთვის“ –  შემაჯამებელი პრეზენტაცია.

სტუმრებს გააცნო პროექტის მიზანი, ამოცანები, ბენეფიციარები, განხორციელებული პროექტის შედეგების ანალიზი, გამოვლენილი სირთულეები და მათი გადაჭრის გზები, ისაუბრა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკასთან თანამშრომლობაზე და ბოლოს, საზოგადოებას გააცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეროვნული სკრინინგ ცენტრის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის შემუშავებულ  რეკომენდაციებზე.

პროექტი განხორციელდა „ქალთა ფონდი საქართველოში“  ფინანსური მხარდაჭერით.

„ახალი წლის დღეები საქართველოში“ ბოლნისიდან დაიწყო

0

 ათასფრად განათებული ქუჩა, ბედნიერი სახეები, ულამაზესი საახალწლო დეკორაციები, ანიმატორები და ზღაპრის გმირები, ახალი წლის დადგომამდე  რამდენიმე დღით ადრე, კიდევ ერთი ლამაზი დღე პრემიერისგან ბოლნისელებს, რომელიც დატვირთული იყო კულტურულ-გასართობი აქტივობებით, ორი საათიდან ორკესტრის მსვლელობით დაიწყო.

კოსტავას ქუჩა ლოკალურად იყო დატვირთული, საშობაო ბაზრობა, ნაძვის ხე, ცხელი გლინტვეინი, ტკბილეული, მხიარული ანიმატორები, ზღაპრის გმირები და  თოვლის ბაბუა, რომელმაც ღონისძიებაზე მისული პატარები კიდევ უფრო გაახარა. აქტივობები ისე იყო გაწერილი, რომ იქ მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში მოდუნების საშუალება არ მიეცათ. დიდი და პატარა მოახლოებულ ახალ წელს ულოცავდნენ ერთმანეთს და საგანგებოდ გაკეთებულ დეკორაციებთან სამსახსოვრო ფოტოებს იღებდნენ.

პრემიერის ინიცირებული ღონისძიების დასკვნით ნაწილში ბოლნისელებს  დამდეგი შობა-ახალი წელი ქართული შოუ ბიზნესის ვარსკვლავებმა მიულოცეს და სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე ყველასათვის საყვარელი ჰიტები შეასრულეს.

ღონისძიების ფარგლებში გაწერილი აქტივობები იმაზე დიდხანს გაგრძელდა ვიდრე დაანონსებული იყო. ნოდარიკო ხუციშვილის ბენდის გამოსვლის დასრულებისთანავე ბოლნისის თავზე ულამაზესი ფოიერვერკი განათდა.

ბოლნისის პირველი  საჯარო სკოლა 80 წლისაა

0

80 წლის ისტორიის მქონე ბოლნისის პირველმა საჯარო სკოლამ დღეს საიუბილეო თარიღი აღნიშნა. ღონისძიება სკოლის მომღერალთა გუნდმა „მრავალჟამიერით“ გახსნა, რასაც სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები მოჰყვა, საიუბილეო თარიღი სკოლას, ყოფილ და მოქმედ პედაგოგებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერმაც მიულოცა და სიმბოლურად „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სკოლის ფოიეში „დროის კაფსულა“ დაიდგა, სადაც მსურველებმა თავიანთი სურვილები მოათავსეს, რის შემდეგაც დაილუქა და 20 წლის შემდეგ, 100 წლის იუბილეზე საზეიმოდ გაიხსნება.

ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლონგინოზ გასანოვი და ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე.

ტრადიციული, საახალწლო ნობათი ხანდაზმულებს

0

ტრადიციულად ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს საახალწლო ნობათები ურიგდებათ. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სოციალური და ჯანდაცვის  სამსახურის უფროსთან იროდი უგრეხელიძესთან ერთად, მოწყვლადი კატეგორიის 162 ოჯახს საახალწლო ნობათები გადასცა და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა. ნობათები გადაეცათ ასევე  ,,შინ მოვლის სერვისით“ მოსარგებლე მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებსაც. ნობათებში არსებული პროდუქტების:  კვერცხი, ქათამი, ნამცხვარი, ზეთი, ლიმონათი, კარაქი და  ტკბილეულის ჯამური ღირებულება 60 ლარს შეადგენს.  შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ამ ოჯახების ყოველდღიურ კვებას