Home Blog გვერდი 85

„აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არსებობდეს ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგიური დაწესებულების სახელმწიფო ალტერნატივა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა

0

უწყების ხელმძღვანელმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამინისტროში მუშაობა დაწყებულია.

„დაახლოებით, 2 თვის წინ, როცა „იაშვილის კლინიკაში“, სამინისტროს მხრიდან, სხვადასხვა პრობლემები დაფიქსირდა, დავაყენეთ საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისის მიმწოდებელი სხვა დაწესებულება და რატომ არ შეიძლება იყოს ეს სახელმწიფო?! პრობლემები, რაც იყო დაფიქსირებული მშობლების მხრიდან, მკურნალობისა და ექიმებთან კომუნიკაციის ნაწილში, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არსებობდეს ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგიური დაწესებულების სახელმწიფო ალტერნატივა“, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრმა „იხილოვის სამედიცინო ცენტრთან“ თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოელი კოლეგების გამოცდილება ქართულ მხარეს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„უკვე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას და პრაქტიკას ეცნობოდა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი პრაქტიკა ისრაელს აქვს. გასული 2 დღის განმავლობაში, სამინისტროს მოწვევით შეხვედრები გაიმართა ისრაელის დელეგაციასთან, ადგილზე მოხდა იმ შესაძლებლობების შეფასება, თუ რა შესაძლებლობები გვაქვს ქვეყანაში ამ მიმართულებით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე – აღჭურვილობის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ასევე, განათლებისა და მედ პერსონალის საკითხი, რადგან ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით აპირებს რეზიდენტურის გაგრძელებას, რეზიდენტული პროგრამები უნდა შეიქმნას ნულიდან. მანამდე კი, წარმატებული სტუდენტების გაგზავნა უცხოეთში სახელმწიფო დაფინანსებით მოხდება.

სწავლის დასრულების შემდგომ კი ისინი მუშაობას სახელმწიფო კლინიკაში განაგრძობენ“, – ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.-ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

მათე გავაშელი Erasmus+ პროგრამის ერთ-ერთ პროექტში შეარჩიეს

0

დაბა კაზრეთის პირველი საჯარო სკოლის  მეთერთმეტე კლასის მოსწავლე  მათე გავაშელი Erasmus+ პროგრამის მიერ შექმნილ ერთ-ერთ პროექტში შეარჩიეს, რომელიც განხორციელდება სომხეთის დედაქალაქ ერევანში 20-30 იანვარს. მონაწილეები  საქართველოდან, სომხეთიდან, ესტონეთიდან და გერმანიიდან იქნებიან, ხოლო მთავარ  სატრენინგო თემად  შეირჩა: “Renewal – Social Inclusion-სოციალური ინკლუზიის განათლება“. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ბუნებრივი რესურსების გამოყენებასა და რეგენერაციაზე, მწვანე სამყაროს შენარჩუნებაზე.

25 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით კი მათე გაემგზავრება ესტონეთში, სადაც მოსწავლეები გარემოს დაცვის თემაზე იმუშავებენ. აღნიშნული პროგრამით ის ზაფხულში იტალიაში იმყოფებოდა, შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებაზე  მათე  გაზეთ ,,ბოლნისს“ ესაუბრა.

,,2022  წლის ზაფხულში ვიყავი იტალიაში.  თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ და ყოველთვის ვცდილობ, რაიმე საინტერესო, მრავალფეროვან და საფუძვლიან კონკურსებში, გაცვლით პროგრამებსა და ბანაკებში მივიღო მონაწილეობა. პირველივე ცდაზე ჩემი ოცნება ახდა. გაცვლითი პროგრამის, Erasmus+-ის პროექტი, სახელწოდებით ”გარესმოს დაცვა” გახდა ჩემი პირველი წარმატება. პროგრამის წარმომადგენლებმა  ამირჩიეს და შესაძლებლობა მომცეს,  წარმომედგინა  საქართველო იტალიაში, გამეცნო სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები და მათი კულტურა, ვინაიდან ეს იყო ჩემი პირველი ასეთი მასშტაბური მოგზაურობა.“

 შორიდან, შენი თვალით დანახული საქართველო და რა გზა გაიარე წასვლამდე?

წასვლამდე რამდენიმე დღე გამიჭირდა. ბევრს ვფიქრობდი პროექტზე, ახალ გარემოსთან შეგუებაზე, უცხო ადამიანებთან  კომუნიკაციაზე. პროექტმა რადიკალურად განსხვავებული შედეგი მომცა. დამეხმარა ბევრი უნარის განვითარებასა და აღმოჩენაში, გავიცანი ადამიანები, რომლებიც სამუდამოდ დარჩებიან ჩემს ცხოვრებაში, მივიღე  ბევრი სითბო და სიყვარული, ერთდროულად გამოვცადე მოხალისეობა და ორგანიზატორობა, რომელიც ძალიან საპასუხისმგებლო და ჩემთვის საყვარელი საქმეც კი აღმოჩნდა. ამ ხანმოკლე მგზავრობამ  ბევრი რამე შეცვალა ჩემს ცხოვრებაში.

რამდენიმე წლის შემდეგ როგორ და სად ხედავ საკუთარ თავს?

 ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა  ბიოლოგია, თანაც ადამიანების დახმარებაზე კარგი რა უნდა იყოს! ამიტომაც მომავალში ძალიან მინდა, რომ  ექიმი გავხდე და ვიზრუნო სხვებზე.

რას ურჩევდი შენს თანატოლებს და რა არის მთავარი იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო?

ჩემს თანატოლებს ვურჩევ, რომ კონკრეტული მიზანი დაისახონ და ამით აიმაღლონ მოტივაცია, მუდმივად იყვნენ დაინტერესებულნი და ერთგულნი თავიანთი სამუშაოს, როლის ან საგნის მიმართ, თავი არ დაზოგონ და გამოიყენონ მეტი ძალის- ხმევა მიზნის მისაღწევად.

 როგორ შეაფასებდი ბოლოდროინდელ აქტივობას?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, მოხალისეებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ტრენინგი ,,მოლაპარაკების ტექნიკები” გაიმართა.

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”_ამ პროექტის ფარგლებში,  30-ზე მეტი აქტიური ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ბაკურიანში მიმდინარე „მწვანე ბანაკს“ შევუერთდით, სადაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების და მათი მართვის, მეტყევეობის, ჰაერის ხარისხისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ  ცოდნა გავიღრმავეთ. პროგრამის მხარდამჭერები კლიმატის მწვანე ფონდი და შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობები იყვნენ.

რას აკეთებ თავისუფალ დროს?

ვცდილობ თავისუფალი დრო მიზნობრივად გამოვიყენო, პროექტებს ვწერ და ვახორციელებ (კინოკლუბი, სამაგიდო თამაშები და ფრენბურთის წრე), დასავლეთ საქართველოს კონკრეტულ მოსახლეობასთან კლიმატის ცვლილებებთან და კატასტროფებთან დაკავშირებულ ონლაინ ტრენინგებს ვატარებ. ასევე დავიწყე  ესპანური ენის შესწავლა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელი ტალავერში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება – მშენებლობა იწყება

0

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელი ტალავერში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობას იწყებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზა“-ს წარმომადგენელმა მალხაზ დუმბაძემ მოაწერეს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: არსებული ჭაბურღილებისა და რეზერვუარის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მოეწყობა ახალი სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების ქსელი. დამატებით მოეწყობა ახალი რეზერვუარი.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წლის ზაფხულში იგეგმება.

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირება გრძელდება

0

მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესება და მათი ხელშეწყობა    ერთ-ერთი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, გაგრძელდება მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება. ისინი, ვინც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან და 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მოხმარებული ელექტროენერგიისთვის, მიიღებენ სუბსიდიას – 1 კვტსთ-ზე 12 თეთრამდე. 70000-დან 150000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის კი განხორციელდება 200 კვტსთ-მდე ელექტროენერგიის სუბსიდირება, 1 კვტსთ-ზე 3.5 თეთრის ოდენობით. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება 2015 წელს დაიწყო. 2022 წლიდან კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამა, 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან ერთად, იმ ოჯახებსაც ეხებათ, რომელთა ქულები 70 000-დან 150 000-მდეა. აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირების პროგრამისთვის, 2023 წლის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 12 მილიონი ლარია გამოყოფილი.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, 17 წლის ბოლნისელმა მოჭიდავემ გიგაშავაძემ მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა

0

7-10 იანვარს ქალაქ ბათუმში  გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის. ტურნირზე 17 წლის ბოლნისელმა მოჭიდავემ გიგა შავაძემ იასპარეზა. ბოლნისელმა ფალავანმა, 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მე-3 საპრიზო ადგილის მოპოვება შეძლო.

მოჭიდავეს გამარჯვება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიულოცა და მას წარმატება უსურვა.

„ქალაქ ბათუმში გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, 17 წლის ბოლნისელმა მოჭიდავემ გიგა შავაძემ, 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა. ჩვენს ფალავანსა და მის მწვრთნელს ავთანდილ ბჟალავას ვულოცავ ამ წარმატებას.  გიგას მომავალშიც არაერთ გამარჯვებასა და დასახული მიზნების მიღწევას ვუსურვებ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს გიგამ ესტონეთშიც გვასახელა, ქალაქ ტალინში მან ოლიმპიური თამაშების ჩემპიონისა და მსოფლიო ჩემპიონის კრისტიან პალუსალოს ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. დარწმუნებული ვარ, გიგა ჩვენს მუნიციპალიტეტს მომავალშიც არაერთხელ ასახელებს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

საშობაო ფესტივალის – „გენეთლიას“ გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა ბოლნისის წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლამ მიიღო

0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიას ეწვია, სადაც ყოველწლიური საშობაო ფესტივალის – „გენეთლიას“ გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ უმასპინძლა.

მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფესტივალის ორგანიზატორებს – გორისა და ატენის ეპარქიასა და ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიას მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოზარდებში მნიშვნელოვანი ღირებულებების ჩამოყალიბებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესების კუთხით სხვადასხვა არაფორმალური საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიების ჩატარება აუცილებელია. მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურება ყოველწლიური ფესტივალი „გენეთლია“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მოსწავლეებს მრავალფეროვან, სახალისო და საინტერესო აქტივობებს სთავაზობს.

მიხეილ ჩხენკელი და გრიგოლ ლილუაშვილი ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციას და კალიგრაფიის კონკურსს დაესწრნენ. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ მოსწავლეები და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც დაათვალიერეს და მოზარდების ნამუშევრებსა და შემოქმედებას პირადად გაეცნენ.

საშობაო ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი.

ყოველწლიური ფესტივალის „გენეთლიას“ მიზანია საკონფერენციო გამოსვლების, კონკურსების, სპორტული აქტივობებისა და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენების ორგანიზებით მოზარდებში შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესება და მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულმა სასწავლებლებმა და გორისა და ატენის ეპარქიის საჯარო სკოლებმა. კერძოდ – ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიამ, თბილისის წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლურმა ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლამ, ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიამ, ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონმა, ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიამ, სალხინოს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლამ, ბოლნისის წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლამ, ნიქოზის წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლამ, სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის მე-9 საჯარო სკოლამ, წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ბაგა-ბაღმა (გორისა და ატენის ეპარქია) და ფერიცვალების სამრევლოს საკვირაო სკოლამ (გორისა და ატენის ეპარქია).

წარმატების საწინდარი იმ საქმის სიყვარულია, რომელსაც ვემსახურებით

0

ქართული კულტურული მემკვიდრეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზეპირად გადმოცემული სიმღერა. როგორც ხშირად ამბობენ, ფოლკლორი ხალხური სიბრძნეა, იგი არ არის მხოლოდ ბგერათა ჰარმონია, მასში იკითხება შემსრულებელი ხალხის ზნეობა, მსოფლმხედველობა, წარმოდგენები.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით, ,,ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022“ მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში. ფესტივალში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ერთ-ერთი მათგანი კი ანსამბლი ,,ბოლნელა“ გახლდათ. ანსამბლის წევრები საკუთარ ქალაქს გამარჯვებულები დაუბრუნდნენ. გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულსა და გამოცდილებას ანსამბლის ლოტბარი –  ნანა ვალიშვილი და მენეჯერი –  მზეო მეფარიშვილი გაგვიზიარებენ.

  • მოგესალმებით, ქალბატონო ნანა! ინტერვიუ სიახლეებით გვინდა დავიწყოთ – გილოცავთ საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე გამარჯვებას. როგორი იყო გზა პირველი ტურიდან გამარჯვებამდე და, როგორი შეგრძნება იყო, როდესაც გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდით?
  • მადლობა მოლოცვისთვის და დაინტერესებისთვის. საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარა. დებულების თანახმად, ფესტივალი სამ ტურად მიმდინარეობდა და მასში ფოლკლორის ყველა დარგი მონაწილეობდა: ხალხური მუსიკა, ტრადიციული გალობა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. პირველი ტური გაზაფხულზე გაიმართა. დახურულ მოსმენაზე ანსამბლებს სამი სიმღერა უნდა წარედგინათ ჟიურისთვის. მეორე ტურში გადასვლამ ძალიან გაგვახარა, რადგან ამ ტურის ყველა მონაწილე ფესტივალის ლაურეატია. თუმცა, როგორც დასკვნით ტურში აღმოჩნდა, ჟიურიმ გამარჯვებულთა შორის “ბოლნელაც” დაასახელა, რაც მართლაც დიდი გამარჯვებაა – საუკეთესოთა შორის დავსახელდით. მადლობა ჟიურის და მადლობა ბოლნისის მუნიციპალიტეტს ხელშეწყობისთვის.
  • დიდი პასუხისმგებლობაა იყო ანსამბლის წევრი, თუმცა ორმაგად რთულია, როდესაც ლოტბარი ხარ, მოგვიყევით, ფესტივალის ფარგლებში, რა გამოწვევების წინაშე დადექით?
  • ზოგადად, დიდი პასუხისმგებლობაა ანსამბლის ხელმძღვანელობა და მით უმეტეს, ისეთ მრავალეროვან რეგიონში, როგორიც ქვემო ქართლია და კერძოდ, ბოლნისია.  აქ გაჟღერებული ყოველი ქართული სიტყვა თუ სიმღერა, შენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის ჩაგდებული მარცვალია. თუმცა, ვფიქრობთ, სრულიად საქართველოს მასშტაბით გამართულ ფესტივალზე, გამომსვლელთა შეფასებისას, მაინც რეპერტუარსა და საშემსრულებლო ხარისხს ენიჭება უპირატესობა.

როგორც ეთნომუსიკოლოგმა, სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ                    ფესტივალზე აშკარად შეინიშნებოდა ახალგაზრდული და საოჯახო ანსამბლების სიმრავლე, რაც კეთილსაიმედოობის გარანტია. ასევე საკმაოდ  ბევრი  იყო წარმოდგენილი ქალთა მონაწილეობით და ასევე შერეული ანსამბლები.  რაც ასევე მნიშვნელოვანია – ქართველ ქალს მუდამ ჰქონდა თავისი სათქმელი ქართულ ფოლკლორულ ყოფაში, მარტოსაც და მამაკაცებთან ერთადაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიდი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოვჩნდით და მადლობა ღმერთს, გავახარეთ ჩვენი გულშემატკივრები.

  • რა პროგრამით წარსდექით ფესტივალზე?
  • ჩვენ ვეცადეთ, ძირითადად ქართლური სიმღერები შეგვერჩია და გაამართლა კიდეც, რადგან ეს სიმღერები ერთი საუკუნის წინ, გიორგი სვანიძემ ჩაიწერა და თითქმის აღარავინ ასრულებდა. მართალია, “ბოლნელას” წევრები წარმოშობით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან (რაჭა, გურია, იმერეთი, ლეჩხუმი, სამეგრელო, ჯავახეთი…) და ჩვენც ყველა კუთხის სიმღერა გვაქვს რეპერტუარში, მაგრამ რადგან ქართლში ვართ, ქართლურს უპირატესობას ვანიჭებთ და ამჯერადაც, ამ მოტივით შევარჩიეთ საკონკურსო სიმღერები. 
  • ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში, ზეპირი ტრადიციით გადმოცემულ სიმღერას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, როგორ  შეაფასებთ ფესტივალს და ფიქრობთ, რომ ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ?
  • რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. ფოლკლორი ცოცხალი ორგანიზმია: როგორც წესი, დროის ცვლილების შესაბამისად, იცვლება ფოლკლორული ყოფა, აზროვნება, რელიგია… ასეა დღესაც. ძველად, -თუნდაც ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ, – ფოლკლორი ის იყო, რაც ზეპირად ვრცელდებოდა, ანონიმური იყო – ავტორს, პირველმთქმელს თითქმის არავინ იმახსოვრებდა – და ამიტომ ვარიანტებიც უხვად იქმნებოდა (როგორც მუსიკაში, ასევე ზეპირსიტყვიერებასა და ქორეოგრაფიაში). ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა: 21-ე საუკუნე ინტერნეტკომუნიკაციების საუკუნეა და დღეს, უკვე ლაპარაკი ანონიმურობაზე, თითქმის შეუძლებელია – ყველას ყველაფერი ხელისგულზე უდევს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ფოლკლორი ცოცხლობს იმგვარ ყოფაში, როგორი მოცემულობაც დღეისათვის გვაქვს – ოჯახებში და სცენაზე, თუმცა, აქ ერთი საშიშროებაა  – არ მოხდეს ფოლკლორის და მასკულტურის აღრევა და არატრადიციული, უგემოვნებო ნიმუშების შექმნა-დამკვიდრება. ამიტომ, თუ ტრადიციულსა და ღირებულს პოპულარიზაცია არ გაეწია, ასეთი ფესტივალების სახით, არავინ იცის, მომავალში რა შეგვრჩება ხელთ. მადლობა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ფოლკლორზე ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის.  
  • როგორც მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი, რა ღონისძიებებს მიმართავთ, რათა ხალხური საშემსრულებლო ხელოვნების აქტუალობა არ დაიკარგოს და რამდენად გიწყობენ გუნდის წევრები ამაში ხელს ?
  • ჩვენი მხრიდან, ფოლკლორულ-საშემსრულებლო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა ალბათ იმაში ვლინდება, რომ არ ვერიდებით  ჩვენი ხელოვნების პოპულარიზაციას – შინ თუ გარეთ. გოგონები მუდამ დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით  ხვდებიან ყოველ შემოთავაზებასა თუ წამოწყებას. პანდემიამდე მიწვეული გახლდით ლიეტუვაში, ტრადიციულ ფოლკლორულ ფესტივალზე „სკამბა, სკამბა, კანკლიაი“, სადაც ღირსეულად წარვადგინეთ ჩვენი ქვეყანაც და  ტრადიციული მრავალხმიანობაც. საქართველოს შიგნით ხშირად ვმონაწილეობთ მუნიციპალურ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში. 27 მაისს, ანსამბლის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გავმართეთ სოლო კონცერტი ბოლნისის კულტურის ცენტრში, ხოლო შემოდგომაზე, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში – კონსერვატორიის მცირე დარბაზში…
  • როგორ დაიწყო თქვენი და „ბოლნელას“ ,,ურთიერთობა“,  რამდენი ხანია ანსამბლ “ბოლნელას” ლოტბარი ხართ ?
  • “ბოლნელას” ლოტბარი, თუ არ ვცდები, 2014 წლიდან ვარ. როგორც იცით, დამაარსებელი და ხელმძღვანელი დეკანოზი ბასილ ახვლედიანია, რომელმაც მთხოვა თანამშრომლობა. 2013 წელს გავეცანი ანსამბლის წევრებსა და მათს შემოქმედებით შესაძლებლობებს, გარკვეული საპრეზენტაციო პროგრამაც მოვამზადეთ და შემდეგი წლიდან, უკვე ოფიციალურად, ლოტბარად დავინიშნე.
  • რა სამომავლო გეგმები გაქვთ ანსამბლთან ერთად ?
  • ჩვენი დიდი სურვილია, მოვაწყოთ საკონცერტო ტურნე საქართველოს მუნიციპალიტეტებში. ასევე გვინდა, განვახორციელოთ პანდემიით შეწყვეტილი გასტროლი საერთაშორისო ფესტივალზე “ბალტიკა”… დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

როგორც ჩვენთან საუბარში მზეო მეფარიშვილმა აღნიშნა, მათი წარმატების საწინდარი იმ საქმის სიყვარულია, რომელსაც ემსახურებიან.

,,ჩვენი წარმატების საწინდარი იმ საქმის სიყვარულია, რომელსაც ვემსახურებით. ჩვენ კარგად გვესმის ტრადიციული ხელოვნების, ხალხური მუსიკის მნიშვნელობა ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, მისი განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. ამას გარდა, ალბათ, პროფესიონალური მიდგომა რეპერტუარისა და შემსრულებლობის პრიცნიპებისადმი. ჩვენ ვითვალისწინებთ მსმენელის ინტერესებს და ამავდროულად,  მასის გემოვნების ამაღლებაზეც ვზრუნავთ. ვცდილობთ, სწორად დავანახოთ და მივაწოდოთ ფოლკლორის სიღრმე, მრავალფეროვნება და სიდიადე. ანსამბლში განსხვავებული შესაძლებლობის გოგოები არიან, ყველა ინდივიდუალიზმით გამოირჩევა, თუმც, მათ  მთავარი რამ, ფოლკლორისადმი სიყვარული და სწორი მიდგომა აერთიანებთ“. – აღნიშნა მზეო მეფარიშვილმა.

მარიამ ონიანი

შეუძლებელი არ ნიშნავს შეუძლებელს

0

„შეზღუდული შესაძლებლობები არ ნიშნავს,  რომ არაფერი შეგიძლია, თუკი სურვილი და მიზანი გაქვს, ყველაფერს შეძლებ, „შეუძლებელი არ ნიშნავს შეუძლებელს“, მთავარია სიყვარულით მიუდგე საქმეს და აუცილებლად ყველაფერი გამოგივა“ – გადაცემის ,,ჩვენი საქმის’’ სტუმარი  23 წლის ვანო ხმალაძეა, რომელიც ეტლით მოსარგებლეა, თუმცა ბარიერები მან შრომისმოყვარეობით, აქტიურობითა და ადამიანებთან სიყვარულით დაძლია, სტერეოტიპები დაამსხვრია და დაუმტკიცა სხვებსაც და საკუთარ თავსაც, რომ მთავარი მონდომებაა, მეტიც, ვანო რამდენიმე წელია ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ მსახიობია. იყო სირთულეებიც, გამოწვევებიც, თუმცა ძლიერი ბუნებიდან გამომდინარე, არ დანებდა. პირიქით, გაძლიერდა და მეტი მონდომებით ჩაერთო ახალ გამოწვევაში. სიახლეების ძიება მისი თანმდევია. სოციალურ ქსელში, მისმა მხიარულმა ვიდეორგოლებმა, საზოგადოების სიყვარული მალევე დაიმსახურა, დედაც აიყოლია და დედა-შვილის მიერ, ინტერპრეტაციით შესრულებულ ქართულ თუ უცხოურ  სიმღერებს, დღეს ყველა სიყვარულით ელოდება.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

0

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

„ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13)

დგება ჟამი გამოუთქმელი სიდიადისა!

იშვება ქრისტე, ირღვევა სიბნელის საკვრელნი, „ჩრდილნი უკუმსვლელობენ და ჭეშმარიტება შემოდის სინათლის დასამკვიდრებლად“.

როგორ შეხვდებით მას? გვექნება მონდომება და მზაობა იმისა, რომ ჩვენც ქრისტესთან ერთად თანავიშვათ, რათა თანაჯვარსვეცვათ, თანადავიფლათ, თანააღვდგეთ და მასთან ერთად ვიყოთ მარადიულად?

ეს ურთულესი კითხვაა და მასზე სწორი პასუხის გაცემა ჩვენი ცხოვრების აზრის გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია.

ფაქტია, ჩვენი მუდმივი ადგილი ამქვეყნად არ არის. ჩვენ ამ ყოფისთვის არა ვართ გაჩენილნი; უხრწნელად შევიქმენით და ამ მდგომარეობასავე უნდა დავუბრუნდეთ. ეს აუცილებლად მოხდება ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლით, ოღონდ ჩვენი თავისუფალი ნებისა და ღვთის ნების თანხვედრაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება შემდგომი ჩვენი ხვედრი.

ჩვენი ნება ხორციელდება ჩვენი სულით, გულით, გონებითა და სიტყვით ამიტომაც მათზე ზრუნვა განსაკუთრებულად გვმართებს.

ჩვენი სულის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა სინდისი.

სინდისი ღვთის ხმაა. მას ვერ დაიმორჩილებ, შენი სურვილისამებრ ვერ განაწყობ, ბოლომდე ვერც აღმოფხვრი; პირიქით, თავის მყოფობას მაშინაც გვაგრძნობინებს, როდესაც ვცდილობთ, გავექცეთ, თუმცა ისეც ხდება, რომ მუდმივი უგულებელყოფით, მისი ხმა სუსტდება და აღარ გვესმის. არსებობს მდგომარეობაც, რასაც „დამწვარი სინდისი“ ჰქვია და ადამიანის უმძიმეს სულიერ ცხოვრებაზე მეტყველებს.

ქრისტიანული რწმენა და მცნებები ჩვენში სინდისის ხმის სიძლიერისა და მართებულობის ყველაზე უტყუარი განმსაზღვრელია და ჩვენი სულის სწორად განვითარების შესაძლებლობაა, რადგან სინდისი ჩვენს ნებას ღვთის ნებასთან აკავშირებს.

„ვერავინ ვერ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე. ხოლო თუ ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე – ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებს, შეშას, თივას, ჩალას, – თითოეულის საქმე გამომჟღავნდება … ცეცხლით გამჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს (1 კორ. 3, 11-13).

გული ცენტრია ჩვენი სიცოცხლისა, ჩვენი ცხოვრებისა; ღვთის შიში, გრძნობათა მთელი სამყარო და უფალთან ერთობის სურვილი მასში მყოფობს.

გონება კი გვეხმარება შევიცნოთ გარესამყარო და დავძლიოთ ჩვენი დაცემული ბუნება.

ცოდვისგან ადამიანის გული, გონება და სული თავისუფლდება ლოცვით, მარხვით, მღვიძარებითა და განსაცდელებით; ამიტომაც არ უნდა შეგვეშინდეს პრობლემების. სიბრძნეც გვასწავლის: „კეთილდღეობა შეიძლება უბედურებაზე საშიში იყოს და უბედურება – კეთილდღეობაზე მეტად მაცხონებელი.“

თუ სწორად ვცხოვრობთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება, მისი შეწევნა კი შეიძლება მოვიდეს იქ და მაშინ, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით.

X X X X

ადამიანი განსაკუთრებული არსებაა, რომელიც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად; საიდუმლოებით მოიცავს როგორც მაკრო, ისე მიკრო სამყაროს და შესაქმის გვირგვინად და მეფედ არის დადგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ადამმა და მისმა შთამომავლობამ, საღვთო ღირსებებთან ერთად, უკეთურ ძალთა თვისებებიც შეიძინა და ბოროტის გავლენის ქვეშ მოექცა, შემოქმედმა მაინც არ მიგვატოვა;

კაცთა განსწავლა ათასწლეულთა მანძილზე ხდებოდა წინასწარმეტყველთა და მსაჯულთა მიერ, სიტყვითა და რჯულით, ასევე, ომებით, გამარჯვებებითა და დამარცხებებით… ბოლოს კი იუდას შტოში, იესეს მოდგმაში, დავითის სახლში, დაიბადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, – საღვთო აღმშენებლობის მთელი ისტორიის თავის თავში მომცველი.

უფლის მოწყალებით მან მოიღო მადლი, – ეშვა შემოქმედი, რათა ადამიანის ბუნება განღმრთობილიყო და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი სასწაული აღსრულებულიყო.

მოციქული ბრძანებს: „ამიერიდან აღარა ხართ მონა, არამედ შვილი, ხოლო თუკი ძე ხარ, მაშინ ქრისტეს მიერ ღმერთის მემკვიდრეც“ (გალ.4.7).

ასეთი განსაცვიფრებელი სიდიადის თანაზიარია ადამიანი;

ასეთი დიადია თითოეული თქვენგანი!

და თუ თქვენ ცხოვრობთ ქრისტიანულად სადიდებლად ღვთისა და მსახურებად მოყვასისა, არა აქვს მნიშვნელობა, მეცნიერი ხარ, პოლიტიკოსი, ექიმი, მშენებელი, გლეხი, სპორტსმენი, პედაგოგი, მძღოლი, ჯარისკაცი თუ სხვა, შენი საქმიანობა ღვთისმსახურებად შეგერაცხება და ეს იქნება შენი ოქრო, გუნდრუკი და მური უფლისთვის მირთმეული და გაიხარებ ორსავ სოფელსა შინა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთიანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი“ (გალატ.6,2), – მოგვიწოდებს წმინდა წერილი.

X X X X

მოდის მაცხოვარი, რათა გაგვათავისუფლოს ურწმუნოებისაგან და ჩვენს უმნიშვნელოვანეს კითხვებს გასცეს პასუხი, უბოძოს კაცობრიობას ცათა სასუფევლის ცოდნა და სამართალი, ყველაფერს დაუბრუნოს მარადიულობა და იხსნას იგი სიკვდილისა და ხრწნილებისაგან, „რადგან კეთილ ინება მამამ, რომ მასში (ქრისტეში) დამკვიდრებულიყო მთელი სავსება და მისი საშუალებით შემოერიგებინა ყოველი“ (კოლას.1,19-20).

ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტესშობის დიდებული ზეიმი; მივულოცო იგი ყველა ტვირთმძიმესა და მაშვრალს, რადგან ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს.

ჩემო სულიერო შვილებო, საქართველოს მკვიდრნო და უცხოეთში მყოფნო თანამემამულენო, სულიერად წარვემართოთ ბეთლემისაკენ, რათა მწყემსებთან ერთად ვადიდოთ ყრმა იესო, მოგვებთან ერთად შევწიროთ ძღვენი,- ოქრო, გუნდრუკი და მური და ანგელოზებთან ერთად ვუგალობოთ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“

ღმერთმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დალოცოს საქართველო!

ინებოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ჩვენზეც აღსრულდეს წმინდა დავით მეფის სიტყვები:

„ნეტარ არს ხალხი, ვისთვისაც ღმერთი არის უფალი, ხალხი, – მისდა სამკვიდროდ გამორჩეული“ (ფსალ. 32.12).

თქვენთვის მლოცველი,

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი, შობა ქრისტესი, 2023 წელი

ახალგაზრდა სპორტსმენის წარმატებები და სამომავლო გეგმები

0

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ბერლინის 1936 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, კრისტიან პალუსაალის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც, საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდში წარმატებით იასპარეზა ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის 17 წლის მოჭიდავემ გიგა შავაძემ. მან მეოთხედფინალში, სლოვაკეთის წარმომადგენელი დაამარცხა, ნახევარფინალში ესტონელი სპორტსმენი, ხოლო ფინალურ შეხვედრაში შვედეთის წარმომადგენელი და გახდა ამ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. გაზეთი „ბოლნისი“ გიამბობთ ახალგაზრდა სპორტსმენის წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე.

„ჩემთვის ყველა საერთაშორისო ტურნირი  მნიშვნელოვანია, რადგან მონაწილეობენ  სხვადასხვა ქვეყნის უძლიერესი მოჭიდავეები, კონკრეტულად, ეს ტურნირი ქალაქ ტალინში ჩატარდა. მეტოქეები ჩემზე ასაკით ბევრად უფროსები იყვნენ და გამარჯვება მართლაც სასიხარულო იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები ოთხი წევრით ვმონაწილეობდით,  ყველამ ოქროს მედლები ავიღეთ და   გუნდურ პირველ ადგილზე გავედით“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე გიგა შავაძე წელს აბიტურიენტია, მიუხედავად მისი დატვირთული გრაფიკისა, საყვარელ საქმეს დიდ დროს უთმობს. ვარჯიში 13 წლის ასაკში დაიწყო. მამას, რომელიც თავად  ჭიდაობდა, სურდა შვილსაც ძალები სპორტის ამ სახეობაში მოესინჯა. გიგამ თავისუფალ ჭიდაობას ალღო მალევე აუღო, შეიყვარა, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ,  წარმატებებმაც არ დააყოვნა, რაც შემდგომში სტიმულის მომცემი გახდა.

„ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აქტიურად ვემზადები, ვაპირებ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ფაკულტეტზე გავაგრძელო სწავლა, თუმცა, ვარჯიში   ჩემი ცხოვრების თანმდევია. ყოველდღიურად 4 საათი მაინც ვვარჯიშობ, ეტაპობრივად დავდივარ საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების საწვრთნელ შეკრებებზე, სპორტს თან ახლავს წაგებაც და მოგებაც, ეს კარგად მაქვს გააზრებული, წაგებაც ყოფილა, მაგრამ გული არ გამტეხია, მეტი შემართებით გამიგრძელებია, რათა დამემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები. თუმცა გამარჯვების ემოცია სულ სხვაა, ამ დროს ვფიქრობ ოჯახზე, მწვრთნელზე და ჩემს ქვეყანაზე. წარმატებისთვის აუცილებელია მიზნის დასახვა და ბევრი შრომაა.

გიგა 2021 წლის საქართველოს ჩემპიონია ჭაბუკთა შორის და საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრი. მონაწილეა   არაერთი საერთაშორისო თუ რესპუბლიკური ტურნირის, აქვს უამრავი მედალი და სიგელი.

„ჩემს წარმატებაში და სპორტსმენად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის  მწვრთნელს ავთანდილ ბჟალავას. მან შემაყვარა ჭიდაობა და მომცა იმის რწმენა, რომ შეუძლებელი არაფერია.  ამიტომ ვინც ახლა გადის ამ გზას, ვეტყოდი, მთავარია უყვარდეთ არჩეული სპორტი და ბევრი იშრომონ  მიზნის მისაღწევად“.

„გიგა ძალიან მონდომებული და შრომისმოყვარე სპორტსმენია, ზედმიწევნით ასრულებს მითითებებს,    შანსი აქვს იასპარეზოს მომდევნო ოლიმპიადაზე. დიდ იმედებს ვამყარებ, ვიცი  აუცილებლად მიაღწევს მიზანს,  ხელს უწყობს ფიზიკური მონაცემები და მტკიცე ხასიათი, მას უყვარს თავისი საქმე, იცის ურთიერთობები ადამიანებთან. სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში, იზრდებიან არამარტო კარგი სპორტსმენები, არამედ კარგი ადამიანები.“ აღნიშნა გიგა შავაძის მწვრთნელმა ავთანდილ ბჟალავამ.

ახალგაზრდა სპორტსმენს წინ დიდი გეგმები აქვს. იცის გზა, რომელიც დასახულ მიზნამდე მიიყვანს, მარტივი არ იქნება, თუმცა გამოწვევებისთვის მზადაა, მისი მიზანია ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს.