ბოლნისის ძიუდოს დარბაზში, სპორტის დამსახურებული მწვრთნელის, ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეთვრამეტე საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკთა შორის მიმდინარეობს, ორდღიან ტურნირში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნორჩი ძიუდოისტები იღებენ მონაწილეობას, შეჯიბრს ფედერაციიდან მოწვეული საერთაშორისო და ეროვნული კატეგორიის მსაჯები აფასებენ.გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან. ასევე გამოვლინდება და სპეციალური პრიზი გადაეცემა ტურნირის საუკეთესო მონაწილეს. ანზორ მარგველანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბოლნისის ძიუდოს სკოლისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გაიმართა
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიმდინარეობისას დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ თემაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორისაა 2023 წელს განსახორციელებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები:
რეგიონის მასშტაბით ცენტრალური მოედნების რეაბილიტაციის საკითხი;
სარწყავი სისტემების მოწყობისა და გაზიფიცირების საკითხი;
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის შექმნის საკითხი.
შეხვედრას, მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი შინჯიკაშვილი, ნიკა კობახიძე, ილია ჯალაღანია და კახა კობერიძე ესწრებოდნენ.

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.
წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”.
ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება, მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ.
საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
ანსამბლ ,,იმედის ’’ საშობაო ზღაპარი
18 იანვარს, ბოლნისის კულტურის სახლში, ანსამბლმა იმედმა საშობაო ზღაპარი გამართა. პატარა მომღერლებმა , ხელმძღვანელთან ერთად ,მაყურებლის განწყობაზე იზრუნეს და სხვადასხვა მუსიკალური , ფერადი,მხიარული და ქორეოგრაფიული ნომრებით საათნახევარი ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს.ღონისძიება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის,კულტურის ცენტრის, კულტურის სახლის და კომპანია ,,არემჯის’’ ხელშეწყობით გაიმართა.
ნინი რეხვიაშვილის ნამუშევრებში გადმოცემული შინაგანი სამყარო
ფერთა შეხამება, მუქი და მკვეთრი ფერებით გადმოცემული შინაგანი სამყარო, ზოგისთვის რთულად აღსაქმელი აბსტრაქტული ნამუშევარი, რომლითაც ნინი რეხვიაშვილის შინაგანი სამყარო და განწყობაა გადმოცემული.

,,მე ვარ საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. ჩემი ჰობი ხატვა არ ყოფილა, სიმართლე გითხრათ არასდროს მაინტერესებდა, არც გამომდიოდა, თუმცა ყველაფერი ხდება, დღეს უკვე საყვარელ საქმედ იქცა, ცუდ ხასიათზე როცა ვარ, სიმშვიდეს მანიჭებს. ადვილი არ არის, საათებს ვანდომებ სანამ მონახაზს გავაკეთებ და ფერებს შევუხამებ , თუმცა ეს უდიდეს სიამოვნებას მგვრის“.

ნინისთვის ხატვა საყვარელ საქმედ პანდემიის დროს იქცა, მაშინ როცა თავისუფალი დრო მეტი ჰქონდა. გადაწყვიტა ახალი რამ შეესწავლა და ეს ახალი სწორედ ხატვა აღმოჩნდა. მასწავლებელთან არასდროს უვლია, თვითნასწავლია. თავიდან უბრალო ფანქრით ფურცელზე მოსინჯა, ახლა კი ტილოზე ხატავს საღებავებით.

,,ჩემი პირველი ნახატი ფურცელზე შესრულებული გოგონას სახე, არაპროპორციული იყო. საყვარელი მიმდევრობაა აბსტრაქცია და ნამუშევრებიც აბსტრაქციულია, ამიტომ არაა მარტივად აღსაქმელი, საყვარელი მხატვარი პიკასოა და თითქოს მის ნახატებში ჩემსას ვხედავ. არასდროს ვაკოპირებ ნამუშევარს, ყოველთვის ჩემი შტრიხები და ფერები შემაქვს, აბსტრაქტულ ნახატებს ფანტაზიის გარეშე ვერ შექმნი, დროის უქონლობის გამო ბევრი ნახატი არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის ყველა განსაკუთრებულია, ჩემს შემოქმედებაში ბევრი შტრიხია ამოსაცნობი, რასაც ვერ ხვდებიან. გაჩერებას არ ვაპირებ, პირიქით,მინდა გავიზარდო და წინ წავიდე, ვინაიდან ეს არის საქმე, რომელიც ბედნიერებას მანიჭებს. იქნებ ერთ დღესაც პერსონალური გამოფენის მოწყობაც შევძლო, რადგან ვიპოვე საყვარელი საქმე, მინდა ფრთებიც შევასხა.“

საქართველოს თავდაცვის ახალი კოდექსით, სამხედრო ვალდებულება ყველა რელიგიის წარმომადგენელს ექნება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ სასულიერო პირებს თავდაცვის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული სიახლეები წარუდგინა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. გრიგოლ გიორგაძემ განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ხარვეზზე, რომელიც ცალკეულ პირებს შესაძლებლობას აძლევდა ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ დახმარებით სამხედრო სამსახურისათვის თავი აერიდებინათ. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი კოდექსით დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია. პროექტის შესაბამისად, მღვდელმსახურება აღარ წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველს. სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.
რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს, რომელიც კიდევ უფრო მეტად დახვეწს იმ მექანიზმებს, რომელიც გამოყენებული იქნება კანონმდებლობაში.
თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის ბოლოს მოახდინა თავდაცვის კოდექსის პროექტის ინიცირება, რომლის განხილვა და მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი-ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
დიპლომები, მედლები და სიგელები, მცირე ასაკში მიღწეული წარმატებები
სამეჯლისო, სპორტული და ქართული ნაციონალური ცეკვები, ფორტეპიანო, სიმღერის გუნდი, თეატრი, ჭადრაკი და ხატვის წრე, ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის და სკოლის მეწარმეობის ჯგუფის წევრი, – ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რასაც 13 წლის ანი გრძელიშვილი ეწევა. ანის სხვადასხვა ხარისხის დიპლომი და თასი აქვს მიღებული, არის სოლისტი და საბავშვო სპექტაკლის მთავარი როლის შემსრულებელი, ამზადებს აქსესუარებს. მიუხედავად გადატვირთული დღის რეჟიმისა და მცირე ასაკისა, უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, კერძების მომზადება და შესაძლებელია საბავშვო კულინარიულ პროექტშიც ვიხილოთ. ამჟამად წერს და წიგნის გამოცემასაც გეგმავს.
ჩვენი რუბრიკის სტუმარი, თბილი, მოსიყვარულე, მეგობრული, მიზანდასახული, სამართლიანი და უნიჭიერესი მომავალი მედიცინის მუშაკია.
-ანა, ამ რუბრიკაში ჩვენმა სტუმარმა, ნუცა გობეჯიშვილმა დაგასახელა და კითხვა დაგიტოვა, სად და რა საქმით იქნებით დაკავებული 10 წელიწადში?
-მივესალმები სრულიად საქართველოს,ბოლნისს და ბოლნისელებს,ჩემს თანატოლებს, ვულოცავ დამდეგ, 2023 წელს. ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს განვითარების, ბედნიერების, ჯანმრთელობის, სიყვარულის, ხვავის და ბარაქის მომტანი. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას

კარიერულად, ვფიქრობ, ვიქნები მედიცინის სფეროში, მაგრამ ჩემი ცხოვრება ცეკვის გარეშე, არ იარსებებს.
–ვინ არის ანა გრძელიშვილი, მოგვიყევი შენს შესახებ, თუ გაქვს არჩეული მომავალი პროფესია?
-ვარ 13 წლის, მე-8ა კლასის მოსწავლე. მიზანდასახული და დამოუკიდებელი ადამიანი, არ ყოფილა ხელოვნების არც ერთი სფერო, სადაც მიზნისთვის არ მიმეღწია, ამას მარტო მე არ ვამბობ, ამას ამბობენ ჩემი პედაგოგები, ასევე ვარ მოცეკვავე. პროფესია ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი, სავარაუდოდ, ქირურგობას ავირჩევ.
–გარდა იმ უცხო ენებისა, რასაც სკოლაში სწავლობ, დადიხარ ფრანგული ენის კურსზე, ენების შესწავლაც ხომ არ შედის შენს სამომავლო გეგმებში?
-ჩემთვის ფრანგული ენის შესწავლა უკავშირდება საფრანგეთში მოგზაურობას.
-თუ გაქვს თავისუფალი დრო და რას აკეთებ?
-ძირითადად, ჩემი დროის უდიდესი ნაწილი ეთმობა განვითარებას. ამჟამად ვწერ წიგნს, რომლის დაბეჭდვასაც ვაპირებ, რადგან არ მინდა ორწლიანი შრომა წყალში ჩავყარო. თავისუფალ დროს ვაკეთებ თმის სამაგრებს, ეს ჩემი პატარა ბიზნესია. მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, მიყვარს ცხობა. ერთხელ გამიჩნდა იდეა, პატარა ბავშვებისთვისაც გაკეთებულიყო „ბავშვთა მასტერშეფი“. მივწერე, მოეწონათ ჩემი აზრი და დამპირდნენ, თუ ოდესმე გაკეთდა მსგავსი გადაცემა, აუცილებლად მიმიწვევენ ქასთინგზე.

–რა როლი აქვს ცეკვას შენს ცხოვრებაში და რა წარმატებებს მიაღწიე ამ დროის განმავლობაში?
-ცეკვა ჩემთვის ყველაფერია, მაქვს სხვადასხვა ხარისხის დიპლომები, სიგელები. ვარ ევროპის და გიორგი რიჟამაძის სახელობის თასების მფლობელი. ამ ყველაფრის გამო, 2018 წლიდან მერიცხება სტიპენდია, რისთვისაც მადლობას ვუხდი ბოლნისის მერიას. ასევე ვარ ანსამბლ „თამარიონის“ მოცეკვავე, ცეკვა „ჯეირანის“ სოლისტი, ეს ცეკვა პირველად თურქეთის ქალაქებში რიზესა და ტრაპზონში ვიცეკვე.
–გარდა ცეკვისა, არაერთ წრეზე დადიხარ, მოგვიყევი, როგორ ანაწილებ დროს?
-დავდივარ ფორტეპიანოზე, წელს შვიდწლედს ვასრულებ, ასევე მოყვარულთა სიმღერის გუნდზე, ქართულ და ლათინო-ამერიკულ ცეკვებზე, თეატრში სადაც მაქვს ერთ-ერთი მთავარი როლი. გასულ წლებში დავდიოდი ჭადრაკზე და ხატვის წრეზე. ჩართული ვარ ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში არსებულ ახალგაზრდულ ჯგუფში, ასევე სკოლაში არსებულ „მეწარმეობის“ ჯგუფში, რაც შეეხება დროის განაწილებას, რთულია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, არ დავკარგო და ხარისხიანად გამოვიყენო.
–რას ნიშნავს შენთვის წარმატება?
-ისეთ გრძნობას, რომელსაც ვერაფერს შევადრი. ეს არაერთხელ განმიცდია, როდესაც წარმატებას ვაღწევ, შესაბამისად ბედნიერი და უფრო თავდაჯერებული ვარ.
–რაზე ოცნებობს ანი?
-ვიმოგზაურო სხვა და სხვა ქვეყნებში და ვისწავლო, მქონდეს შესაძლებლობა, დავეხმარო მოხუცებს, ობოლ ბავშვებს და გავხსნა ცეკვის სტუდია, სადაც შევასწავლი მოზარდებს ლათინო-ამერიკულ და ქართულ ცეკვებს.
– რომ შეგეძლოს დაწერო ახალი კანონი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას, რა იქნებოდა ის?
-ყველა ადამიანი დაწესებული კანონით უნდა მიდიოდეს საავადმყოფოში და იტარებდეს გამოკვლევებს, რაც თავს აგვარიდებს მძიმე ავადმყოფობებს.
–ზღაპრის გმირი რომ იყო, რომელი პერსონაჟი იქნებოდი?
– ანიმაცია „გაწითლებიდან“ მთავარი გმირი ვიქნებოდი. გოგო, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ წამს გადაიქცეს წითელ მელად, ის მთელ სკოლაშია პოპულარული.

–საყვარელი პოეტი, მწერალი, ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხე….
– გალაკტიონ ტაბიძე, მედლინ რუ, ენიდ ბლაიტონი, ფენი ფლეგი. ფენი ფლეგის „შემწვარი მწვანე პომიდვრები“
–მომიყევი მეგობრებზე, რა როლი აქვთ მათ შენს ცხოვრებაში, რას აფასებ ყველაზე მეტად მათში?
-მეგობრები არიან ადამიანები, რომლებთან გატარებული დროც, დღის ბოლომდე მიმყვება და დადებითად ისახება ჩემს განწყობაზე, ასევე მათი ჩემთან სტუმრობა და ღამით დარჩენა ძალიან მახარებს. ვაფასებ ნდობას.
–ყველაზე მთავარი რჩევა მომავალი თაობებისთვის, რას ეტყოდი მათ?
– იკითხონ ბევრი წიგნი და წერონ ესეები.
–როგორ ქვეყანაში ისურვებდი ცხოვრებას?
-სადაც სიღარიბე არ იქნებოდა
–დაგვისახელე წარმატებული ადამიანი, ვის ხილვასაც ისურვებდი ჩვენს რუბრიკაში, დაუტოვე კითხვა.
რუბრიკის მომავალი სტუმრები იქნებიან გოჩა ხელიძე და თამარ რეხვიაშვილი. კითხვა: რა როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში ცნება „მოგზაურობა“.
ნონა ხუზმიაშვილი
დღეიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრება
„15 იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასებს განვსაზღვრავთ. უკვე 15 თებერვლიდან სრულად შევა ძალაში და ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, რომ მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს“, – ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ. თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს.
მინისტრის განცხადებით, რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის, თუ მედიკამენტების მიწოდებაა.
მინისტრმა კონტროლისა და აღსრულების მექანიზმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციების დამრღვევებს სხვადასხვა ტიპის სანქციები დაუწესდებათ.
„წამლის კანონში ძალიან მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმი ჩავდეთ, რომელიც ნებისმიერი საბითუმო თუ საცალო ქსელისთვის ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ რეგულირების სააგენტოს გამოუჩნდეს ნაშთები, მედიკამენტების ჩამონათვალი და ფასები.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, არამხოლოდ რეფერენტული ფასების მიზნებისთვის, არამედ იმ მიზნებისთვის რომელიც დაკავშირებულია ელექტრონული რეცეპტების გამოწერასთან, მედიკამენტების მოძრაობასთან ქვეყანაში, ის რომ არ შეიქმნას ხელოვნური დეფიციტი და ა.შ.“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყება, პარალელურად წამლის მიკვლევადობის სისტემის შექმნაზე მუშაობს. სისტემის საშუალებით, ნებისმიერ პირს და ასევე მარეგულირებელს უჩნდება შესაძლებლობა, შტრიხკოდის საშუალებით, მედიკამენტთან დაკავშირებული ინფორმაცია მარტივად მიიღოს. ზურაბ აზარაშვილის თქმით, აღნიშნული ფალსიფიცირებული და ვადაგასული მედიკამენტების მიმოქცევის კონტროლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება ნათქვანია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
.
დღეს ქართული თეატრის დღეა
დღეს ქართული თეატრის დღეა, თეატრალების პროფესიული დღის აღნიშვნა 1850 წლის 14 იანვარს, გიორგი ერისთავის თაოსნობით სპექტაკლ „გაყრა“–ს დადგმას უკავშირდება, რომელმაც ქართულ პროფესიულ თეატრს დაუდო საფუძველი.
იმ დროისთვის ერთადერთი წარმოდგენა, გიორგი ერისთავმა ქართული არისტროკრატიის მხარდაჭერითა და რუსეთის მეფისნაცვალ ვორონცოვის თანხმობით დადგა. პიესის ავტორი და რეჟისორი თავად გიორგი ერისთავი გახლდათ და სპექტაკლში ერთ –ერთი პერსონაჟის, „სომეხი ვაჭრის“ როლს ასრულებდა.
1850 წელს ისტორიკოსები წერდნენ , რომ ქართულ თეატრს ჩაეყარა საფუძველი, რამაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და აღფრთოვანება გამოიწვია.
წლების განმავლობაში ქართული თეატრის აღმავლობა ორი დიდი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელებს უკავშირდება. მათ ქართულ თეატრში განსაკუთრებული ეპოქა შექმნეს, რომელიც სასცენო ხელოვნების განვითარების მიმართულებებსა და ტენდენციებს დღესაც განაპირობებს.

ბოლნისის თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში 1942 წლიდან ჩნდება და უკვე 81 წელია ხელოვნების ეს დარგი ქმნის თავისი მოღვაწეობის უნიკალურ ბიოგრაფიას.
1942 წლის 25 თებერვალს, ბოლნისის სცენისმოყვარულთა დასი მაყურებლის წინაშე წარსდგა პირველი სპექტაკლით– ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. აღნიშნულმა წამოწყებამ დასაბამი დაუდო ბოლნისში ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებას. რომლის დამფუძნებლები იყვნენ ქართული თეატრალური ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები: სევერიან მიხელიძე და (მეუღლე) თამარ ხატელიშვილი.იმ დროინდელ დრამწრეში მოღვაწეობდნენ: ვახტანგ რეხვიაშვილი, ვლასი და გედევან ახვლედიანები, მიხეილ გაფრინდაშვილი, ვახტანგ კერესელიძე, პ.ლოლაძე, კოტე ჩალაძე, პელაგია ჟვანია, გრიშა ლაბაძე, ვახტანგ მიხელიძე, მიხეილ გაბიძაშვილი და სხვანი. სულ მალე დასს შეუერთდა მიხეილ მგალობლიშვილი, როგორც დრამწრის ხელმძღვანელი და კულტურის სახლის დირექტორი(1944–50წ.),მისი ხელმძღვანელობის პერიოდში დრამწრემ პროფესიულ დონეს მიაღწია. ქართული თეატრის ბოლნისში დაფუძნებას განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოუცხადა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრმა, რომელმაც კონსულტანტის როლი იკისრა. ბოლნისის დრამწრის სპექტაკლებში მონაწილეობდნენ თბილისიდან მოწვეული სახელოვანი მსახიობები. 1952 წლიდან დრამწრეს სათავეში ჩაუდგნენ მიხეილ გაბიძაშვილი და ვახტანგ მიხელიძე. 1990 წლამდე ამ ორმა ხელოვანმა ღირსეულად ატარა თეატრის ხელმძღვანელის საპატიო მისია. 1960 წელს სპექტაკლის ვ.კანდელაკის „ამაღლებული სოფელი“ (რეჟისორი:მ.გაბიძაშვილი), ჩვენების შემდეგ,სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით ბოლნისის თეატრს მიენიჭა სახალხო თეატრის საპატიო წოდება.ხოლო1960 წლის 8 მაისს მოხდა სახალხო თეატრის გახსნა სპექტაკლით ა.ცაგარელის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“(რეჟისორი მ.გაბიძაშვილი). 1967 წელს ქ.თბილისში კ.მარჯანიშვილის სახ.აკადემიური თეატრისა და მოსკოვის კრემლის თეატრის სცენებზე (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“–რეჟისორი – მიხეილ გაბიძაშვილი, კონსულტანტი– გრიგოლ კოსტავა),ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ თეატრმა პირველად მოიპოვა რესპუბლიკისა და საკავშირო ფესტივალების ლაურეატის წოდება, ოქროს მედალი და ფასიანი საჩუქრები.
1952–1970 წლებში ნიჭიერი მსახიობები დიდი სიყვარულით ქმნიდნენ, ბოლნისელი მაყურებლისთვის დაუვიწყარ თეატრალურ სახეებს. აღსანიშნავია სახალხო თეატრში დადგმული საეტაპო სპექტაკლები: „ქართლის ჩირაღდნები“, „ყვარყვარე თუთაბერი,“ „თავმჯდომარე ლურჯა ცხენზე.“ სპექტაკლების სიუხვით გამოირჩეოდა 1979–80 წლის სეზონი,როცა თეატრმა ოთხი სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს: „უსაშველო მაშვლები“, „მზე ნეკერჩხლის ტყეში“, „ღირსეული სასჯელი“, „ნისლიანი დღეები“,

1980 წელს სახალხო თეატრთან დაარსდა ბავშვთა და მოზარდთა თეატრ–სტუდია მსახიობ იზო ნიავაძის ხელმძღვანელობით.
1985 წელს დაიდგა მთვარაძის „სახსოვარი“(რეჟ.ვ.მიხელიძე),სპექტაკლი და მსახიობი, საკავშირო ფესტივალის საპატიო წოდებით დაჯილდოვდა.
სპექტაკლის დასადგმელად 1988 წელს მოწვეული იქნა რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე. ბოლნისის თეატრისთვის დაიწყო ახალი ეტაპი. იდგმებოდა არაჩვეულებრივი სპექტაკლები, ხოლო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით დასს საშუალება ეძლეოდა, ბოლნისისა და საქართველოს სახელი, თავისი შემოქმედებით საზღვრებსგარეთ გაეტანა.
1990–2000 წლეში თეატრს ბევრი ახალი მსახიობი შეუერთდა.
1996 წელს საქართველოს სახალხო თეატრების რესპუბლიკურ ფესტივალზე „გურჯაანი–96“ სპექტაკლი „მუსუსი“ საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ იქნა დასახელებული.
2001 წელს დაიგა ა. გეწაძის“ორად გაყოფილი ცრემლი“(რეჟ.ზ.ხვედელიძე) რომელიც მიეძღვნა ბოლნისის თეატრის 40 წლისთავს.იუბილესთან დაკავშირებით ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ მსახიობები:ნუგზარ გაფრინდაშვილი,ნუგზარ ერისთავი, ედუარდ რეხვიაშვილი,ხოლო ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ ნუგზარ ჭითანავა და ვლადიმერ კენჭოშვილი. ზურაბ ხვედელიძე ბოლნისში მოღვაწეობდა 1988–2020 წლებში,მან ზემოთ ხსენებული სპექტაკლების გარდა თეატრში დადგა:გიორგი ერისთავის „გაყრა“,რაფიელ ერისთავის„ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინეს“,ბასა ჯანიკაშვილის „მშვიდობით თემურ“, „სულიკო“,ლაშა ბუღაძის „ნუგზარი და მეფისტოფელი“,ვახტანგ ანდიაშვილის „პენტერაფობია“,თამაზ მეტრეველის „სუპერქართველები“,დათო ტურაშვილის „ორი კუნძული შავ ზღვაში“,ნინო მირზიაშვილის „აივანი“, თამრი ფხაკაძის „გაფრენა“,ალექს ჩიღვინიძის „სიკვდილის დღის საჩუქარი“.

წლების განმავლობაში თეატრში მუშაობდნენ სხვადასხვა რეჟისორები, ხოლო 2005 წლიდან თეატრში მოწვეული იქნა ახალგაზრდა რეჟისორი ლაშა ნოზაძე,რომელმაც ბოლნისელების დიდი სიყვარული დაიმსახურა.მისი დადგმული სპექტაკლები და მასობრივი სანახაობები, დახვეწილი რეჟისორული გააზრებით და მხატვრული ხერხებით გამოირჩევა.მისი ნამუშევრებია: „ზევით-ქვევით“, „ამაღლება“, „სხივათვე“ , „კრიტი“, „რომეო და ჯულიეტა“, „ბოვნისი, ეკატერინენფელდი, ლუქსემბურგი, ბოლნისი“, „ჰამლეტი“ ,, ცეკვა ვაჟაური’’ და სხვა . 2020 წლიდან კი ბოლნისის თეატრს ხელმძღვანელობს დრამის რეჟისორი–მაგისტრი ლაშა ნოზაძე.

2022 წლის ზაფხულში ბოლნისის თეატრმა 80 წელის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა.

,,გაზეთი ბოლნისი’’ პროფესიულ დღეს ულოცავს ბოლნისი მუნიციპალიტეტის თეატრს და მადლობას უხდის მსახიობსა და რეჟისორს იზოლდა ნიავაძეს თეატრის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის.
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
სახელმწიფო დროშა ეროვნული ერთიანობის, ერის ისტორიული გზის, მისი სულისკვეთებისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად, საქართველომ დაიბრუნა დროშა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს სიმბოლო. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა.დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვრის და ოთხი მახარობელის სიმბოლური გამოსახულებაა და ის უძველესია სახელმწიფო სიმბოლოებს შორის. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, 14 იანვარს, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ.










