Home Blog გვერდი 81

,,ჩემი ნახატების არსებობის მიზეზი, ადამიანების მიმართ სიყვარულია“

0

მარიამ ბეკურაშვილი გერმანიაში მცხოვრები ქართველია, იგი თავის ემოციებსა და განცდებს ფურცელზე აცოცხლებს. როგორც ჩვენთან საუბარში  აღნიშნა, მხატვრობა  სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა შეაყვარა.  უპირატესობას გრაფიკულ ხატვას ანიჭებს, თუმცა 2020 წლიდან მისი ინტერესის სფერო გაფართოვდა და პორტრეტების ხატვის ფაზაში გადაინაცვლა.  მარიამის საყვარელი ნამუშევარი კი, საკუთარი ბებიის პორტრეტია.                                      „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი ჩემი ბებიის პორტრეტია. ამ ნახატში, ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ ბებიას თვალები განსაკუთრებით რეალისტურია. მისი თბილი მზერა,  იმედითა და სიკეთით სავსე თვალები, მხატვრული ხერხებით საკმაოდ ლამაზად გადმოვიტანე ფურცელზე.’’ – აღნიშნავს ჩვენთან საუბარში მარიამ ბეკურიშვილი.

მოგესალმებით მარიამ, თქვენ იმ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომელთა შესახებაც თავიანთი ნამუშევრები უსიტყვოდ საუბრობს, მხატვრობა, ეს ხომ თვითგამოხატვისა და ესთეტიკური ტკბობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მოგვიყევი, როდის და როგორ დაიწყეთ ხატვა ?

– კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. პატარაობიდან როგორც ბავშვების უმეტესობას, მიყვარდა ხატვა, კანცელარია მიზიდავდა და შეიძლება ითქვას,  უჩვეულო აღფრთოვანებით ვათვალიერებდი ვიდეოებსა და ფოტოებს, მითითებებით და ნაბიჯებით (მხატვრობის სივრცეში). ამასთან ერთად სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა შემიწყო ხელი და მასწავლა დაჩრდილვის ხერხები, ხაზვა, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემი ინტერესის გაზრდაში.

გაქვთ თუ არა არჩეული კონკრეტული სტილი ან თემა, რომელზეც ხატავთ,  თუ მრავალფეროვნებას ანიჭებთ უპირატესობას?

– რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ყველა მხატვარს საკუთარი ხატვის სტილი აქვს და ყველა დანარჩენისაგან რაღაცით გამოირჩევა. ჩემი ფავორიტი დასაწყისიდანვე გრაფიკული ხატვა/ხაზვაა. პირველი წლების განმავლობაში, მხოლოდ და  მხოლოდ, ტექნიკურ მოწყობილობებს, ლოგოებს ან პეიზაჟებს ვხატავდი. 2020 წლის ივნისში პირველად გავბედე პორტრეტის დახატვა და პირველი ცდისთვის არც ისე ცუდი გამოვიდა. მას შემდეგ ჩემი პორტრეტების ხატვის ფაზა  არ შეწყვეტილა, რადგან მივხვდი, რომ ზუსტად მხატვრობის ეს კონკრეტული განხრა ყველაზე მეტად შემიყვარდა, მისი წარმოუდგენელი სირთულის მიუხედავად.

რა არის თქვენი შთაგონების წყარო ?

-ჩემი შთაგონების წყაროა ემოციების სიჭარბე. გადატვირთული გრაფიკი და აკადემიური მრავალფეროვნება, ჩემზე უზარმაზარ გავლენას ახდენს, როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად. როგორც კი თავისუფალ დროს მოვიხელთებ, მაშინვე ვიწყებ ხატვას. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ დრო გაქვს, ხანდახან მაინც შეუძლებელია, როდესაც მუზა არ გაქვს. მუზა მხატვრების უძლიერესი იარაღია. ხშირად მუზა მეცადინეობისას მეწვევა ხოლმე და გამოდის განათლებას უპირატესობას ვანიჭებ.

მარიამ, აღგვიწერეთ გარემო, რომელშიც ყველაზე კომფორტულად მუშაობთ.

-მოკლედ რომ ვთქვა, ყველაზე სასიამოვნო გარემო ჩემთვის ღამის საათები და წყნარი გარემოა. ხატვისას ვუსმენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას. ბნელი ოთახი და განათებული სამუშაო მერხი, ჩემთვის ყველაზე ჰარმონიული კომბინაციაა.

ხშირად, ხელოვანი ადამიანები თავიანთი შემოქმედებიდან გამოარჩევენ რაიმე კონკრეტულს, რომელთანაც განსაკუთრებული ემოციური კავშირი აქვთ, არის თუ არა მსგავსი ნახატი თქვენს შემოქმედებაში  და თუ კი, რატომ მაინცდამაინც ის?

-ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი ჩემი ბებიის პორტრეტია. რაც მიყვარს ამ ნახატში ყველაზე მეტად ის არის, რომ ბებიას თვალები განსაკუთრებით რეალისტურია. მისი თბილი მზერა,  იმედით და სიკეთით სავსე თვალები, მხატვრული ხერხებით, საკმაოდ ლამაზად გადმოვიტანე ფურცელზე.

ყველაზე მეტად სიამოვნებას რა განიჭებთ ხატვის პროცესში ?

-ხატვის პროცესში ყველაზე მეტად მიყვარს ყავის სმა, ამას დავტოვებ უკომენტაროდ…

რაიმე შეტყობინების მატარებელი ხომ არ არის, თქვენი ნახატები საზოგადოებისათვის ?

-ჩემი ნახატების არსებობის მიზეზი, ძირითადად, მათზე გამოსახული ადამიანების მიმართ სიყვარულის ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ნახატებს კონკრეტული შეტყობინებების მატარებლად ვერ წარმოვიდგენ, მაინც მნიშვნელოვანია აღვნიშნო ადამიანური სილამაზის და ესთეტიკის ნაკვთები, და ასევე, თუ როგორი სასიამოვნოა  ქაღალდზე, მათი საკუთარი ხელით გამოსახვა.

როგორია ფერებთან თქვენი დამოკიდებულება?

-უპირატესობას ვანიჭებ გრაფიკულ ნახატებს, მაგრამ მაინც მაქვს დაგეგმილი, ახლო მომავალში, ფერებით მუშაობის ცდა.

მარიამ, როგორც ვიცი, ამჟამად გერმანიაში ცხოვრობთ, როგორ აღმოჩნდით გერმანიაში და ამას რაიმე კავშირი ხომ არ აქვს მხატვრობასთან ?

-გერმანიაში ოჯახის პირადული მიზეზებით გადმოვედი, ეს პირდაპირ კავშირში არ არის ხატვასთან.

როგორია მარიამის ერთი ჩვეულებრივი დღე სამშობლოსგან შორს ?

– ჩემი დილა ექვსის ნახევარზე იწყება, შვიდ საათზე  უკვე სკოლის გზაზე ვარ, საღამოს ხუთ საათამდე მიწევს იქ დარჩენა და სახლში ექვს საათზე, მატარებლით ვბრუნდები. მალევე მოდის ჩემთან  კერძო მოსწავლე, რომელსაც მათემატიკასა და გერმანულ ენაში ვამზადებ. შემდეგ თვითონ ვმეცადინეობ და უკვე მომავალი დატვირთული დღისთვის ვემზადები ხოლმე.

რაც საქართველოდან წახვედით, თქვენს შემოქმედებაში ხომ არ იმატა სამშობლოს თემატიკამ, მონატრებამ, ნოსტალგიამ…

– ნოსტალგია სამშობლოს მიმართ დღითიდღე იზრდება… არქივში მაქვს შენახული ნახატები, რომლებზეც სვანეთის მთებია გამოსახული. ჩემს ნამუშევრებში უკვე იშვიათია, პორტრეტების გარდა, სხვა თემატიკის აღქმა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველო წარმოუდგენლად მენატრება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები მხატვრობაში  და უკავშირებთ თუ არა ამ გეგმებს საქართველოს ?

– ხატვა ჩემი ჰობია, ამიტომ არ ვგეგმავ მთელი ჩემი კონცენტრაცია მას დავუთმო. თუმცა, ვცდილობ  სახლში ვისწავლო კიდევ ბევრი რამ, ხელოვნების შესახებ.

მარიამ, რას ურჩევდით  ახალგაზრდებს, რომლებიც ჯერ კიდევ ძიების პროცესში არიან, თქვენი აზრით, რა არის წარმატების მთავარი კრედო ?

– ჩემს თანატოლებსა და მოზარდებს, რომლებიც ხელოვნებით არიან დაინტერესებულნი, ვურჩევდი გაბედონ და სცადონ ის, რაც ჰგონიათ, რომ არ გამოუვათ. ყველა სირთულის გადალახვა შესაძლებელია, ამიტომ ვეტყოდი, რომ დაიმახსოვრონ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პატარა ნაბიჯი და გამბედაობა ცხოვრების და საკუთარი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად!

მარიამ ონიანი

ბოლნისის ეპარქია ეფრემ ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს

0

10 თებერვალს ბოლნისის ეპარქია მეუფე ეფრემის ანგელოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში, მეუფე ეფრემმა მესტიისა და ზემო სვანეთის, რუის-ურბნისის, მარნეულის და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსებთან ერთად, სინანულის მოძღვრის – წმინდა ეფრემ ასურის ხსენების დღე საზეიმო წირვა-ლოცვით აღავლინა. რის შემდეგაც მეუფეებმა და სხვა სასულიერო პირებმა ბოლნელ ეპისკოპოსს ეს დღე მიულოცეს, წმინდა ეფრემ ასურის მოღვაწეობაზე ისაუბრეს და ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცეს.

მეუფე ეფრემი ბოლნისის ეპარქიაში უკვე 16 წელია მოღვაწეობს და მის ღვაწლს  არაერთი ტაძრის აღდგენა-რეაბილიტაცია უკავშირდება.

საზეიმო წირვა-ლოცვას საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ხატისოფელში, ვანათში, სამტრედოსა და რაჭისუბანში გაიმართა

0

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობას ხატისოფელში, ვანათში, სამტრედოსა და რაჭისუბანში შეხვდა.

2023 წელს, პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ხატისოფელში, ვანათსა და სამტრედოში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდება. რაჭისუბანში კი სარწყავი სისტემა მოწესრიგდება და გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.

 ორგანიზაცია GIZ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

0

ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების და ხელშეწყობის მიზნით, დღეს ბოლნისის კულტურის ცენტრში ორგანიზაცია  GIZ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც საჯარო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრისას, მოწვეულმა ექსპერტებმა, მეწარმეობის განვითარების იდეების და მდგრადი განვითარების მიზნების ლოკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ადგილობრივ მცირე მეწარმეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრა ორდღიანია, ვიზიტის ფარგლებში 9 თებერვალს ბოლნისელი მეწარმეები სტუმრებს საკუთარ საწარმოებში უმასპინძლებენ და ადგილობრივი პროდუქციით გაუმასპინძლდებიან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრებები და კონსულტაციები გრძელდება

0

8 თებერვალს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას ფარიზში, დაბა თამარისსა და ცურტავში შეხვდა.

2023 წელს, პროგრამის ფარგლებში, ფარიზში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები გაგრძელდება. დაბა თამარისში ბავშვთა სათამაშო სივრცე გაკეთდება, ცურტავში კი სოფლის შიდა გზა მოწესრიგდება და გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.

მთავარი მონდომება და მიზანდასახულობაა

0

მოხალისეობა  არის შესაძლებლობა, ანაზღაურების გარეშე, სხვების დასახმარებლად  გამოიყენო შენი დრო. ადამიანებისთვის  შენი დროის მცირედი ნაწილის დათმობასაც კი, შეუძლია მათი ცხოვრების გაუმჯობესებაყველას გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები და ტალანტი, მათი  გამოყენება მნიშვნელოვანი და საჭიროა, რადგან ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც შენს დახმარებას ელოდება.

ჩვენ მოგიყვებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე  ლუკა ურუმაშვილზე, რომელიც 2022 წელს საუკეთესო მოხალისედ დასახელდა,

როგორც ვიცით, 2022 წლის საუკეთესო მოხალისედ დაგასახელეს, გვიამბე იმ საქმიანობის შესახებ, რამაც  წლის საუკეთესო მოხალისედ შენი დასახელება განაპირობა.

2022 წლის თებერვალში პირველად მივიღე მონაწილეობა  მოხალისეობრივ პროექტში  და გავხდი ,,ჰელფინგ ჰენდის“  ლიდერი რეგონალური ქსელის ფარგლებში. ჩემი გუნდი შედგებოდა 16 მონაწილისგან და მთელი წლის მანძილზე აქტიურად ვახორციელებდით სხვადასხვა აქტივობას. აღნიშნულ საქმიანობას ჰელფინგ ჰენდის საიტზე ვათავსებდით. წლის ბოლოს  მეგობრებმა, კოლეგებმა და მასწავლებლებმა წარმადგინეს წლის საუკეთესო მოხალისის ნომინაციაზე, რის შემდეგაც დავსახელდი 2022 წლის საუკეთესო მოხალისედ.

რა არის წარმატების მისაღწევად აუცილებელი?

ჩემი აზრით, მონდემება და მიზანდასახულობა არის ის მთავარი უნარი,  რაც საჭიროა წარმატებისთვის.

როგორ უთავსებ ერთმანეთს სხვადასხვა პროექტს?

არის პროექტები რომლებიც ერთმანეთში იკვეთება,  ამის მიუხედავად, მაინც რთულია როდესაც  ხარ ეკოკლუბის ლიდერი და გიწევს ეკოლოგიურ პრობლემებს ებრძოლო, იარო ფრანკლინის აკადემიაში და ისწავლო პოლიტიკური საგნები, ასევე დაესწრო სხვადასხვა სამიტებსა და ლექციებს, იყო ჰელფინგ ჰენდის მოხალისე, ამასთანვე უკვე წლის საუკთესო მოხალისე  და პოპულარიზაცია გაუწიო მოხალისეობას,იყო ბოლნისის ახალგაზრდული იდეის, სათემო საკითხებში აქტიურად ჩართული პირი, kazretipress-ის გენერალური რედაქტორი, სადაც  შეხება გაქვს ჟურნალისტიკასთან,  ყოველივე ამის შეთავსება რთულია, მაგრამ  ვფიქრობ ჩემი მიღწევებიდან გამომდინარე გამომდის, მთავარი მონდომება და მიზანდასახულობაა.

რას ურჩევდი შენს თანატოლებს?

იპოვონ თავიანთი ინტერესის სფერო.   თვითონვე ვიპოვოთ ჩვენი თავი იმ სფეროში სადაც კომფორტულად და წარმატებულები  ვიქნებით.

რა გამოცდილება შეგძინა პროექტებში ჩართულობამ და რას გაიხსენებდი ამასთან დაკავშირებით?

პროექტებში ჩართულობამ განმივითარა   ის უნარები, რაც ლიდერს სჭირდება, ასევე მასწავლა ხალხთან ურთიერთობა. დაახლოებით ერთი წლის წინ იმის მეშინოდა, რომ შევიცვლებოდი და შევიცვლებოდი უარესობისკენ, ერთ-ერთ პროექტში გავიცანი ძალიან კარგი ფსიქოლოგი, რომელმაც მითხრა,  თუ შენ არ გინდა,  იმად იქცე რადაც არ გინდა, მაშინ შენ ისეთად ვერაფერი გაქცევს. მას შემდეგ ცვლილების აღარ მეშინია, პირიქით ცვლილებებისკენ თამამად  მივისწრაფვი.

თუ გაქვს თავისუფალი დრო და რას აკეთებ ამ დროს?

სამწუხაროდ, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაგრამ თუ არის ამის საშუალება, ამ დროს ჩემს მეგობრებთან , საყვარელ ადამიანებთან ერთად ვატარებ.

რა არის შენი უახლოესი გეგმები?

ვფიქრობ, წელს მთელ დროს პროექტებს, სამიტებს, ლექციებს და აკადემიებს დავუთმობ. ასევე მინდა, არდადეგებზე პროფესიულ კოლეჯში ელექტრო გაყვანილობისა და IT  ინჟინერის კურსების გავლა. ხოლო მე-12 კლასში მთელ დროს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას დავუთმობ. ვფიქრობ, ჩემი მონაწილეობა პროექტებში არც სტუდენტობის დროს დამთავრდება, რადგან,  ეს ის ადგილია სადაც პიროვნულად ვიზრდები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრებები და კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს

0

7 თებერვალს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას ფოლადაურში, სამწევრისში, ზემო ბოლნისსა და სოფელ ბოლნისში შეხვდა.

2023 წელს, პროგრამის ფარგლებში, ფოლადაურსა და სამწევრისში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდება. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სანიაღვრე ქსელის მოწყობა გაგრძელდება სოფელ ბოლნისში.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ზემო ბოლნისში საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი რაოდენობის მოქალაქე არ გამოცხადდა, საქართველოს მთავრობის N 654 დადგენილების შესაბამისად, სოფელში კრება ჩაშლილად გამოცხადდა. დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, ზემო ბოლნისში საერთო კრება ხელმეორედ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.

სოფოს ინსპირაციის წყარო ჰობის მიმართ დიდი სიყვარულია

0

გადაცემა ჩვენი ,,საქმის სტუმარი’’ სოფო გასიშვილია,რომელიც ბოლნისის საზოგადოების დიდმა ნაწილმა „ბიბლუსის სოფო“ ასე გაიცნო.გოგონა, რომელიც წლების მანძილზე წიგნის მაღაზია „ბიბლუსში“ მუშაობდა. მუდამ მომღიმარმა, ფერადმა და პოზიტიურმა თავი მალევე ყველას შეაყვარა. დღეს უკვე მისი ხელნაკეთი აქსესუარებიც უყვართ, მოსწონთ და უკვეთავენ კიდეც. ხელსაქმე პანდემიის პერიოდში დაიწყო, მაშინ როდესაც ყოველდღიური რიტმი შეიცვალა და სამყარომ ცხოვრება ახალ რეალობაში გააგრძელა. კარანტინის დროს  სოფო ბავშვობის საყვარელ ხელსაქმეს მიუბრუნდა, სკივრში ჩალაგებული ძველი ნივთები ამოალაგა და ლამაზი თვლებით, ფერთა შეხამებით თმის სამაგრი გააკეთა. „ჩემი საქართველო“ ასე უწოდა რუკაზე ფერადი თვლებით განთავსებულ საქართველოს კუთხეებს.ბროშებს, თმის სამაგრებს, სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის აქსესუარები მოყვა. საზოგადოებამ  სოფოს ხელნაკეთი ნივთები მალევე აიტაცა და  ახლა ის სხვების გახარებაზე ზრუნავს.  სოფოს ინსპირაციის წყარო ჰობის მიმართ დიდი სიყვარული, ის დადებითი ემოციები, ხასიათი და განწყობაა, რომელსაც ყოველდღიურად გასცემს და იღებს საზოგადოებისგან და მომხმარებლის მხრიდან.

სურსათსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დაკლების მიზნით, სამუშაო ჯგუფები შეიქმნება

0

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ინფლაციაზე ისაუბრა.

“ვახსენე ინფლაცია და მინდა, ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გარკვეული განმარტება გავაკეთო. მე რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს, სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა, მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული ასე ვიტყოდი მარჟებით, მოგებით მუშაობენ იმპორტიორები.

შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი და მე მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო ეს პირველადი მოკვლევის ანალიზის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და აღმოჩნდა, რომ მაგალითად ბრინჯი იქნება ეს თუ წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, ზეთი, საბითუმო ფასებზე დამატებულია, ვგულისხმობ ჯერ გასაყიდ ფასს არ ვამბობ, 50-60-70-80 % არის ფასნამატი, საბითუმო ფასებზე. ამას ემატება რა თქმა უნდა შემდეგ უკვე საცალო ფასები, ფასნამატი, მინიმუმ 25-30% და გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა. რაც რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია,- განაცხადა ღარიბაშვილმა,

ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის მინისტრებს სურსათის იმპორტიორებთან შეხვედრა და პროდუქტების მაღალ ფასებთან დაკავშირებით გამოსავლის გზების მოძებნა დაავალა.

“ჩვენი მხრივ მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს არის მიღწეული და შენარჩუნებული, ამ დროს ასეთი დამოკიდებულება იმპორტიორების მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამიტომ მე მინდა დავავალო დღეს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა ის მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მე მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით. ეს რა თქმა უნდა არის მიუღებელი, ამხელა მოგებით გვახსოვს ძალიან კარგად მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები, მედიკამენტების შემომტანები. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი მოყვა მაშინ ამ ამბავს, როცა ეს თემა გავხსენით, მაგრამ შედეგიც სახეზე იყო.

გავხსენით თურქეთის ბაზარი და ახლა უკვე არის რეფერენტული ფასები, რამაც 60-70-80 პროცენტით შეამცირა მედიკამენტებზე ფასები და ჯამში ჩვენმა მოსახლეობამ 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა, ანუ საკუთარი ჯიბიდან დანახარჯები შემცირდა 200 მლნ ლარით. ამიტომ მე ვხედავ აქ ძალიან დიდ პოტენციალს, ვხედავ რომ აქ სამწუხაროდ არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან, ამიტომ საჭიროა მათთან საუბარი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მოწოდებას და ამ მიმართვას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ, არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი,”- აღნიშნა პრემიერმა.

ხელი არ უნდა ჩაიქნიოთ წარმატების მიღწევა, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება

1

ფლორენციის უნივერსიტეტში რეზიდენტურის გასაგრძელებლად წასულს, ყველაფერი ისე არ დახვდა, როგორც ეგონა, საჭირო გახდა დამატებითი შემოსავლების მოძიება.  იყო უამრავი დაბრკოლება, 14-16 საათიანი მძიმე შრომა, ახალი და რთული გამოწვევების პირისპირ მარტო ყოფნა, თუმცა მოთნიმებით, ენერგიის შენარჩუნებით, მომავლის იმედითა და რწმენით, ბოლნისელი ეკატერინე შამფრიანი დღეს იტალიაში საუკუნოვანი და საკმაოდ პრესტიჟული სარესტორნო ქსელის „ოსტერია დე ფორტუნას“ არტიზანული პასტის, ტკბილეულისა და პურის მიმართულების ხელმძღვანელია.

რა გზა გაიარა პროფესიით ექიმმა და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ერთ დღეში, ამაზე ვრცლად გაზეთი „ბოლნისი“გიამბობთ.

-ყველაფერი ისე არ დამხვდა, როგორც მეგონა, აუცილებლად მჭირდებოდა შემოსავალი, ამიტომ, ენის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით, სწავლა დავიწყე ენის შემსწავლელ სკოლაში, შემდეგი ეტაპი კი იყო სარესტორნო სივრცეში ჩართვა, პოზიცია –  შეფის დამხმარე, რომელიც საკმაოდ საპასუხისმგებლო და შრომატევადია. ვერ ვიტყვი, რომ ადვილი იყო, ვერც იმას გეტყვით, რომ ყველა კეთილგანწყობით დამხვდა. იყო უამრავი სირთულე, მძიმე სამუშაო გრაფიკი, თუმცა ახლაც რომ იგივე ეტაპის გავლა მიწევდეს, არაფერს შევცვლიდი. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ყოველი დღე იყო ჩემთვის გამოწვევა და წარმატებასთან ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯი.

-ეკატერინე, დღეს შენ მუშაობ 100 წლიან რომაულ რესტორანში, რატომ გადაწყვიტე, პროფესიით ექიმმა, კულინარიულ სივრცეში მოგესინჯა ძალები?

-პირველ რიგში, პატარა ასაკიდან მიყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი და ზოგადად, როგორც ამბობდნენ, „კარგი კულინარი“ ვიყავი. რაც შეეხება, თუ როგორ მოვხვდი, მათი წარმომადგენლობა იყო საქართველოში, სვანეთში, მათ გასინჯეს ჩემი მომზადებული პასტა და ძალიან მოეწონათ, რის შემდეგაც დამიტოვეს  სავიზიტო  ბარათი, სწორედ იტალიაში ყოფნისას დავუკავშირდი მათ და საცდელი ვადით ამიყვანეს რესტორანში.

-ეკატერინე, რესტორანი „ოსტერია დე ფორტუნა“ ცნობილია თავისი საფირმო და საუკუნოვანი ტრადიციული კერძებით, ეს ყველაფერი აიხსნება იმითაც, რომ მათ იტალიაში არა ერთი სარესტორნო ქსელი აქვთ, როგორ ფიქრობ, ადვილი იყო იქ მოხვედრა და შემდეგ, საპასუხისმგებლო პოზიცია?

-რა თქმა უნდა ძალიან რთულია მუშაობდე და ამზადებდე კერძებს, რომლის მენიუც 100 წლის უკან შედგა. მინდა აღვნიშნო, რომ რომაულ რესტორანში, საუკუნის მანძილზე, არც რამე კერძი დამატებულა და არც რეცეპტი შეცვლილა, ყველაფერი ისე ზედმიწევნით მზადდება, როგორც გახსნის დროს, პასტას ხელით ვამუშავებთ, რომელიც საკმაოდ შრომატევადია. ამ სარესტორნო ქსელში  შინაგანაწესი არ ითვალისწინებს რაიმე სახის ცვლილებას და მოდერნიზებას. სწორედ, ამიტომ გვყავს დიდი მომხმარებელი.

-ეკატერინე, არტიზანული პასტის, ტკბილეულისა და პურის მიმართულების ხელმძღვანელის გარდა, როგორც ვიცი, სარესტორნო ქსელის გახსნაც გევალება.

-მე და შეფ ლუკას გვაქვს ჩვენი სარესტორნო სივრცის მასწავლებლის სტატუსი და ყველა ახალი თანამშრომელი, გადამზადებას კონკრეტულ ნაწილში გადის ჩვენთან, და ყველა ახალი ობიექტის გახსნა ჩვენ  გვევალება.

-ეკატერინე, შენი ცხოვრება უცხოეთში რადიკალურად შეიცვალა, გაგვიმხელ  წარმატების ფორმულას, რომელიც დაგეხმარა თავი დაგემკვიდრებინა ცნობილ რომაულ რესტორანში?

-ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ასე ვფიქრობ, რომ ყველას შეუძლია მიაღწიოს წარმატებას ნებისმიერ ქვეყანაში, თუ მას სწორად აქვს გზა არჩეული, უნდა იყო ცოტა მეამბოხე, უნდა გქონდეს მაქსიმალური მოთმინების უნარი, არ უნდა ჩაიქნიო ხელი იმედგაცრუებაზე და მეტი შემართებით შეეცადო მიუახლოვდე მიზანს.

-მე ვირჩევ ორაგულის პრინციპს, ვიცურო დინების საწინააღმდეგო მიმართულებით.

-იღბალი, მაქსიმალური შრომა, გონებრივი შესაძლებლობებისა და ფიზიკური უნარების თანხვედრა და რეალიზაცია, რეალურ მოცემულობაში რაც გაქვს, არის ყველაზე დიდი იარაღი წარუმატებლობის წინააღმდეგ.

-ადამიანს თუ რაიმეს მიღწევა სურს ის აუცილებლად შეძლებს შრომის, მოთმინებისა და რწმენის დამხარებით.

მარინა გავაშელი