Home Blog გვერდი 80

ფერებით გადმოცემული ემოცია

1

მერვე კლასელმა ნანა ლონდარაშვილმა ჰობი საყვარელ საქმედ აქცია, ფანტაზიას საზღვრები მოაშორა და ჩვენამდე ძალიან საინტერესო ნამუშევრები მოიტანა. ხატვა 11 წლის ასაკში დაიწყო, ფერები ერთმანეთს შეუხამა და პირველი ნამუშევარიც შექმნა,რომელსაც  „ზღვაში ჩამავალი მზე“ უწოდა , მის  კოლექციაში , პატარა შემოქმედის ემოციები და განწყობაა გადმოცემული.

,,ვსწავლობ ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში ,ჩემი ჰობია: ხატვა, ცეკვა და ხელნაკეთი ნივთების შექმნა.

ხატვა პატარაობიდან მიყვარდა და გამომდიოდა კიდეც,  პირველი ნახატი  ,,ზღვაში ჩამალული მზე’’ გავაჩუქე და დღეს არ არის ჩემს კოლექციაში, ვხატავ ტილოზე, გუაშებით და აკრილის საღებავებით. ნამუშევრებში ჩემი  ხასიათი  და განწყობაა  გადმოცემული,.100-ზე მეტი ნახატი მაქვს შავთეთრი ფანქრით შესრულებული, ასევე მაქვს ნახატები ტილოზე. ყველა ჩემი ფანტაზიით მაქვს შექმნილი. მიყვარს ძალიან პაბლო პიკასოს და ნიკო ფიროსმანის შემოქმედება.სამხატვრო აკადემიაში, დიზაინის მიმართულებით მინდა  გავაგრძელო სწავლა.ჩემთვის ხელოვნება სიმშვიდეს და სამყაროს სხვანაირად აღთქმას ნიშნავს, ნამუშევრებიც ასეთია’’

 სანთელში ჩატეული დიდი ემოციები

1

ანასტასია ინაძე ჯერ მხოლოდ ცხრა წლისაა და უკვე აქვს  საყვარელი საქმიანობა. იგი სურნელოვან სანთლებს ამზადებს, შემდეგ დიდი რუდუნებით არჩევს შესაფუთ დიზაინს, ლამაზად აფორმებს და ადრესატს უგზავნის. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს პროცესი არც თუ ისე მარტივია – ზოგჯერ პატარა თითები ეწვება, არასწორ ტემპერატურაზე შეიძლება მასალა გაუფუჭდეს ან დაეღვაროს, თუმცა ამ ყველაფერს, ის სიყვარული და დადებითი ემოცია წონის, რომელსაც ტასო ხალხისგან იღებს.

სკოლიდან დაბრუნებული პატარა გოგონა მიუჯდება თავის ხელსაწყოებს, დღის განმავლობაში დახარჯულ ენერგიას სწორედ სურნელოვანი სანთლების მზადებით  იღდგენს, თანაც სჯერა, რომ სანთლები სურვილებისა და ლოცვებისთვისაა და ისიც ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სანთელი დაამზადოს, რათა მეტ ადამიანს ჰქონდეს სურვილის ჩაფიქრებისა და ლოცვის საშუალება Aromatas.არომატას სურნელოვან სანთლებთან ერთად.

-გამარჯობა, გილოცავ ახალ წელს, გისურვებ ბედნიერ და ფერად 2023 წელს. ტასო, პირველ რიგში მადლობა გვინდა გადაგიხადოთ, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდი. როგორც ვიცით, ულამაზეს სურნელოვან სანთლებს ამზადებ. მოგვიყევი, როგორ დაიწყო ეს პროცესი და თავდაპირველად, ვისი დახმარებით დაამზადე, ან საიდან გაჩნდა ეს იდეა?

-გამარჯობა, ასევე გილოცავთ ახალ წელს. ერთ დღეს ვინატრე მქონოდა ყველა ის ხელსაწყო და მასალა, რითაც შევძლებდი სანთლის დამზადებას, რადგან ყოველთვის მომწონდა სანთლები და მისი სურნელი, პირველად, დედას დახმარებით დავამზადე სურნელოვანი სანთელი, ვანილის არომატით, რომელიც ბაბუს მივუტანე საჩუქრად.

-პირველად რომელი ფიგურა დაამზადე დამოუკიდებლად და ვის მიუძღვენი შენი ნამუშევარი?

-პირველად დამოუკიდებლად დავამზადე სანთელი ფიგურით ბუ. დავამზადე მანამ, სანამ დედა დაბრუნდებოდა სახლში, რომ მისთვის მეჩუქებინა.

-ალბათ, სანთლების დამზადების პროცესი მარტივი არ არის, ნამუშევრებიდან ჩანს, რომ შესანიშნავად ართმევ თავს ამ რთულ, თუმცა სასიამოვნო პროცესს. სანამ ჩვენამდე ლამაზი, დახვეწილი, სურნელოვანი სანთლები მოვა, რა გზას გადის ტასოს ჯადოსნური თითები?

-ჩემი დამზადებული სანთლები შედგება ორი მასალისგან: ნატურალური სოიოს ცვილისა ან პარაფინისგან. თავდაპირველად მასალა უნდა გალღვეს ორთქლზე, ან უშუალოდ ცეცხლზე, შემდეგ კი ვუმატებ არომატიზატორსა და ფერს. მიღებულ მასას ვასხამ სასურველ ფიგურაში. ზოგჯერ თავად ვცვლი ფიგურის ფორმას სხვადასხვა გაფორმებით. ეს პროცესი, მარტივი არ არის, ხან თითები მეწვება, ხან მასალა ფუჭდება არასწორ ტემპერატურაზე, ერთხელ მთლიანად დამეღვარა ის, რასაც დიდხანს ვამზადებდი, მაგრამ მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ.

-ხშირად შემოქმედი ადამიანები საკუთარ ემოციებს თავის ნამუშევრებში აქსოვენ. რა იმალება ტასოს გასაოცარი ნამუშევრების მიღმა და რა გაძლევს მოტივაციას მზადების მომენტში?

-მგონია, რომ სანთლები მნიშვნელოვანი დღეებისთვისაა, სილამაზისა და სინათლისთვის, ასევე სურვილებისა და ლოცვისთვისაა. მეც მეტი სიხარულისთვის ვამზადებ  სანთლებს. მინდა, რომ მეტ ადამიანს მოეწონოს ისინი.

-ტასო, რომელიმე გამორჩეული ფიგურა ხომ არ გაქვს, რომელსაც ყველაზე ხშირად ამზადებ და განსაკუთრებით გიყვარს?

-განსაკუთრებით ის ფიგურა მიყვარს, რომელიც პირველად დამოუკიდებლად დავამზადე, ეს არის – ბუ. ის ჩემი საყვარელი ფილმის პერსონაჟია და ასევე სიბრძნის სიმბოლო.

„ტასო რამდენიმე თვეა ამზადებს სანთლებს, რა თქმა უნდა, ამას თავიდან დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა, მაგრამ მალე, სახლში დაბრუნებულს მახვედრებდა სხვადასხვა ფიგურების სურნელოვან სანთლებს. მიჭირს ტასოს ემოციებზე საუბარი, რამდენადაც მას უჭირს საკუთარი ემოციების გამოხატვა, თუმცა მისი ყველაზე კარგად მესმის, რადგან ძალიან მგავს. ეს ყველაფერი წელს უფრო გართულდა, შეუყვარდა განმარტოება, ფიქრი სამყაროსა და მონატრება, გოგონაზე, რომელსაც წლები ელოდა და ახლა გვერდით აღარ ჰყავს. ცდილობს, სევდიანი არ იყოს. სჯერა, რომ ის მუდამ მასთანაა და მისი პირადი ანგელოზია. ალბათ ხშირად ბრაზობს, მაგრამ სიკეთის სჯერა…

მთელი წელია, როცა სანთელს ანთებს საკუთარი ანგელოზის კუთხეში, ანთებს წყვილად – ორ ცალს, შემდეგ დიდხანს აკვირდება ორივეს. მგონია, რომ განსაკუთრებული კავშირი აქვს სანთლებთან, როგორც ჰქონდა მის პატარა დასთან“.- ვკითხულობთ  ანასტასიას დედის, მარიამ ჭილაიას ფეისბუქ გვერდზე.

-მოგესალმებით, მარიამ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად გასაოცარი ნამუშევრები აქვს ტასოს. მოგვიყევი, როდის აღმოაჩინე ამ შესანიშნავი გოგონას გატაცება სურნელოვანი სანთლებით?

-გამარჯობა. დიდი მადლობა. ტასომ პირველად ახალ წელს ისურვა ჰქონოდა ყველა საჭირო ხელსაწყო, რითაც შეძლებდა სურნელოვანი სანთლის დამზადებას. სურვილი მალევე შეუსრულდა, თუმცა გამოყენება მაშინვე არ დაუწყია. ხელსაწყოები და მასალები დიდხანს ჰქონდა შენახული. იმავე წელს ტასოს ემოციურად ყველაზე რთული წელი ჰქონდა, რაზე საუბარიც არ უყვარს და, რომელსაც წლები ელოდა, ახლა მისი მფარველი ანგელოზი გახდა ზეციდან და მას ამის სჯერა. ამ რთულ პერიოდში დაიწყო ტასოს განსაკუთრებული კავშირი სანთელთან – შეუყვარდა სანთლები.

-პირველად, როდესაც ნახეთ ტასოს დამოუკიდებლად შესრულებული ნამუშევარი, რა გრძნობა დაგეუფლათ?

-პირველად, სახლში დაბრუნებულს დამხვდა მისი სურნელოვანი ნამუშევარი, ახლაც თვალსაჩინო ადგილას გვიდევს, როგორც ძვირფასი საჩუქარი.

-როგორ ახერხებს ეს პატარა გოგონა სკოლას, თამაშს, შეუთავსოს სანთლების დამზადების საკმაოდ რთული პროცესი?

-ტასოს დღის გრაფიკი, მართლაც ძალიან დატვირთულია. სკოლიდან საღამოს ბრუნდება და დაკავებულია სხვადასხვა აქტივობით, მაგრამ უარს არ ამბობს, უნდა რომ ხშირად ამზადებდეს იმას, რაც ასე ძალიან უყვარს. ახლა განსაკუთრებით მონდომებულია, როცა დაინახა, რამდენი ადამიანია მისი სანთლებით დაინტერესებული.

-როგორც ჩვენთვის ცნობილია, სოციალურ ქსელში სხვადასხვა გვერდი გაქვთ სახელწოდებით – Aromatas.არომატას, ვის ეკუთვნის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდების შექმნის იდეა და სახელს რაიმე სიმბოლური დატვირთვა ხომ არ აქვს?

-სოციალური გვერდები ტასოს სურვილით შევქმენით. მიუხედავად იმისა, რომ ის არ სარგებლობს ამ პლატფორმით, სურდა მისი ნამუშევრები ხალხისთვის ხილვადი ყოფილიყო. ამიტომ, ერთად ვხელმძღვანელობთ გვერდებს. ყველა შეფასებას თავად კითხულობს და ძალიან უხარია. რაც შეეხება სახელწოდებას და ლოგოს თავად ტასომ მიიღო ამაში უშუალო მონაწილეობა და გადაწყვეტილებაც თავად მიიღო. Aromatas.არომატას ჟღერს ისე, როგორც ტასოს არომატები, ხოლო ინიციალი მისი სახელის პირველი ასოა – ანასტასია. სანთლებს აქვთ საოცარი სასაჩუქრე შეფუთვა, რასაც ასევე ტასო უძღვება.

-მარიამ, უთხარი მკითხველს, სურვილის შემთხვევაში, როგორ უნდა შეიძინონ ულამაზესი ტასოს ჯადოსნური სანთლები?

ტასოს სანთლები გაყიდვადი იქნება საქართველოს მასშტაბით. მჯერა, ამით ბევრ პატარ-პატარა სიკეთეებს მოუყრის თავს. ტასოს სანთლების შესაძენად და მის მხარდასაჭერად უნდა მოგვმართოთ სოციალური ქსელების ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდების საშუალებით. (გვერდის სახელია – Aromatas.არომატას).

მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის.

მარიამ ონიანი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება

0

კვირის განმავლობაში მოსახლეობასთან შეხვედრები ნახიდურის, ტალავერის, მამხუტის, აკაურთის, დისველის რატევანისა და ქვემო ბოლნისის თემში გაიმართა.

მოსახლეობასთან შეხვედრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გამართა.

2023 წელს, პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შემდეგი ინფრასტრუქტურული პროე ქტები განხორციელდება: ნახიდურში, ჭაპალაში, სავანეთში, ტალავერში, მამხუტში, ქვემო არქევანში, აკაურთაში, გეტაში, ზვარეთსა და ქვემო ბოლნისში გარე განათების ქსელი მოეწყობა. ბალახაურსა და რეტევანში სასაფლაო შემოიღობება, ხატავეთსა და ზემო არქევანში სკვერი მოეწყობა, მწყნეთში მინი სტადიონის ტერიტორია შემოიღობება, დისველში ბავშვთა გასართობი სკვერი გაფართოვდება და მოწესრიგდება. მუხრანაში სასმელი წლის სისტემა მოეწყობა, ფოცხვერიანში კი შიდა გზა.

შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.

ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით ბოლნისში საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დაიწყო

0

დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა შვედეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში, ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაბა კაზრეთში №2 საჯარო სკოლაში და ხანდაზმულთა დღის ცენტრში ვაქცინის პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები სკოლის პედაგოგებს და მშობლებს  შეხვდნენ, სადაც მთავარ საკითხად საშვილოსნოს ყელის კიბო და მისი გამომწვევი მიზეზი პაპილომა ვირუსი განიხილეს და დამსწრე საზოგადოებას ვრცელი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ვირუსის პრევენციულ ღონისძიებაზე, რაც გულისხმობს ვაქცინაციასა და რეგულარულ სკრინინგს, რომელიც სახელმწიფო პროგრამითაა გათვალისწინებული.

პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ხანდაზმულთა დღის ცენტრშიც გაიმართა, სადაც მაღალი რისკჯგუფის წარმომადგენლებს ვრცელი ინფორმაცია მიეწოდათ პნევმონიით გამოწვეულ ინფექციებზე და მის პრევენციულ ღონისძიებებზე, რომელიც პნევმოკოკის ვაქცინაციას გულისხმობს.

ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო შეხვედრები ბოლნისის მუნიციპალიტეტში ყველა დასახლებულ პუნქტში გაიმართება.

ტერიტორიული  რეზერვის პროგრამა გრძელდება

0

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის  ტერიტორიული რეზერვის პროგრამა ტერიტორიული, ანაზღაურებადი რეზერვის სამხედრო ვალდებულების მოხდის ნებაყოფლობით ფორმას წარმოადგენს და ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობას უზრუნველყოფს.

ტერიტორიულ რეზერვში გაწვევა/ჩარიცხვა ხდება ტერიტორიული (რეგისტრაციის ადგილის) პრინციპით, მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 4 წლიანი კონტრაქტი და მათ შეუნარჩუნდებათ სამოქალაქო სამსახური.

საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც თანაბრადაა გადანაწილებული 12 თვეზე. (თვეში ერთი შაბათ-კვირა).

სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ. ისინი რეზერვში სამსახურის დროს შეიძენენ რეალურ საბრძოლო უნარებს.

მომზადების კურსის მთავარი მიზანია საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით, ასევე ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევით. რეზერვში მიღება რეგისტრაციისა და სამხედრო სამედიცინო შემოწმების გავლის საფუძველზე ხორციელდება.

კერძოდ:
რეზერვისტის მომზადების მიზანია – თავდაცვის ძალებისათვის გაწვრთნილი, შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებით მომზადებული, მაღალი პროფესიული დონის რეზერვის ჩამოყალიბება.

1. საბრძოლო მომზადების მიზანია:

ა) სასწავლო-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რეზერვისტზე გეგმაზომიერად ცოდნის მიცემითა და უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ბ) რეზერვისტების ინდივიდუალურად, მაღალ დონეზე მომზადება.

გ) რეზერვის სამეთაურო რგოლის − ოფიცერთა და სერჟანტთა შემადგენლობის დაკომპლექტება, აქტიური მომზადება და გადამზადება.

2. რეზერვისტის მომზადება ხდება მის მიერ სამხედრო შეკრების გავლის დროს, როდესაც რეზერვისტი გადის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებულ სპეციალური მომზადების პროგრამას. 

3. რეზერვისტების მომზადებისათვის პასუხისმგებელია ეროვნული გვარდიის შესაბამი  ქვედანაყოფები.

რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 4200 ლარია.

რეზერვისტი უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო დაზღვევით.

ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები 18-დან 51 წლამდე ასაკის, მათ შორის სტუდენტები 18-დან 22 წლის ჩათვლით.

საბუთების მიღება მიმდინარეობს ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ხოლო პარასკევს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ შემდეგ მისამართზე: onlinebct.mod.gov.ge

რეზერვისტის დღის განრიგი:

ტრენინგების ციკლი “იყავი მის ადგილას” ბოლნისში ჩატარდა

0

ტრენინგების ციკლი “იყავი მის ადგილას” 2023 წელსაც აქტიურად გრძელდება. პირველი სესია ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები ძალადობის 8 სხვადასხვა ქეისზე დაყრნობით, იმ მავნე გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების შესახებ მსჯელობენ, რომლებიც ძალადობის პროვოცირებას ახდენს. სესიას, ტრადიციულად, ქსც-ის ექსპერტი, მამუკა გაჩეჩილაძე უძღვება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული ყველა სერვისის შესახებ. ტრენინგების ციკლის ფარგლებში, გასულ წელს 1000-ზე მეტი ადამიანი დატრენინგდა. ტრენინგები 2023 წლის განმავლობაშიც აქტიურად გაგრძელდება. ტერნინგების ციკლი, რომელსაც UN Women Georgia-ს მხარდაჭერით, ქსც გურიასა და ქვემო ქართლში ახორციელებს, ცნობილი სახელმძღვანელოს, #InHerShoes-ის მიხედვითაა შექმნილი. ფოტო მასალა მომზადდა UN Women georgia-სპროგრამის ფარგლებში, “ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში”, პარტნიორი ორგანიზაციის ქსც-ს მიერ. მასალა მომზადდა ევროკავშირის European Union in Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით. შინაარსი წარმოადგენს ქსც-ს პასუხისმგებლობას და შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ხედვას.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და „თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ლევან სალუქვაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მემორანდუმი ბოლნისის მუნიციპალიტეტში სკულპტურისა და არქიტექტურის განვითარებას ისახავს მიზნად. მემორანდუმის ფარგლებში, „თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია“ მუნიციპალიტეტს ძეგლების, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციების, ხელოვნების სხვა ნიმუშების რესტავრაცია-კონსერვაციასა და მოწესრიგებაში დაეხმარება.

ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული რეზერვის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, მერის მოადგილე,  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. საქართველოს ეროვნული გვარდიის მეოცე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის, 204-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ვიცე-პოლკოვნიკმა მირზა ბეჟანიძემ რეზერვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიიღებიან საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18-დან 51 წლამდე პირები, მათ შორის სტუდენტები 18-დან 22 წლის ჩათვლით. მიღებისას რეზერვისტს ოთხწლიანი კონტრაქტი უფორმდება. მათი საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც 12 თვეზე თანაბრად ნაწილდება.

აღსანიშნავია, რომ მომზადების კურსს უკვე გადიან ბოლნისელები. კურსის მთავარი მიზანია, საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში, მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით, ასევე ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევით. რეზერვში მიღება ხორციელდება  რეგისტრაციისა და სამხედრო სამედიცინო შემოწმების გავლის საფუძველზე.

ლამპრობა თამარისში

0

მირქმის დღესასწაულის წინა დღეს, ნავერიანების მრავალსულიან ოჯახში, განსაკუთრებული მზადებაა. ოჯახის დიასახლისი  რიტუალით „ღმერთის პურს“, „ლემზირს“ უსაფუარო ცომით ამზადებს და საგანგებოდ, ოჯახის ყველა წევრისთვის ზედაშეს ასხამს,  წმინდა გიორგის სახელზე მომზადებული კვერები შებინდებისას ლამპრობის დღესასწაულზე უნდა გატეხონ.

ლამპრობის დღესასწაულისთვის ხე ნათლისღებას იჭრება, მზადდება, შრება და ოჯახის ყველა მამაკაცის სახელზე ინთება. გავრცელებული თქმულებით, ანთებული ლამპრებით, სვანეთში მეომრებს ითვლიდნენ და მუცლადმყოფ ძეს წმინდა გიორგის ავედრებდნენ.

„სვიმონობა“  თამარისში უკვე 30 წელია აღინიშნება. აქ დასახლებული ეკომიგრანტი სვანები ლამპრობის დღესასწაულს დღემდე ძველი ადათ-წესებით ასრულებენ.

ანთებული ლამპრებით წმინდა  გიორგის ეკლესიის ეზოში, საერთო კოცონს  აძლიერებენ და „ზედაშეთი“ და „ღვთის პურით“ ხელში წმინდა გიორგის ქვეყნის გაძლიერებას, გამთლიანებას და ერთობას შესთხოვენ.

სამოქალაქო ჩართულობის კამპანია „შეცვალე სცენარი“ – გახსნითი ღონისძიება 18 თებერვალს – მოძრაობის თეატრში გაიმართება

0

ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილია ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები (ფორუმ თეატრის ფორმატში), ყველა შერჩეულ მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად განხორციელდება.

ამ ეტაპზე, კამპანიის პირველი გახსნითი ღონისძიება დაგეგმილია თბილისში, 18 თებერვალს 15.00 საათზე, მოძრაობის თეატრში. ღონისძიების სამიზნე აუდიტორიას ძირითადად ახალგაზრდები წარმოადგინენ, დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ინტერაქტიულ წარმოდგენაში და დაესწრონ პანელურ დისკუსიას, სადაც მოწვეული იქნება სამი სპიკერი, ისინი მონაწილეებს სამოქალაქო ჩართულობის წარმატებულ მაგალითებს გაუზიარებენ.