დაბა კაზრეთში ბოლნისის ახალგაზრდული სახლის პროექტის, „ახალგაზრდა ფემინისტები ცვლილებებისთვის“ ფარგლებში შეხვედრა ჩატარდა. სკოლის მოსწავლეებმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ისაუბრეს მიმდინარე პროექტზე, გენდერულ თანასწორობასა და სტერეოტიპებზე. აქტივობა ახალგაზრდების მიერ იყო ორგანიზებული. აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ პროექტის ხელმძღვანელი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრი და სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მოიწვიეს. პროექტი „ახალგაზრდა ფემინისტები ცვლილებებისთვის“ ხორციელდება „ქალთა ფონდი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანიც, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონების ცნობიერების ამაღლება ფემინისტურ საკითხებში, ინტერკულტურული დიალოგის მხარდაჭერა და დისკრიმინაციული გენდერული ნორმების ცვლილებების ხელშეწყობაა. პროექტი, რომელიც ოთხ თვიანია, სხვადასხვა შეხვედრებს და აქტივობებს მოიცავს.
დედის დღე მრავალშვილიან დედებს მიულოცეს
მრავალშვილიანი დედისთვის მუნიციპალიტეტის პირველი პირის სტუმრობა ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა, 6 შვილის დედას მარიკა ლაზაშვილს 3 მარტი, ტკბილეულით და ყვავილების თაიგულით ხელდამშვენებულებმა მიულოცეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
დედის დღე საქართველოში, პირველმა პრეზიდენტმა დააწესა და უზენაესმა საბჭომ 1991 წელს დაამტკიცა. ამის შემდეგ, ყოველწლიურად აღინიშნება და ყველაზე დასამახსოვრებელი დღეა ქალბატონებისთვის. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, გაზაფხულის ეს მშვენიერი დღესასწაული, კიდევ 6 მრავალშვილიან დედას მიულოცეს.
მათთვის დღევანდელი აქტივობა, ერთგვარი სტიმული იყო, როგორც თავად აღნიშნავენ, სახელმწიფოსგან ყურადღებას ყოველთვის გრძნობენ და მადლიერებას გამოხატავენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი ეწვია
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძეს შეხვდა.


აშოტ სმბატიანი ქალაქ ბოლნისში არსებულ სომხურ სკოლას ეწვია. ელჩმა შეხვედრები კიანეთისა და სოფელი ბოლნისის მოსახლეობასთანაც გამართა. ვიზიტის დასასრულს ელჩმა სომეხი მწერლის ღაზაროს აღაიანის სახლ-მუზეუმი დაათვალიერა.



„დღეს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ აშოტ სმბატიანს ვუმასპინძლეთ. სომხეთი საქართველოს მოძმე სახელმწიფოა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცება. მოხარული ვიქნები თუ ჩვენ სხვადასხვა სფეროში ერთობლივ პროექტებს განვახორციელებთ, რომლებიც ვფიქრობ, ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას ხელს უდავოდ შეუწყობს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

სალონური საღამო კაფე „ბულანჟერიაში“
,,მე ქალი’’ – ასე ერქვა კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ პოეზიის საღამოს, რომელიც ქალბატონებს. ლიტერატურულ საუბრებს, აზრების გაცვლას და საკუთარი შემოქმედების მეგობრებისთვის გაცნობას მიეძღვნა. ქალბატონებმა ერთმანეთს ერთი დღე გაულამაზეს. როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა აღნიშნა ლიტერატურულ კაფე „ბულანჟერიაში“ მსგავსი საღამოები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს, რომელიც სიურპრიზებით იქნება დატვირთული.
გეორქ ბაგდასარიანმა საგანმანათლებლო დღის ცენტრს საჩუქრები გადასცა
სოფელ ბოლნისის საგანმანათლებლო დღის ცენტრში განსაკუთრებული ჟრიამულია, თანასოფლელმა ბიზნესმენმა აღსაზრდელებისთვის მიცემული პირობა შეასრულა, განმავითარებელი სათამაშოები შეიძინა და ცენტრს გადასცა. როგორც თავად ამბობს, ქველმოქმედება არ იქნება ერთჯერადი და ის საჭიროებისამებრ ყოველთვის დაეხმარება მათ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საგანმანათლებლო ბავშვთა დღის ცენტრი 2015 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც სწავლების ბილინგური მეთოდია დანერგილი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრებები და კონსულტაციები დასრულდა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, კვირის განმავლობაში მოსახლეობასთან შეხვედრები ტანძიის, დარბაზის, ქვეშის, კაზრეთისა და ბალიჭის თემში მოეწყო.
მოსახლეობასთან შეხვედრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გამართა.
2023 წელს, პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება: დაბა კაზრეთში, ტანძიაში, მუშევანსა და ბალიჭში გარე განათების ქსელი მოეწყობა. ქვეშში საბავშვო სკვერი გაკეთდება, ბალიჭში შიდა გზა მოწესრიგდება და სოფელში არსებულ სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, დარბაზში სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, ზემო ბოლნისში კი გარე განათების ქსელი მოეწყობა და სასაფლაო შემოიღობება.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.
“2023 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებები და კონსულტაციები დავასრულეთ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა თემში გავმართეთ მოსახლეობასთან შეხვედრები და დასახლებებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მათგან მოვისმინეთ. პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის უშუალოდ ჩართულობით, წელს ჩვენს სოფლებსა და დაბებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

მშობელთა და მოსწავლეთა საჭიროებებზე გათვლილი პროექტი – სასკოლო განათლების პროცესში მშობელთა ჩართულობა
მშობელთა ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ 5 წლის წინ დაფუძნდა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს განათლების სისტემაში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებას მშობელთა შესაძლებლობების განვითარებითა და მათი ჩართულობის ხელშეწყობით.
USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის (USAID Civil Society Engagement Program) მხარდაჭერით, ასოციაცია – ,,მშობლები განათლებისთვის“, სასკოლო განათლების პროცესში მშობელთა ჩართულობის პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია, გამოარკვიოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართული , აქტიური მშობლები/მეურვეები/ოჯახის წევრები და ხელი შეუწყოს მათ.
პროექტის ფარგლებში, ექვსი რეგიონიდან – თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი – 25 მოხალისე მშობელი და ათი სკოლა შეირჩევა. პირველ ეტაპზე საჭიროა დაინტერესებულმა მშობლებმა შეავსონ აპლიკაციის ფორმა (https://forms.gle/ukdaf16sGZadQp5D6), აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 2023 წლის 7 მარტამდე.
პროექტთან დაკავშირებული დეტალების გასარკვევად, გავესაუბრეთ როზი დევნოზაშვილს, რომელიც არის აღნიშნული პროექტის ძირითადი გუნდის წევრი, მშობელთა ასოციაციის „მშობლები განათლებისთვის“ თანამშრომელი, უმეტესწილად მუშაობს მშობლებთან, სკოლებთან კომუნიკაციისა და ტრენინგების ორგანიზების მიმართულებით.
-მოგესალმებით, მოკლედ გვიამბეთ ორგანიზაციაზე – ,,მშობლები განათლებისთვის“, რამდენი წელია არსებობს, რა არის ამ ორგანიზაციის მისია, მიზანი, ხედვა?
-ორგანიზაციის მიზანია განათლების სისტემაში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება მშობელთა შესაძლებლობების განვითარებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობით.
ორგანიზაციის მისიაა, შექმნას საგანმანათლებლო სივრცეში მშობელთა აქტიური მონაწილეობისთვის საუკეთესო დემოკრატიული გარემო, სადაც თავისუფალი, პასუხისმგებლიანი, კრიტიკულად მოაზროვნე, თანასწორუფლებიანი საზოგადოება გავლენას მოახდენს მომავალი თაობის განათლებაზე საქართველოში.
ორგანიზაციის ხედვაა, რომ ბავშვი ვითარდებოდეს და განათლებას იღებდეს ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც მეცნიერულ მიდგომებს, დასაბუთებული არჩევანის გაკეთებას, დამოუკიდებლად ცხოვრებას და სხვებთან მშვიდობიან თანაარსებობას, თანაბარი სიხარულით სწავლობენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. იმისთვის, რომ სიხარულით ისწავლონ, სკოლა/ბაღი უნდა იყოს თითოეული მოსწავლე/აღსაზრდელის შესაძლებლობაზე, საჭიროებასა და ინტერესზე მორგებული. საგანმანათლებლო გარემო უნდა იყოს დემოკრატიული და უსაფრთხო, ტექნოლოგიებით, პროგრესული და ინოვაციური რესურსებით უზრუნველყოფილი. მასწავლებელი და მშობელი უნდა იყვნენ ბავშვის სოციალურ-ემოციურ, შემეცნებით და ფიზიკურ განვითარებაზე ორიენტირებულნი.
-ახლა უშუალოდ მიმდინარე პროექტზე რომ გვესაუბროთ, მშობელთა ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში დადებითად აისახება სკოლაზე, სასკოლო კულტურაზე და რაც მთავარია, თავად მოსწავლეზე. ვფიქრობ, საჭიროებებიდან გამომდინარე, წამოვიდა ამ პროექტის განხორციელების იდეა და სურვილი. როგორ შეაფასებთ დღევანდელ მდგომარეობას საქართველოს მასშტაბით ? რამდენად არიან მშობლები ჩართული საკუთარი შვილების სასკოლო ცხოვრებაში?
-სკოლებში მშობლები არაერთ სირთულეს აწყდებიან. ვერ ახერხებენ აზრის კონსტრუქციულად და ორგანიზებულად გამოხატვას, რაც პრობლემების გაღრმავებას უწყობს ხელს. სწორედ ამ საჭიროების პასუხად გაჩნდა ეს პროექტი. მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ ჯერ გაიღრმავონ ცოდნა მშობელთა ჩართულობაზე და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საკითხებზე, შემდეგ კი ორგანიზებულად, გეგმაზომიერად სწორად ჩაერთონ შვილის და მათი თანაკლასელების სასკოლო ცხოვრებაში.
-რა არის პროექტის მიზანი და რა აქტივობებში მოუწევთ მშობლებს ჩართვა ამ პროექტის განმავლობაში?
-პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეთა აქტიური, მზრუნველი, საიმედო მშობლების/ოჯახის წევრების გამორკვევა, მათი გაძლიერება (ვგულისხმობ საჭირო ცოდნით უზრუნველყოფას) და მათი ძალისხმევის მოსწავლეთა საკეთილდღეოდ სწორად წარმართვა. მოხალისეები შეისწავლიან სკოლისა და მშობლის კომუნიკაციას, ასევე კრიზისული სიტუაციების მართვას, სახალხო დაფინანსების წარმოებისა და არაძალადობრივი პროტესტის გამოხატვის ტაქტიკებს, რაც მათ დაეხმარებათ უკეთესი ხარისხით მიიღონ მონაწილეობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში.
აქვე აღვნიშნავ, რომ პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის (USAID Civil Society Engagement Program) მხარდაჭერით.
-რამდენად ხანგრძლივი პროექტია და რომელ რეგიონებს მოიცავს ?
-პროექტი გაგრძელდება 2023 წლის ბოლომდე და მოიცავს თბილისს, კახეთს, ქვემო ქართლს, შიდა ქართლს, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთს.
-რა კრიტერიუმებით შეირჩევიან მშობლები?
-უმნიშვნელოვანესია, მშობელს ჰქონდეს სკოლის ცხოვრებაში სწორი ჩართულობის მაღალი მოტივაცია, არა მხოლოდ საკუთარი შვილის საჭიროებებისთვის, არამედ ზოგადად ბავშვების ინტერესების დასაცავად. არანაკლებ მნიშვნელოვანია, მშობელს ღიად შეეძლოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან კონსტრუქციული, საგნობრივი საუბარი იმ პრობლემებზე/საჭიროებებზე, რაც მისი შვილის სკოლას და მოსწავლეებს უკავშირდებათ. შესაძლოა, მოსწავლეთა ცხოვრების გამრავალფეროვნების და ახალი გამოცდილებებით გამდიდრების მიზნით, მშობელს ჰქონდეს ინიციატივა, ამავე დროს მკაფიოდ ხედავდეს საკუთარ როლს და მზად იყოს ძალისხმევის გასაწევად, რათა თავისი შვილის სკოლაში თანამოაზრე მშობლებთან ერთად, კონკრეტული აქტივობები განახორციელოს.
-საშუალოდ, რა დროის გამოყოფა მოუწევთ პროექტში ჩართულ მშობლებს?
-კვირაში საშუალოდ 2-3 საათი.
-აქტივობები ონლაინ იგეგმება თუ პირისპირ რეჟიმში?
-პროექტის ძირითადი აქტივობები პირისპირ რეჟიმში გაიმართება.
-როგორც ვიცი, ახლაც მიმდინარეობს პროექტში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია, აქტიურობით რომელი მხარე გამოირჩევა?
-თბილისიდან მეტი განაცხადია შემოსული, თუმცა ეს ლოგიკურიცაა დედაქალაქის მასშტაბიდან და სკოლების სიმრავლიდან გამომდინარე. რეგიონებიც აქტიურობენ.
აქვე გავუზიარებ დაინტერესებულ მშობლებს, მოსწავლეთა ოჯახის წევრებს აპლიკაციის ფორმას, რომლის შევსებაც პირველ ეტაპზე აუცილებელია. https://forms.gle/ukdaf16sGZadQp5D6
პროექტის შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მშობელთა ასოციაციის „მშობლები განათლებისთვის“ ვებ-გვერდზ: parents.ge , ასევე ოფიციალურ facebook გვერდზე https://www.facebook.com/mshoblebiganatlebistvis
-როგორია თქვენი მოლოდინები, რას ,,წაიღებენ“ მშობლები პროექტიდან?
-პროექტის მონაწილე მოხალისე მშობლები გახდებიან უფრო თავდაჯერებულები, რადგან გაერკვევიან ყველა მნიშვნელოვან საკითხში, რომელიც სკოლისა და მშობლის ურთიერთობას უკავშირდება. მათი სკოლასთან თანამშრომლობა მეტად შედეგიანი გახდება; შვილები უკეთ იგრძნობენ სკოლაში თავს; მშობლები გაიცნობენ თანამოაზრე მშობლებს სკოლაში და ქვეყნის სხვა რეგიონებში; ეცოდინებათ, როგორ მოიქცნენ, როდესაც სკოლაში პრობლემა ჩნდება; იქნებიან უფრო მეტად კმაყოფილები და ბედნიერები იმით, რომ წვლილი შეაქვთ შვილების და მათი მეგობრების სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაში. ექნებათ მშობელთა ასოციაციის მხარდაჭერა, რაც იქნება გარანტი, რომ არ არიან მარტო.
-სამომავლო გეგმებზე რომ გვესაუბროთ, ექნება თუ არა ამ პროექტს ტრადიციული სახე და სხვა მსგავსი პროექტების განხორციელებას თუ გეგმავთ?
-მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში ძირითადი მიმართულებაა ორგანიზაციისთვის და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მალე დასავლეთ საქართველო და მთიანი რეგიონებიც მოვიცვათ.
მადლობა, გისურვებთ წარმატებას!
მარიამ ონიანი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში „საქმიანი ეზო“ მოეწყო.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტში, „საქმიან ეზოში“ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სატყეო რეფორმის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტო ორგანიზებულად ახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“.
„სოციალური ჭრები, რაც მოსახლეობის მიერ საშეშე მერქანის საკუთარი ძალებით დამზადებას გულისხმობს, ეტაპობრივად უქმდება. ეროვნული სატყეო სააგენტო ახალი სერვისების დანერგვაზე აქტიურად მუშაობს. ქვეყნის მასშტაბით, 39 „საქმიანი ეზო“ ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას. მოსახლეობას საშუალება ეძლევა, გამარტივებულად შეიძინოს სათბობი შეშა და, სურვილის შემთხვევაში, ისარგებლოს ტრანსპორტირების მომსახურებითაც“, – აღნიშნა კახა ცერცვაძემ.
ეროვნულ სატყეო სააგენტოს, 2023 წლის ბოლომდე, დამატებით, 17 „საქმიანი ეზოს“ მოწყობა აქვს დაგეგმილი.-ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

გარემოს დაბინძურების შემსწავლელმა ჯგუფმა 2018-2022 წლებში გაწეული მუშაობა შეაჯამა
„ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ წევრები ბოლნისის მუზეუმში სხვადასხვა თემატური ჯგუფის წევრებს „არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედია წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხდნენ, სადაც 4 წლიანი მუშაობის შედეგებზე და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობაზე ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული „ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემწავლელი სამუშაო ჯგუფი“ 2018 წელს, საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით შეიქმნა, მის შემადგენლობაში მხოლოდ აქტივისტური ორგანიზაციების „საყდრისის კომიტეტის“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის“ წევრები არიან. ჯგუფის საქმიანობის ძირითად მიზანს კომპანია „RMG“-ის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს წარმოადგენს.
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
კონკურსი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებზე. გაითვალისწინეთ, რომ გამარჯვებული ნამუშევარი გამოქვეყნდება “ქალთა საინფრომაციო ცენტრის” ფეისბუქ გვერდზე (https://www.facebook.com/WICgeorgia) და გენდერულ საინფორმაციო პორტალზე (http://ginsc.net/).
საკონკურსო ნამუშევრები უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს როგორებიცაა:
- ქალი პოლიტიკოსების და გადაწყვეტილების მიმღები პირების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კარგი პრაქტიკების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე; გენდერული კვოტირების პოზიტიური გავლენა მუნიციპალუტეტების წარმომადგენლობით ორგანოებში და სხვ;
- ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის კუთხით, მუნიციპალიტეტში არსებული კარგი პრაქტიკები და ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევები;
- გენდერული სტერეოტიპები და მავნე პრაქტიკები, რომლებსაც უარყოფითი გავლენა აქვს ქალთა უფლებრივ მდგომარეობასა და საზოგადოების აზრის ფორმირებაზე (პოლიტიკაში, განათლებაში, დასაქმებაში და სხვა სფეროებში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
ბლოგი:
- უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას
- უნდა იყოს შემოქმედებითი
- ტექსტი ლოგიკურად უნდა იყოს ორგანიზებული, აზრი გადმოცემული უნდა იყოს ნათლად და თანმიმდევრულად
- ტექსტი შესრულებული უნდა იყოს სალიტერატურო ნორმების დაცვით: გრამატიკულად, ორთოგრაფიულად და სტილისტურად გამართული, პუნქტუაციის წესების დაცვით.
- სასურველია, რომ მასალა იყოს მრავალფეროვანი და ინკლუზიური
- ტექსტი უნდა იყოს „Word“-ის ფორმატში; შრიფტი: Sylfaen. შრიფტის ზომა: 12; ბლოგში მაქსიმალური სიტყვების რაოდენობა – 300-დან 1000-მდე. სტრიქონებს შორის ინტერვალი – 1.5. იმ შემთხვევაში თუ იყენებთ კონკრეტულ ლიტერატურულ მასალას, მიუთითეთ თქვენი ბლოგის ბოლოს, ცალკე გვერდზე. წყაროს დამოწმება: წყაროს ავტორი, გამოცემის წელი და გვერდი.
- ბლოგს უნდა ერთვოდეს თემატური ფოტო/პოსტერი
ვლოგი:
- უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას
- უნდა იყოს ინფორმატიული, შემოქმედებითი და საინტერესო
- სასურველია, რომ მასალა იყოს მრავალფეროვანი და ინკლუზიური
- ვიდეოს გადაღება შეგიძლიათ ნებისმიერი ვიდეოგადამღები მოწყობილობით, (ვიდეოკამერა, ფოტო აპარატი, მობილური ტელეფონი და ა.შ.)
- ვიდეოს ფორმატი შეუზღუდავია, შეგიძლიათ მოამზადოთ ვიდეო სიუჟეტი, რეპორტაჟი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია, და ა.შ. ვიდეო მასალა უნდა იყოს HD ფორმატში.
- ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 წუთს;
- სასურველია, რომ თუ ვლოგი მოწოდებულია ეროვნული უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებიდან, მას თან ერთვოდეს სუბტიტრები აღნიშნულ ენაზე. (აზერბაიჯანული ან სომხური)
ფოტო ამბავი
- უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას
- უნდა იყოსი ინფორმატიული, შემოქმედებითი და საინტერესო
- სასურველია, რომ მასალა იყოს მრავალფეროვანი და ინკლუზიური
- უნდა ერთვოდეს ორიგინალური ნარატიული აღწერილობა
- ფოტოს ფორმატი JPEG
- სასურველია ფოტო გადაღებული იყოს 780×580 ზომაზე
- მოწოდებულ ფოტოებზე არ უნდა იყოს დატანილი ლოგოები, ჩარჩოები და ა.შ
!! საინფორმაციო მასალები სპეციალურად ამ კონკურსისთვის უნდა მომზადდეს და სხვა საინფორმაციო არხზე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული. უპირატესობა მიენიჭება იმ ნამუშევრებს, რომელთა თემატიკა/შინაარსი შეეხება პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებს (ხაშური, ბოლნისი, ქედა, ზუგდიდი, ხარაგაული.). სასურველია მასალებში გამოყენებული ენა საზოგადოებისთვის მარტივად გასაგები იყოს.
გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. საპრიზო თანხა – 300 ლარი, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო მოსაკრებლის ჩათვლით.
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 3 მარტი. გამარჯვებულ 3 ნამუშევარს ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდი გამოავლენს, შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოგზავნონ: wicge.org.11@gmail.com; mariam.dzagnidze@gmail.com; office@ginsc.net
წერილში მიუთითეთ ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ავტორის ფოტო სურათი.
კონკურსი გამოცხადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც, დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ხაშურის, ბოლნისის, ქედას, ზუგდიდის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროექტის ძირითადი მიზანია ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში, გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში.







