Home Blog გვერდი 78

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA), მენტორინგის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს

0

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA), მენტორინგის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს რეგიონებში არსებული სამშენებლო მასალის მწარმოებელ კომპანიებს შორის. მენტორინგის პროგრამა გულისხმობს საქართველოში მომუშავე მსხვილი სამშენებლო კომპანიების მიერ მასალის მწარმოებლებისთვის (შემდგომში ბენეფიციარებისთვის) ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. შედეგად მწარმოებელი შეძლებს:

  • სექტორის წამყვან სამშენებლო კომპანიებთან ურთიერთობის უნიკალური გამოცდილების შეძენას;
  • მენტორ კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობის წამოწყების/გაგრძელების რეალური პერსპექტივის დასახვას;
  • კომპანიის განვითარების შემაფერხებელი გარემოებების იდენტიფიკაციასა და განვითარების სტრატეგიის დასახვას;
  • ბიზნეს დამხმარე სერვისებზე ხელმისაწვდომობას (ასეთის საჭიროების არსებობის შემთხვევაში).

ვინ არიან მენტორები, რომლებიც ეხმარებიან მასალის მწარმოებლებს განვითარებაში?

მენტორად პროექტი წარმოგიდგენთ შემდეგი სამშენებლო კომპანიების ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებს:

1. არალი

2. ანაგი

3. დაგი

4. დიკა 2010

5. ელემენტ კონსტრაქშენი

6. ელიტა ბურჯი

7. ენერგონი

8. ინსი

9. ლიმ კონსტრაქშენი

10. პრაიმ ბეტონი

11. როუდ ქონსთრაქშენი

12. სამშენებლო ლაბორატორია

13.ფერი

ვინ უნდა წარმოადგინოთ თქვენ, როგორც ბენეფიციარმა, რომელიც იმუშავებს ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ტოპ-მენეჯერებთან?

სამშენებლო მასალის მწარმოებელი კომპანიიდან, სასურველია წარმოადგინოთ ასევე მაღალი რგოლის მენეჯერი, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვეტილებების მიღებაზე და აქვს კომპანიის განვითარების სტრატეგიული ხედვა.

რა დროით რესურსს მოიცავს მენტორინგის პროგრამა ბენეფიციარისთვის?

კონკურსის გავლის შემდეგ, ბენეფიციარი თავის მენტორს აპრილში, ერთობლივი მუშაობის მოსამზადებელ ღონისძიებაზე შეხვდება; მომდევნო პერიოდში საწარმოში, კომპანიის გუნდის გაცნობით ვიზიტზე უმასპინძლებს და შემდეგ, დაახლოებით თვეში ერთხელ, სამუშაო შეხვედრებზე შეხვდება. შეხვედრებს შორის მენტორთან ინდივიდუალურად მოხდება ერთობლივი მუშაობის სქემის დასახვა. სექტემბრისთვის მენტორი და ბენეფიციარი ერთობლივი მუშაობის  შედეგებს შეაფასებენ.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიტი, რომელსაც ბენეფიციარი იღებს, არის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული ბიზნესის მხარდამჭერი სერვისების თანადაფინანსება. ICCA დაუფინანსებს სამშენებლო მასალის მწარმოებლებს სერვისებს იმ მიმართულებით, რომელთა საჭიროებასაც მენტორებთან ერთობლივი მუშაობა გამოავლენს.

გარდა ბიზნესის მხარდამჭერი სერვისებისა, პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები მიიღებენ ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ ტრენინგებსა და სემინარებს.

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა და მონაწილენი კონკურსის წესით შეირჩევიან. კონკურსში მონაწილეობისთვის კომპანიები არ უნდა წარმოადგენდნენ საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში მომუშავე ორგანიზაციებს: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი.

დაინტერესების შემთხვევაში, ბენეფიციარებს შეუძლიათ, არაუგვიანეს 24 მარტისა, შეავსონ ეს ფორმა, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დარეკოთ +995 577 445 567 სალომე დეკანოსიძე, პროექტის კოორდინატორი.

გისურვებთ წარმატებებს.

რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების (RSMEDP) პროექტი განხორციელებულია Swisscontact-ის,Mercy Corps-ისა და Springfield Center-ის კონსორციუმის მიერ და მას აფინანსებს შვეიცარიის განვითარებისა და თანაშრომლობის სააგენტო (SDC).

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ორმოცდაექვს წარჩინებულ  მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერი გადაეცა

0

ქ. ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში საბაზისო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარი, პერსონალური კომპიუტერები გადასცა.

ცერემონია სკოლის  სააქტო დარბაზში გაიმართა. დირექტორმა და დამრიგებელმა წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერი   გადასცეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

პირველების სკოლაში წარჩინებულთა რაოდენობა  ტრადიციულად, ყოველწლიურად მატულობს. პერსონალური კომპიუტერები  მუნიციპალიტეტის საბაზისო საფეხურების წარჩინებით სწავლისთვის სულ 46 მოსწავლეს გადაეცა.

,,ახალგზრდულმა სივრცემ” მორიგ აქტივობას უმასპინძლა

0

დღეს იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლაში არსებულმა  „ახალგაზრდულმა სივრცემ“, სადაც არაერთი აქტივობა იმართება, მორიგ შეხვედრას უმასპინძლა, სკოლას, ახალგაზრრდობის წარმომადგენელი გაეროში, დავით ესათია ეწვია, მან ისაუბრა  მოზარდებზე  და ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესებში მათ ჩართულობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, მოსწავლეები და პედაგოგები. განხორციელებული აქტივობა ევროკავშირის  EU4Yoth (იუფორიუ) პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

ლელა გელაძეს საქართველოს ღირსეული მასწავლებლის სახელი მიენიჭა

0

ლელა გელაძე იმ პედაგოგების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც სკოლის განვითარებაში და მომავალი თაობის აღზრდაში, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. როგორც თავად აღნიშნავს, „მასწავლებელი უნდა ფლობდეს როგორც სწავლების, ასევე აღზრდის მეთოდებს, მუდმივად უნდა ზრუნავდეს მოსწავლეთა როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე, მოსწავლეთა უნარების განვითარებასა და სხვადასხვა ორიგინალური საშინაო დავალების შერჩევაზე, რომელიც მოსწავლეს განუვითარებს როგორც შემოქმედებით, ასევე კრიტიკულ აზროვნებასაც“.

ლელა გელაძის პედაგოგიური გამოცდილება სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის. იგი დღემდე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას და მის სახელს, არაერთი სასკოლო პროექტი უკავშირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით, ქალბატონ ლელას, საქართველოს ღირსეული მასწავლებლის სახელი მიენიჭა.

-მასწავლებლობა ერთ-ერთი განსაკუთრებული პროფესიაა -საინტერესო და საპასუხისმგებლო, თქვენ როგორ ფიქრობთ?

გეთანხმებით, მასწავლებლობა, მართლაც, განსაკუთრებული პროფესიაა,

„სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზედაც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენ”(უინსტონ ჩერჩილი).

ვეთანხმები ჩერჩილის ამ სიტყვებს, ძალაუფლებაში, ჩემი აზრით, ის გულისხმობდა ცოდნას, რომელსაც ფლობს მასწავლებელი და უზიარებს  მოსწავლეებს, მას არა აქვს შეცდომის დაშვების უფლება. აუცილებლად უნდა უყვარდეს თავისი საგანი და ცოდნასთან ერთად დადებით ემოციებს გადასცემდეს  მოსწავლეებს.

მასწავლებლობა, ერთ-ერთი საპასუხისმგებლო პროფესიაცაა. ერთი მხრივ, სასიამოვნოა მოზარდებთან ურთიერთობა და ცოდნის გაზიარება, მეორე მხრივ კი-ვალდებულებაა დაეხმარო სწორი არჩევანის გაკეთებაში, ჩვენ მიერ დათესილი ცოდნის და მორალური ღირებულებების საფუძველზე ქვეყნის მომავალს განვსაზღვრავთ.

-როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი?

-უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს თავისი საქმის პროფესიონალი და უყვარდეს ბავშვები, იყოს ყურადღებიანი, სამართლიანი, მოწესრიგებული, შრომისმოყვარე. თავის საგანს აყვარებდეს მოსწავლეებს, იმსახურებდეს კოლეგებისა და მშობლების გულწრფელ პატივისცემას. ხშირად, სწორედ მასწავლებლის ადამიანურობა, მისი სწორი ღირებულებები იზიდავს მოსწავლეებს და აყვარებს საგანს.   

-რა მეთოდებია საჭირო მოსწავლესთან მიმართებაში?

-მასწავლებელი უნდა ფლობდეს როგორც სწავლების, ასევე აღზრდის  მეთოდებს. მუდმივად  უნდა ზრუნავდეს მოსწავლეთა როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე, მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებასა და სხვადასხვა ორიგინალური საშინაო დავალების შერჩევაზე, რომელიც მოსწავლეს განუვითარებს, როგორც შემოქმედებით, ასევე კრიტიკულ აზროვნებასაც.

უახლოესმა ტექნოლოგიურმა გამოგონებებმა, მნიშვნელოვნად შეცვალა სწავლა-სწავლების მიდგომები. დღეს მნიშვნელოვანია გაკვეთილის დაგეგმვა მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე, სადაც თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა და საჭიროება იქნება გათვალისწინებული. დღევანდელი სასწავლო პროცესი ორიენტირებულია მოსწავლეზე და მათ მაქსიმალურ ჩართულობაზე საგაკვეთილო პროცესში. სწავლა-სწავლების უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა  მეთოდების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, რა დროს და როგორ გამოვიყენებთ მას. ძალიან მოსწონთ მოსწავლეებს პროექტებით სწავლების მეთოდი, ამისათვის მე ვიყენებ როგორც სასწავლო,  ასევე სოციალურ პროექტს, კვლევას, დაკვირვებას, პრეზენტაციას, ხშირად ვატარებ ჩემ კოლეგა ქალბატონ ნესტან ბუცხრიკიძესთან ერთად საგნობრივ თემატურ ღონისძიებებს და  ვთანამშრომლობთ არასამთავრობო გარემოს დაცვით ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც იცვლება მათი დამოკიდებულება გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ. აქტიურად არიან ჩართული გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში.

-ხშირად დგახართ ახალი გამოწვევების წინაშე

-21-ე საუკუნეში, სამყაროში მიმდინარეობს გლობალური ცვლილებები და ჩვენ ვიმყოფებით ამ ცვლილებების ეპიცენტრში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი  გვაყენებს ახალი გამოწვევების წინაშე, ამის კარგი მაგალითია მესამე თაობის სასწავლო გეგმა – მოსწავლეებს ეძლევათ შემოქმედებითი უნარების გამოხატვის თავისუფლება და ჩვენ შეიარაღებული უნდა ვიყონ ისეთი უნარებით, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს, არა მხოლოდ დაისწავლოს მასალა, არამედ შეძლოს მიღებული ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში. მასწავლებლის პროფესია მუდმივად განვითარებას მოითხოვს, 2008 წლიდან ბევრი ცვლილება მოხდა განათლების სისტემაში, რამაც მრავალი  გამოწვევის წინაშე დაგვაყენა  პედაგოგები. საჭიროდ ჩავთვალე გავმკლავებოდი ყოველ გამოწვევას და აქტიურად ჩავერთე მასწავლებელთა გადამზადების ტრენინგებში,   სტატუსის ამაღლების მიზნით  ჩავაბარე  სასერთიფიკაციო გამოცდები. ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა დისტანციური სწავლება, კოვიდ ეპიდემიის დროს, რამაც ჩემში ახალი უნარების განვითარებას შეუწყო ხელი, დიდი ძალისხმევა იყო საჭირო იმისათვის, რომ ეკრანს მიღმა მყოფი მოსწავლეებისათვის შემენარჩუნებინა მოტივაცია და სწავლის სურვილი.

-იმისთვის რომ იყო საყვარელი მასწავლებელი, რა ოქროს შუალედი უნდა დაიცვა?

-ოქროს შუალედის ამოცნობა მნიშვნელოვანი და საჭირო უნარია. უნდა იყო ობიექტური, გულწრფელი, გიყვარდეს მოსწავლე, თუმცა ეს არ უნდა გამორიცხავდეს, რომ შეახსენო მას შეასრულოს  თავისი მოვალეობები, მან უნდა იგრძნოს შენს დამოკიდებულებაში ზრუნვა და მხარდაჭერა,   რომ შენიშვნის მიზანი არის მხოლოდ პრევენცია და დაცვა მომავალი დისციპლინარული გადაცდომებისგან.

როგორი დედა და მეგობარია ლელა მასწავლებელი?

-ასაკთან ერთად იცვლება დამოკიდებულება შვილებთან მიმართებაში, ვიყავი მომთხოვნი, მკაცრიც, ასევე თბილი, მოსიყვარულე, მეგობრული და რაც მნიშვნელოვანია ვარ ,,ხარაჩო“-საყრდენი, ნებისმიერ სიტუაციაში მათ იციან, რომ ჩემი იმედი შეიძლება ჰქონდეთ. როგორც მეგობარი-ვარ ერთგული, ობიექტური, მოსიყვარულე. ვფიქრობ, ამ შეკითხვაზე პასუხს ისინი უკეთ გასცემენ.

თავიდან რომ დაგეწყოთ ისევ პროფესია პედაგოგს აირჩევდი?

-თავიდან მინდოდა მეცნიერების მიმართულებით განვვითარებულიყავი, ოღონდ, დაოჯახების მერე გავითვალისწინე ახლობლების რჩევა  – სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად დამეწყო მუშაობა, მეც დავთანხმდი და ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. დღემდე,  ხშირად ვმოძღვრავ ხოლმე ჩემ მოსწავლეებს, განსაკუთრებით გოგონებს, პედაგოგობა აირჩიონ მომავალ პროფესიად.

საყვარელი საქმე…

-საინტერესო საგნობრივი ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარება.

თქვენ რომ განათლების მინისტრი იყოთ, რა ცვლილებას შეიტანდით სასკოლო სწავლებაში?

-1. შევამცირებდი კლასებში მოსწავლეთა რაოდენობას.

2. მე-11, მე-12 კლასებში შემოვიღებდი დიფერენცირებულ სწავლებას.

3. მოვითხოვდი მთავრობისგან პედაგოგების საბაზისო ხელფასის სერიოზულ ზრდას, პრიორიტეტულს და მოთხოვნადს გავხდიდი ამ პროფესიას.

4. 60 წლის ასაკიდან ყველა პედაგოგს დავუნიშნავდი ღირსეულ პენსიას-(ხელფასის ოდენობით). ახალგაზრდა, ენერგიულ კადრებს მოვიზიდავდი სკოლებში.

5. გავაგრძელებდი სკოლების დაფინანსების ზრდას, აღვჭურავდი ტექნიკური საშუალებებით, რაც ხელს შეუწყობდა პედაგოგებს საინტერესო გაკვეთილებისა და პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში.

მარინა გავაშელი

ახალგაზრდების შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან

0

„სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“-ამ პროექტის ფარგლებში დღეს სათემო ცენტრის ახალგაზრდები, ბოლნისის მერიის ხელმძღვანელ პირს, საკრებულოს წარმომადგენელსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსს  შეხვდნენ.

პროექტის ფარგლებში, თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენლებმა, სხვადასხვა მუნიციპალურ სერვისებზე ისაუბრეს და ახალგაზრდების მიერ  დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

აღნიშნული პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“ ფორმატის ფარგლებში ხორციელდება, რაც გულისხმობს პროექტში ჩართული ახალგაზრდების შეხვედრებს სახელმწიფო სტრუქტურის სხვადასხვა წარმომადგენლებთან.

გაიცანით პატარა მოჭადრაკე-დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე

0

,,კატო 9 წლისაა, ძალიან თბილი და გონიერია, ვფიქრობ მისი აზროვნება ასაკს უსწრებს, ხშირად მისგან  გონივრულ რჩევებსაც ვიღებ, არა როგორც შვილისგან, არამედ, როგორც მეგობრისგან. არის შემოქმედებითი, ხელოვნების კუთხითაც განვითარებული აქვს ბევრი უნარი, ხატავს, მღერის, ცეკვავს“ – ასე ახასიათებს კატოს დედა გვანცა ყალაიჩიშვილი

,,კატოსთან მუშაობა სტიმულისა და შემოქმედებითი უნარების გაღვიძებას უწყობს ხელს. მასწავლებელი ბედნიერი ხარ, როცა კატოს ჭკვიანი თვალებიდან ხედავ, როგორ იბადება ახალი აზრი და სურვილი გიჩნდება,  თავადაც არ მოდუნდე. გასაოცარი ოსტატობით გამოჰყავს ქართული ასოები. ვფიქრობ, კატო კოდელაშვილი ბევრჯერ გაგვაოცებს!“- მაია მოსეშვილი, კატოს მასწავლებელი

-თუ გახსოვს, რამდენი წლის იყავი, როცა პირველად ნახე ჭადრაკის დაფა და ფიგურები?

 -4 წლის ვიყავი, როდესაც პირველად დავინახე და დავინტერესდი ჭადრაკით.

-ვინ გასწავლა ჭადრაკის თამაში?

-ჭადრაკის თამაში ბებომ მასწავლა. ბებო და პაპა ჭადრაკის მოყვარულები არიან და ყოველ საღამოს  სახლში სამაგიდო თამაშები იმართება. შემატყვეს, რომ დავინტერესდი ჭადრაკით  და მასწავლეს ფიგურების ამოცნობა, მოძრაობა. ადვილად რომ ავითვისე, უფრო დიდი ინტერესით შეუდგნენ ჩემს მეცადინეობას.

-როგორი იყო პირველი ემოცია, როცა მოწინააღმდეგეს ამარცხებდი?

-ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, მითუმეტეს, თუ დამარცხებული ჩემზე ბევრად უფროსია, აი მაგალითად ბებო და პაპა ვეღარ მიგებენ.

-რომელი შეხვედრა გახსოვს ყველაზე მეტად?

-ჩემთვის გამორჩეული  ბოლნისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საჭადრაკო სკოლაში გამართული სარვამარტო ტურნირი იყო ,როდესაც მეთერთმეტე კლასელი დავამარცხე და პირველი ადგილი დავიკავე.

-ამჯერად რამდენი მედალი გაქვს?

-5 ოქროს მედალი, 4 დიპლომი და სიგელები.

-რა დროს უთმობ ჭადრაკის თამაშს?

-ყოველ საღამოს გაკვეთილების მომზადების შემდეგ ჯერ პაპას და ბებოს ვხვდები, შემდეგ კი ტელეფონში სპეციალური აპლიკაცია მაქვს, სადაც ონლაინ ვხვდები ძლიერ მოთამაშეებს.

-თუ გყავს საყვარელი მოჭადრაკე და ვის დაასახელებდი?

-ნონა გაფრინდაშვილი. ვთვლი, რომ ის მსოფლიოს დღემდე აოცებს, ნეთფლიქსმა ფილმიც გადაიღო მასზე ,,ლაზიერის გამბიტი“

-გარდა ჭადრაკისა, კიდევ რომელი საგანი გიყვარს?

-ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა.

-წიგნების კითხვა გიყვარს?

-დიახ, ძალიან.განსაკუთრებით ენციკლოპედიის.

-რომელია შენთვის საყვარელი წიგნი?

-საყვარელი წიგნი ,,მოკლე კატოა“, რადგან გმირს ჩემი სახელი ჰქვია.

– რა გსურს მომავალში?

-გავხდე ცნობილი მოჭადრაკე.

-რა გასწავლა მიღწეულმა წარმატებებმა?

-წარმატებამ მასწავლა თვითდაჯერებულობა, დროის სწორად გამოყენება, საკუთარ თავზე მუშაობა, რადგან, თუ გინდა იყო წარმატებული, ძალიან ბევრი უნდა იმუშაო… ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო კაზრეთის N1 საჯარო სკოლას, რომელიც ყოველთვის აღნიშნავს  და განსაკუთრებული ზეიმით გვხვდება მე და ჩემს თანატოლებს, როცა წარმატებას ვაღწევთ. მადლობა ჩემს მასწავლებელ ხვიჩა მაღრაძეს.

კითხვა მომავალ რესპონდენტს:  „სიყვარული ვერტიკალურია, თანაც ბრუნვადი“

0

ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული და მხარდაჭერა – ეს ადამიანური თვისებები ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი რესპონდენტისთვის. როგორც თავად ამბობს, მას საზოგადოება  მიზანდასახულ და წარმატებულ ადამიანად იცნობს, რომელსაც გადატვირთული დღის რეჟიმის გამო, ყოველი წუთი გეგმის მიხედვით აქვს გაწერილი. მომავალი პროფესია ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, თუმცა მანამდე, თითოეულ საგანს  საფუძვლიანად ეუფლება. გარდა სასკოლო საგნებისა, სწავლობს რამდენიმე უცხო ენას, ცეკვავს როგორც ქართულ, ასევე ლათინო-ამერიკულ ცეკვებს, რაშიც არაერთი დიპლომი აქვს აღებული. მღერის გუნდში, ასრულებს  მთავარ როლებს თეატრში, ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში, აღსანიშნავია ჩვენი გმირის წიგნთან მეგობრობა. პრიორიტეტები კი ოჯახი, განათლება და მეგობრები. გაგაცნობთ ჩვენი რუბრიკის სტუმარს, უნიჭიერეს  14 წლის მარიამ კორტავას, თუ რაზე ოცნებობს და სად ხედავს თავს, 10 წლის მერე

მარიამ,  ჩემს რუბრიკაში დაგასახელა ნუცა გობეჯიშვილმა, როგორ ფიქრობ, რატომ აგირჩია შენ? კითხვა დატოვა,  სად და რა საქმით იქნები დაკავებული 10 წელიწადში.  

-პირველ რიგში მადლობა თქვენ მოწვევისთვის, ძალიან გამიხარდა. ასევე მადლობა ნუცა მასწავლებელს, რომ   წარმატებულ ადამიანად მიმიჩნია. რაც შეეხება მის დასმულ კითხვას, ათ წელიწადში, ჩემი ოცნებების მიხედვით, თავი ოქსფორდის უნივერსიტეტში წარმომიდგენია.

ვინ არის  მარიამ კორტავა,  მოგვიყევი  შენს შესახებ,   თუ გაქვს გადაწყვეტილი მომავალი პროფესია…

 –  მარიამ კორტავა საზოგადოების თვალში მიზანდასახული და წარმატებულია, მასწავლებლების აზრით, ბეჯითი და მშრომელი, მეგობრების აზრით, პოზიტიური და მხიარული, მშობლებისთვის მოუცლელი ბავშვი, რომელიც სულ დაკავებულია, ბებიების თვალში მუდამ მშიერი, ძმებისთვის კი ტვინის ბურღი. ჩემი აზრით კი, რაცა ვარ ესა ვარ, ერთი ჩვეულებრივი გოგონა, რომელსაც უყვარს თავისი ცხოვრება და ცდილობს თითოეული დეტალით სიამოვნება მიიღოს.

ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი მომავალი პროფესია, თუმცა, ვფიქრობ, უფრო ტექნიკურ მიმართულებას ავირჩევ. ამ ეტაპზე კი ძალიან ბევრ სფეროსთან მაქვს შეხება, ვცდილობ ყველანაირად განვვითარდე და გამოვცადო ჩემი თავი, რაც დამეხმარება საკუთარი პროფესიის პოვნაში.

რომელი საგანი გიყვარს ყველაზე მეტად  და თუ გყავს გამორჩეული პედაგოგი

 – ვფიქრობ, ყველა საგნის ცოდნა ერთნაირად მნიშვნელოვანია და თითოეულ მათგანს დიდ დროს ვუთმობ, თუმცა ყველაზე მეტად, მათემატიკა მიყვარს.  თითოეულ პედაგოგს  საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი ჩემს აღზრდაში და ვაფასებ მათ, თუმცა გამორჩეულად მიყვარს მათემატიკის მასწავლებელი ხატია მღვდელაძე და ქართულის პედაგოგი – მზია რეხვიაშვილი.

გარდა იმ უცხო ენებისა, რასაც სკოლაში სწავლობ, ასევე დადიხარ ფრანგული ენის კურსზე, ენების შესწავლაც ხომ არ არის შენს სამომავლო გეგმებში?  

  – ფრანგულის სწავლა და, ზოგადად, საფრანგეთში მოგზაურობა ყოველთვის იყო ჩემი ოცნება და დამოუკიდებლად ვცდილობდი ამ ენის შესწავლას, ამიტომ, როდესაც გავიგე, რომ ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ფრანგულის კურსები იწყებოდა, ძალიან გამიხარდა და მაშინვე დავრეგისტრირდი. სამწუხაროდ, კურსი უკვე დასრულდა, თუმცა ჩემი მიზანია, იქ მიღებული ცოდნა უფრო გავაღრმავო. ფრანგულის გარდა, ძალიან კარგად ვსაუბრობ ინგლისურად, რაც  ინგლისურის მასწავლებლის, ნინო ნიგურიანის დამსახურებაა, ასევე ვსწავლობ რუსულს, მომავალში სიამოვნებით ვისწავლიდი სხვა ენებსაც.

თუ გაქვს თავისუფალი დრო და რას აკეთებ ამ დროს?

– მაქვს შედგენილი დღის გეგმა, რაც მეხმარება დროის მართვაში, არ მეკარგება უქმად არც ერთი წუთი, წიგნების კითხვასაც ვასწრებ და დასვენებისთვისაც მრჩება დრო.

რა როლი აქვს ცეკვას შენს ცხოვრებაში და  ამ სფეროში, რა წარმატებებს მიაღწიე?

 – რაც შეეხება ცეკვას, როგორც ქართულ, ასევე ლათინო-ამერიკულ ცეკვებში მაქვს გამოცდილება. დროის უქონლობის გამო, მომიწია ლათინური ცეკვების მიტოვება, თუმცა ძალიან ხშირად ვიღებდით მონაწილეობას კონკურსებში, საიდანაც თითქმის ყოველთვის დიპლომებით და სიგელებით ვბრუნდებოდით. ამიტომ, ცეკვას ყოველთვის ექნება ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი.

გარდა ცეკვისა,  არაერთ წრეზე დადიხარ, მოგვიყევი რომელ წრეებზე და რატომ?

  – ვცდილობ ყველაფერში გამოვცადო  თავი და დრო ნაყოფიერად გამოვიყენო. დავდივარ თეატრ “საზღაპრეთში”, ასევე ვმღერი ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულ გუნდში, დავდივარ ქართულ ცეკვაზე “თამარიონში”, ასევე ხატვაზეც. დავამთავრე ფორტეპიანოს შვიდი კლასი,  დავდიოდი ჭადრაკზე, ლათინურ ცეკვებზე… სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანის მიტოვება მომიწია, დროის ფაქტორის გამო.

რას ნიშნავს შენთვის წარმატება და რამდენად არის ეს დამოკიდებული  ბედნიერ შემთხვევაზე?

– ცხოვრებაში წარმატება ჩემთვის ნიშნავს თვითრეალიზაციას, საკუთარი მიზნების მიღწევას და თუნდაც, მათ დასახვას. წარმატების მისაღწევად აუცილებელია ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე, მაქსიმალურად დავიხარჯოთ და არ შევუშინდეთ დაბრკოლებებს. იმისათვის, რომ გახდე წარმატებული, აუცილებელია დიდი შრომა, განათლების მიღება და ენერგიის დახარჯვა. არ შეიძლება მთელი ცხოვრება იყო იმის იმედზე, რომ ფერია ნათლია გამოგეცხადება და ყველა ოცნებას აგიხდენს.

მიზნები, რა გიბიძგებს  მიზნების შესრულებისკენ?

 -ჩემი მიზანია, უმაღლესი განათლება მივიღო ევროპაში, რადგან ვფიქრობ,  ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება და მაქსიმალურად გამოვავლენ  შესაძლებლობებს. ვიცი, რომ საკმაოდ რთული იქნება ამხელა მიზნის მიღწევა, თუმცა ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება, ამიტომ არ დავზოგავ თავს და ვეცდები ვიბრძოლო ჩემი ოცნებების ასასრულებლად.

რაზე ოცნებობს  მარი? 

 – ჩემი ოცნებაა, ვიმოგზაურო სხვადასხვა ქვეყანაში, გავეცნო მათ კულტურას.

რომ შეგეძლოს დაწერო ახალი კანონი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას, რა იქნებოდა ის? 

  -დუმბაძის მარადისობის კანონის მიხედვით, სული ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ფიზიკური სხეული. “გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე და მე აღვდგები კვლავ მკვდრეთით” – გვიანდერძა მან. ამიტომ დავაწესებდი ისეთ კანონს, რომელიც ადამიანებს აიძულებდა ერთმანეთის სიყვარულსა და მხარდაჭერას.

რომელი უნარებით ხარ ყველაზე ამაყი?

 – ყველაზე მეტად ვამაყობ  იმ უნარით, რომ შემიძლია ყველაფრის ადვილად ათვისება, რაც ნამდვილად მეხმარება წარმატების მიღწევაში.

რომელი ზღაპრის  პერსონაჟი იქნებოდი? 

– ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ,,ურჩხული და მზეთუნახავი” და ჩემს თავსაც ყოველთვის მის მთავარ პერსონაჟ, ბელს ვამსგავსებდი. ბელი არის ჩემსავით მეოცნებე, წიგნების მოყვარული და მიზანდასახული გოგონა, რომელიც ოპტიმისტია და ცდილობს ადამიანებში კარგი თვისებები დაინახოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ?

-ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული და მხარდაჭერა. ჩემი აზრით, ეს თვისებებია ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თითოეულ ადამიანს უნდა გააჩნდეს.

დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით, ინიციატორი ადამიანი ხარ თუ მიმყოლი?

– პოზიტიური,  ნამდვილად ინიციატორი ვარ, ძალიან მიყვარს ლიდერობა და ახალი იდეების მოფიქრება.

საყვარელი პოეტი, მწერალი, ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხე….

– საყვარელი პოეტია გალაკტიონ ტაბიძე, მწერალი კი – ქართველებიდან, რა თქმა უნდა, დუმბაძე, უცხოელებიდან კი აგათა კრისტი და ასევე ძალიან მიყვარს შარლოტა ბრონტე, ბოლოს წავიკითხე ნოდარ დუმბაძის “მე ვხედავ მზეს”.

მომიყევი მეგობრებზე, რა როლი აქვთ მათ შენს ცხოვრებაში, რას აფასებთ ყველაზე მეტად მეგობრებში ?

– ჩემი აზრით, ნამდვილი მეგობრის ყოლა  ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაც გაუზიარებ შენს საიდუმლოებს, ფიქრებს, ვისაც ენდობი და ყოველთვის მხარს დაუჭერთ ერთმანეთს. ასევე, აუცილებელია საერთო ინტერესები და პოზიტიური დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, მეც მყავს მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს და მათთვის ყოველთვის გამოვნახავ დროს. ვფიქრობ,  ერთგულებაა ყველაზე მნიშვნელოვანი ნამდვილი მეგობრობისთვის.

რჩევა მომავალი თაობებისთვის, რას ეტყოდი მათ?

– მომავალ თაობებს ვურჩევდი, მიიღონ განათლება, იკითხონ ბევრი პიროვნული განვითარებისთვის და ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ოცნებების ასასრულებლად.

როგორ ქვეყანაში ისურვებდი ცხოვრებას?

-ვისურვებდი მშვიდობიან და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც თითოეული ადამიანის ინტერესები და უსაფრთხოება პრიორიტეტია.

დაგვისახელე მომავალი წარმატებული ადამიანი, ვის ხილვასაც ისურვებდი ჩვენს რუბრიკაში, დაუტოვე კითხვა.

– თქვენს რუბრიკაში ვისურვებდი ბოლნისის ნომერ პირველი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის, ხატია მღვდელაძის ხილვას. ის არის ენერგიული, განათლებული და მოტივირებული მასწავლებელი. მას მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს და ამავდროულად, მომთხოვნიცაა. ის ნამდვილად წარმატებული ადამიანია, რომელიც ბოლნისმა აუცილებლად უნდა გაიცნოს. მას კი დავუტოვებ ასეთ სახალისო კითხვას: ,,რომელი თეორემით დაამტკიცებთ ამ “ჭეშმარიტებას”: ,,სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი”?

ნონა ხუზმიაშვილი

მთავარია დაისახო მიზანი და იშრომო იმისთვის, რომ ჩანაფიქრი რეალობად აქციო

0

„ჩემი საქმის“ სტუმარი 28 წლის ალინა აბრამიანია. ის ათი წელია საყვარელ პროფესიას ემსახურება. ოჯახის თანადგომით სოფელ ბოლნისში, საკუთარ სახლში, შეძლო სილამაზის სალონის გახსნა და ადგილობრივებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა. ეს არის ადგილი, სადაც ქალები იკრიბებიან, ალინა კი მათ გალამაზებაზე ზრუნავს. მიუხედავად იმისა, რომ  ოჯახში ბევრი საქმე აქვს, პროფესიაზე უარი არასოდეს უთქვამს და როგორც თავად ამბობს, მთავარი საქმისადმი სიყვარულია.

გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ტურნირი  ბოლნისის საჭადრაკო სკოლაში

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო სკოლაში დასრულდა დედის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ბოლნისის კერძო და საჯარო სკოლები:

ქ.ბოლნისის ს.ს.ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლა,

დ.კაზრეთის №1 საჯარო სკოლა

ქვ.ბოლნისის №1 საჯარო სკოლა

ქ. ბოლნისის №5 საჯარო სკოლა

რატევანის საჯარო სკოლა

ი. ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლა

სკოლა  „დავითიანი“

 მონაწილეები ერთმანეთს ექვს ასაკობრივ ჯგუფში ეჯიბრებოდნენ:

საპრიზო ადგილები კი ასე გადანაწილდა:

          8 წლიანები:

I  ყაფლანიშვილი ნიკოლოზი

II ფოფხაძე ლუკა

III  გაფრინდაშვილი ჯაბა

        10 წლიანები:

I     კოდელაშვილი კატო

II    გიორბელიძე გიორგი

III   ჟუჟუნაშვილი გიორგი

      12 წლიანები:

I      აზარაშვილი გიორგი

II      ნასყიდაშვილი გიორგი

      14 წლიანები:

I     ტურაბოვი ნიჰათი

II    დუდაევი გიორგი

III    ანდიაშვილი საბა

        16 წლიანები:

I     სარდაროვი გაბილი

II    აბდურახმანოვი ფარიდი

III    რეხვიაშვილი არჩილი

        18 წლიანები:

I     ჭითანავა გიორგი
II    თაყნიაშვილი კობა
III   მამედოვი საფირი

ტურნირი მიეძღვნა ასევე   ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელშიც სოფელ რაჭისუბანის, დაბა კაზრეთის  პირველი  და ბოლნისის მეხუთე საჯარო სკოლები  მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულებს მედლები და  სიგელები გადაეცათ

ნონა პაპაშვილის პერსონალური გამოფენა მუზეუმში

0

გაზაფხულის პირველი თვეში აღნიშნული ქალთა დღესასწაულები გახდა ინსპირაცია ღონისძიებისა, სახელწოდებით „ცამდე აგიყვანს ფერები, მზესაც კი მიეფერები“, რომელიც ქალთა გენდერული თანაწორობის საბჭოს, გენდერულ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გედნერული საბჭოს ორგანიზებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.  მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში, ბოლნისელი ხელოვანის ნონა პაპაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

ნონა პაპაშვილის შემოქმედება მრავალფეროვანია, ის მუშაობს რამდენიმე ტექნიკით, გამორჩეულად სუფთა და ფერთა შეხამების საოცარი ოსტატობით. მის მიერ შექმნილი ბუნების პეიზაჟები, ხასხასა, მრავალფეროვანი ყვავილები, ქალის სილუეტები, გარდამავალ ფერებში შექმნილი ნამუშევრები დროის შეგრძნებას გაკარგვინებს და ფერად სამყაროში გამოგზაურებს.  თითოეულ ნამუშევარს საკუთარი ისტორია აქვს, რომელიც თვეების განმავლობაში იწერება. მისი შემოქმედება დამთვალიერებლებმა კარგად შეიგრძნეს და აღფრთოვანებას გამოხატავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ნონა პაპაშვილი ბოლნისელია და ათეული წელია, ხელოვნების ნიმუშებს ქმნის, მისი ნამუშევრები საზოგადოებას არ აქვს ნანახი. თუმცა, მის შემოქმედებას კარგად იცნობენ  ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გამარჯვებულია, საერთაშორისო ფესტივალებზე და მიღებული აქვს არა ერთი ჯილდო. აღსანიშნავია, რომ  ნონა არის ინგლისური ენის პედაგოგი და ამ სფეროშიც საკმაოდ წარმატებულია.

ნონა პაპაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა ბოლნისის მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში  საზეიმო ვითარებაში გაიხსნა  და ის დამთვალიერებელს 1 კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.