Home Blog გვერდი 147

გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით რეგიონში ქუჩების სახელდების პროცესი იწყება

0

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, რეგიონის მასშტაბით, წლების განმავლობაში არსებული პრობლემის – ქუჩების სახელდების პროცესი დაიწყება.საკითხთან დაკავშირებით, სამხარეო ადმინისტრაციაში, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას სახელმწიფო რწმუნებულმა, ქუჩების სახელდების თემის აქტუალობაზე ისაუბრა, რომელიც ამ ეტაპამდე, რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილის პრიორიტეტულ საჭიროებას წარმოადგენს.

მხარეებმა დალოგის რეჟიმში იმსჯელეს ამ მიმართულებით ერთობლივად განსახორციელებელი გეგმებზე. საუბარი შეეხო პროცედურულ ნორმებს, რომლებიც კომპეტენტური უწყებების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით ხორციელდება.

დღესვე, მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, დიალოგის რეჟიმში განიხილეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0

ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანმა, მოსახლეობასთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ვალენტინა ნავერიანმა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ საზოგადოებას გააცნო საქართველოს მთავრობის წამახალისებელი ინიციატივა, რომელიც 50 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი დანამატის გაცემას ითვალისწინებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეების კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი დანამატის გაცემა თებერვლის განმავლობაშიც გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.

50 წელს ზემოთ ასაკის პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზით აიცრებიან, 100 ლარი დაერიცხებათ

0

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, 50 წელს ზემოთ ასაკის პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზით აიცრებიან, 100 ლარი დაერიცხებათ:

„გადაწყდა, რომ 50 წელს გადაცილებული პირების აცრის წახალისებისთვის პროგრამა 1 თვით გახანგრძლივდება. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებს, მათაც წახალისებას გავუკეთებთ, ოღონდ 100 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ღიბრაძემ.

ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდა

0

უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდა.

„დამატებითი შეზღუდვები, ამ მომენტისთვის, არ წესდება. გადაწყდა, რომ 50 წელს ზემოთ, აცრების წახალისების პროგრამა კვლავ ერთი თვით გაგრძელდება“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

მისივე თქმით, 50 წელზე უფროსი მოქალაქეები ბუსტერ-დოზის გაკეთების შემდეგ ფინანსურ წახალისებას მიიღებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, 50 წელს გადაცილებულ პირებს 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ერიცხებათ

დედა ეკლესია – სასუფეველში შემავალი ერთადერთი კარიბჭე

0

   

,,ისინი ათეისტებს არ უწოდებენ საკუთარ თავს, მათ რომ ჰკითხო, კომუნიზმი და ბოლშევიზმი სძულთ, მაგრამ საქმით და არსით, ისინიც ებრძოდნენ ეკლესიას, უარყოფდნენ ჭეშმარიტებას და  სდევნიდნენ,  უბრალოდ, ფორმები დაიხვეწა, მაშინ მეტი იყო ტერორი, დაპირისპირება და ნგრევა,  ეხლა,  სხვადასხვა დეზინფორმაციის გაშუქებით, სასულიერო პირების მიზანმიმართული დისკრედიტაციით, გრძელდება.  რა თქმა უნდა,  ეკლესიაშიც ადამიანები არიან,  იქაც არის გარკვეული ცდუნებები, ცოდვა და ნაკლი, მაგრამ ეს არის მებრძოლი ეკლესია. ჩვენ ვცდილობთ განვითარებას და დახვეწას, მაგრამ ამ ჩასაფრებულთა მიზანია, სიძულვილი ეკლესიის მიმართ ,რომ ადამიანებმა ზურგი აქციონ მას“

 ბოლნელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე ეფრემი გვილოცავს  შობა ახალ წელს და სხვადასხვა გამოწვევებზე გვესაუბრება 

-უპირველეს ყოვლისა დაგლოცავთ, მივესალმები თქვენს მკითხველს, დავლოცავ ჩვენს ეპარქიას, მშვიდობა და ჯანმრთელობა მოგვცეს ღმერთმა, ქართველი კაცი ყოველთვის იმედით შეჰყურებდა მომავალს და ამ სულიერი სიმხნევით, კიდევ ერთი მარხვა დაგვიდგა, წლის ბოლოს არის შობის მარხვა და ჩვენი ეკლესია გვამზადებს ამ უდიდესი დღესასწაულისთვის. მარხვა ეს არის განწმენდა ვნებებისგან, ამისათვის ჩვენ ვეწევით  თავშეკავებას ხორცეული პროდუქტებისაგან,  მეორე მხარეა შინაგანი, როდესაც ადამიანი განიცდის მის მიერ ჩადენილ ცოდვებს, ამისთვის არსებობს მოძღვარი  და აღსარება, სადაც ადამიანი მოინანიებს, დაფიქრდება, ეცდება დაიწყოს ახალი ცხოვრება, ყოველი დღე ახალია და ადამიანი უნდა ცდილობდეს, ყოველთვის ახალი ცხოვრების დაწყებას.  არ არსებობს უცოდველი ადამიანი, მთავარია სინამდვილეს გავუსწოროთ თვალი, ვინ ვართ ჩვენ ღვთის წინაშე, საკუთარი თავის წინაშე, სწორედ მარხვის არსი ისაა, რომ ადამიანმა საკუთარ სულში ჩაიხედოს, მოინანიოს და   გამოსწორდეს, ამაში ჩვენ გვეხმარება ღვთის მცნებები, დარიგებები, რაც მოცემულია წმინდა წერილებში,  სახარებაში, მამათა დარიგებებში, ასე განწმენდილი გულით უნდა შევხვდეთ შობის დღესასწაულს, რომ ჩვენს გულში დაიბადოს უფალი.  მთავარია, უფალთან ერთად  მიდიოდეს ადამიანი  ამ წუთისოფლის გოლგოთის გზაზე, როგორც     უფალმა გაიარა, მიიტანოს საკუთარი ჯვარი,   რომ მარადიულ ცხოვრებაში აღდგეს და დიდებით განისვენოს უფალთან ერთად

-მეუფევ,  რა არის მარხვა სინანულის გარეშე?

– აზრი და ფასი ეკარგება ხორციელ მარხვას, თუკი ადამიანში არაა სინანული.  სამწუხაროდ,  ეს მთავარი გვავიწყდება, ვიცავთ გარეგნულ მხარეს და შინაარსი რჩება ყურადღების მიღმა.   ეფრემ ასური მოგვიწოდებს: მომანიჭე განცდა  თვისთა ცოდვათა, სანამ სხვის ნამოქმედარს შევაფასებდეთ, შევაფასოთ საკუთარი თავი, უამრავი ნაკლი, რომლის გამოსწორებაც გაცილებით სასარგებლო იქნება არა მარტო ჩვენთვის, არამედ  გარემო სამყაროსთვის, ასე რომ, გამოსწორება დავიწყოთ საკუთარი თავით, ამას გვასწავლის დედა ეკლესია და ესაა აზრი ჩვენი ცხოვრებისა.

 -არიან,  მეუფევ, ადამიანები, მარხულობენ და ეკლესიაში არ დადიან

-ეკლესიაა დედა, დედის წიაღში უნდა მოხდეს ბავშვის აღზრდა, იმდენად რთულია სულიერი ცხოვრების  ნიუანსები და ცდუნებები, ადვილად შესაძლებელია ამ თვითრჯულობით და თვით დაწესებით ადამიანი შეცდეს, შეიძლება გარეგნულად ეს ნორმალურად გამოიყურება, მაგრამ მერწმუნეთ, ბოროტ ძალას  იმდენი დახვეწილი ხაფანგი და ცდუნება აქვს,  რომ  შესაძლოა ადვილად აღმოჩნდე მავნე ზეგავლენის ქვეშ. კარგია, თუ ადამიანს სურვილი დაებადა ეკლესიურად, ღვთის მცნებებით დაიწყოს ცხოვრება, მაგრამ გაუგებარია, რატომ იკავებს თავს, ჰყავდეს გამოცდილი მოძღვარი, რომელიც მისცემს რჩევა-დარიგებებს? აქ შესაძლოა გაჩნდეს კთხვა, რამე პრობლემა ხომ არა აქვს ამ ადამიანს ეკლესიასთან, ან მოძღვართან, რატომ ცდილობს გაემიჯნოს ეკლესიას და თავისი სამყარო მოიწყოს? ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ დედა ეკლესიის შვილები, ადამიანს თავისი მიმდინარეობა არ უნდა ჰქონდეს,  ეს გზის აცდენაა, ამიტომ ასეთებს მოვუწოდებ, კარგია რომ მარხულობს, მაგრამ აუცილებლად მივიდეს ეკლესიაში, მოძღვართან, მოინანიოს და მიტევება მიიღოს. ჯერ მოციქულებს მისცა ღმერთმა ამის ხელმწიფება, მოციქულთა ხელდასმით  მღვდელმთავრებს და შემდგომ სამღვდელოებას. აღსარება უნდა ითქვას მოძღვართან და მერე მიიღოს წმინდა ზიარება, ამას ადამიანი ინდივიდუალურად ვერ შეძლებს, ამიტომ ყველა ეკლესიაში უნდა გაერთიანდეს, ის არის ერთადერთი კარიბჭე სასუფეველში შემავალი.

– მეუფევ, რა გამოწვევების წინაშე დააყენა ეკლესია პანდემიამ?

-ეს გლობალური საკითხია და ყველას შეეხო, მთელი დედამიწა მოიცვა ამ უხილავმა განსაცდელმა.   არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ამის თაობაზე, არის ვერსიები, რომ შესაძლოა ეს ხელოვნური იყოს, ყოველ შემთხვევაში, ღვთის ნებისა და დაშვების გარეშე, არაფერი  ხდება, როცა ადამიანურმა ცოდვებმა,  ცხოვრების არასწორად გააზრებამ, როდესაც ადამიანი არასწორად იყენებს  საღვთო მოცემულ მეცნიერულ მიღწევებსა და შესაძლებლობებს, შინაგანი ცოდვა ბევრ სირთულეს  წარმოშობს და იკრიბება ეს ყველაფერი,  ეს მოცემულობაა და ფაქტია, ვირუსი არსებობს, არ ინდობს არავის, მთავარი იმედი მორწმუნისთვის უფალია, ის რაც არ შეუძლია ადამიანს, შეუძლია ღმერთს, ამიტომ ეკლესია ლოცულობს, საშველია უფლის  ვედრებაში   და ლოცვაში. ამ განსაცდელში, როდესაც, ჯერჯერობით არც  წამალია, არც მეცნიერული მიღწევები და ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით,  სად ვხედავთ საშველს მორწმუნე მართლმადიდებელნი, თუ არა დედა ეკლესიის წიაღში. არ უგულებელჰყოფს   ეკლესია  წამლის გამოყენებას, თუ კი ეს გონივრული იქნება და ღვთიურს არ ეწინააღმდეგება, აქაც ადამიანებს სხვადასხვა აზრი აქვთ, თვითონ წყვეტენ რა წამალი გამოიყენონ, ან გამოიყენონ თუ არა.  ეკლესიამ   ცალსახად გამოაცხადა,   რახან ეს საღვთისმეტყველო საკითხი არაა და  სამედიცინო სფეროა,  ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელ ექიმს დაუჯეროს და რომელ აფთიაქში შეიძინოს წამალი.  ეკლესიის  ოფიციალური პოზიცია ამ თემასთან მიმართებაში, რომ არც აცრა, არც აუცრელობა, დაღუპვის ტოლფასი არაა. არ ვარჩევთ  ვინ ეზიაროს, ვინ არ ეზიაროს აცრილებისა და აუცრელების მიხედვით, ამის ცალსახა მოწოდება, ან არ მოწოდება, ეკლესიის მხრიდან მართებული არ არის.  რაც შეეხება შეზღუდვებს, ადამიანებს აქაც უნდა მიეცეთ თავისუფალი  ცხოვრების და მოქმედების საშუალება, რადგან არ იქნება მართალი დიფერენცირებულად განვასხვავოთ.   ამან ყოფით ცხოვრებაში გარკვეული დაპირისპირებები გამოიწვია, განკითხვა არ უნდა ხდებოდეს. გადაწყვიტოს ადამიანმა, ამას სამედიცინო მხრიდან შეხედავს, თუ სოციალური მხრიდან, მათი არჩევანია, ეკლესიამ მოუწოდა სახელმწიფოს, რომ  განსხვავებებისგან თავი შეიკავოს

 -ზოგიერთნი ამ აცრაში ანტიქრისტეს ნიშანს ხედავენ, ხომ არ მიგაჩნიათ მეუფევ, რომ ეკლესიამ ცოტა გამოკვეთილი პოზიცია დააფიქსიროს?

-იმ საშინელებას, იმ დამღუპველს, რასაც ადამიანები ფიქრობენ ანტიქრისტეს ბეჭედს, ეს ის არ არის.  ეს სინოდის განჩინებაში იყო, ასეთი რამე რომ ყოფილიყო,  ეკლესია იტყოდა,  მომავალში რა იქნება, არავინ იცის, ტექნიკურად და რეალურად, როდის რა იქნება, არავინ იცის, ბუნებრივია მორწმუნეებში არის გარკვეული  სიფრთხილე, ესეც გასაგებია, მაგრამ ფანატიზმში და პანიკურ შიშში არ უნდა ჩავარდეს ადამიანი, არც ერთი უკიდურესობა ვარგა,  არც მეორე, ამ ორში  გონივრული და საღი  არჩევანი უნდა გააკეთოს ადამიანმა, ამიტომ იყო   ეკლესიის პოზიციაში ცალსახად  ნათქვამი, რომ გაფრთხილდით, გამოიკვლიეთ,  ჩვენმა ეკლესიამ გონივრული, ფრთხილი სამეუფეო გზა, ოქროს შუალედი  აარჩია, მარჯვნივაც საფრთხეა, მარცხნივაც  და, სად გადავარდები, რა მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, სიფრთხილე გონივრულია,  მაგრამ ამასაც გარკვეული ზღვარი და ფარგლები გააჩნია, ყველაფერში შავი და უბედურება არ გეჩვენებოდეს. იმედია, ჩვენი უწმინდესის დიდი გამოცდილებით, სიბრძნით და მამამთავრული წინამძღოლობით, გონივრულ და სწორ არჩევანს გააკეთებს ეკლესიის სისავსე და ეს მიეწოდება მრევლს. მაგრამ კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდა და ადამიანს, როგორც აწყობს, ისეთ ინტერპრეტაციას აკეთებს,   ჩვენი მოწოდება იქნება, კარგად ჩავწვდეთ შინაარს და თავი შევიკავოთ ზედმეტი ემოციებისგან. ეკლესია წამლის, ექიმის, აცრების წინააღმდეგი არაა.  არიან ადამიანები, რომლებიც აიცრნენ, ეს მათი არჩევანია, არიან ისეთები, ვინც ამას არ ეთანხმება,  ამის გამო განვკვეთოთ და დავღუპოთ? ეს უფრო დაყოფს და დააპირისპირებს ადამიანებს. ამ შემთხვევაში  მრევლი უნდა დაუკვირდეს ეკლესიის პოზიციას და გამოიტანოს დასკვნა. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია, მაგრამ ხომ არსებობს ეკლესიის აზრი, კრებსითი გადაწყვეტილება, ღვთიური სიბრძნე და ვიხელმძღვანელოთ ამით. მომავალშიც გვექნება ახალი გამოწვევები, ამაზეც იმსჯელებს ეკლესია, იმედია დრო ყველაფერს დაალაგებს, ჩვენ ვილოცოთ და ვიყოთ რწმენით.

 –მეუფევ,  ბოლშევიზმი, რომელიც  70 წლის განმავლობაში ანგრევდა რწმენას სულიერად და ფიზიკურად, არის თუ არა თანამედროვე ლიბერალიზმი?

 -არ ახალია ბოროტი ძალის  ბრძოლა ღვთივდადგენილი ეკლესიის და  ჭეშმარიტების წინააღმდეგ. ეშმაკმა პირდაპირი ბრძოლა შეჰკადრა   ქრისტეს, უფალმა ჯვარცმა მიიღო, რითაც ეშმაკი დამარცხდა და დაკარგა ხელმწიფება ჯოჯოხეთზე და სიკვდილზე, ეს გაბოროტებული  ძალა, მთელი ოცი საუკუნეა ცდილობს ადამიანის სული მოინადიროს და მასთან ერთად ჯოჯოხეთში გაიყოლოს, ამ ქვეყნად მთავარი საგუშაგო, ციხე ბურჯი, სვეტი  და სიმტკიცე,  არის ეკლესია,  სწორედ მას ებრძვის ეს ძალა, რეჟისორი ამ გლობალური შეტევას, ბოროტი ძალა ჰყავს, რომ როგორმე ეკლესიას წაართვას შვილები, ადამიანის სულზე ძვირფასი ამ ქვეყნად არაფერია, არც სიმდიდრე და დოვლათი, არც ოქრო-ვერცხლი და მთელი დედამიწა, რადგან ის არის უკვდავი არსება, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი.  ამ ჟამთა მიწურულს, როდესაც უკვე ბოლოსკენ მივდივართ,  ბუნებრივია ბოროტმა გაამძაფრა ეს ბრძოლა, ისტორიაში უამრავი გლობალური აფეთქებები იყო ათეიზმის პერიოდში, რომელსაც შემდგომ ბოლშევიზმი ეწოდა,  ჩეხავდნენ და აწამებდნენ ქრისტიანებს, გასული საუკუნის მთელი 70 წლიანი  პროცესია ბოლშევიზმის, ფაქტიურად, ეს 90-იანი წლები ერთგვარი აღმავლობის ხანა იყო და უწმინდესის  ნაყოფიერი მოღვაწეობით, აღორძინდა ეკლესია და ქართველი ერი შემობრუნდა ეკლესიისკენ, დამოუკიდებლობაც მოვიპოვეთ, მაგრამ ახალი ძალით, ბოლო ათწლეულია იფეთქა და დაარქვეს ნეობოლშევიზმი, ფაქტიურად ეს არის ათეიზმის ფერისცვალება,  ისინი ათეისტებს არ უწოდებენ საკუთარ თავს  და მათ რომ ჰკითხო, კომუნიზმი და ბოლშევიზმი სძულთ, მაგრამ საქმით და არსით ისინიც ებრძოდნენ ეკლესიას, უარყოფდნენ ჭეშმარიტებას და ესენიც, ისინიც სდევნიდნენ და ესენიც, უბრალოდ ფორმები დაიხვეწა, მაშინ მეტი იყო ტერორი,  დაპირისპირება და ნგრევა,  ეხლა  ტელევიზიით სხვადასხვა დეზინფორმაციის გაშუქებით, სასულიერო პირების მიზანმიმართული დისკრედიტაციით, რა თქმა უნდა ეკლესიაშიც ადამიანები არიან,  იქაც არის გარკვეული ცდუნებები, ცოდვა და ნაკლი, მაგრამ ეს არის მებრძოლი ეკლესია, ჩვენ ვცდილობთ განვითარებას და დახვეწას, მაგრამ ამ ჩასაფრებულთა მიზანია სიძულვილი ეკლესიის მიმართ, რომ ადამიანებმა ზურგი აქციონ მას, ისინი ყველაზე მოწყვლად ფენაზე, ახალგაზრდებზე მუშაობენ. მოზარდს, რომელიც ახლა გამოდის ასპარეზზე, გარკვეულ აზრებს უნერგავენ, ამას ქადაგება უნდა დავუპირისპიროთ, მეტი აქტიურობა, ადამიანებთან მისვლა და ცოცხალი მაგალითის მიცემაა საჭირო. პირველ რიგში, ეს სასულიერო პირებს გვევალება, მერე მშობლებს, ოჯახს და სკოლას. კეთილის და ბოროტის გარჩევა ახალგაზრდებს აქედან უნდა ვასწავლოთ. სამწუხაროდ, იმ ტენდენციასაც ავრცელებენ ახალგაზრდებში, რომ არავინ და არაფერია ავტორიტეტი, აქაა  ცდუნების გათვლა, როგორ შეიძლება მშობელს არ ჰქონდეს უფლება მიუთითოს, თუნდაც დატუქსოს,  ყველაფრისგან თავისუფალი იყოს რწმენისგან, ტრადიციისგან, ეკლესიისგან, ღირსებისგანაც, სირცხვილისგანაც, და რას მივიღებთ? ეს იქნება ქაოსი და უმართავი პროცესი,  ნათქვამია, ვიწრო კარიბჭეს სამოთხეში შეჰყავს ადამიანები, დიდ დინებას ჯოჯოხეთშიო, აქ უკვე თითოეულ ოჯახზე და  მოზარდზეა დამოკიდებული. ეკლესიამ, ოჯახმა და საზოგადოებამ ერთად  უნდა იფიქროს ამაზე, თუ ერთიანობაში არ განვიხილეთ ეს საკითხი,  ცალკეულად გადაჭრა შეუძლებელი იქნება.

– ამ ძნელბედობის ჟამს, ახალი წლის მოსვლა მაინც გვიღვივებს  სიხარულის და იმედის ნაპერწკალს , მოგვილოცეთ მეუფევ

-გვახალისებს და ამ რთულ დროში ნუგეშს გვგვრის ახალი წლის და შობის შემობრძანება, ეს მომავლის და უკეთესის იმედთანაა დაკავშირებული.  მე მინდა დაგლოცოთ თითოეული ბოლნისელი, მრევლი,  ბოლნისში მცხოვრები, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიისა, ყველას სიკეთე და სიხარული, ღვთის წყალობა, გამრავლება და ჯანმრთელობა ვუსურვო, იმედია ეს წელი გაჭირვების და პანდემიის ბოლო წელი იქნება,  ვაკეთოთ  და  ვთესოთ სიკეთე, სიყვარული გავუნაწილოთ ერთმანეთს და ღმერთი ასმაგად დაგვიბრუნებს უკან, სხვაგვარად ბედნიერება არ არსებობს, ის არ იძებნება უცხო ქვეყნებში, მატერიალურ დოვლათში და დიდებულ სასახლეებში, ის იძებნება სიყვარულში, სიკეთეში, მიტევებაში, ინებოს უფალმა მთელი საქართველო იყოს ერთიანი და არ იყოფოდეს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, გაერთიანებულიყოს და არ დანგრეულიყოს ოჯახები,  ვიყოთ იმედით, რწმენით და  სიყვარულით. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

 ბელა ონიანი

სოფელ ბალიჭში დამზადებული საპონი “დემა” დუბაის ბაზარზე გაიყიდება

0

სოფელ ბალიჭში სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებული ნატურალური სამკურნალო საპონი “დემა” მალე დუბაის ბაზარზე გაიყიდება.
როგორც “დემას” დამფუძნებელი პედაგოგი მაია დევნოზაშვილი ამბობს, დუბაის გარდა დაინტერესება იაპონიიდანაც აქვთ.
“ჩვენი პროდუქცია ტურისტულ მაღაზიებში იყიდება. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა, ვფიქრობ, უფრო აქტიური რეკლამირებაა საჭირო. რაც შეეხება ექსპორტის მიმართულებას, საცდელი ნიმუშები დუბაიში გვაქვს გატანილი და სავარაუდოდ, მალე პროდუქტის გაგზავნასაც შევძლებთ. ასევე დაინტერესებულები არიან იაპონიიდანაც” – ამბობს “დემას” დამფუძნებელი.

აღსანიშნავია,რომ ,,დემა” ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა და მომხმარებელს დღეს უკვე 32 სახეობის საპონს და სხვადასხვა თავის მოვლის საშუალებს სთავაზობს, ბოლნისელმა პედაგოგმა, მაია დევნოზაშვილმა, ,,დემას“ საპნების დამზადება, პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მოპოვებული 5 ათას ლარიანი დაფინანსებით 2016 წელს დაიწყო,წარმოებისთვის საჭირო პროდუქცია და ინვენტარი შეიძინა და ადგილზე მცირე საწარმო შექმნა და რამდენიმე ადგილობრივიც დაასაქმა. თავდაპირველად რამდენიმე სახეობის, სამკურნალო თვისებებისა და ანთებითი დაავადებების საწინააღმდეგო საპონის დამზადება დაიწყო,რომლის რეალიზებაც რამდენიმე სააფთიაქო ქსელში ტურისტულ მაღაზიებსა და ონლაინ არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ საპონი ხელით, მინიმალური ელექტრო ჩარევით მზადდება და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს.

ეპიდ ვითარება ბოლნისში

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ეპიდსიტუაცია უარესდება. მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ტერიტორიულ ერთეულში აღირიცხება Sars-cov2-ით გამოწვეული ინფექციის ყოველდღიური მზარდი რაოდენობა. ბოლო კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად 50-მდე შემთხვევა ფიქსირდება. ძირითადად ადგილი აქვს ომიკრონის შიდა გავრცელებას. ამ ეტაპზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში სრულად დისტანციური სწავლის მოდელზე გადავიდა: ქ. ბოლნისის №1 და იოანე ბოლნელის სახელობის სასულეირო სკოლა, ქ. ბოლნისის №3 საჯარო და ქვ.არქევანის სკოლებში 8 კლასია დისტანციურ სწავლებაზე.
ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა ტანძიისა და ქ. ბოლნისის №3 საბავშვო ბაღებში. ასევე შეჩერებულია სააღმზრდელო პროცესი ქვეშის ბაღის ერთ ჯგუფში.
ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური საზოგადოებას კოვიდ რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.
„ბოლო დღეებში ყოველდღიურად ფიქსირდებოდა 50-მდე შემთხვევა, თუმცა დღეის მდგომარეობით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. ვითარება გვაქვს საკმაოდ რთული, ამიტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლოებას უმორჩილესად ვთხოვ დაიცვან კოვიდ რეგულაციები, ვისაც არ ჩაუტარებია ვაქცინაცია, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი და ჩაერთონ ვაქცინაციაში. გარდა ამისა, ვისაც მეორე ვაქცინის გაკეთებიდან შეუსრულდა 90 დღე და ეკუთვნის დამატებითი დოზა, გაიკეთონ აუცილებლად ეგრეთწოდებული ბუსტერდოზა. აუცილებელია პირბადის ტარება, ხელების ჰიგიენა, სოციალური ფიზიკური დისტანცია, დახურული სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია. ასევე გარკვეული პერიოდი თავი შეიკაონ შეკრებებისგან. ავკრძალოთ დროებითი ხალხმრავალი სუფრები, რადგან რამდენადაც მსუბუქია ახალი შტამი, იმდენად სწრაფად ვრცელდება და შესაძლოა გარკვეული რისკ-ჯგუფებისთვის ფატალური შემთხვევით დასრულდეს, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ დავიცვათ რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“. განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.

გოგი მეშველიანი სოფელ ვარდისუბნის ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი , დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან კობა მურადაშვილთან ერთად სოფელ ვარდისუბნის ახლადრეაბილიტირებულ  სბავავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლებას  დაესწრო.

მაჟორიტარმა აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა და ახლადგარემონტებული  ჯგუფები დაათვალიერა.

“დღეს დმანინისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის ახლადრეაბილიტირებულ სბავავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი სასწავლო პროცესის მაღალი სტანდარტებით წარმართვისთვის. აღსაზრდელებს თანამედროვე წესებისა და მოთხოვნების შესაბამის გარემოში შეეძლებათ სკოლამდელი განათლების მიღება. მსგავსი პროექტების განხირციელება მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის. “ -განაცხადა გოგი მეშველიანმა 

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში  შეიცვალა შიდა კომუნიკაციები, მოწესრიგდა გარე-ფასადი და სახურავი, გარემონტდა სააღმზრდელო ოთახები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 580 550 ლარით დაფინანსდა. საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე 40 აღსაზრდელი ირიცხება.

დღესვე, დმანისის მუნიციპალიტეტში   სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა ქ.დმანისის N1 , სოფლების: განთიადის , ჯავახის, მაშავერასა და ბოსლების რეაბილიტირებულ ბაღებშიც .

აღსანიშნავია, რომ  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქ.დმანისის N-2, N-3 , სოფელ- გომარეთისა და სარკინეთის საბავშვო ბაღებში,  სადაც  სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ. 

ყოვლადუსამღვდელოესი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი გარდაიცვალა

0

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით კორონავირუსუთ გარდაიცვალა ხორანბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპისი დიმიტრი. ,,მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.
გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს დიმიტრის გარდაცვალების გამო.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი”, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში მოქალაქეთა მიღება გამართა

0

მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივების საჭიროებები პირადად მოისმინა და გადაჭრის გზებზე მათთან ერთად იმსჯელა.

გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, რეგიონის მასშტაბებიდან გამომდინარე, მოსახლეობასთან აქტიური და ეფექტური კომუნიკაციისთვის, გარდა სამხარეო ადმინისტრაცისა მოქალაქეთა მიღება მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებშიც გაიმართება.

,,მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ქონდეთ შესაძლებლობა ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე შეხვდნენ რეგიონის ხელმძღვანელ პირებს და მათ წინაშე არსებულ საჭიროებებზე ისაუბრონ. სწორედ ამიტომ, მოქალაქეთა მიღება ყოველი კვირის ოთხშაბათს გაიმართება და სამხარეო ადმინისტრაციის გარდა, მხარის მასშტაბებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში ადგილზეც შევხვდები. მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია, კიდევ უფრო მეტად, გაამარტივებს საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების გამოვლენასა და შესაბამისი პროცესის ეფექტურად მართვას“ – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.