Home Blog გვერდი 139

ბოლნისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მუნიციპალიტეტში მყოფი უკრაინელები მოინახულეს

0

უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო, ტურისტული მიზნით ჩამოსულ სტუმრებს დროებით საქართველოში დარჩენა მოუწიათ, მათზე ზრუნვა კი როგორც სახელმწიფომ, ასევე კერძო სექტორმა და მოსახლეობამ საკუთარ თავზე აიღო. ერთ-ერთი მათგანი,  ბოლნისიდან სამსიანების ოჯახი აღმოჩნდა. ოთხ უკრაინელს უკვე რამდენიმე დღეა სამსიანების ოჯახი მასპინძლობს. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  მოინახულა სტუმრები, მათ საკვები პროდუქტები და გარკვეული რაოდენობის თანხა გადასცა.

ბოლნისის ,,სიონს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

0

,,სიონს” ახალგაზრდა სპეციალისტი უჩა სოსიაშვილი გაწვრთნის. სოსიაშვილი რამდენიმე ქართულ კლუბში მუშაობდა, ყველაზე წარმატებული პერიოდი კი გორის “დილაში” ჰქონდა, რომელიც 2014-2015 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახადა- ნათქვამია ,,სიონის”ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი დარასელიამ ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე ,,სიონის”მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

0

გიორგი დარასელიამ ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე სიონის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. გუნდი მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის და წარმატებას უსურვებს მას. შეგახსენებთ, დარასელია სიონს სათავეში, გასული სეზონის ზაფხულში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით, ბოლნისური კლუბი, ჩემპიონის სტატუსით, ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ სამივე ტურში სიონმა წარმატება ვერ ჰპოვა, რის გამოც სპეციალისტმა წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რაზეც კლუბის ხელმძღვანელობა დასთანხმდა – აღნიშნულ ინფორმაციას ,,სიონის” დირექცია ავრცელებს.

გუთი ბოლნელის სევდით და ტკივილით დაწყებული პოეზია

0

„გაზეთი ბოლნისი“ წარმოგიდგენთ ქალბატონს, რომელმაც დიდი ტკივილითა და სევდით გამოწვეული გრძნობები ფურცელზე გადმოიტანა და შვება პოეზიაში იპოვა. გუთი ბოლნელმა 2019 წლიდან დაიწყო წერა მოძალებული სევდის ფონზე. არა ერთი ლექსისა და ნოველის ავტორის შემოქმედებაში ძირითადად საკუთარი ემოციები, გრძნობები და შინაგანი სამყაროა გადმოცემული, თუმცა მკითხველის მისადმი დამოკიდებულებამ, სიყვარულმა და თანადგომამ  მისცა ძალა, პოეზიაც გაეფერადებინა და სიცოცხლე შეეტანა თითოეულ სტროფსა და ტაეპში.

გუთი ბოლნელი „პერსონა 2022“ ტიტულზეა წარდგენილი ხელოვნებისა და შემოქმედებითი განვითარებისთვის, მას ასევე აქვს მიღებული პრემია „ივერიის“ კონკურსის ნომინაციით საუკეთესო სონატაში.  მისი ლექსები შეტანილია და გამოქვეყნებული მწერალთა კავშირის გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“.

სამი წიგნის მასალა აქვს შეგროვებული, თითოეულ ლექსს თუ ნოველას, როგორც თავად ამბობს „სევდისა და სინაზის სურნელი აქვს“.  წერს მოზღვავებული ემოციების ფონზე. სათქმელი და გრძნობები ერთი ამოსუნთქვით გადმოაქვს ქაღალდზე. თითოეულ ნაწერს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, რადგან იცის, რომ მის შემოქმედებას ფართო პუბლიკა ეცნობა.

,,უზარმაზარ სიყვარულს იტევს ჩემი გული… დიახ, ჩემი პოეზია სევდიანია. თუმცა ვწერ ზოგად თემებზეც, რეალობაზე დაფუძნებულს, ჩემს პოეზიაში ჩემი შინაგანი სამყაროა სიყვარულით სავსე, რომელიც ანკარა წყაროსავით ჩუხჩუხებს,“ამბობს გუთი ბოლნელი.

გუთი ბოლნელის სახელი და გვარი გულთამზე ბესალაშვილია, ეს ფსევდონიმი ბოლნისის სიყვარულმა დაარქმევინა. სწორედ ამ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით უძღვნის  ბოლნისსაც ლექსებს, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

       ბოლნისო

 ბოლნისო, ჩემო სანუკვარო ტრფობის მშვენებავ,

 ფრთიან ოცნების ფრთაგაშლილო, ფიქრის დინებავ,

მიმოქარგულო სანახებო წარმტაც ბუნებავ,

 დედულ-მამულო სავანეო, ფესვთა ფერებავ.

შეუდარებელ სიყვარულის,- მზეო სხივებავ,

სათაყვანებელს, უბერებელს, გიწყებ მხილებას,

 სიტურფე შენი თვით უფალმა ზეცით ინება,

ჭირგამოვლილო… სიხარული სახეს გიხდება…

წარსულის კვალთა ნატერფალი… მკერდში

 იზრდება,

ბოლი და ნისლი გაუფანტავთ, ბოლნელთ

გმირობას,

უშრეტ წყაროთა მადლით უხვით მიწა

 ირწყვება,

 ძველით-ახალთან საუცხოო დიდო ქმნილებავ!..

 მამულიშვითა-მამულისთვის თავის დადება,

 სულზე გაჩნია საგანძურად არ დავიწყება!

ჩაუმქრალ ვარსკვლავთ ქედს მოვუხრით გულის

 მშვიდებად,

 საბა-სულხანის, ნათლის სხივი ნათლით

 ბრწყინდება!..

სულმნათი ბერის განვლილ გზაზე, ლოცვა

გინდება,

 ძველი სიონის, ელიას მთის აღორძინებამ,-

გაგაასმაგათ!.. სიცოცხლის დღე

გაგიცისკროვნათ!..

ბოლნური ჯვარით განამტკიცოთ, ქართველთ

 დიდება.

უფალი გფარავთ, დიდი არის მისი განგება,

კრიალა ცაზე იციმციმონ ცისფრად ღრუბლებმა,

იფრინონ მშვიდად მტრედებმა და ლაღმა

გვრიტებმა,

შეგმატებოდეთ ბოლნელებო, გენით ლხინობა.

ქორწილ-ჯვრისწერით გამრავლება გამცნონ

წყვილებმა,

კერიას თქვენსას, იღუღუნონ გუნდად ჩვილებმა,

ჩამოჰკართ ხელი ჰე… ბოლნელნო ჩონგურს

სიმებსა,

ომახიანი გუგუნებდეს თქვენი სიმღერა.

გაფანტეთ ყველა სევდა დარჩი უფლის იმედად,

იმრავლეთ მარად, იდღეგრძელეთ, ჭერით-

 ფუძედან.

გამილამაზდით, შინ და გარეთ გექმნათ

მშვიდობა!..

ჩემო ბოლნელნო, ბოლნელობა გშვენით

 გიხდებათ.

-თქვენი ცხოვრება რომ სევდიანია ეს თქვენი წერის სტილშიც იგრძნობა, წერა გაძლევთ საშუალებას, რომ იპოვოთ შვება?

-წერის დროს ბოლომდე ვიხარჯები, შვებას მხოლოდ პოეზიაში ვგრძნობ, სამწუხაროდ თვესა და ხუთ დღეში უკუღმა დატრიალდა ჩემი ცხოვრება, მძიმე ტკივილი და სევდა მერგო… სასწაულად გადამირჩა შვილი, უფალმა ამისთვის არ გამწირა, თუმცა დავკარგე მეუღლე და მამა. სწორედ წერა მაძლიერებს და მცლის უარყოფითი ენერგიისგან.

-როდის დაიწყეთ წერა?

-წერის დაწყება უფლისგან ბოძებული წყალობაა ჩემს შემთხვევაში. შიში იმისა, რომ შევიშლებოდი, არ მაძლევდა საშუალებას, მოდუნების და არ მოქმედების. 2019 წელს დავიწყე წერა და დღემდე არ გავჩერებულვარ. მაქვს უკვე 3 წიგნის მასალა.

-ცხოვრება რომ თავიდან დაიწყოთ ისევ პოეზიას აირჩევდით?

-დიახ, ისევ პოეზია, მხოლოდ სევდასა და ტკივილს გავაქრობდი კადრებიდან, რომელიც სულს და გულს მიკლავს.

-რა არის ის, რაც ძალიან გტკივათ?

-მტკივა ადამიანების სიცივე, უგულო დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.

-ის, რაც ძალიან გსურთ.

-(ცრემლიც კი მომადგა) მსურს მენახოს საქართველო ერთიანი, მთლიანი, მოსიყვარულე ხალხით, მშვიდი  და ნათელი ფერებით.

-სამომავლო გეგმები?

-ვგეგმავ წიგნის გამოცემას, მიწვეული ვარ მოკლემეტრაჟიან ფილმში, სადაც პოეტის ცხოვრება უნდა განვასახიერო, რომლის ავტორიც თავად ვარ. დანარჩენ გეგმებს კი ჩემთვის შემოვინახავ.

ავტორი: მარინა გავაშელი

საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა

0

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი თბილისში დასაწყობდა, ხოლო დასავლეთის ტვირთმა ფოთის ტერმინალში მოიყარა თავი. კოორდინაციის პროცესს თბილისში, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მერაბ გამყრელიძე ხელმძღვანელობდა, ფოთში კი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.ჰუმანიტარული ტვირთი არამალფუჭებადი პროდუქტის, პირველადი მოხმარების საგნების, სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგება. ტვირთის მობილიზების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურადაა ჩართული კერძო და სამოქალაქო სექტორი.მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.

დაბა კაზრეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ კულტურას, მსოფლიოს, სხვადასხვა პროექტებით აცნობენ

0

,,პირველად ცხოვრებაში, შეგრძნება მაქვს, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო“-ასე ფიქრობს დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის ახალგაზრდა პედაგოგი ნინო მელიქიშვილი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა, რაც მასწავლებლად მუშაობს და ყველას  შეაყვარა თავი, როგორც ძალიან განათლებულმა და საინტერესო მასწავლებელმა.

მან  ოქროს მედალზე დაამთავრა დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარმატებით დასრულების შემდეგ  საფრანგეთში გაემგზავრა და საქართველოში მაგისტრის ხარისხით დაბრუნდა. პროფესიით ჟურნალისტს არ გასჭირვებია ინგლისური ენის   გამოცდის ჩაბარება და აისრულა ოცნება, საკუთარ სკოლას დაბრუნებოდა.

ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს, ნინო არაერთ კონკურსში იყო გამარჯვებული.   თავისუფლად თარგმნიდა მხატვრულ ტექსტებს ქართულიდან  ინგლისურ და რუსულ ენაზე და პირიქით, ის ყველა საგანს ერთნაირი ინტერესით ეუფლებოდა.  ნინოს წარმატების წინაპირობას,   ინგლისურის, ფრანგულის, რუსულის  მაღალ დონეზე ცოდნა განაპირობებს. ახალგაზრდა პედაგოგი ახლა უკვე ცოდნასა და გამოცდილებას მოსწავლეებს უზიარებს,ენერგიული და აქტიური ნინო მასწავლებელი აქტიურადაა ჩართული  პროექტებში, რომლითაც მოსწავლეები ეცნობიან და თავადაც  აცნობენ  სხვადასხვა ქვეყნის კულტურას,ისტორიასა და ტრადიციებს.

,,მაქვს კონტაქტები სხვა ქვეყნების ინგლისურის მასწავლებლებთან და მათთან ერთად ვატარებთ გაკვეთილებს სხვადასხვა თემატიკაზე: ეროვნული სამზარეულო, ჩვენი ქვეყნების ისტორია,  ლეგენდები, ეროვნული ტანისამოსი, ანდაზები, გამონათქვამები და ა.შ. საგაკვეთილო პროცესში ჩართული არიან მეშვიდე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები. ბავშვებს ძალიან მოსწონთ უცხოელ თანატოლებთან ერთად მუშაობა, რაც მეც  მმატებს მოტივაციას  და ძალიან მახარებს. ბავშვები გამუდმებით მთხოვენ დაგეგმვას,  თვითონაც აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში.

ასევე,  სხვადასხვა ქვეყნის ინგლისურის მასწავლებლები, ჩვენი მოსწავლეებისთვის ე.წ. “კალმის მეგობრებს” ვეძებთ. პროექტის მიხედვით, ბავშვები ერთმანეთს მეილებს მისწერენ და დამეგობრდებიან. მათი საუბრები სრულიად პირადულია და მასწავლებლები, კონტაქტების მოძიების იქით, აღარ ვერთვებით. გვაქვს შემოთავაზებები ინდონეზიიდან, ვიეტნამიდან, ჩილედან. ბავშვებს სტიმულს სძენს ის ფაქტი, რომ ინგლისური ენის პრაქტიკულ გამოყენებას ახერხებენ. ამასთან,  სხვა ქვეყნების თანატოლებთან ამყარებენ კავშირებს.

„დრამა კლუბის“ ფარგლებში კი, 25 მაღალკლასელთან ერთად, ვიკრიბებით და განვიხილავთ შექსპირის პიესების თანამედროვე ვერსიებს. ყველას გვაქვს  ჩვენი როლი, ვკითხულობთ ჩვენს ტექსტს ინგლისურად და ძალიან ვერთობით. მრავალჯერ ერთი და იმავე ტექსტის წაკითხვის შედეგად ბავშვები ინგლისურად მეტყველებას სწავლობენ,ერთობიან და ამასთან მასწავლებელთან ერთად განიხილავენ სხვადასხვა საჭირბოროტო თემას: ფემინიზმი, ქალთა ყოფა წარსულში, სიყვარული და აკრძალვები, ოჯახური კონფლიქტები, ძალადობა და სხვა. მსგავსი აქტივობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სკოლაში ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც ინგლისურის სწავლა არამხოლოდ საჭირო, არამედ სახალისოცაა.ბავშვებს უყვართ ცოდნის სხვებისთვის გაზიარება, მითუმეტეს, არაფორმალურ გარემოში და პირადად მე, არაფორმალური განათლების დიდი თაყვანისმცემელი ვარ.“-აღნიშნა ნინო მელიქიშვილმა.

ავტორი: მაგდა დევნოზაშვილი

კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა მარტის თვეშიც გრძელდება

0

200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება.

ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია, თვის განმავლობაში ორჯერ მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას. ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნება, სოციალური მომსახურების სააგენტო, „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშებს თავად გაუხსნის.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/

აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც.

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3 და 15 22-ს

რეგიონში მედიკამენტებზე საშეღავათო პირობები დაწესდა – გიორგი დოხტურიშვილის მორიგი ინიციატივა

0

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა რეგიონში მოქმედი სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა – დოკუმენტის თანახმად, დღეიდან ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის მედიკამენტები და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებები კვირის ნებისმიერ დღეს, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასით გაიცემა. მემორანდუმს ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და 6 კომპანიის – ,,ავერსი – ფარმა“ ,,პსპ ფარმა“, ,,ფარმადეპო”, ,,გეფა“, ,,ინპექსფარმი“ და ,,კალანდაძე“ – ს წარმომადგენლებმა მოაწერეს. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.

ბოლნისში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თქვენი თანადგომა სჭირდება

0

2 მარტს, ქალაქ ბოლნისში,  ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარმა ხანძარმა, ორი ოჯახი დააზარალა. ერთი სახურავის ქვეშ მყოფი ჩხეტიანებისა და მეტივიშვილების საცხოვრებელი დაიწვა. როგორც დაზარალებულები გვიყვებიან, შუაღამისას ხმაურზე გაიღვიძეს, გარეთ გასულები კი მძიმე მდგომარეობის მომსწრენი გახდნენ, მათ მხოლოდ  მრავალშვილიანი ოჯახის გაღვიძება მოახერხეს. 13 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა. როგორც ისინი ვარაუდობენ, ხანძარი ელექტოენერგიის გაყვანილობამ გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. თუმცა ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერ  მოხერხდა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა.

მომხდარ ფაქტს,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან, მყისიერი რეაგირება მოჰყვა, მუნიციპალიტეტის მერი არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო, მდგომარეობა შეისწავლა სპეციალურმა კომისიამ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის შესაბამისად, სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გაუწევს ზარალის ოდენობის შესაბამისად, მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, არაუმეტეს 20 000 ლარისა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დაზარალებული ოჯახები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მატერიალურ დახმარებას უახლოეს მომავალში მიიღებენ, თუმცა სახლების აღდგენას გაცილებით მეტი სჭირდება. აღნიშნულ ფაქტს, სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მოსახლეობის თხოვნით ვაქვეყნებთ დაზარალებული ოჯახების ანგარიშის ნომრებს.

ასლანიკაშვილების ოჯახი: #GE78LB0711103177079640 ლიბერთი ბანკი მიმღები: ნელი ასლანიკაშვილი

მეტივიშვილების ოჯახი:თიბისი ბანკი #GE61TB7234345064300031 მიმღები გიორგი მეტივიშვილი

საქართველოს ბანკი#GE03BG0000000527560961თამარ მეტივიშვილი

საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირში გაწევრიანებულ ქალბატონებს სარვამარტო საჩუქრები გადაეცათ

0

საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის  ბოლნისის მუნიციპალიტეტის  ორგანიზაცია, ყოველწლიურად ანებივრებს მის წევრ ქალებს,  ტრადიციას არც წელს უღალატა და აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ქალბატონებს, გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა და სიმბოლურად, სარვამარტო საჩუქრები გადასცა.

,, ყველა ქალბატონს, განსაკუთრებით კი ჩვენი ორგანიზაციის წევრ ქალებს, ვულოცავ  ქალთა საერთაშორისო დღეს,  ყოფილიყვნენ მუდამ გაზაფხულივით ლაღები და ლამაზები, ვუსურვებ მშვიდობას და ჯანმრთელობას რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია.  ამ დღესთან დაკავშირებით  ტრადიციულად, 140 ქალბატონს, პროფკავშირის სახელით, სარვამარტო საჩუქრები გადავეცი“,განაცხადა საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროფესიული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მარინა დვალიშვილმა.