Home Blog გვერდი 137

,,ვუსამძიმრებ გია ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავას ოჯახებსა და ახლობლებს”-დავით შერაზადიშვილი

0

,,მინდა ჩემი მწუხარება გამოვხატო უკრაინაში დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის, გია ბერიაშვილის გარდაცვალების გამო.უკვე 25-ე დღეა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე არ წყდება საომარი მოქმედებები,რასაც არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის,სამწუხაროდ, სამი ქართველი მეომარია.ვუსამძიმრებ გია ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავას ოჯახებსა და ახლობლებს. ისინი იბრძოდნენ თავისუფლების მოყვარე, მათი მეგობარი უკრაინელების გვერდით ,რათა შეეჩერებინათ რუსული აგრესია, მათ სწამდათ, რომ ყველა ბრძოლას აქვს აზრი.დიდება გმირებს!”-წერს ოფიციალურ გვერსზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზდიშვილმა, მის მოადგილეებთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელთან ერთად, პროგრამის ფარგლებში, ბოლო შეხვედრები სოფელ აკაურთასა და ძველ ქვეშში გამართა.მერი მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ხმათა უმრავლესობით, სოფელ აკაურთაში გარე განათების ქსელის მოეწყობის სამუშაოები დასრულდება, ძველ ქვეშში კი სასაფლაო შემოიღობება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი.„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დავასრულეთ. ჩვენ პირადად მოვისმინეთ ის საჭიროებები, რაც ჩვენი მოქალაქეების წინაშე დგას. სოფლის პროგრამის ფარგლებში, წელს მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება დაიგეგმა. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იყო ჩართული და განსახორციელებელი პროექტებიც სწორედ მათ შეარჩიეს. ვფიქრობ, ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია და ჩვენი ვალდებულებაა სოფლის განვითარებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

0

ბოლნისში მოსულმა ძლიერმა თოვლმა მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებში გადაადგილების პრობლემა შექმნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი ტექნიკით გაწმენდითი სამუშოები მიმდინარეობს ტანძიისა და დარბაზის თემში.

ამას გარდა, ბოლნისის მერიამ, ტექნიკის მობილიზების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა კერძო კომპანიებთან, ამ ეტაპზე შემოყვანილია 2 ერთეული სპეც-ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს ბოლნისი-წუღრუღაშენი-ფოლადაურის, ბოლნისი-დისველისა და სოფელ მუშევანის მიმართულებით.

გაწმენდითი სამუშაოების პროცესს ბოლნისის მუნციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მერიის სივრიცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად ადგილზე ეცნობა.

სპეც-ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს, საჭიროებისამებრ, ინტენსიურად განახორციელებს.

ბოლნისის მერია მოუწოდებს მოსახლეობას , იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

,,ვუთანაგრძნობ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს”- გოგი მეშველიანი

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი უკრაინაში დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის გია ბერიაშვილის , ქართველი მეომრების: დავით რატიანის, ბახვა ჩიქობავას ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„ მწუხარებას გამოვთქვამ უკრაინაში დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის გია ბერიაშვილის გამო. დღითიდღე გვიახლოვდება რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული არნახული აგრესია, რასაც უამრავი ადამიანის , მათ შორის ჩვენი მებრძოლების სიცოცხლე ეწირება. ვუთანაგრძნობ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების : გია ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავას ოჯახებსა და ახლობლებს. მათ საკუთარი სიცოცხლე გასწირეს, იბრძოდნენ და სწამდათ, რომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლიდნენ. დიდება გმირებს!“ – წერს გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში.

,,არის მომენტები, როცა სამყაროსგან განდგომა ყველაფერს გირჩევნია, მაგრამ ვიკრებთ ძალებს”- ნანა თვაური

0

 ცხოვრება სავსეა მოულოდნელი ბედნიერებითა და თავს დატეხილი სიურპრიზებით. თუ მასწავლებელი ხარ და ეს შენი ცხოვრების წესია, ნუ გამიჯნავ მას რეალური ცხოვრებისგან. შენს მოსწავლეებს დაანახე, რომ ცხოვრება შეიძლება იყოს სევდიანიც და მხიარულიც, ის ჭრელია და მთავარია, ამ სიჭრელეში,   შენთვის სასურველი  ფერის პოვნა შეძლო. ,,არის მომენტები, როცა  სამყაროსგან  განდგომა ყველაფერს გირჩევნია, მაგრამ ვიკრებთ ძალებს, ტკივილს გულში ვიქვავებთ, ვდგებით და მივდივართ, მივდივართ მათთან, რადგან ვიცით, რომ ისინი გველოდებიან,  ჩვენ მასწავლებლები ვართ და  ეს ჩვენი ვალია’’.

გიამბობთ პედაგოგზე, რომელმაც მძიმე და ტკივილიანი ცხოვრების გზა განვლო, მაგრამ სულიერად არ დაეცა, არაერთი ღირსეული თაობა აღზარდა და დღესაც, იმავე შემართებით და პასუხისმგებლობით უდგება თავის პროფესიას. ტკივილი მოსწავლეების სიყვარულმა შეუმსუბუქა, დღეს ჩვენ გიამბობთ ნანა თვაურის ტკივილიან ცხოვრებაზე და საკლასო ოთახს მიღმა დატოვებულ მწუხარებაზე.

-ქალბატონო ნანა, გვიამბეთ თქვენზე.

 -დავიბადე 1956 წელს ქ. გორში.  ბედნიერი ბავშვობა მე-4 კლასამდე გაგრძელდა. მე-3 კლასი რომ დავამთავრე, ზაფხულში, ავარიაში გარდამეცვალა 37 წლის მამა და დავრჩით 4 ობოლი. დედას  არასოდეს უმუშავია. გავიზარდე გაჭირვებაში. ისე დავამთავრე სკოლა,  არასდროს  ვყოფილვარ ექსკურსიაზე, დაბადების დღეზე  და სკოლის გამოსაშვებ საღამოზეც კი. ვსწავლობდი კარგად, ვიყავი წარჩინებული მოსწავლე, რადგან სხვა არაფრის იმედი არ მქონდა. ზუსტად გაჭირვება იყო  სწავლის მოტივაცია. ოთხივე და-ძმამ მივიღეთ უმაღლესი განათლება. პირველ წელსვე ჩავირიცხე ქ. გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და დავამთავრე წარმატებით.

-ბოლნისში როგორ მოხვდით?

-ოჯახის შექმნის შემდეგ მოვხვდი ბოლნისში, კერძოდ, დაბა კაზრეთში. 1979 წლის სექტემბერში დავიწყე მუშაობა დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში ფიზიკის პედაგოგად.

ჩემი ცხოვრების დევიზი იყო და არის ობოლი და გაჭირვებული ადამიანების თანადგომა.  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის გამო, საქმეს არასოდეს  ვაკეთებ მოვალეობის მოხდის მიზნით.

 სიგელი, ,,ყველაზე ნიჭიერი“ პედაგოგი,  რომლითაც მოსწავლეებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მაღიარეს, დღესაც მახარებს. 2005-2006 წლებში რაიონის წარმატებულ მასწავლებლად დამასახელეს და  ფულადი ჯილდოც გადმომცეს.

-რატომ აირჩიეთ პედაგოგობა?

 – ძალიან მიყვარდა  ფიზიკის მასწავლებელი, რომელიც ჩემთვის იყო მაგალითი. მომწონდა ბავშვებთან ურთიერთობა. პრობლემებს სახლში ვტოვებ და უფრო მეტი ენერგიით ვცდილობ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა, რაც გამომდის კიდეც.  უანგაროდ ვეხმარები და გვერდში ვუდგავარ ყველა მოსწავლეს, რომელსაც უჭირს სწავლა. არასოდეს  ვარ ჩასაფრების პოზიციაში, ვცდილობ მარტივად შევასწავლო ეს, ერთი შეხედვით, რთული საგანი. ამაში კი ძალიან დამეხმარა ჩემი მეორე ოჯახი, საუკეთესო, გამორჩეული სკოლის გუნდი და  მეგობრები. მათი დახმარებით ბევრი რამ შევძელი.  გავზარდე თაობები. ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც არის წარმატებული, რაშიც ჩემი წვლილია და ვამაყობ კიდეც ამით.

-როგორია თაობებს შორის განსხვავება?

-თაობებს შორის განსხვავება იმდენად დიდია, ჩამოთვლა შორს წამიყვანს. ადრე სწავლის მოტივაცია იყო მეტი, სწავლის ხარისხი მაღალი. მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდათ, ეს ალბათ იმითაც იყო განპირობებული, რომ ატესტატში შეფასება იწერებოდა, ტარდებოდა გამოცდები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები განვითარდა, კომპიუტერის საშუალებით შეიძლება ბევრი მზა ინფორმაციის მიღება და გამოყენება, მოტივაცია მაინც ნაკლებია.

ჩემი აზრით, წიგნი შეუცვლელია, ის საუკეთესო ცოდნის წყაროა, რასაც ახლანდელი თაობა დაშორდა.

განსაკუთრებით პანდემიის პირობებში დაიწია განათლების  ხარისხმა. თითქოს იმის მიღება უნდათ, რასაც არ იმსახურებენ.

როგორი უნდა იყოს პედაგოგი?

-პედაგოგი პირველ რიგში მოწოდებით უნდა იყო. უმთავრესია  ბავშვების სიყვარული,  სამართლიანობა და ობიექტურობა, რითიც იმსახურებ მოსწავლეთა დიდ სიყვარულს.  გულწრფელად ვიტყვი, მოსწავლეებისაგან სიყვარული არ მაკლია. მათგან ყოველთვის ვგრძნობ პატივისცემას.   ჩემი ძირითადი სამუშაო მიმართულება ისაა, რომ მოსწავლეებს შევაყვარო  საგანი – ფიზიკა, რომელიც მართლა ძალიან საინტერესოა და  ცხოვრებაშიც ბევრჯერ გამოადგებათ.

დღეს როგორ ცხოვრობთ?

-მიმძიმს ამ კითხვაზე პასუხი, რადგან გადავიტანე ისეთი ტრაგედია, რასთანაც ჩემი ბავშვობის ტკივილი, მოსატანიც არაა.

გარდამეცვალა წარმატებული, საუკეთესო შვილი თავის ოჯახთან ერთად,  მაგრამ ვაგრძელებ ცხოვრებას, ვცდილობ უფრო ძლიერი ვიყო ( ეს თვისება ბავშვობიდან გამომყვა).

რას ურჩევთ დამწყებ პედაგოგს? 

-ახალგაზრდა პედაგოგებს ვურჩევ, პირველ რიგში უყვარდეთ თავისი პროფესია და ბავშვები. ჰქონდეთ ნებისყოფა,  რაც მთავარია, დიდი შრომით მიიღწევა ყველა წარმატება.   არასოდეს იყო სხვის იმედზე, შენ უნდა შეეცადო შენით დადგე მყარად ფეხზე.

თქვენი გადმოსახედიდან, რას შეცვლიდით სასკოლო პროცესში?

-ვისურვებდი, მოსწავლეებში სწავლის მიმართ ინტერესი მეტი იყოს. ამისთვის  აუცილებელია  გამოცდები, რომ ბავშვებმა მეტი იშრომონ.  მინდა   ყველა პედაგოგს და მოსწავლეს ჯანმრთელობა ვუსურვო,  არ მინდა სხვის თვალში ცრემლის დანახვა,  თუ ასე მოხდება, ეს იყოს სიხარულისა და ბედნიერების ცრემლი.

-მადლობა საინტერესო საუბრისთვის, „გაზეთი ბოლნისი“ გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას.

ავტორი:მაგდა დევნოზაშვილი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ განხორციელება იგეგმება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა Mercy Corps Georgia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. Mercy Corps Georgia-ს წარმომადგენლებმა მერის მოადგილეს პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ დეტალები გააცნეს. მხარეებმა ასევე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ 3.5 წლიანი პროექტია, რომელსაც, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის(ADC) დაფინანსებით, მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას.პროექტი განხორციელდება საქართველოს 4 რეგიონის 18 მუნიცპალიტეტში, კერძოდ, ქვემო ქართლში: ბოლნისის, რუსთავის, მარნეულის, გარდაბანის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში, სამცხე-ჯავახეთში: ბოჯრომის, ასპინძის, ადიგენის, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლში: გორის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, მცხეთა-მთიანეთში: მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.

უკრაინაში მოხალისედ წასული ბოლნისელი მებრძოლი რუსულ აგრესიას შეეწირა

0

დღეს, გამთენიისას, უკრაინაში, ქალაქ ირპენთან რუსი ოკუპანტების მიერ ქართულ ლეგიონზე საარტილერიო თავდასხმისას ორი ქართველი მოხალისე  მებრძოლი დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი  დაბა კაზრეთელი გია ბერიაშვილია.

გია ბერიაშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, რუსული აგრესიის წინააღმდეგ,  2008 წელსაც იბრძოდა.

სტუდია ,,პრესტოს” მოცეკვავეებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს

0

ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ლათინო-ამერიკული ცეკვების სტუდია ,,პრესტოს” მოცეკვავეებმა ,,გიორგი რიჟამაძის თასი 2022”-ზე მიიღეს მონაწილეობა და ტურნირზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

წყვილებს შორის გამართულ კონკურსში II ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდნენ სანდრო ბერიძე და ლილი მაღალიანი, თამაზ ყანჩელაშვილი და მარინა აბრამიანი. ფინალურ ტურში ანა გრძელიშვიმა დაიკავა IV, ხოლო მარიამ კორტავამ – VI ადგილი.

აღნიშნულ ტურნირს ორგანიზებას ქვემო ქართლის თანამედროვე და სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტი ანზორ ბლიაძე უწევდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

0

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებები და კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს.

სოფელ რაჭისუბნისა და ქვემო ბოლნისის მოსახლეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედა და სოფლებში არსებულ საკითხებს ადგილზე გაეცნო.

ხმათა უმრავლესობით, სოფელ რაჭისუბანში გარე განათების ქსელის მოეწყობის სამუშაოები დასრულდება, ქვემო ბოლნისში კი სასმელი წყლის დაზიანებულ მილს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა (16.03.2022)

0

სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

მინდა მოვუწოდო ჩვენს მრევლს (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფთ) მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისთვის.  

ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ (ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში)  შევეცადოთ, ყველამ  ერთად შევავედროთ  უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ დახმარება  დიდი ძალის მქონე ამ ლოცვით:

„მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნთესავისა ქრისტიანეთასა, ამინ“  (ვთქვათ სამჯერ).

ღმერთო, გადაარჩინე უკრაინა, გადაარჩინე საქართველო და მსოფლიო!

კვირას, 20 მარტს, კი სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, წირვის შემდეგ გადაიხადონ სავედრებელი პარაკლისი უკრაინაში მშვიდობისათვის და პანაშვიდი ამ ომში გარდაცვლილთათვის.

ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და შეგვიწყალოს, ამინ!