Home Blog გვერდი 130

მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 და რეაბილიტირდება 412 საბავშვო ბაღი-პრემიერ მინისტრი

0

მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 და რეაბილიტირდება 412 საბავშვო ბაღი.პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა და განათლების მიღებისთვის საჭირო ყველა პირობა.

2022-2026 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაციაა დაგეგმილი

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, 2022-2026 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაციაა დაგეგმილი. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. ყველა რეაბილიტირებული და ახლად აშენებული სკოლა აღიჭურვება საჭირო რესურსით და თანამედროვე ინვენტარით, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. კეთილმოეწყობა კლას-კაბინეტები, საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები, ექიმის კაბინეტები, სპორტული მოედნები და ეზოები.თბილისსა და რეგიონებში აშენდება 80 ახალი სკოლა, სრულად რეაბილიტირდება 220 სკოლა, ხოლო ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 500 სკოლას. პროექტის ბიუჯეტი, რომელიც საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას და გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, 1 მილიარდი ლარია და მისით 200 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 20 მილიონი ლარის ღირებულების სესხებია გაცემული

0

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 20 მილიონი ლარის ღირებულების სესხებია გაცემული. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში, აღნიშნული მიმართულებით სესხების გაცემის მიზანია, ფერმერებს შეუმცირდეთ ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯი და შესაძლებლობა მიეცეთ მოიყვანონ მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტი.

2022-2025 წლებში, 13 000-მდე დევნილი ოჯახი, ახალ საცხოვრებელს მიიღებს

0

იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, ახალ საცხოვრებელს, 2022-2025 წლებში, 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს.7000-მდე დევნილ ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსებში, თანამედროვე სტანდარტების, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ. კორპუსების მშენებლობა 2022 წლის გაზაფხულზე თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში დაიწყება და ეტაპობრივად დასრულდება. ამ ეტაპზე, ქუთაისში დასრულების ფაზაშია 700 ბინის მშენებლობა, რომლებიც ოჯახებს შემოდგომაზე გადაეცემათ. პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით 700 000 000 ლარია.ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების ალტერნატიული პროექტის (რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახები თავად მოიძიებენ ბინებს), ასევე ,,სოფლად სახლის“ ფარგლებში, 2022-2024 წლებში 6000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. პროექტების ჯამური ღირებულება 200 000 000 ლარია.პროგრამის მიზანი იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.

„ძმების მარანი“ და ბოლნისში აღდგენილი ძველი ქართული ტრადიცია

0

ბოლნისში მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინება, ორი საუკუნის წინ, „შვაბების“ ჩამოსახლებას უკავშირდება, მათ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით გააშენეს ვენახები და დაიწყეს ღვინის წარმოება ევროპული მეთოდით, მას შემდეგ ბოლნისში ამ საქმიანობას  წარმატებით მისდევენ. თუმცა, რამდენიმე წელია, მეღვინეებმა ტრადიციას ახალი დატვირთვა შესძინეს, რომლის აღორძინება-განვითარების საქმეში დიდი წვლილი გურამ ავქოფაშვილმა შეიტანა. სწორედ მის წარმოებაზე გიამბობთ დღეს, თუ რა გზა გაიარა „ძმების მარანმა“, რომელიც 2015 წელს დაარსდა და ქვევრის ღვინო პირველად 2016 წელს ჩამოასხა. „ძმების მარანი“ ოჯახური მეღვინეობაა და მასში  ყველა წევრი მონაწილეობს. მარნის დაარსებასა და განვითარებაზე  ახალგაზრდა მეღვინე, „ძმების მარანის“ მარკეტინგისა და საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი მაკუნა ავქოფაშვილი გვიამბობს:

-მიხარია, რომ  აქტიურად ვარ ჩართული ჩემი ოჯახის საქმიანობაში,  ყოველდღიურად ვცდილობთ   ბევრი სიახლე შევთავაზოთ  ღვინის მოყვარულებს. ჩემი ოჯახი  ღვინოს 1900 წლიდან აწარმოებს. 2015 წლამდე ღვინოს პირადი მოხმარებისთვის ვაწარმოებდით, გვქონდა ძველი გერმანული მარანი და ვენახი. 2015 წელს კი,  ბიძამ და მამამ გადაწყვიტეს, ოჯახური მეღვინეობისათვის ბიზნესის სახე მიეცათ და სწორედ, ამ პერიოდიდან  დაიწყეს ძველი ქართული ტრადიციის აღდგენა – ქვევრებში ღვინის დაყენება და   ბოთლებში ჩამოსხმა. მე ცოტა მოგვიანებით შევუერთდი, თუმცა ახლა  თითქმის ყველა ეტაპზე ვარ აქტიურად ჩართული, დაწყებული ვენახის მოვლიდან, ღვინის დაყენებისა და რეალიზაციის პროცესით დამთავრებული. საკმაოდ რთული, გამოწვევებით სავსე პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა დიდმა მონდომებამ და საქმისადმი სიყვარულმა შეგვაძლებინა ის,  რომ დღეს ბოლნისური მეღვინეობა ქართული ღვინის რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

-რატომ გადაწყვიტეთ ქვევრის ღვინოების წარმოება და, რა სახეობის ღვინოებს აწარმოებთ?

-გვსურდა ბოლნისში  ძველი ქართული ტრადიციის აღდგენა, ერთგვარი ექსპერიმენტი  და გამბედაობა იყო  ჩვენი მხრიდან, რომ დაგვეწყო ქვევრის ღვინოების დაყენება.  ვაწარმოებთ ღვინოებს მხოლოდ ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან: რქაწითელი, საფერავი, თავკვერი,  ჩინური.   სამომავლოდ გეგმაში გვაქვს სხვადასხვა  ჯიშების დამატება  და  ღვინოების ასორტიმენტის გაზრდა.

-რამდენად შრომატევადია ვენახის მოვლა და  ღვინის დაყენება?

– საკმაოდ შრომატევადია ვენახში მუშაობა, ვაზის სწორი  მოვლა,   სამუშაოების დროულად ჩატარება, რაც   წინაპირობაა ხარისხიანი ყურძნის მიღების. თუმცა, ამავდროულად, ძალიან სასიამოვნო პროცესია, როცა თავად უვლი,  მთელი ოჯახი ჩართულები ვართ  და ყველას ჩვენ- ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვაქვს, რაც საბოლოოდ  ღვინოების წარმატებაზე აისახება. ასევე ძალიან გვიყვარს რთველის პერიოდი, რომელიც ყველაზე დადებითი ემოციების მომტანია.

-გვიამბეთ თქვენს მარანზე

-ჩვენს მარანში არის ოჯახური გარემო, ვაწარმოებთ ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრის ღვინოებს, ასევე წელს დავიწყეთ ევროპული მეთოდით ღვინის დაყენება. წელიწადში ვაწარმოებთ 3000 ბოთლ ნატურალურ ღვინოს. ვმასპინძლობთ ტურისტებს, ვგეგმავთ ტურისტულ მარშრუტებს, სტუმრებს ვუმასპინძლდებით ადგილობრივი, სახლში მომზადებული კერძებით. მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტების ინტერესი გაიზარდა მას შემდეგ, რაც „ღვინო ბოლნისი“ საქპატენტის მიერ, დარეგისტრირდა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოდ. ჩვენი მარანი არის ძველი გერმანული და შენარჩუნებულია ის სიძველე, რაც იყო 200 წლის წინ, როცა ამ  სახლში გერმანელები ცხოვრობდნენ, აწარმოებდნენ ღვინოს  შვაბური ტექნოლოგიით. ვცდილობთ,  ავთენტურობა შევუნარჩუნოთ,  უცხოელი სტუმრებისთვის  ემოციურია იმ ისტორიების მოსმენა, რაც კატერინენფელდში მცხოვრებ გერმანელებს უკავშირდება.

-როგორია ინტერესი ბოლნისური ღვინოების  მიმართ და კონკრეტულად „ძმების მარანის“ ღვინოებზე?

– საკმაოდ გაიზარდა ღვინოების ხარისხი . ამაში  უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი, ჩვენს ყველაზე დიდ მხარდამჭერ ღვინის ლაბორატორიას და მის თითოეულ თანამშრომელს. ინტერესი ასევე განპირობებულია იმით, რომ არის საკმაოდ მსუბუქი, არომატული.   რაც შეეხება ჩვენს ღვინოებს,  საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა,  შრომა,  გამოფენა – კონკურსებში  მონაწილეობის მიღება, რომ ბევრს გავეცანით, მიგვეღო რჩევები  და შენიშვნები, რომ გაგვეზარდა ხარისხი. ამ თანმიმდევრულობამ  მოგვიტანა   წარმატება. ადგილობრივი ბაზრის გარდა ღვინოებს ვყიდით ავსტრალიაში, ბელგიაში და წელს პირველად, „ძმების მარანის“ ღვინოები აზიის კონტინენტზე გავაგზავნეთ და შანხაიში, სხვადასხვა ღვინის ბარებსა და რესტორნებში იყიდება. ეს  კი არამარტო „ძმების მარანის“, არამედ ბოლნისური მეღვინეობის დიდი წარმატებაა.

-როგორია თქვენი ღვინის გემოვნური თვისებები?

-ჩვენი ღვინოები საკმაოდ განსხვავებული, განსაკუთრებული, მსუბუქი და არომატულია. რასაც აღნიშნავენ უცხოელი პარტნიორები, მათთვის ბოლნისური ღვინოები საინტერესო აღმოჩენაა ბოლო წლების განმავლობაში, ეს განსხვავებულობა განპირობებულია  ნიადაგითა და კლიმატური პირობებით.

-,,ძმების მარანი’’, რატომ გადაწყვიტეთ ეს სახელი, საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული ეტიკეტიც გაქვთ,  იქნებ მოკლედ მოგვიყვეთ?

-სახელზე ბევრი არ გვიფიქრია, რადგან მამას და ბიძას იდეა იყო  ოჯახური საქმიანობა ბიზნესად გვექცია და შესაბამისად, სახელიც ლოგიკური იქნებოდა, რომ ყოფილიყო „ძმების მარანი“. რაც შეეხება ეტიკეტს, ჩვენი მარნის დაარსების დღიდან, ბევრი ცვლილებები შეგვქონდა და საბოლოოდ,   საინტერესო, კრეატიულ და განსხვავებულ ეტიკეტზე იმუშავა ჩვენმა ავსტრალიელმა პარტნიორმა ეიდენ რაფტერმა. ნამუშევარმა საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მარტივად და გასაგებად მიწოდებული ლეიბლია, რაც დიდ ემოციას იწვევს ღვინის მოყვარულებში.

-„ძმების მარანი“ გაერთიანება „ღვინო ბოლნისის” წევრია, რა მოგიტანათ  გაერთიანების წევრობამ?

-დიახ, ჩვენ ამ გაერთიანების წევრები ვართ და ისეთ  საინტერესო აქტივობაში მონაწილეობის საშუალება გვაქვს,  როგორიც არის საერთაშორისო გამოფენა-კონკურსები, სხვადასხვა დეგუსტაციები. ასევე გაერთიანება საშუალებას გვაძლევს ღვინის ხარისხი მუდმივად ვაკონტროლოთ ლაბორატორიული კვლევებით. სულ ბოლო აქტივობა,  კომპანია „არემჯისთან“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და  ბოლნისის აგროცენტრთან ერთად შედგა, იყო პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში.   ღვინოები ადგილობრივი  ღვინის ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლებმა, ღვინის მოყვარულებმა და მედიის წარმომადგენლებმა შეაფასეს. ვფიქრობ, მეღვინეთა გაერთიანება კომპანია „არემჯისთან“ და მერიასთან ერთად,  მომავალშიც  საინტერესო აქტივობებში მონაწილეობის საშუალებას მოგვცემს,

– როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევების წინაშეა  ქართული ღვინო და  რა სჭირდება ბოლნისურ მეღვინეობას მეტი ცნობადობისთვის?

– ჩემი აზრით, მთავარ გამოწვევად  რჩება ღვინის ხარისხი, ბაზრების დივერსიფიკაცია და  მარკეტინგული კამპანიები. აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ღვინის ხარისხის კონტროლი, რაც უფრო მეტად გაზრდის ინტერესს ქართული ღვინოების მიმართ საერთაშორისო ბაზრებზე. 

-სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევით?

-ჩვენი სამომავლო გეგმებია, ბევრ გამოფენა-კონკურსში მონაწილეობის მიღება, მარკეტინგული კამპანიების გაძლიერება, რათა კიდევ უფრო მეტად  გაიზარდოს ცნობადობა ბოლნისური მეღვინეობის მიმართ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია „ძმების მარანისათვის“ საექსპორტო ბაზრების გაზრდა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ.

ავტორი:მაგდა დევნოზაშვილი

„არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო – Leader of the Year დასაქმებულთა რაოდენობის კრიტერიუმით მიენიჭა

0

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის  დაჯილდოების რიგით მე-12   ცერემონიაზე, კომპანია „არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year უკვე მესამედ გადაეცა. კომპანიას ლიდერის სტატუსი, ობიექტურ რანჟირებაზე დაყრდნობით  ამჯერად  დასაქმებულთა რაოდენობის კრიტერიუმით მიენიჭა.

“ჩვენმა კომპანიამ უკვე მესამედ აიღო ეს ჯილდო. მიუხედავად ორი რთული, პანდემიური წლისა მოვახერხეთ და შევქმენით 740 ახალი სამუშაო ადგილი, რაც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, რეგიონისთვის და ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. არემჯი არის ლიდერი კომპანია საქართველოში სამთო მოპოვებით დარგში და ლიდერი ამ დარგში დასაქმების კუთხით“ – განაცხადა გიორგი ჩხეიძემ, „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.

ბიზნეს რეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და  აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის  2015 წლიდანსაქართველოს. ბიზნეს რეიტინგების კავშირის პარტნიორი 2017 წელს გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია,  ამ პერიოდიდან  ბიზნეს-კომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year. კომპანიების წარდგენა საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად ხდება იმ მონაცემებზე დაყრდნობით, თუ როგორია კომპანიის წლიური ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა  და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხები და სხვა.

წლევანდელ ცერემონიაზე საერთაშორისო ჯილდო ჯამში 30 ქართულ და საერთაშორისო კომპანიას გადაეცა.  „არემჯიმ“ აღნიშნული ჯილდო უკვე მეორედ მიიღო.

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150-ლარამდე გაიზრდება

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150-ლარამდე გაიზრდება.

„ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი გუნდის მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით მრავალი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, 50 ლარი იყო და 100 ლარი გახდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დამხარება 150 ლარი გახდეს. 1-ლი ივნისიდან, თითო ბავშვზე, აღნიშნული დახმარება 150 ლარს შეადგენს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პერმიერის განცხადებით, წელს, ამ მიმართულებით, ბიუჯეტი 341 მილიონ ლარს შეადგენს.

„ასევე, ეს დახმარება გაგრძელდება მომავალ წელსაც. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ აღნიშნული გაგრძელდეს ყოველ წელს, რადგან ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არემჯი მოფარიკავე სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა

0

კომპანია არემჯი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობის და ინდივიდუალური სპორტსმენების მხარდაჭერას. 

კომპანიამ მიმდინარე კვირას ოფიციალური სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძესთან, რომელიც ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგში #4 ადგილს იკავებს. სანდრო ბაზაძის სპორტული წარმატების მაგალითმა და წლის დასაწყისში თბილისში მაღალ დონეზე ორგანიზებულმა მსოფლიო თასმა კომპანია სპორტის ამ სახეობით დააინტერესა.

„ფარიკაობა ჩვენთვის ახალი მიმართულებაა. ჩვენი კომპანია 14-17 იანვარს თბილისში გამართული მსოფლიო თასის გენერალური სპონსორი იყო, სადაც სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა.  არემჯი სანდრო ბაზაძის ოფიციალური სპონსორი 2022 წლის კალენდრით გაწერილ შეჯიბრებებსა და ტურნირებზე იქნება. სანდრო ძალიან ნიჭიერი და ძლიერი სპორტსმენია და ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ მასზე.“განაცხადა არემჯის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა. 

„2022 წლის მთავარი გეგმა ზაფხულში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე წარმატების მიღწევაა, რისთვისაც მთელი მონდომებით ვემზადები. ამ ეტაპზე ვვარჯიშობ საფრანგეთში, ერთ ერთ უძლიერეს მწვრთნელთან კრისტიან ბაუერთან, რომელიც არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. ვფიქრობ ეს ყველაფერი აუცილებლად დადებით შედეგს გამოიღებს. წლის დასაწყისში ჩვენი თანამშრომლობა არემჯისთან დიდი წარმატებით დაიწყო, მსოფლიო თასზე კომპანიის მხარდაჭერით ოქროს მედალი მოვიპოვე. ვფიქრობ ეს იყო საუკეთესო სტარტი  და ძალიან ვეცდები, რომ ეს წელი ასეთივე წარმატებებით გავაგრძელო.“ – აღნიშნა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ.

სპორტისა და  ჯანსაღი ცხოვრების წესი ხელშეწყობა არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.  კომპანია მუდმივად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართველი სპორტსმენების წარმატებაში, მათ განვითარებასა და მსოფლიო დონეზე ღირსეულად წარმოჩენაში.

დავით შერაზადიშვილი:ბოლნისის თეატრალურმა საზოგადოებამ უნიჭიერესი მსახიობი დაკარგა

0

,,ბოლნისის თეატრალურმა საზოგადოებამ უნიჭიერესი მსახიობი, ბატონი ნუგზარ ჭითანავა დაკარგა. წლების განმავლობაში ბატონი ნუგზარი ბოლნისის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ და მან თეატრის განვითარების საქმეში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მის ოჯახსა და კოლეგებს მთელი გულით ვუსამძიმრებ ამ დიდ ტრაგედიას”-წერს ოფიციალურ გვერდზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი.

თურქეთიდან იმპორტირებული წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი

0

თურქეთიდან იმპორტირებული წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს, „PSP“-ს, „იმპექსი“-ს, „GPC”-ს, „ფარმსახლი“-ს და „დოიჩე აფთიაქი“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი. თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში იზრდება.თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ტემპის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სამკურნალო საშუალებებს პროაქტიულად არეგისტრირებს. აღნიშნული წესით, სააგენტომ უკვე 213 პრეპარატი დაარეგისტრირა, რომელთა ქვეყანაში შემოტანა, ფარმაცევტულ კომპანიებს კიდევ უფრო გამარტივებული წესით შეუძლიათ. ცვლილება ქვეყანაში მედიკამენტების იმპორტს კიდევ უფრო გაამარტივებს და საქართველოს ბაზარზე, ფარმაცევტული პროდუქტის ფართო ასორტიმენტის არსებობას უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად.მედიკამენტების ჩამონათვალსა და აფთიაქების მისამართებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე:https://www.moh.gov.ge/uploads/files/2022/15.04.2022.pdf