დღეს ბოლნისის მუზეუმმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ახალი პროექტის პრეზენტაციას უმასპინძლა, რომლის მიზანი ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, კარგი მმართველობის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაა.
პრეზენტაციას სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის, დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერები, არასამთავრობო ორგანიზაციების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა ჩაშლილი სამიზნე ჯგუფები და მიზნები, სადაც 4 ძირითადი მიმართულებაა გამოკვეთილი. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გაძლიერებას, რათა გაიზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშგება და ხელი შეეწყოს საზოგადოებრივ ჩართულობის გააქტიურებას როგორც ბიუჯეტირების, ისე დაგეგმარების პროცესში; საზოგადოებრივი ორგანიზაციების და აქტივისტთა ჯგუფების გაძლიერებას და ფინანსურ თანადგომას, ბენეფიციარების საჭიროებებზე დაფუძნებული ადვოკატირების კამპანიების განხორციელების მიზნით; მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციების გაძლიერებას და ფინანსურ თანადგომას; ადგილობრივი და რეგიონული მედია საშუალებების გაძლიერებას, რათა მართებულად იყოს გაშუქებული ადვოკატირების კამპანიების მიმდინარეობა და შედეგები. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ის 42 თვე გაგრძელდება.
29 აპრილს საერთაშორისო არასამთავრობო ასოციაცია “მერსი ქორფსის” წარმომადგენლობამ საქართველოში, აიპ ბოლნისის კულტურის ცენტრის ახალგაზრდობის განყოფილებასთან თანამშრომლობით, ტალავერის სათემოში პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარების“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პროექტის პრეზენტაცია, დეტალურად მიმოიხილეს დაგეგმილი აქტივობები.
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტის განხორციელების მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების (18-დან 35 წლამდე) სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას. პროექტის აქტივობები ფოკუსირებული იქნება ახალგაზრდების სოციალურ და ეკონომიკურ მონაწილეობზე, მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობაზე. მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები მათ დასაქმებაში/თვითდასაქმებაში დაეხმარება.
პროექტის გავლენა სამიზნე მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობის მეშვეობით, ადგილობრივი მდგრადი ეკონომიკური განვითარების პროცესების ხელშდეწყობა. პროექტი განხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი – 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხი რეგიონის მასშტაბით, რაც მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:
გეორგრაფიული არეალი ქვემო ქართლი – რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა სამცხე-ჯავახეთი- ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა შიდა ქართლი- გორი, ქარელი, კასპი მცხეთა-მთიანეთი -მცხეთა, დუშეთი, თიანეთი სამიზნე ჯგუფი
პროექტის სამიზნე არეალებში მცხოვრები, 18-35 წლის, მეწარმეობით დაინტერესებული პირები, მოქმედი ან დამწყები მეწარმეები. პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ ახალგაზრდას (50% ქალი), ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი. პროექტის შედეგი
ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური მონაწილეობისა და მათი კეთილდღეობის ხელშეწყობა სამეწარმეო უნარების განვითარებისა და ახალგაზრდული საწარმოების მხარდაჭერის შედეგად. შედეგი 1. გაძლიერებული უნარები, ცოდნა და შესაძლებლობები მეწარმეობის სფეროში.
შედეგი 2. ახალგაზრდა მეწარმეებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა ფინანსებზე, ბიზნესის განვითარების სერვისებზე და საბაზრო კავშირებზე. შედეგი 3. ახალგაზრდების მიერ მართული და ახლად შექმნილი საწარმოებისათვის გენდერული ჩართულობის და შესაბამისი პრაქტიკების დანერგვის ხელშეწყობა.
*პოექტის ფარგლებში დაგეგმილი საბაზისო ტრენინგები დაიწყება 2022 წლის მაისში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მაისი. რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ, შემდეგ ბმულზე: www.bit.ly/3iOl8bi
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვემო ქართლში, ჯამში, 70 მილიონი ლარის ღირებულების 14 პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებში 85 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია მოხდება.
აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 16 კმ-იან მონაკვეთზე. სარეაბილიტაციო მონაკვეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს. გზა გადის სოფელ წინწყაროში და უერთდება კოდა-ფარცხისის საავტომობილო გზას. პროექტის ღირებულება 8.7 მილიონი ლარია და მისი დასრულება 2023 წლის ივნისში იგეგმება.
სამუშაოები მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის 15 კმ-იან საავტომობილო გზაზეც. ეს არის გზა, რომელიც უმოკლესი მანძილით აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი (ფონიჭალა)-მარნეული-გუგუთის და თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზებს. ამასთანავე, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზაა და ამ გზით ერთმანეთს უმოკლესი მანძილით უკავშირდება ქალაქი რუსთავი და ქალაქი მარნეული.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო მონაკვეთი გრუნტოვანი იყო, რაც ავტოტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზით იქნება შესაძლებელი. გზა ერთმანეთთან აკავშირებს თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს. პროექტის ღირებულება 4.1 მლნ ლარია.
2 პროექტად მიმდინარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 14 კმ-ის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო მონაკვეთები მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე მდებარეობს და გაივლის სოფლებს: ყიზილ-აჯოლს, ფარიზს და ცურტავს. პროექტების ჯამური ღირებულება 10.2 მილიონი ლარია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსაა დაგეგმილი.
ქვემო ქართლში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტები ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახალი ნაგებობების, ასევე მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას. მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და მოეწყობა საგზაო ნიშნები.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების გარდა, ქვემო ქართლში, გზების მოვლა-შენახვის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს ზამთრის პერიოდში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაზიანებული გზების აღდგენა-შეკეთება.
ქვემო ქართლის რეგიონში, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პირობებში მიმდინარე სამუშაოები, უზრუნველყოფს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას.
უკრაინის ფოსტის “Ukrposhta”- ის ინფორმაციით, 20 აპრილის მონაცემების თანახმად, ფოსტის მეშვეობით მიღებული ძირითადი ჰუმანიტარული ტვირთის (საკვები პროდუქტი, პირველადი სამედიცინო დანიშნულების პრეპარატი, ტანსაცმელი) რაოდენობის მიხედვით, „საქართველოს ფოსტა“ 520 ტონაზე მეტი ტვირთით კვლავ პირველ ადგილზე.
„საქართველოს ფოსტის“ ცნობით, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც არის, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას უფასოდ გაგზავნონ საფოსტო გზავნილები (ამანათები) უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან. საქართველოს მოჰყვება რუმინეთი 80 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთით, ბელგია – 80 ტონით და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ჰუმანიტარულ ტვირთში არ იგულისხმება სხვა ქვეყნების მიერ მიწოდებული ტექნოლოგიური, სამშენებლო და სხვა დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და უკრაინაში გაიგზავნა.
უკრაინელთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა და უკრაინაში გააგზავნა საქართველოს პარლამენტმა, თბილისის მერიამ, საპატრიარქომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.
გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის“ წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანიების წარმოებული, ან მათ მიერ შეძენილი სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია უკრაინაში სამ ეტაპად გაიგზავნა.
უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა ლოგისტიკურად „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო უკრაინის ფოსტასთან თანამშრომლობით. ამასთან, “საქართველოს ფოსტამ“ დაიწყო კამპანია და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებისგან, უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების საფოსტო გზავნილებს უკრაინის მიმართულებით.
ასევე, “საქართველოს ფოსტის” თანამშრომლებმა, უკრაინის სახელმწიფო ფოსტის “Ukrposhta” თანამშრომლებს, სოლიდარობის ნიშნად, გაუგზავნეს ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათები.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსს, გიორგი ტალახაძეს და ქვემო ქართლში სახალხო დამცველის რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა.გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მონაწილეებმა განიხილეს მუნიციპალიტეტში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, მუნიციპალური პროგრამები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.შეხვედრაზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გზები.
ა(ა)აიპ საქართველოს საპატრიარქოს წმ.იაონე ბოლნელის სახელობის სკოლაში , სამოქალაქო განათლების პედაგოგის ირინა მიქავას ინიციატივითა და სამოქალაქო განათლების კლუბის ,,ცვლილებების პიკი/ Peak Of Changes’’ ორგანიზებით გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში , ღასან ხალილი ეწევია სასკოლო პროექტის,ადამიანის უფლებების ფარგლებში თემაზე: ,,ნაადრევი ქორწინება და ბავშვთა იძულებითი შრომა’’შეხვედრის მიზანი იყო ,,სივრცე-დისკუსიისთვის’’ ფორმატში მოსწავლეებს, პედაგოგებსა და საკითხით დაინტერესბულ პირებს მიეღოთ ინფორმაცია ზოგადად ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინებისა და ბავშვთა იძულებითი შრომის შესახებ. შეხვედრა წარიმართა ორ სესიად:პირველი სესია: სამოქალაქო განათლების კლუბის ,, ცვლილებების პიკის/Peak Of Changes’’ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების პრეზენტაცია. დასახელებული კლუბი აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციებთან,ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან რომელთა მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში და საერთაშორისო დონეზე. მეორე სესია წარიმართა თემაზე: ნაადრევი ქორწინება და ბავშვთა შრომასესიის მოდერატორი: UNICEF-ის საქართველოში წარომადგენელი ღასან ხალილი, რომელმაც მიმოიხილა ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები,საფრთხეები და შედეგები. მოსწავლეებში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია სადისკუსიო საკითხმა, სადაც ჩაერთვნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში VII-XII კლასის მოსწავლეები.შეხვედრის მიზანი იყო ,,სივრცე-დისკუსიისთვის’’ ფორმატში მოსწავლეებს, პედაგოგებსა და საკითხით დაინტერესბულ პირებს მიეღოთ ინფორმაცია ზოგადად ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინებისა და ბავშვთა იძულებითი შრომის შესახებ. აუცილებელია, მსგავსი ტიპის შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეებმა მიიღონ ახალი და საჭირო ინფორმაცია. გაუზიარონ შეხედულებები მაღალი რანგის პროფესიონალებს, მეგობრებსა და პედაგოგებს დისკუსიის ფორმატში . შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა იუნისეფის წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული აქტივობების მნიშვნელობას და შედეგს მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც მათივე შეფასებით იგრძნობოდა აუდიტორიაში . ასევე, მათ დაადასტურეს მზაობა მომდევნო თემატური შეხვედრების ორგანიზებისა და ჩატარების იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში.დიდი მადლობა სამოქალაქო განათლების პედაგოგს ირინა მიქავს და კლუბის წევრებს!
საქართველოს მასშტაბით საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა იწყება, ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, დღეს ისაუბრა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 220 სკოლის ინფრასტრუქტურა მთლიანად იქნება მოწესრიგებული და გამართული, ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 500 სკოლას, აშენდება 80 ახალი შენობა, რომელიც აღიჭურვება საჭირო რესურსითა და თანამედროვე ინვენტარით, შენობები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს და განათლების მიღებისთვის საჭირო პირობების შექმნას, ამ მიზნით ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 და რეაბილიტირდება 412 საბავშვო ბაღი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეების შექმნა წარმოადგენს. ამ მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მუნიციპალიტეტში არსებული თორმეტი საბავშვო ბაღიდან ათი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. პრემიერის პროგრამის ფარგლებში დასრულდება საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სოფელ ტანძიაში, დაბა კაზრეთში აშენდება 240 ბავშვზე გათვლილი ახალი შენობა, გარემონტდება ქვემო ბოლნისში არსებული ძველი ბაღი, სადაც კომფორტული გარემო შეიქმნება ბავშვებისთვის. პროგრამის განხორციელების შემდეგ მუნიციპალიტეტში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, რომელიც ჯანსაღი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქალაქეები დადებითად აფასებენ.
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა. დეპუტატებმა კენჭი ორ საკითხს უყარეს, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა საკრებულოს წევრებს 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარუდგინა, ასევე მიმოიხილა 2022 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელიც გეგმიურად სრულდება, პრიორიტეტების მიხედვითაა შედგენილი. შესრულებული ბიუჯეტის წლიური ანგარიში საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარებ შეაფასა.
სარაგბო კლუბ „ყოჩების“ 12 წლამდელთა გუნდი, მონაკოს პრინცესა შარლენის ფონდის ორგანიზებით 4-8 მაისს მონაკოში დაგეგმილ სარაგბო ფესტივალზე მიემგზავრება. არემჯის მხარდაჭერით პატარა ყოჩების გუნდი მონაკოში, ერთ-ერთ მასშტაბურ – წმინდა დევოტას სახელობის რაგბის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველოს სახელით იასპარაზებს.
საიუბილეო რიგით მეათე თასზე მონაწილეობას, ყოჩების გუნდი 15 კაციანი შემადგენლობით, მათ შორის 4 ბოლნისელი მორაგბით მიიღებს.
,,ბავშვებისთვის, დამწყები სპორტსმენებისთვის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ტურნირი, რომელზეც ჩვენი პატარა ყოჩები მიემგზავრებიან მონაკოს პრინცესის ეგიდით ტარდება. მონაკოს პრინცესა შარლენის როლი ბავშვებში სპორტის მიმართ ინტერესის გაღვივების კუთხით უმნიშვნელოვანესია – ის მსოფლიო მასშტაბით მხარში უდგას რაგბის მიმართულების განვითარებას და ეხმარება პატარა მორაგბეებს კიდევ უფრო მეტად შეიყვარონ სპორტის ეს სახეობა. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს მონაკოს პრინცესასთან და აქტიურად ვთანამშრომლობთ მის ფონდთან.’’ – აცხადებს თეიმურაზ გაფრინდაშვილი, რაგბის კლუბ ,,ყოჩების’’ აღმასრულებელი დირექტორი.
,,არემჯის კორპორაციული პასუხისმგებლობა აქტიურად ითვალისწინებს სპორტის მხარდაჭერას, მათ შორის არის რაგბი. ვცდილობთ სპორტის ეს სახეობა მთლიანად მოვიცვათ, ვართ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების 2022 წლის სეზონის ოფიციალური მატჩების ტრანსლაციების სპონსორები, 2019 წლიდან სარაგბო კლუბ „ბოლნისი ყოჩების“ გენერალური სპონსორები და წლებია აქტიურად ვართ ჩართულები ბოლნისის რაიონში საბავშვო რაგბის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობაში. ვფიქრობთ რომ ეს ვიზიტი იქნება განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და საინტერესო გამოცდილება პატარა სპორტსმენებისთვის.“ – აცხადებს ნატალი ნოზაძე, არემჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
მონაკოს პრინცესის თასი, პრინცესა შარლენის ფონდის მიერ ორგანიზებული მასშტაბური ტურნირია და ყოველწლიურად, მასში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის 500-მდე ბავშვი იღებს მონაწილეობას.
მონაკოს პრინცესა შარლენის ფონდის მისიაა შექმნას მშვიდობიანი მსოფლიო, სადაც ყველა ბავშვს შეეძლება განვითარდეს და ისწავლოს უსაფრთხო გარემოში. სწორედ ამ მიზნისთვის 2012 წლიდან დღემდე, ფონდის ორგანიზებით არაერთი პროექტი ხორციელდება და დღეს უკვე 900 000- მდე ბავშვმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისარგებლა სხვადასხვა პროგრამით მათ შორის: ცურვის შესწავლა, წყლის უსაფრთხოება, სპორტის სახეობების შესწავლა.
სოფელ მუშევანისა და ქვეშის ციხის მიმდებარე ტერიტორია დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, პირველ მოადგილესთან, მერიის სამსახურების და კომუნალური მეურნეობის თანამშრომლებთან ერთად სტიქიური ნარჩენებისგან გაასუფთავა. აქცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების მხარდაჭერით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ დასუფთავების აქციაში ჩაერთნენ სკოლების ეკოკომიტეტის მოსწავლეებიც. დასუფთავების ღონისძიების მიზანია, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება სუფთა გარემოს შენარჩუნებისთვის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის ღონისძიებებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, სისტემატურად ახორციელებს.