შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა, ექვსი შსს-ს, ხოლო ორი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომელი.მათ შორის იყო ბოლნისელი, სოფელ ტანძიაში მცხოვრები გიორგი მარგიანი. ,,გაზეთი ბოლნისი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო-გოგი მეშველიანი
,,30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა! ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების, მაშველების და სამედიცინო პერსონალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მძიმე წუთებში მხოლოდ გულწრფელი სამძიმარისა და თანადგომის გამოცხადება შეგვიძლია დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლებისათვის. მომხდარმა შეძრა სრულიად საქართველოს საზოგადოება და ეს თითოეული ჩვენგანის დიდი ტკივილია”,- ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები, მაშველები და მედიკოსები თავიანთი პროფესიული მოვალეობისას დაიღუპნენ. ისინი მუდამ ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე იდგნენ, მათ ამ გმირობისთვის მადლობას ვუხდით და გვჯერა, რომ ეს სიმამაცე თითოეულ ჩვენგანს ყოველთვის ემახსოვრება. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას ამ დიდ ტრაგედიას,” – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია.
30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში არის აღნიშნული.
პრემიერი სამძიმარს უცხადებს დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო.
ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას.
მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ექვსი იყო შსს-ს თანამშრომელი, ხოლო ორი – სასწრაფო-სამედიცინო დახმარების.
ვერტმფრენით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
„მწვანე ბანაკი – ,,კლიმატის ელჩები’’ მონაწილეთა შერჩევას იწყებს!
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტის – „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში აცხადებს მწვანე ბანაკისთვის – ,,კლიმატის ელჩები’’ მონაწილეების შერჩევას.
ბანაკში მონაწილეობის მიიღება შეუძლიათ 15–17 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც შეუერთდებიან მოხალისეების ქსელს და მონაწილეობას მიიღებენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ დაგეგმილ ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებში.
ბანაკი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გარემოს
დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მონაწილეებს შორის გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გაძლიერებას, გარემოსდაცვითი ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვასა და მართვას, არაფორმალური განათლების მიდგომების გამოყენებით.
ბანაკის შედეგად მონაწილეები, ლიდერებთან ერთად, შეიმუშავებენ ერთობლივ ინიციატივებს გარემოსდაცვით საკითხებზე.
„მწვანე ბანაკი“ გაიმართება 2-11 სექტემბერს ბაკურიანში.
30 ახალგაზრდა შეირჩევა მთელი საქართველოს მასშტაბით.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 აგვისტო.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
სააპლიკაციო ფორმა (სამოტივაციო წერილი და მონაწილის ვიდეო მიმართვა, საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე. ვიდეო მიმართვის ხანგრძლივობაა 3 წუთი და იგი უნდა ასახავდეს კონკრეტულ საპროექტო იდეას).
გასაუბრება
მწვანე ბანაკი ,,კლიმატის ელჩები” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში იმართება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.
ბანაკთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის, საკონტაქტო პირია – გვანცა ჯანჯღავა (ტელ: +995 591510055
,,იმედმა“ ბოლნისი, საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე, კიდევ ერთხელ ასახელა
ხელოვნების მე-18 საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი „ნარინჯისფერი ქობულეთი 2022“, 26 ივნისს, საზეიმოდ, ქობულეთის ზღვისპირა პარკში გაიხსნა და მასში მონაწილეობენ: ქართული ხალხური, საესტრადო, თანამედროვე სიმღერების, ხალხური, სამეჯლისო, სპორტული ცეკვების და სამოდელო კოლექტივები. აღნიშნულ ფესტივალში ჩაერთო და პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლმა ,,იმედი“ ლაურა დურგლიშვილის ხელმძღვანელობით.

ფესტივალ-კონკურსის მიზანია: ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაცია-განვითარებისთვის ხელშეწყობა, საესტრადო ხელოვნებისა და თანამედროვე სამეჯლისო ცეკვების წარმოჩენა-განვითარებისთვის ხელშეწყობა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმობნეული ხალხური კულტურის მარგალიტების შეკრება და წარმოჩინება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი შემოქმედებითი კოლექტივების დაახლოება და გამოცდილებათა გაზიარება, პატარებსა და მოზარდებში ხელოვნების სიყვარულის გაღვივება.
ფესტივალ-კონკურსი 26 ივნისს გაიხსნა და 29 ივლისს ფინალური გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდება.

ლაურა დურგლიშვილი, ანსამბლ ,,იმედის“ ხელმძღვანელი:
მიწვევა მქონდა ქ. ქობულეთში, ხელოვნების მე-18 საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც 24 ივლისს გავემგზავრეთ. ყველაფერი მაღალ დონეზე ჩატარდა, ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან: ბელორუსია, უკრაინა, ნალჩიკი, ერევანი, ბაქო და სხვა. რომ არა ბოლნისის კულტურის ცენტრის გვერდში დგომა და ხელშეწყობა, აღნიშნულ ფესტივალში ვერ ჩავერთვებოდით, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ სოსო კოპალეიშვილს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა მოაწერეს. „ხელი მოეწერა მემორანდუმს სამინისტროებს შორის, ასევე რვა უნივერსიტეტსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის, რაც არის ახალი პლატფორმა. ჩვენ ერთობლივი ძალებით შევუწყობთ ხელს გარემოსდაცვითი განათლების განვითარებას, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე. ასევე, გვემატება ახალი კომპონენტი „მწვანე სტიპენდიების“ რომელიც წაახალისებს სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს,“ – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში გარემოსმცოდნეობის, ეკოლოგიის, ბუნებრივი გარემოსა და ველური ბუნების, ბუნებათსარგებლობის, გეოლოგიის, ჰიდროლოგიის, გარემოს დაცვის ტექნოლოგიის, აგრონომიის, საბაღო-საპარკო მეურნეობის, მეტყევეობის, ვეტერინარიის, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებებით. მემორანდუმი ხელს შეუწყობს აღნიშნულ პროგრამებზე წარჩინებული სტუდენტების წახალისებას „მწვანე სტიპენდიების“ სახით და სტაჟირების გავლას შესაბამის უწყებებში.მხარეები ერთობლივად იმუშავებენ სპეციალისტების ჩართულობის მაქსიმალურად წასახალისებლად უნივერსიტეტების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კვლევითი კომპონენტის განხორციელების მიმართულებით. შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამა წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას და ამ მიმართულების მაგისტრანტი სტუდენტების წახალისებას. „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მემორანდუმები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტს შორის გააფორმა. მწვანე სტიპენდიების პროგრამა განხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.
,,სექტორი-27“-ის დამფუძნებელმა მასტერკლასი ჩაატარა
ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სპორტსმენმა და სპორტული კლუბი „სექტორი 27“-ის დამფუძნებელმა ლაშა როინიშვილმა, მასტერკლასი ჩაატარა სხვადასხვა თემაზე. მისი სურვილია ჯანსაღი ცხოვრების წესს უფრო მეტი მიმდევარი ჰყავდეს და სპორტის კულტურა უფრო გაძლიერდეს. ამისთვის ბევრი სოციალური პროექტი აქვს დაგეგმილი, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო. კულტურისა და დასვენების პარკში მასტერკლასის ჩატარების შემდეგ, სპორტსმენმა და ახალგაზრდებმა ქალაქის ცენტრში დამონტაჟებულ დარტყმის ძალის განმსაზღვრელ კოეფიციენტთან მოსინჯეს ძალები.
სოფელ ვანათში გზის პრობლემა მოგვარდა
გზა, რომელიც ვანათის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა, რეაბილიტირებულია. სოფელში 1400 გრძივი მეტრი ბეტონის გზა გაკეთდა. სამუშაოები „რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდა. ობიექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა პირველ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა. სოფელში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, ვანათის მოსახლეობამ დავით შერაზადიშვილს მადლობა გადაუხადა.
აბიტურიენტთა შედეგების გამოქვეყნება ორშაბათიდან დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და მასწავლებლების გამოცდის ძირითადი სესიები დასრულდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყება მომავალი კვირიდან, პირველი აგვისტოდან იგეგმება. სააპელაციო განცხადებების მიღება კი ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების დასრულებისთანავე დაიწყება. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ საკუთარი შედეგები.










