Home Blog გვერდი 101

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა.

0

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 10 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება საქართველოს კანონის პროექტში – „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. კერძოდ, 2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება – სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია, რაც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას.

პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინიციატივით, 2022 წლის მარტიდან, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რამაც 60-80%-ით შეამცირა საქართველოში მედიკამენტების ღირებულება. შედეგად, წლიურად, ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქე, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რეფერენტული ფასების დაწესება კი წამლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

აგრეთვე, განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება 2013 წლის 21 თებერვლის N 36 დადგენილებაში – ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. კერძოდ, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ამოქმედდება ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისა და თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის პროგრამა, რაც პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თავიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება. პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს. ინსულტის, თავის და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის კომპონენტის 1 თვის ბიუჯეტი 919 250 ლარს შეადგენს. პროგრამების წლიური ბიუჯეტი კი 11 მილიონი ლარია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, დაახლოებით, 770 მილიონი ლარით იზრდება, რაც უწყებას საშუალებას მისცემს გაზარდოს, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე – სხვა, მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება.

 

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა

0

 ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ მქონე პირებმა მიიღეს. 15 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება. გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : https://ncdc.ge/

“გალფმა” 100 პირველკურსელი სტიპენდიანტი გამოავლინა

0

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გალფის და პეტროკას ენერჯი ჯგუფის ახალი პლატფორმის “მომავალი ჩვენია” პრეზენტაცია გაიმართა.

სასტიპენდიო პროგრამის მიხედვით ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საუკეთესო 100 პირველკურსელი ყოველთვიურად 300 ლარიან სტიპენდიას მიიღებს.

“მომავალი ჩვენია” გალფის ახალი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ჯგუფში შემავალ სოციალური პროექტების ყველა ძირითად მიმართულებას, მათ შორის: განათლების ხელშეწყობას ახალგაზრდა თაობაში, სპორტის პოპულარიზაციას, ქართული კულტურის მხარდაჭერას და ქველმოქმედებას.

2022 წელს, ნოემბრის თვის მდგომარეობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 3665 გრძივი მეტრი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო

0

სოფელ ხატისოფელში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი გზის მოწყობის მასშტაბური პროექტი განხორციელდა. 600 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო, ხოლო 480 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოპირკეთდა. პროექტის სრულმა ღირებულებამ 640 000 ლარი შეადგინა.

სოფელ ქვემო არქევანიდან სოფელ ხატავეთისკენ მიმავალ საავტომობილო მონაკვეთზე ბეტონის გზა მოეწყო. დასახლებულ პუნქტებში კი ღია სანიაღვრეებიც გაკეთდა. სამუშაოების სრულმა ღირებულებამ 1 275 000 ლარი შეადგინა.

სოფელ ვანათში 870 გრძივი მეტრი ბეტონის გზა გაკეთდა. პროექტის ფარგლებში, ასევე 222 მეტრზე სანიაღვრე ქსელიც მოეწყო.

სამივე პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 2022 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტი 6 მილიონამდე ლარს აითვისებს. აღსანიშნავია, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა წელს ქალაქ ბოლნისში სიონის, ჭავჭავაძისა და სოხუმის ქუჩების მონაკვეთებზეც მოეწყობა.

გამოწვევად რჩება განათლების ხარისხი და ინსტიტუციური გაძლიერება – მთავრობის „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ გამოქვეყნდა

0

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ხელმოწერით, საქართველოს მთავრობის “ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია” დამტკიცდა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მისი ერთი ნაწილი განათლების სფეროს ეხება.

„საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც, დაგროვებული გამოცდილებისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, აყალიბებს მომავლის ხედვას, განსაზღვრავს განვითარების გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებს, ძირითად პრინციპებსა და მიზნების მიღწევის კონკრეტულ გზებს“, – წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წინასიტყვაობაში.

მისივე თქმით, დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისაკენ ჩვენი ხალხის საერთო მისწრაფებას, რაც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ თანასწორობას, რეგიონული უთანასწორობის შემცირებას, ხარისხიანი ჯანდაცვის, განათლების, საზოგადოებრივ სხვა სიკეთეთა მეტ ხელმისაწვდომობას, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოს, დემოკრატიის გაძლიერებას, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, გასული წლების განმავლობაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, განათლებისა და მეცნიერების სისტემაში უმთავრეს გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება განათლების ხარისხი და საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების ინსტიტუციური გაძლიერება.

პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა.

0

პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა.

DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.

ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ, ერთსა და იმავე მომსახურებას, ყველა კლინიკაში, ერთი ტარიფი ექნება. კლინიკა პაციენტს, დამატებით გადასახადს ვეღარ დაუწესებს – როგორიცაა, მაგალითად, ე.წ. VIP პალატის ან აყვანილი ექიმის ჰონორარი.

ყველა პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი (0-დან 30%-მდე, პაკეტების შესაბამისად) ითვალისწინებს.

DRG მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული და ეფექტური მეთოდია და მისი საშუალებით, ხელმისაწვდომია ხარისხიანი მკურნალობა ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 15 05

IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი დაიწყო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით, ახალი პროექტი „ადამიანის უფლებების სკოლა 2022“ იოანე ბოლნელის სახელობის  სასულიერო სკოლაში დაიწყო, რომლის მიზანია მოსწავლეებმა გააანალიზონ ქალთა მიმართ ძალადობის საფრთხეები და პრევენციული მექანიზმები. პროექტს ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩი ირინა მიქავა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი თამარ ბოჭორიშვილი ახორციელებენ.

„აბულმუგის სპარსული აბანო“ ვიზიტორების მისაღებად მზადაა

0

ბოლნისი-დმანისის ტურისტულ მარშრუტს ახალი ლოკაცია შეემატა. მეჩვიდმეტე საუკუნით დათარიღებული „აბულმუგის სპარსულ აბანოზე“ სამუშაოები დასრულდა. ძეგლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. ქართველი სპეციალისტების ჩართულობით, უპრეცედენტო ღონისძიება განხორციელდა. გვიანი შუა საუკუნეების  აბანოს დაუშლელად და დაუზიანებლად ადგილმონაცვლეობა მოხდა. ძეგლის ახალი „ბინა“ დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისი-სომხეთის გზაზე მდებაროებს. პროექტი „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრების ინიციატივით განხორციელდა, რომელსაც წინ დიდი შრომა უძღოდა.

აბანო თავდაპირველად კომპანია „არემჯის“ საწარმოო ტერიტორიაზე მდებარეობდა, მისი ადგილმონაცვლეობა, რეაბილიტაცია-რესტავრაცია კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გასულ წელს 134 ტონიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადატანა წარმატებით დასრულდა.

გვიანი შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი სპარსული ნაგებობა ვიზიტორების მისაღებად მზადაა. ძეგლის მიმდებარედ მოეწყო ინფრასტრუქტურა, ტურისტებისთვის დამონტაჟდა საინფორმაციო ბანერი, განათებები, გაკეთდა მწვანე ნარგავების ღობე და მოხდა ტერიტორიის გამწვანება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა

0

სხდომაზე განხილულ იქნა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.

ასევე განხილულ იქნა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი.

აღსანიშნავია, რომ წელს, თებერვლის მდგომარეობით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო ვერსია მზად იყო პარლამენტისთვის წარსადგენად, მაგრამ მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მიმდინარეობს დოკუმენტის უსაფრთხოების არსებულ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანა.

პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის განახლების მიმართულებით, რომლებშიც აგრეთვე აისახება შეცვლილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები.

სხდომის მონაწილეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მიმდინარეობასა და კონცეპტუალური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის პროცესზეც იმსჯელეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების სექტორული ნუსხების შედგენის პროცესზე.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე და თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი.

 

 

 

 

 

პირველკლასელებს და სასკოლო მზაობის ბავშვებს, საჩუქრად წიგნები გადაეცათ

0

3 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეზე, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, პირველკლასელებსა და სასკოლო მზაობის 1000-მდე ბავშვს,   წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ საზეიმო ვითარებაში უსასყიდლოდ გადაეცათ. საგანმანათლებლო მედია პროექტის ,,ეტალონის“ წამყვანის ავტორობით გამოცემულ   სახელმძღვანელოში, შეტანილია  სხვადასხვა შემეცნებითი  ინოვაციური აქტივობები აზროვნებისა და მოტორიკის განვითარებისთვის.

გოჩა ტყეშელაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საგანმანათლებლო მედია პროექტ  „ეტალონის“ წამყვანი:

-მადლიან საქმეს როცა იწყებ, პირველ რიგში თანამოაზრეები უნდა მოძებნო, ორი-სამი წლის წინ, საოჯახო მზაობის წიგნის შექმნით დავიწყეთ. აქცენტი გავაკეთეთ ოჯახებზე, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებზე, მაშინ რთულად თუ მოიძებნებოდა საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებიდან, თანამოაზრეები. სწორედ ერთ-ერთი პირველი ბოლნისი აღმოჩნდა. დავით შერაზადიშვილი, ასევე  სკოლის და ბაღის ხელმძღვანელები, ვინც მხარი დაუჭირა ჩვენს პროექტს, აქ ინტელექტის განსაკუთრებული პოტენციალია.

წიგნის საზეიმოდ გადაცემის ღონისძიება, სიმბოლურად, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლის ეზოში გაიმართა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, საგანმანათლებლო მედია პროექტის წამყვანთან ერთად, ისტორიული სკოლის ეზოში არსებული სულხან-საბა ორბელიანის ბიუსტი გვირგვინით შეამკო, რის შემდეგაც, პატარებისთვის, სხვადასხვა მხიარული და გასართობი აქტივობა გაიმართა.

დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი:

-ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000-მდე სკოლამდელი მზაობის ჯგუფის ბავშვსა და პირველკლასელს, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის შედგენილი წიგნი „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადავეცით. ვიმედოვნებ, რომ ეს სახელმძღვანელო ჩვენს პატარებს სწავლის პროცესს გაუადვილებს და ცოდნის მიღებაში დაეხმარება. მსურს, გოჩა ტყეშელაშვილს, ამ სახელმძღვანელოს შედგენისთვის მადლობა გადავუხადო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიზანია, მომავალი თაობის განათლების პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს, სწორედ ამიტომ, მსგავს საგანმანათლებლო პროექტებს მომავალშიც განვახორციელებთ.

ღონისძიების ბოლოს, წიგნის ავტორმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს საქვეყნო მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისთვის და სახელმწიფო სამსახურში ეფექტური და წარმატებული მოღვაწეობისთვის, ,,2022 წლის საქვეყნო მნიშვნელობის მერის“ ტიტული მიანიჭა და დიპლომი გადასცა. „2022 წლის საქვეყნო მნიშვნელობის სახელმწიფო მოხელის“ საპატიო წოდება, მერის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმაც მიიღო.