ბოლნისში დაბადებული ნინო ციმაკურიძე, იმ თაობის წარმომადგენელია, რომლისთვისაც ბავშვობის ქალაქი მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არაა. სწორედ ბოლნისში ჰქონდა მას პირველი შეხება მუსიკასთან, ფორტეპიანოსთან, ბებია-ბაბუასთან სტუმრობა და ის მოგონებები, რომლებიც მის ცხოვრებას დღემდე აფერადებს. მიუხედავად იმისა, რომ რვა წლის ასაკში ცხოვრება თბილისში გააგრძელა, ხოლო შემდგომ გერმანიაში გადავიდა, ბოლნისი, ნინოს შემოქმედებით ბიოგრაფიაში, მუდმივ ნიშნულად დარჩა.
დღეს იგი გერმანიაში მცხოვრები მუსიკოსია, ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, დიპლომის დაცვის ფინალურ ეტაპზე მყოფი შემოქმედი და სოლო პროექტის ავტორი. მრავალწლიანი სწავლა, საერთაშორისო გამოცდილება და საკუთარი ავტორობის ძიება ნინო ციმაკურიძის პროფესიულ გზას განსაზღვრავს, თუმცა თავად ამბობს, რომ ბოლნისთან კავშირი მისთვის ბავშვობის გახსენებასთან ერთად, შემოქმედებითი ინსპირაციის ერთ-ერთი წყაროც არის.
-ნინო, მოგესალმებით! დავიწყოთ თავიდან, როგორ გახსენდება ბავშვობა ბოლნისში და რა იყო ის გარემო, რომელმაც შენი პიროვნების ფორმირებაში ყველაზე დიდი როლი ითამაშა?
– მოგესალმებით! პირველ რიგში დიდი მადლობა ჩემდამი ინტერესის გამოხატვისთვის. ბოლნისმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ისედაც ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებას, მისივე ცხოვრების პირველ წლებში ეყრება საფუძველი, ღრმა ბავშვობის პერიოდში. როდესაც ბოლნისში გატარებულ წლებზე ვფიქრობ, ყველაფერი დეტალურად მახსენდება: შენობები, ხეები, პარკი, ბოლნისის პირველი სკოლა, საბავშვო ბაღის შიდა ინტერიერი… სახლების ფასადის ფერები, სუნიც კი მაქვს მეხსიერებაში ჩაბეჭდილი. მრავალრიცხოვან ოჯახში გავიზარდე და მჭიდრო ნათესაური კავშირიდან გამომდინარე, ყოველთვის გვქონდა ოჯახებში ხშირი მიმოსვლა. მახსოვს, გურამ ციმაკურიძის შვილიშვილებმა გუნდი რომ ჩამოვაყალიბეთ და დღესასწაულზე, სხვადასხვა ქართულ სიმღერებს სამ ხმაში ვმღეროდით ხოლმე. ასევე თვალნათლივ მახსოვს, სულხან-საბა ორბელიანის 180-ის ჭიშკართან, დღის მიწურულს, მე და ჩემი ძმა ხის სკამზე რომ ვისხედით და სახლებში მიმავალი მანქანების ფერებს ვითვლიდით. წითელი ჩემი იყო, თეთრი ჩემი ძმის. ნელ-ნელა სიჩუმე იმატებდა და დღის შუქი იკლებდა, მხოლოდ საძოვრებიდან გამორეკილი ძროხების ზარის წკრიალის და ზევიდან იზო ბებოს ხმა ისმოდა: ბავშვებო შემოდით!

-ხშირად ამბობენ, რომ პირველი შთაბეჭდილებები, ყველაზე ძლიერად გვყვება ცხოვრებაში,შენთვის რა ადგილი უკავია ბოლნისს ამ მოგონებებს შორის?
-დიახ, ბოლნისში გატარებულ დროს და მოგონებებს ჩემს ქვეცნობიერში უდიდესი ადგილი უკავია, რომლებიც ასოცირდება სიმშვიდესთან, სილაღესთან, მრავალფეროვნებასთან, აღტაცებასთან, სიახლეების აღმოჩენასთან. ერთი სიტყვით, მთელი ჩემი ემოციური სამყარო, თავისი ინფანტილური გულჩვილობით, სწორედ იმ ადგილებთან და გარემოებებთანაა კავშირში, სადაც ბავშვობის პირველი წლები მაქვს გატარებული.
-მუსიკას თან შენი პირველი შეხება ბოლნისში, ფორტეპიანოთი,დაიწყო. რას ნიშნავს დღეს შენთვის ეს პირველი გამოცდილება?
-პირველი კლასის პარალელურად, 5 წლის ასაკში, დავიწყე ფორტეპიანოსა და მუსიკის თეორიის შესწავლა. ფორტეპიანოთი კი მუსიკის შეცნობა და ანალიზი, ყველაზე თვალსაჩინო გზით ხდება. ეს ინსტრუმენტი ჩემი ჰარმონიული და მელოდიური შემოქმედების მთავარი ფუნდამენტია, რის გარშემოც ვაგებ შემდეგ ორკესტრს, კომპიუტერულად ვუკეთებ არანჟირებას და ვაძლევ საბოლოოდ დასრულებულ ფორმას სიმღერის სახით.
5 წელი, შეიძლება ითქვას, ადრეული ასაკი იყო, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ვიტყოდი, რომ სწორედ, რაც უფრო ადრე გამომუშავდება დისციპლინა ადამიანში, მით უფრო მარტივდება ზრდასრულ ასაკში ნებისმიერ სირთულესთან გამკლავება. ამ ყოველდღიურ ქაოსში, თუნდაც პატარა მიზნების მისაღწევად, საჭიროა სტრატეგიული გეგმის დასახვა და მისი ერთგულად შესრულება: პირველ რიგში ჩნდება იდეა, შემდეგ საკუთარი შესაძლებლობების გაანალიზება, მუშაობა თავდაჯერებულობასა და სიმტკიცეზე, რესურსების მოპოვება და ბოლოს კი მოქმედება. ამ ყველაფრის უკან სწორედ დისციპლინა დგას, რომელიც გამომუშავებადია.
-გახსოვს ის მომენტი, როცა მიხვდი, რომ მუსიკა უბრალოდ ჰობი კი არა, შენი ცხოვრების გზა შეიძლებოდა გამხდარიყო?
-ძალიან საინტერესო კითხვაა. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ჩემთვის მუსიკა არა ჰობი, არამედ ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი და ჩემი პიროვნების მთავარი შემადგენელი კომპონენტი იყო. ოცნება მქონდა გამოვსულიყავი კომპოზიტორი, დამეწერა საკუთარი ნაწარმოებები, საავტორო სიმღერები. თუმცა ამას ასე მარტივად არ, ან ვერ ვუდგებოდი. ვიცოდი, ჯერ ცხოვრებისეული გამოცდილებები უნდა დამეგროვებინა, გამომეცადა ბევრი რამ, მენახა, შემეგრძნო, მესწავლა, რომ შემდეგ ამ საბაზისო ფუნდამენტზე ამეგო ჩემი შემოქმედება. ამასობაში გავიდა წლები და ყოველდღიურობის მორევს ღრმად რომ არ ჩავეთრიე, დრო იყო პრიორიტეტები გადამელაგებინა და გზა დამეთმო ჩემი ოცნებებისთვის. ვინაიდან ვხვდებოდი, რომ 30 წლის ასაკში, საკმაოდ მქონდა ჩემი თავი შეცნობილი, მზად ვიყავი საკუთარი გამოცდილებები სხვისთვის გამეზიარებინა, აქტიურად შევუდექი საავტორო მუსიკაზე მუშაობას და ჩამოვაყალიბე სოლოპროექტი სახელად: NixNoies
-როგორც ვიცი,ორი მუსიკალური სკოლა დაასრულეთ თბილისში და სკოლის ორკესტრშიც უკრავდით, რა გამოცდილება დაგიტოვათ ამ პერიოდმა?
-როგორც ვახსენე, მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, ათწლედში დროდადრო რთულდებოდა სწავლება. მთელი თავისუფალი დრო ფორტეპიანოზე მეცადინეობისთვის უნდა დამეთმო. მე კი ძალიან ბევრი სხვა ინტერესიც გამაჩნდა და ვიცოდი, ამ მიდგომით ჩემგან პიანისტი ვერ დადგებოდა. გადავწყვიტე, დამეტოვებინა ათწლედი და გადავსულიყავი მუსიკალურ შვიდწლედში – ფორტეპიანოს განხრით. პარალელურად, საკუთარი სურვილიდან გამომდინარე, ჩავაბარე სხვა მუსიკალურ შვიდწლედში ვიოლინოს განხრით, რომ სკოლის ორკესტრში დამეკრა.
მგონი, სწორედ ამ პერიოდმა განაპირობა, ჩემი მრავალფუნქციური შესაძლებლობების გააზრება და დამანახა, რომ ერთდროულად უამრავი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი. დრო კი არც ისე ცოტაა, ვიდრე გვგონია.
-სკოლის დასრულების შემდეგ გერმანიაში გადასვლა საკმაოდ თამამი ნაბიჯია, რა იყო ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი?
-ზოგადად, ბავშვობიდანვე დიდი ინტერესი მქონდა გერმანიის მიმართ. გერმანულ ენასაც მარტივად ვითვისებდი. ვალდორფის სკოლის ორკესტრიდან ორჯერ ჩავედით ზაარბრუკენში, სადაც იქაურ სკოლის მოსწავლეებთან ერთობლივ კონცერტებს ვმართავდით სხვადასხვა ქალაქებში. მეთერთმეტე კლასში ზაარბრუკენის ვალდორფის სკოლაში სამთვიან გაცვლით პროგრამაში მივიღე მონაწილეობა. 13 წლიდან მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ საატესტატო გამოცდების შემდეგ უნდა წავსულიყავი გერმანიაში, დამეგროვებინა გამოცდილებები, გამომეცადა დამოუკიდებლობა და საკუთარი შრომით გამომუშავებული ფულის ფასი გამეგო, ამასთან ერთად მჭიდრო კავშირში დავრჩებოდი საქართველოსთან. ხოლო ის თუ რამდენი ხნით წავიდოდი, ნამდვილად არ მქონდა დაგეგმილი. ჩემით მოვიძიე Au-Pair სააგენტო ჰანოვერში, ოჯახთან გასაუბრების შემდეგ კი, მალევე მივიღე მოწვევა.

-რვა წლის ასაკში თბილისში გადახვედით საცხოვრებლად, რაც საკმაოდ დიდი ცვლილებაა ბავშვისთვის, როგორ შეეგუე ახალ გარემოს და როგორ დაგხვდა თბილისური მუსიკალური სივრცე?
-ეს ცვლილება თავიდან არ იყო მარტივი. უცბად დიდ ქალაქში აღმოვჩნდი, უშველებელი ქუჩებით, უამრავი ხალხით, ნათესავების, მეგობრებისა და მყუდრო გარემოსგან შორს. თუმცა ამაზე ფიქრის დრო სად მქონდა. თბილისში გადმოსვლისთანავე, ქალბატონი მზია ბეჟანიშვილის დიდი ძალისხმევით, შრომითა და დამსახურებით, ჩავაბარე თბილისის ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში, სადაც სკოლის პარალელურად დატვირთული გრაფიკით ვიკვლევდი გზას მუსიკალურ სამყაროში: კვირაში სამჯერ ფორტეპიანო, პარასკევს მუსლიტერატურა, შაბათს სოლფეჯიო, კვირას კი გუნდი.
მოგატყუებთ, თუ ვიტყვი, რომ სახლში ბევრს ვშრომობდი. ფორტეპიანოზე მეცადინეობა არ წარმოადგენდა ჩემს ძლიერ მხარეს. თუმცა, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, იყო სოლფეჯიო – მუსიკის თეორია.
-რა სირთულეებთან მოგიწიათ გამკლავება გერმანიაში გადასვლის შემდგომ?
-როგორც ყოველთვის, ზოგადად მომავლის წარმოსახვები უფრო ლამაზი, მსუბუქი და რბილია ხოლმე, ვიდრე რეალობა. ჩამოსვლისთანავე მივხვდი, რომ მარტო ვიყავი ჩემ არჩეულ გზაზე. როცა შეჩვეული ხარ ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში ცხოვრებას და შენი საყვარელი საქმის კეთებას, უცხო გარემოში, სრულიად მარტო, მუსიკისგან ძალიან შორს, უცბად თავს ისე გრძნობ, თითქოს დიდ ცივ ოკეანეში ჩაგაგდეს, როცა ცურვა არ იცი. ჩასვლისთანავე პირველი, რაც გავაკეთე იყო ის, რომ ოჯახს გიტარა ვეთხოვე. ენის ცოდნამ საგრძნობლად შემიმსუბუქა ცხოვრება და ადაპტაციაც მალევე გავიარე, თუმცა პირველი წლები ნამდვილად არ იყო მარტივი, გამომდინარე იქიდან, რომ სულ სხვა სოციუმში მოვხვდი: ვმუშაობდი სოციალურ სფეროში ზრუნვის განხრით. შემდეგ ყველაზე კარგი რამ გაჩნდა ცხოვრებაში, ჩემი შვილი, იაკობი, მე კი გავხდი დედა, რამაც უფრო მეტად მომანიჭა ძალა გავმკლავებოდი ყველანაირ სირთულეს. დღევანდელი გადმოსახედიდან, სწორედ ამ განვლილმა გზამ შემძინა პიროვნული სიმტკიცე და უფრო მეტი ამბიციები გამიჩინა, თავდაუზოგავად მიმეღწია დასახული მიზნებისთვის.
–როგორ შეიცვალა შენი ხედვა მუსიკისა და ხელოვნების მიმართ, მას შემდეგ, რაც ხელოვნების უნივერსიტეტში ჩააბარე?
-ხელოვნების უნივერსიტეტმა ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა. სამყარო უფრო ფაქიზი, დეტალები უფრო თვალსაჩინო გახადა ვისწავლე, თუ როგორ შეიძლება აბობოქრებული გრძნობები, ხელოვნების სხვადასხვა მედიუმის გამოყენებით ისე დაალაგო, რომ მეორე ადამიანამდე მისაღები ფორმით მივიდეს. იქნება ეს ფერწერა, ქანდაკება, თუ მუსიკა.
-ახლა დიპლომის დაცვის ფინალურ ეტაპზე ხარ, რას ნიშნავს შენთვის ეს ეტაპი და როგორ აჯამებს შენს განვლილ წლებს?
-სადიპლომო ნამუშევარზე დიდი ხანია ვფიქრობ. ეს იქნება მომდევნო დიდი გამოწვევა, რომელიც, როგორც თქვენ ახსენეთ, ჩემი ამჟამინდელი ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობების ფონზე, განვლილ გამოცდილებებს, ზედმიწევნით შეაჯამებს და თვალსაჩინოს გახდის. თუმცა, ჯერ კიდევ მაქვს საკმაოდ დიდი დრო დიპლომზე სამუშაოდ.
-მუშაობ სოლო პროექტზე და უკვე გაქვს ყველა საჭირო რესურსი საავტორო მუსიკის შესაქმნელად , როგორი მუსიკაა ეს და რას ყვება ნინო ციმაკურიძის შესახებ?
-დიახ, რესურსები, ასე ვთქვათ, მოვიპოვე. სახლში მოვაწყვე პატარა სტუდია, ნაწილ-ნაწილ შევიძინე ყველა საჭირო ტექნიკა და პროგრამა, რაც მუსიკის პროდუქცირებისთვისაა აუცილებელი. დიდი ხანი ვეძებდი ჩემ ჟღერადობას. თავდაპირველად, ჟანრობრივად არ ვიყავი ჩამოყალიბებული, თუმცა ერთმა შემთხვევით ქუჩაში ნაპოვნმა Yamaha-ს ფირმის საბავშვო სამაკორდიანმა ინსტრუმენტმა, ზუსტად ის მომცა, რასაც დიდი ხანი ვეძებდი – ჟღერადობა, რომელიც ბავშვობის მოგონებებს გახსენებს, ხოლო სიმღერა კი პირდაპირ გიყვება ყველაზე სათუთ გრძნობებზე, რომელიც შეიძლება იყოს: მონატრება, დისტანცია, ფიქტიური სასიყვარულო ურთიერთობები, ბავშვური სილაღე, ცალმხრივი სიყვარული, იმედის მომცემი წარმოსახვები და ა.შ. საერთო ჯამში, ჩემი მუსიკა გამოირჩევა მელანქოლიური ხასიათით, რომელიც არათუ გამძიმებს, არამედ სწორედ მსმენელის სიმძიმეს ამსუბუქებს და პარალელურ რეალობაში ემოციურ თანადგომას გიცხადებს. ტექსტებსაც მე ვწერ ძირითადად, თუმცა რამდენიმე სიმღერაში დედაჩემის, ელენე გოგებაშვილის, ლექსები მაქვს გამოყენებული, რომელიც ასევე დიდ თანხვედრაში მოდის იმ ჰარმონიებთან, რასაც მე ვქმნი.
-რამდენად რთულია იყო ქალი მუსიკოსი, დედა და ამავდროულად აქტიური შემოქმედი საერთაშორისო სივრცეში?
-სიმართლე გითხრათ, ყველა ზემოთ ნახსენები ფაქტორი იმდენად მაქვს გააზრებული და გათვითცნობიერებული, რომ უკვე ამას ყურადღებას აღარც ვაქცევ. ზოგადად, ამ ყოფაში, ისედაც რთულია იყო ხელოვანი ან მუსიკოსი და არსებობდე ამ პროფესიით. შეიძლება შორიდან დაბრკოლებად და დისკრიმინაციულ ფაქტორად იქნეს აღქმული, რადგან ქალი ვარ, დედა ვარ და ამასთან ერთად ემიგრანტი, მაგრამ მე გეტყვით, რომ პირიქით, სწორედ ეს ფაქტორებია ჩემთვის უფრო მეტი მუხტის მომცემი. მინდა, სწორედ, საპირისპირო აზრი გავუჩინო საზოგადოებას და მეტი მოტივაცია მივცე სხვა ქალებსა და დედებს, რომ აკეთონ საყვარელი საქმე და ეს აუცილებლად დაუფასდებათ. საერთაშორისო სივრცეს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ვმღერი და ტექსი არ ესმით, ჩემი შემოქმედების მიმართ ძალიან დიდ დაფასებას ვგრძნობ. უცხოელ მსმენელებს ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რომ ამ სიმღერების მოსმენისას მათში ბავშვობის მიძინებულმა მოგონებებმა გაიღვიძეს.
-ხშირად აღნიშნავ, რომ ბოლნისს შენთვის განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა აქვს,რა არის ის, რაც ამ ქალაქს შენთვის ასე მნიშვნელოვანს ხდის?
-ქალაქი ბოლნისი მისი წარსულიდან გამომდინარე ყოველთვის იყო თავისივე ძეგლებითა და ისტორიით მდიდარი. ის რომ, ბოლნისში, როცა მას ეკატერინეფელდი ერქვა, გერმანული დასახლება ცხოვრობდა, ეს ჩემ ამდროინდელ ყოფას ძალიან სიმბოლურს ხდის. გერმანიაში მეც პატარა ქალაქში ვცხოვრობ, სახელად ჰალე და ვფიქრობ, პატარა ქალაქების უპირატესობა სწორედ მათივე სიმყუდროვესა და ხელმისაწვდომობაშია, სადაც მშვიდ და გაწონასწორებულ გარემოში შეუძლია ადამიანს იმუშაოს და საკუთარ საქმეზე კონცენტრირდეს. ვფიქრობ, ბოლნისს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.
-გრძნობ თუ არა, რომ ბავშვობის გარემო, ქალაქი და იქაური მოგონებები შენს მუსიკაშიც ირეკლება?
-რა თქმა უნდა, ეს თითოეულ ბგერაში იგრძნობა. ხელოვანი შემოქმედებით პროცესში, ღრმა წარსულში ბრუნდება და ბავშვური მიამიტური გრძნობებით იწყებს მუშაობას, რომელიც მას ხელს უწყობს იყოს უფრო მეტად თავისუფალი, ლაღი, მამაცი და ჰქონდეს ახლის აღმოჩენის და შესწავლის სურვილი. ასევე, ჩემს მუსიკაშიც იგრძნობა ის პატარა ნინო, რომელიც ბებიის მაღალქუსლიანი ქოშებით ეზოში ქათმებს ეთამაშებოდა, ან ცივ და ბნელ მარანში იკვლევდა, თუ რა ინახებოდა თაროებზე შემოწყობილ შუშის ქილებში.
-რას ეტყოდი დღეს ბოლნისელ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც მუსიკასა თუ ხელოვნებაში საკუთარ გზას ეძებენ?
-ვურჩევდი, რომ საკუთარ სურვილებს და ოცნებებს დიდი გულისხმიერებით მოეკიდონ, არ დაკარგონ ბუნებასთან კავშირი, დააკვირდნენ გარემოს, ხალხს, მოისმინონ, გაუზიარონ გამოცდილებები ერთმანეთს, არ დაითრგუნონ პოლიტიკური, თუ ოჯახური ფაქტორებისგან გამოწვეული ნეგატიური სიტუაციებით და ისწავლონ მათი გარდასახვა შემოქმედებით პროცესებში. წარმოსახვის უნარი ყველაზე ძლიერი უნარია ადამიანში და ხელი შეუწყონ მათ განვითარებას, რომ ეს ფიქრები და იდეები შემდეგში რეალობად იქცნენ. ასევე ვურჩევდი მშობლებს და თანამაცხოვრებლებს, რომ ახალგაზრდებს დავუთმოთ სივრცეები, აღვიქვათ მათი მისწრაფებები სერიოზულად, მივცეთ შანსი და რესურსი ინტერესების, ემოციური ინტელექტის განვითარებისა და პიროვნული ზრდისთვის.
-როგორია შენი სამომავლო გეგმები,რას უნდა ელოდოს მსმენელი უახლოეს წლებში?
-ამ ეტაპზე ვმუშაობ მეორე ალბომზე და მის კონცეფციაზე, სადაც თორმეტი სიმღერა იქნება შეტანილი. ამავდროულად ვგეგმავ პირველი ალბომის, სახელად „Can I Go Now?“ გამოშვებას ფირფიტაზე და კასეტაზეც. ციფრულად შეგიძლიათ მოისმინოთ, როგორც Spotify-ზე ასევე Youtube-ზეც.
თბილისში 3 აპრილს მექნება კონცერტი, თეატრალურ სივრცეში – ჰარაკი, მელიქიშვილის 20-ში. სამომავლოდ დიდი სიამოვნებით ჩავატარებდი კონცერტს ბოლნისშიც.
და ბოლოს, დიდი მადლობა ბოლნისის გაზეთს, მის რედაქტორს- მაგდა დევნოზაშვილსა და ჟურნალისტს – მარიამ ონიანს, გისურვებთ მხნეობას, სილაღესა და წარმატებას!







