ჩვენს გვერდით არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი ფიქრის გარეშე უყოყმანოდ აკეთებენ სიკეთეს ისე, არც რაიმე ჯილდოს ელიან და არც იმას, რომ სხვებმა შეამჩნიონ და გმირად გამოაცხადონ, მათ მხოლოდ სხვისი დახმარების სურვილით გამოწვეული ემოცია ახარებთ. დღეს სწორედ ასეთ გოგოზე გიამბობთ, რომელიც სხვების გახარებით თავადაც ბედნიერია. ანნა-მარია იმედაშვილს ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, მუშაობს საკმაოდ დატვირთული გრაფიკით და ყოველი წუთი გათვლილი აქვს, მიუხედავად ამისა ის სხვების დახმარების სურვილმა გააძლიერა, გაათამამა და ყველაფერი შეაძლებინა. გასული წლის მსგავსად წელსაც საახალწლოდ საქველმოქმედო აქცია დაგეგმა. როგორც თავად გვიამბობს სხვების დახმარება, მათი სიხარულით გაბრწყინებული თვალების დანახვა გულს უთბობს და დიდხანს მიჰყვება.
ყველაფერი კი ასე დაიწყო-
გასულ წელს სოციალურ ქსელში გაჩნდა გვერდი „ბოლნისის ყიდვა-გაყიდვა,“ სადაც მოსახლეობისთვის საჭირო სხვადასხვა სახის განცხადებები გამოჩნდა. გვერდი ანნა – მარიას ეკუთვნოდა, აქ მალევე განთავსდა საქველმოქმედო შინაარსის აქცია, რომელსაც ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოება ერთმა მიზანმა, სხვების დახმარების სურვილმა გააერთიანა.

,,სიმართლე გითხრათ უძრავი ქონების გაყიდვა მინდოდა, ვეძებდი ფეისბუქზე მიზნობრივ ჯგუფს სადაც შევძლებდი განცხადების დადებას.ასევე ხშირად მიწევდა სასურველი ნივთების გამოწერა თბილისიდან, რაც არ იყო მოსახერხებელი, პრობლემებს ვაწყდებოდი, ამიტომ ვიფიქრე, არ იქნებოდა ცუდი ისეთი სივრცე თუ გვექნებოდა, სადაც შევძლებდით სხვადასხვა სახის განცხადებების განთავსებას, სწორედ ასე შეიქმნა „ბოლნისის ყიდვა-გაყიდვის“ ჯგუფი, რომელმაც შემდგომ საინფორმაციო სახეც მიიღო.
–რაც შეეხება იდეას თქვენი ქველმოქმედების შესახებ
– საქველმოქმედო აქტივობების ჩატარების იდეა ჯგუფის შექმნიდან რამდენიმე თვეში გაჩნდა, მე და ნიჭიერ ფოტოხელოვანს მარიამ ჭილაიას გვინდოდა ასეთი გვერდის შექმნა,თუმცა დაემთხვა პანდემია. შემოიღეს შეზღუდვები, რის გამოც ეს იდეა ვერ განვახორციელეთ. მას მერე რამდენიმე თვე გავიდა, სურვილი კი ყოველთვის მქონდა, არ ვიცოდი ვის, როგორ და რა ფორმით დავხმარებოდი, გასულ წელს დამიკავშირდა ჩვენი თანამოქალაქე, აქტიური ქალბატონი თამარ ბობოხიძე, მიყვებოდა თუ რამდენ ოჯახს შეექმნა პანდემიის ფონზე ფინანსური პრობლემა, მთხოვა, რომ ჯგუფის საშუალებით გამევრცელებინა ინფორმაცია და გაგვეკეთებინა საქველმოქმედო აქცია
ზუსტად მქონდა გადაწყვეტილი რა ფორმით მოხერხდებოდა ეს და ამიტომ დავდე ჯგუფში გამოკითხვა სადაც ვთხოვდით მოსახლეობას აზრის დაფიქსირებას.
–როგორ შეხვდა საზოგადოება და თუ მოყვა გამოხმაურება?
-საზოგადოება დიდი ენთუზიაზმით შეხვდა საქველმოქმედო აქციას, ბევრი ადამიანი გვწერდა და გამოთქვამდა დახმარების სურვილს. რადგან თავდაპირველად აქცენტი ბავშვებზე გავაკეთეთ, გვინდოდა მათთვის შეგვეძინა სათამაშოები და ტკბილეული, ამიტომ მოგვივიდა იდეა, რომ ამ ბავშვებს დაეწერათ წერილები თოვლის ბაბუისთვის, რომლებიც გამოვაქვეყნეთ ჯგუფში, არ გვქონდა შემდეგი ნაბიჯები დაგეგმილი, თანხის აგროვება, ამდენი საჩუქრის შეძენა, ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა,
ყველაფერი ექსპრომტად გამოვიდა, წერილები რომ ავტვირთე ჯგუფის წევრებმა თავადვე გამოთქვეს სურვილი, კონკრეტული ბავშვები აირჩიეს და საჩუქრებიც შეუძინეს.
–რას ითხოვდნენ ძირითადად თოვლის ბაბუისგან?
– ვინაიდან სკოლები დაკეტილი და ონლაინ სწავლებაზე იყო გადასული, დიდი მოთხოვნა იყო ტელეფონებზე, ასევე ველოსიპედებზე, სხვადასხვა სათამაშოებსა და ტკბილეულზე.
წელს კი სურვილებში ხშირად იყო ყურსასმენები და ბურთები.
–როგორ მოხდა საჩუქრების გადაცემა და როგორი იყო ადრესატების ემოციები?
-უკვე გამზადებულ საჩუქრებს თავი მოვუყარეთ, დავახარისხეთ, კულტურის სახლის ტრანსპორტით დავარიგეთ ოჯახებში მე და თამარ ბობოხიძემ, საჩუქრების დარიგებაში დაგვეხმარნენ მოხალისეები გვანცა ბობოხიძე და ნიკა აბდუშელიშვილი. ამ დღეს სანტა-აქცია დავარქვით. ემოციები იყო განსხვავებული, დაუვიწყარი, ბევრი სითბოთი და სიხარულით.

–როგორ ფიქრობ აუსრულეთ ბავშვებს ოცნება?
დარწმუნებული ვარ ბევრს ავუსრულე ოცნება, შარშან 96 ბავშვი დავასაჩუქრეთ, წელს 85-მდე. ამავე ჯგუფის საშუალებით ხდება სეკრეტ- სანტას თამაში, რთულია, საკმაოდ დიდი დრო და ენერგიაა საჭირო, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ, დიდხანს მიმყვება ბედნიერი ბავშვების სახეები და ემოციები,რაც სურვილს მიჩენს მეტი გავაკეთო მათთვის.
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ბოლნისელს აქციაში მონაწილეობისთვის, დახმარებისთვის და გამხნევებისთვის. ჩვენ, ყველამ ერთად უკვე მეორე წელია შევძელით და მოვიყვანეთ ჯადოსნური ახალი წელი ბოლნისში.
მინდა ასევე თითოეულ მათგანს, სრულიად ბოლნისელებს მივულოცო შობა-ახალი წელი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჯანმრთელობა ვუსურვო. სიკეთის მომტანი და ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს.
p.s.,,სიკეთის გოგო“ საქველმოქმედო აქციების ჩატარებას კვლავ აპირებს, თუმცა რა სახით და როგორი მასშტაბებით, ჯერ არ გადაუწყვეტია, ერთი რამ ზუსტად იცის, სხვების გახარებას, რომელიც მას ძალიან სიამოვნებს და სიხარულს გვრის, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
ავტორი: მაგდა დევნოზაშვილი